საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-748(კ-23) 13 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 408-ე მუხლების შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს „ნ...ს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით შპს „ნ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „ნ...ს“ მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინებით შპს „ნ...ს“ საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი - წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კასატორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რომელიც მითითებული პუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივრისათვის შეადგენდა დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. შპს „ნ...ს“ მოთხოვნა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივრის შემომტანი პირის ხელმოწერა არ იყო წარმოდგენილი დედნის სახით. შესაბამისად, კასატორს განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში დაევალა ხარვეზის შევსება. აღნიშნული განჩინება მხარეს ჩაბარდა 2023 წლის 17 ივლისს.
ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დაცვით კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და დედნის სახით ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა (იმდენ ასლად, რამდენი მხარეც არის საქმეში). აღნიშნული განჩინება მხარეს ჩაბარდა 2023 წლის 31 ივლისს.
ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დაცვით კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და დედნის სახით ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი, თუმცა არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 სექტემბრის განჩინებით შპს „ნ...ს“ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 სექტემბრის განჩინება შპს „ნ...ს“ წარმომადგენელს მ. ტ-ის ჩაბარდა 2023 წლის 13 ოქტომბერს.
ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დაცვით კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, აღნიშნა, რომ ვერ ხერხდებოდა კასატორთან კომუნიკაცია და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით შპს „ნ...ს“ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინება შპს „ნ...ს“ წარმომადგენელს მ. ტ-ის (იხ. მინდობილობა - ტ.2., ს.ფ. 127-128) ჩაბარდა 2023 წლის 21 ნოემბერს. ამდენად, ზემოაღნიშნული განჩინებით დადგენილი 5-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 22 ნოემბერს, შესაბამისად მხარისათვის ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 2023 წლის 27 ნოემბერი (ორშაბათი), 24 საათი. დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ნ...ს“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივარზე შპს „ნ...ს“ მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, კასატორს უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ნ...ს“ საკასაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ნ...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 19 ივლისს №17893266807 საგადახდო დავალებით მ-ე მ.ს (პ/ნ: ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე