Facebook Twitter

ას-446-725-05 3 ოქტომბერი, 2005წ.,

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),

რ. ნადირიანი

დავის საგანი: ბინის თანამესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 15 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა კ. დ-ემ მოპასუხე ვ. კ-ს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხესთან განქორწინება.

2004წ. 22 იანვარს მოსარჩელემ დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ასევე მოითხოვა: ბათუმში, ... მდებარე ¹120 ბინის 1/2 ნაწილის რეალურად მასზე გამოყოფა, მცირეწლოვანი შვილის _ რ. კ-ის მისთვის მიკუთვნება და მოპასუხისათვის მცირეწლოვანი შვილის სარჩენად ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით. სარჩელის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე: 1998წ. 16 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხესთან; ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ვაჟიშვილი რ. კ-ე; ამავე პერიოდში მოპასუხის მიერ შეძენილ იქნა ბათუმში, ... მდებარე ბინა ¹120. მოსარჩელის მოსაზრებით, სკ-ის 1158-ე მუხლის საფუძველზე იგი ითვლებოდა ბინის თანამესაკუთრედ.

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, განქორწინებისა და ალიმენტის გადახდის ნაწილში, თუმცა სადავო გახადა ალიმენტის ოდენობა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ქონება არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო მეუღლეთა თანასაკუთრებად, ვინაიდან 1998წ. 2 სექტემბრისათვის, როდესაც აღნიშნული ბინა შეიძინა, არ მუშაობდა და არანაირი შემოსავალი ჰქონია. აღნიშნული ბინა მას შეუძინა დედამ _ ი. კ-ემ, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო გარკვეული თანხა მეუღლის გარდაცვალების გამო. ამდენად, აღნიშნული ბინა შეძენილად ითვლებოდა სამემკვიდრეო თანხებით. ამასთან, საჯარო რეესტრში ბინა ირიცხებოდა მხოლოდ მოპასუხის სახელზე და მოსარჩელე ვერ მიიჩნეოდა ბინის თანამესაკუთრედ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შეწყდა მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება; ვ. კ-ეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის _ რ. კ-ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 20 ლარის ოდენობით სრულწლოვანებამდე; 1999 წელს დაბადებული რ. კ-ე აღსაზრდელად გადაეცა დედას _ ე. დ-ეს, ვ. კ-ეს დაევალა არასრულწლოვანი შვილის მატერიალური უზრუნველყოფა და ნება დაერთო, კვირაში ორჯერ ენახულებინა შვილი; ე. დ-ეს მიეკუთვნა ბათუმში, ... მდებარე ¹120 ბინის 1/2 და აღნიშნული წილი საჯარო რეესტრში აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად; დანარჩენ ნაწილში სარჩელს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 1998წ. 16 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში, 1999 წელს შეეძინათ შვილი რ. კ-ე. ერთად ცხოვრების პერიოდშივე, 1998წ. 2 ოქტომბერს შეიძინეს ბათუმში, ... მდებარე ბინა ¹120. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ, აღნიშნული ბინა შეძენილი იყო დედამისის მიერ და ვერ ჩაითვლებოდა მეუღლეთა საერთო ქონებად. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ბინა შეძენილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სკ-ის 1158-ე მუხლის თანახმად, ქონების გადაცემის ნაწილში სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საცხოვრებელი ბინიდან მოსარჩელისათვის წილის გამოყოფის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ვ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტი მიუთითებდა, რომ საცხოვრებელი ბინა მას უყიდა ანუ აჩუქა დედამ _ ი. კ-ემ, რომელმაც გარკვეული ოდენობის თანხები მიიღო მემკვიდრეობით თავისი ქმრის გარდაცვალების გამო. აღნიშნული ფაქტი ასევე დასტურდებოდა მოწმეთა ჩვენებებით. ამდენად, ბინა შეძენილი იყო სამემკვიდრეო თანხებით, რისი გამაბათილებელი მტკიცებულებებიც მოსარჩელეს წარმოდგენილი არ ჰქონდა.

აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 იანვრის განჩინებით ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1998წ. 16 აპრილს მოსარჩელე რეგისტრირებული ქორწინებით ცოლად გაჰყვა მოპასუხეს. ერთად ცხოვრების პერიოდში, 1998წ. 2 სექტემბერს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინეს ბათუმში, ... მდებარე ბინა ¹120. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ბინა მოპასუხეს უყიდა, ანუ აჩუქა დედამ და ამის გამო უნდა მიჩნეულიყო მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 1998წ. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, სადავო ბინა შეძენილი იყო უშუალოდ მოპასუხის მიერ ქორწინების პერიოდში და სკ-ის 1158-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას. სადავო ქონება არ ყოფილა მოპასუხის მიერ მიღებული მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-ის წარმომადგენელმა რ. ფ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 183-ე მუხლი და მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ამავე კოდექსის 1158-ე მუხლის მიხედვით, მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავ ნივთზე მეუღლეთა საკუთრების უფლება წარმოიშობოდა მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად, წინააღმდეგ შემთხვევაში მეუღლეები ვერ ჩაითვლებოდნენ თანამესაკუთრეებად და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საცხოვრებელი ბინიდან წილის გამოყოფის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო უსაფუძვლობის გამო. კასატორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მოსარჩელეს მიაკუთვნეს იმაზე მეტი, ვიდრე იგი ითხოვდა. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვდა 1/2-ის გამოყოფას, სასამართლომ კი მას აღნიშნული წილის მიკუთვნებასთან ერთად ასევემიუთითა, რომ ეს წილი აღრიცხულიყო საჯარო რეესტრში. კასატორმა სადავო ბინის შესაძენად საჭირო თანხა მიიღო მემკვიდრეობით. საქმეში წარმოდგენილი იყო მტკიცებულება, რომ სადავო ბინის შეძენის პერიოდში გარდაიცვალა კასატორის მამა, რომელიც იყო მეზღვაური და კასატორის დედამ სადაზღვევო კომპანიიდან თანხები მემკვიდრეობით მიიღო, ხოლო შემდგომ კასატორს უყიდა ანუ აჩუქა აღნიშნული ბინა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. კ-ის წარმომადგენლის რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 იანვრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო ბინა შეძენილია მხარეთა ქორწინების პერიოდში, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხის მიერ. საააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია და არც კასატორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ სადავო ბინა შეიძინა კასატორმა 1998წ. 2 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სკ-ის 1158-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ბინა წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ სადავო ბინა კასატორმა დედისაგან მიიღო ნაჩუქრობით. სამოქალაქო კოდექსი ზუსტად განსაზღვრავს უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლებს, მათ შორის, უძრავი ნივთის ჩუქების წესს, მოცემულ შემთხვევაში კი აღნიშნული ბინა კასატორს არ შეუძენია ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე და არც მემკვიდრეობით მიუღია, რის გამოც ვერ ჩაითვლება სკ-ის 1161-ე მუხლით გათვალისწინებულ მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებად.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ მოსარჩელეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე იგი მოითხოვდა. საჯარო რესტრში უძრავი ქონების რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე საკუთრების შეძენის თანმდევი შედეგი, მიუხედავად ამის თაობაზე სპეციალური მითითებისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საფუძველს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისათვის, სსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. კ-ის წარმომადგენლის რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 იანვრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.