Facebook Twitter

№17591-13 21 ივნისი, 2013 წელი

ბ-ი კ., 17591-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ბ-ის განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით კ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 14 ივლისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის განაჩენით კ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 11 აპრილიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 თებერვლის განაჩენით კ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 5 წლით, ხოლო 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით კ. ბ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 30 ივნისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 აგვისტოს დადგენილებით კ. ბ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით, 4 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 13 აგვისტოდან.

2013 წლის 14 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ კ. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ბ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ კ. ბ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 6 წლით, 1 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 13 აგვისტოდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა კ. ბ-მა საჩივრებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და დანიშნული სასჯელების მოხდისაგან სრულად განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი უნდა განახევრებოდა, ხოლო სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განსაზღვროდა 3 წლით, 7 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ამოეწურა 2013 წლის 2 აპრილს.

2013 წლის 21 ივნისს წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებული კ. ბ-ი შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საჩივარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ კ. ბ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საჩივარი არ იქნეს განხილული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ბ-ის საჩივარი არ იქნეს განხილული, მის მიერ თავისი საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე