საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1487(2კ-22) 22 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ჩ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 17 სექტემბერს მ. ჩ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, 2021 წლის 10 მარტს №... განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ, ქ. თბილისში, ...ს №...-ში მდებარე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე I კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მოწყობა, თუმცა ზემოაღნიშნული სამსახურის 2021 წლის 11 მარტის №5321017 გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დასახელებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა მერიის 2021 წლის 27 მაისის №734 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის განმარტებით, საკუთრებაში აქვს ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულზე არსებული 156.61 კვ.მ მეზონინი, რომელიც ასევე იყო დაფიქსირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერშიც. თუმცა, ვინაიდან მეზონინი არის არასრულ სართულზე არსებული მცირე სიმაღლის დაშენება, რომელსაც შეიძლება გააჩნდეს არა მხოლოდ საჩრდილობელი, არამედ თავისი სრული სახურავი, ადმინისტრაციულ ორგანოებს მხედველობაში არ მიუღიათ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის კატეგორია და მეზონინს მოიხსენიებდნენ როგორც „ფართს“ ან „საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას“.
მოსარჩელემ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 11 მარტის №5321017 გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის №734 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისთვის 2021 წლის 10 მარტის №... განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 11 მარტის №5321017 გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის №734 ბრძანება. მოპასუხეს - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა მ. ჩ-ის 2021 წლის 10 მარტის №... განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 23 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მიწის ნაკვეთზე მდებარე - თბილისი, ...ის ქუჩაზე №...-ში, (ს/კ ..., ფართი №..., სადარბაზო I, სართული 10, (მეზონინი), 156.61 კვ.მ) რეგისტრირებულია მ. ჩ-ის საკუთრების უფლება. 2021 წლის 10 მარტს, მ. ჩ-იმა №... განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და თბილისში, ...ის ქუჩაზე №...-ში (ს/კ ..., ფართობი - 156.61 კვ.მ) რეგისტრირებულ №... ფართში საჩრდილობელის მოწყობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. განცხადებაში განიმარტა, რომ არსებული ტერასა შეიძლებოდა დატვირთულიყო სპორტული და დასასვენებელი დანიშნულებით, რომელიც გათვალისწინებული იქნებოდა კერძო მოხმარებისთვის. საჩრდილობელი დაიკავებდა 81 კვ.მ და არ შეუშლიდა ხელს საჰაეროებს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 11 მარტის №5321017 გადაწყვეტილებით, მ. ჩ-ის უარი ეთქვა 2021 წლის 10 მარტის განცხადების დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილების თანახმად, საპროექტო საჩრდილობლის მოწყობით ირღვეოდა იერსახე. ამასთან, არსებული შენობა გარკვეულწილად ჩამოყალიბებული იერსახის მატარებელი იყო და წარმოადგენდა ერთ მთლიან არქიტექტურულ ელემენტს, რის გამოც სამსახურმა წარდგენილი ფოტომონტაჟის მიხედვით სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება მიზანშეუწონლად მიიჩნია. ამასთან, გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ სამუშაოები არ შეესაბამებოდა განაშენიანების სამომავლო განვითარების მისაღებ მხატვრული იერსახით ჩამოყალიბების პრინციპს და სამსახური ვერ დაუშვებდა პრეცედენტს კონკრეტული შემთხვევისათვის გაეცა ნებართვა, ამასთან აღნიშნული არ უნდა ყოფილიყო სხვა მობინადრეებისათვის სამაგალითო, რათა არ მომხდარიყო შენობის ფასადის გაუარესება და ასეთი პრეცედენტის დაშვება. სამსახურის განმარტებით, აღნიშნული შესაძლებელია შემდგომში გამხდარიყო ანალოგიური მოთხოვნების წარდგენისა და მსგავსი ფაქტების დამკვიდრების საფუძველი, რაც მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას მოახდენდა შენობის იერსახეზე.
სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ 2021 წლის 4 აპრილს, მ. ჩ-იმა №19/012109458-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 11 მარტის №5321017 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. თუმცა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის №734 ბრძანებით, მ. ჩ-ის 2021 წლის 4 აპრილის №19/012109458-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 11 მარტის №5321017 გადაწყვეტილება.
სასამართლომ ასევე მიუთითა ინდივიდუალური აუდიტორის - თ. კ-ეის 2021 წლის 7 მარტის აუდიტორული დასკვნაზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს №...-ში, საცხოვრებელი კორპუსის გეოგრაფიული მდებარეობა (გადაშლილია მზის გულზე და წარმოადგენს ღია სივრცეს) განაპირობებს მომეტებულ მზის ნათებას, რადიაციულ გამოსხივებას, მეტეოროლოგიურ (წვიმა, სეტყვა, ქარი და სხვა) ზემოქმედებას. აქედან გამომდინარე მე-10 სართულზე, მ. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ მეზონინის 156.61 კვ.მ ფართს, ხელი ეშლება სრული მოხმარებისათვის. ამასთანავე, ფიქსირდება მეზონინი დახურულ მდგომარეობაში ისტორიულ შენობა-ნაგებობებზე მაგ. ქ. თბილისი, ...ის №51 და სხვა, ასევე, ახალაშენებულ სახლებზე.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, მათ შორის, ფოტო მასალაზე, არქიტექტურულ პროექტსა და ინდივიდუალური აუდიტორის - თ. კ-ეის 2021 წლის 7 მარტის აუდიტორულ დასკვნაზე და განმარტა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი იყო მ. ჩ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის სახეობა, შენობის სართული, წარდგენილი არქიტექტურული პროექტის მიხედვით საჩრდილობლის ფართი, განლაგება და ზოგადად გავლენა შენობის იერსახეზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 11 მარტის №5321017 გადაწყვეტილება არ შეიცავდა საკმარის და საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის სარწმუნო დასაბუთებას. სასამართლოს განმარტებით, იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევდა შენობათა იერსახის შენარჩუნების პრინციპს და განაშენიანების კონკრეტული მხატვრული იერსახით ჩამოყალიბების აუცილებლობას, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ იყო დასაბუთებული წარდგენილი პროექტის ფარგლებში ამ პრინციპების დარღვევის რეალურობა და სიცხადე. ამასთან, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის მითითება წარდგენილი პროექტით შენობის იერსახის დარღვევაზე და აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა არგუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა მ. ჩ-ის განცხადების დაკმაყოფილებით საჯარო ინტერესის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც მაღალი ხარისხით დაცვის ღირსი იქნებოდა.
საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ეზღუდებოდა საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლება და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო საფუძვლიანი, ვინაიდან გასაჩივრებული - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 11 მარტის №5321017 გადაწყვეტილება იმგვარად ზღუდავდა მ. ჩ-ის საკუთრების უფლებას, რომ პრაქტიკულად გამორიცხავდა მისით სარგებლობის შესაძლებლობას.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის №734 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სახეზე იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 11 მარტის №5321017 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ასევე, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის №734 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო კანონიერი და დასაბუთებული. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ მტკიცებულებები გამოიკვლია ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რის შედეგადაც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები, მიუთითა მათზე და დამატებით ინდივიდუალური აუდიტორის - თ. კ-ეის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით აპელანტების პრეტენზიიდან გამომდინარე დაადგინა, რომ თ. კ-ეეს გააჩნდა სათანადო ცოდნა სამშენებლო სამართლის პრაქტიკულ საკითხებში, რასაც ადასტურებდა „ბ...ის“ მიერ 2017 წლის 5 აგვისტოს გაცემული სერტიფიკატი.
სააპელაციო პალატამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6-მე-7 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა მხოლოდ ზოგადი, აბსტრაქტული დასაბუთებით უარყო მ. ჩ-ის მოთხოვნა მეზონინის განვითარების (საჩრდილობლის მოწყობის) შესახებ. პალატამ განმარტა, რომ ნებისმიერი შენობა (არა მხოლოდ მეზონინის ადგილსამყოფელი) გარკვეულწილად ჩამოყალიბებულ იერსახეს ატარებს და წარმოადგენს ერთ მთლიან არქიტექტურულ ელემენტს. სამსახურის მიდგომით კი გაუმართლებელია იერსახის და მთლიანობის შემცვლელი სამშენებლო ჩარევები, რაც სასამართლოს მხრიდან არ იქნა გაზიარებული.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს უნდა გამოეკვეთა კონკრეტულად რა პარამეტრები იყო მიუღებელი და რა დონეზე ხელყოფდა მისი მოწყობა საჯარო ინტერესებს, რაც არ განხორციელებულა. ამასთან, სამსახურს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლით დადგენილი წესით, არც უმსჯელია, რამდენად აღემატება მესაკუთრისათვის მიყენებული ზიანი საჯარო ინტერესის დაცვით მიღწეულ სარგებელს (სიკეთეს), რაც სამსახურის გადაწყვეტილებამ უზრუნველყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებულ მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესსა და პირობებზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-25 დადგენილებასა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6-მე-7 მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე არქიტექტურული პროცესების მართვის, სამშენებლო პოლიტიკის შემუშავებისა და მისი პრაქტიკული რეალიზაციის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს არქიტექტურის სამსახურს, რომელსაც კანონმდებლობით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოს განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან.
ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, არქიტექტურის სამსახურმა სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, ობიექტის ვიზუალური მხარის და შესათანხმებლად წარდგენილი სამუშაოების არსებული განაშენიანების იერსახესთან თავსებადობის გადასინჯვის შედეგად, განმცხადებლის მიერ წარდგენილი ესკიზის შესაბამისად, I კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება მიზანშეუწონლად მიიჩნია. საკითხის განხილვისას კი, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯელობის მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ სამსახურის გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო იმ გარემოებაზე, რომ შენობის იერსახე არ იყო დარღვეული, იგი გარკვეულწილად ჩამოყალიბებულ იერსახეს ატარებდა და წარმოადგენდა ერთ მთლიან არქიტექტურულ ელემენტს. ამასთან, სამუშაოები არ შეესაბამებოდა განაშენიანების სამომავლო განვითარების მისაღებ მხატვრული იერსახით ჩამოყალიბების პრინციპს და სამსახური ვერ დაუშვებდა მსგავს პრეცედენტს, რომელიც უარყოფითად აისახებოდა ქალაქის სამომავლო განვითარებაზე.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს იმავე გარემოებებზე, რაც დასახელებულია სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარში და დამატებით აღნიშნავს, რომ მართალია სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით მნიშვნელოვნად მიიჩნია შენობათა იერსახის შენარჩუნების პრინციპი და განაშენიანების კონკრეტული მხატვრული იერსახით ჩამოყალიბების აუცილებლობა, თუმცა არ მიიღო მხედველობაში, საპროექტო საჩრდილობლის მოწყობით შენობის ჩამოყალიბებული იერსახის ცვლილება, აღნიშნული ცვლილების მიზანშეუწონლობა და განაშენიანების სამომავლო განვითარების მხატვრული იერსახით ჩამოყალიბების პრინციპის დაცვა.
კასატორი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ მართალია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ასეთი გადანაწილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება მოთხოვნის მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან. განსახილველ შემთხვევაში კი, სასამართლომ მტკიცების ტვირთი სრულად დააკისრა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს. ამასთან, საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე მხარეს არ მიუთითებია იმ არსებით დარღვევაზე, რომელიც იქნებოდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნება ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 11 მარტის №5321017 გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალება საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მიწის ნაკვეთზე მდებარე - თბილისი, ...ის ქუჩაზე №...-ში, (ს/კ ..., ფართი №..., სადარბაზო I, სართული 10, (მეზონინი), 156.61 კვ.მ) რეგისტრირებულია მ. ჩ-ის საკუთრების უფლება. აღნიშნულ ფართში საჩრდილობელის მოწყობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, მოსარჩელემ 2021 წლის 10 მარტს №... განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და განმარტა, რომ არსებული ტერასა შეიძლებოდა გამოყენებულიყო სპორტული და დასასვენებელი დანიშნულებით, რომელიც გათვალისწინებული იქნებოდა კერძო მოხმარებისთვის, ამასთან მოსარჩელემ განმარტა, რომ საჩრდილობელი დაიკავებდა 81 კვ.მ (სულ 156 კვ.მ) და არ შეუშლიდა ხელს საჰაეროებს.
ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 11 მარტის №5321017 გადაწყვეტილებით, მ. ჩ-ის უარი ეთქვა 2021 წლის 10 მარტის განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ დასაბუთებით, რომ არსებული შენობა გარკვეულწილად იყო ჩამოყალიბებული იერსახის მატარებელი და წარმოადგენდა ერთ მთლიან არქიტექტურულ ელემენტს, საპროექტო საჩრდილობლის მოწყობით კი ირღვეოდა იერსახე. გარდა ამისა, სამსახურმა გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სამუშაოები არ შეესაბამებოდა განაშენიანების სამომავლო განვითარებისათვის მისაღებ მხატვრული იერსახით ჩამოყალიბების პრინციპს და სამსახური ვერ დაუშვებდა მსგავს პრეცედენტს, რათა არ მომხდარიყო შენობის ფასადის გაუარესება.
საქმის მასალებში არსებული, ინდივიდუალური აუდიტორის - თ. კ-ეის 2021 წლის 7 მარტის აუდიტორული დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს №...-ში, საცხოვრებელი კორპუსის გეოგრაფიული მდებარეობა (გადაშლილია მზის გულზე და წარმოადგენს ღია სივრცეს) განაპირობებს მომეტებულ მზის ნათებას, რადიაციულ გამოსხივებას, მეტეოროლოგიურ (წვიმა, სეტყვა, ქარი და სხვა) ზემოქმედებას. აქედან გამომდინარე მე-10 სართულზე, მ. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ მეზონინის 156.61 კვ.მ ფართს, ხელი ეშლება სრული მოხმარებისათვის. ამასთანავე, ფიქსირდება მეზონინი დახურულ მდგომარეობაში შენობა-ნაგებობებზე ისტორიულად, მაგ: ქ. თბილისი, ...ის №51 და სხვა, ასევე, ახალაშენებულ სახლებზე.
ასევე დადგენილია, რომ მ. ჩ-იმა 2021 წლის 4 აპრილს, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 11 მარტის №5321017 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის №734 ბრძანებით მას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც კოდექსის მიზნად განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სივრცის დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის სამართლებრივ მოწესრიგებას. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას. აღნიშნული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი I კლასის შენობა-ნაგებობად განსაზღვრავს შენობა-ნაგებობას, რომელიც ხასიათდება უმნიშვნელო რისკით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული კოდექსის მე-3 მუხლის ჰ1 ქვეპუნქტის თანახმად, რეკონსტრუქციას წარმოადგენს არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილის არსობრივი შეცვლა მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისებრივი განახლების მიზნით. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი კოდექსის ერთ-ერთ ამოცანად განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო ქალაქთმშენებლობის უზრუნველყოფას, სამშენებლო საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებასა და მშენებლობის ხარისხის ამაღლებას. ამავე კოდექსის 79-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები კი განსაზღვრავენ, რომ შენობა-ნაგებობა მისი ექსპლუატაციის პერიოდში უნდა შეესაბამებოდეს მისთვის სამშენებლო დოკუმენტით (ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრულ ფუნქციას, აგრეთვე ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს უვნებლობის, უსაფრთხოებისა და კეთილმოწყობის მოთხოვნებს, ამასთან, შენობა-ნაგებობა ისე უნდა იქნეს დაპროექტებული და აშენებული, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი მაქსიმალური ხანმედეგობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების №1 დანართის - I კლასის შენობა-ნაგებობებისა და მშენებლობის განმსაზღვრელი მახასიათებლების „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთ-ერთ ასეთ მახასიათებელს განეკუთვნება საჩრდილობლის მოწყობა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილების მე-2 მუხლზე რომლის თანახმად, სამსახურის მიზანს წარმოადგენს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ამავე დადგენილების მე-3 მუხლი კი განსაზღვრავს სამსახურის ფუნქციებს, აღნიშნული მუხლის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტები კი, სამსახურის ფუნქციებად მათ შორის განსაზღვრავს არქიტექტურული პროცესების მართვას (დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა) და სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარებას, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურს, თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. ამასთან აღსანიშნავია, რომ დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები სამსახურს, თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, ანიჭებს უფლებამოსილებას უზრუნველყოს თბილისის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის, გარე გაფორმების ელემენტების (მათ შორის მონუმენტურ-დეკორატიული), მცირე არქიტექტურის ფორმების, ძეგლების, ქანდაკებების, გარე რეკლამის მხატვრული იერსახის და განვითარების განხილვა-შეთანხმება, მათი განხორციელება და უფლებამოსილებას მოამზადოს თბილისის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საპროექტო-საინვესტიციო წინადადებები.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულებით „აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-13). ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით უზრუნველყოფილი საკუთრების უფლება თავის თავში მოიაზრებს არა მხოლოდ საკუთრების ჩამორთმევისგან პირის დაცვას და ჩამორთმევის საგამონაკლისო წინაპირობების რეგლამენტაციას, არამედ მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას შესაბამისი საფუძვლების გარეშე არ შეუზღუდოს პირს მისი საკუთრების განკარგვა/გამოყენება. ამდენად, საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის ყველა შემთხვევაში, უფლებაში ჩარევა უნდა განხორციელდეს საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების შედეგად, ემსახურებოდეს მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრულ ლეგიტიმურ მიზანს, იყოს მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებების ნაწილი, მათი შეზღუდვის ერთ-ერთ წინაპირობად ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაცვას, აღნიშნული კი მეტყველებს ადამიანების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობასა და აღნიშნულ პროცესში სახელმწიფოს როლსა და ვალდებულებებზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლზე, რომელიც ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, გადადგან ყველა სათანადო ნაბიჯი, რათა აღკვეთონ სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება, მე-2 მუხლის მიზნებისთვის. კონვენციის მე-2 მუხლისა და 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის (საკუთრების უფლება) ერთობლივი განხილვის კუთხით, პრეცედენტულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე „ონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ“. წინამდებარე საქმეში დიდმა პალატამ ერთხმად დაადგინა მე-2 მუხლისა და 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის დარღვევა და აღმოაჩინა მიზეზობრივი კავშირი უბედურ შემთხვევასა და სხვადასხვა პასუხისმგებელი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების დაუდევრობას შორის. ამ ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ, რომ ღარიბული დასახლების მცხოვრებლებს ემუქრებოდათ მეთანის გაზის აფეთქების რეალური საფრთხე და მათ ვერ შეძლეს გამოესწორებინათ სიტუაცია და არ იხმარეს ყველა ღონე, რაც გონივრულად მოსალოდნელი იყო მათგან. სასამართლომ ასევე გააკრიტიკა ხელისუფლების ორგანოები მათი უმოქმედობის გამო, მცხოვრებლებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია შესაბამისი რისკის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, „სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, გადადგას ყველა საჭირო, სათანადო ნაბიჯი მე-2 მუხლის მიზნებისთვის, სიცოცხლის დაცვის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, დანერგოს საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც შექმნილი იქნება სიცოცხლის უფლების მიმართ არსებული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. ეს ვალდებულება უდავოდ მიემართება კონკრეტულ კონტექსტში იმ სახიფათო მოქმედებებს, სადაც განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს შესაბამისი მოქმედების სპეციალური მახასიათებლებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე, რომლებიც ორიენტირებული იქნება ადამიანთა სიცოცხლისთვის პოტენციური რისკების თავიდან აცილებაზე. ამ რეგულაციებით უნდა მოწესრიგდეს შესაბამისი „სახიფათო“ მოქმედების ლიცენზირება, ორგანიზება, ოპერირება, უსაფრთხოება და ზედამხედველობა და შესასრულებლად სავალდებულო უნდა გახადოს ყველა შესაბამისი სახელმწიფო აგენტისთვის, პრაქტიკული ზომების მიღება იმ მოქალაქეთა უსაფრთხოების ეფექტიანად უზრუნველსაყოფად, რომელთა სიცოცხლეც შესაძლოა რისკის წინაშე დადგეს. ამ პრევენციულ ზომათაგან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, საზოგადოების უფლებას ინფორმაციაზე, როგორც ეს კონვენციის პრეცედენტული სამართლითაა ჩამოყალიბებული. ნებისმიერ შემთხვევაში, შესაბამისი რეგულაციები უნდა აყალიბებდეს სათანადო პროცედურებს - პროცედურებს, რომელთა ფარგლებში მხედველობაში იქნება მიღებული სადავო მოქმედების ტექნიკური ასპექტები, რაც ხელს შეუწყობს პროცესში, ყველა დონეზე პასუხისმგებელი პირის მიერ დაშვებული ნებისმიერი ხარვეზის ან შეცდომის იდენტიფიცირებას.“ („ონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ“ №48939/99, §89-90, 30.11.2004წ.).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, ევალება როგორც ქალაქის იერსახის შენარჩუნებაზე/გაუმჯობესებაზე ზრუნვა, ასევე ნებისმიერი შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების და შესაბამისად ადამიანის ჯანმრთელობისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა/დაცვა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე, რომ „ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.“ (სუსგ №ბს-246-243(კ-14), 23.09.2014).
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას ამოწმებს არა ფაქტობრივი, არამედ სამართლებრივი თვალსაზრისით.
აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ საკითხის გადაწყვეტისას აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 11 მარტის №5321017 გადაწყვეტილება არ შეიცავდა საკმარის და საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის სარწმუნო დასაბუთებას. კერძოდ, არ იყო დასაბუთებული წარდგენილი პროექტის ფარგლებში იერსახის შენარჩუნებისა და განაშენიანების კონკრეტული მხატვრული იერსახით ჩამოყალიბების პრინციპების დარღვევის რეალურობა და სიცხადე. სასამართლოებმა დაუსაბუთებლად მიიჩნიეს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მითითება წარდგენილი პროექტით შენობის იერსახის დარღვევაზე და განიმარტა, რომ სამსახურმა ვერ მიუთითა და ვერ წარადგინა შესაბამისი არგუმენტები, რომლითაც დადასტურდებოდა მ. ჩ-ის განცხადების დაკმაყოფილებით საჯარო ინტერესის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც მაღალი ხარისხით დაცვის ღირსი იქნებოდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალების გაცნობის შედეგად, იკვეთება რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადოდ არ არის გამოკვლეული საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები და ისინი დამატებით კვლევას/შეფასებას საჭიროებენ. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლებით სარგებლობა შესაძლებელია შეეზღუდოს იმ შემთხვევაში, თუკი მის მიერ დაგეგმილი კონსტრუქციის განთავსების შედეგად იგი ხილვადია და რეალურ გავლენას ახდენს შენობის ფასადზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა დეტალურად უნდა შეისწავლოს, გამოიკვლიოს და გააანალიზოს მ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული ფართის ზომა და განლაგება, განსათავსებელი კონსტრუქციის პარამეტრები, მეზონინის ის კონკრეტული ნაწილი, რომელშიც მოსარჩელე გეგმავს საჩრდილობლის გაკეთებას (მაგ: კონსტრუქცია იქნება ფართის ცენტრში, საიდანაც ნაკლებად შეიძლება გამოჩნდეს, თუ ფასადის მხარეს), აღნიშნული ნაწილის და მასზე განთავსებული კონსტრუქციის ხილვადობა შენობა-ნაგებობის გარედან და ის რეალური ვიზუალური ცვლილება, რომელიც შენობის ფასადმა შეიძლება განიცადოს, ასევე აღნიშნული ცვლილების გავლენა შესაბამისი ტერიტორიის/ქალაქის ზოგად იერსახეზე და მხოლოდ აღნიშნული გარემოებების სრულყოფილი და დეტალური ანალიზის შედეგად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
აღსანიშნავია, რომ საქმეზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალა არ შეიცავს იმგვარ დოკუმენტაციას, რომელიც შესაძლებელს გახდიდა სადავო კონსტრუქციის განთავსების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარემოებების შეფასებას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გამოკვლეულ უნდა იქნეს განსათავსებელი კონსტრუქციის გავლენა შენობა-ნაგებობაზე და მისი უსაფრთხოების შენარჩუნებაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია განსათავსებელი კონსტრუქციის მდებარეობის და მდგრადობის შეფასება და საჩრდილობელის მშენებლობის/განთავსების და შემდგომი სარგებლობის პროცესში უსაფრთხოების საკითხის (მათ შორის შენობის მიმდებარედ არსებულ სივრცეში მყოფი მოქალაქეებისათვის კონსტრუქციის უსაფრთხოების) გამოკვლევა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან არსებობს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 11 მარტის №5321017 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, ასევე ბათილად უნდა იქნას ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის №734 ბრძანება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ხოლო, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს მოსარჩელე მ. ჩ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელე მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის სოლიდარულად ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 11 მარტის №5321017 გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის №734 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალოს საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ჩ-ის 2021 წლის 10 მარტის №... განცხადებასთან დაკავშირებით.
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს მ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისროთ მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე