საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე ბს-511(კ-23) 14 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - ს. ჰ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2022 წლის 1 ნოემბერს ს. ჰ-იმ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, იგი 2019 წლის 26 დეკემბრიდან ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქესთან - ჯ. მ-ითან და ჰყავთ საერთო შვილი, საქართველოს მოქალაქე - ე. ჰ-ი, რომელიც დაიბადა ... წლის ...ს. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მას თავდაპირველად სააგენტოს 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე, რომლის გასაჩივრების შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ადმინისტრაციულ ორგანოს.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში საქმის განხილვისას, სააგენტომ 2021 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით, კვლავ უარი უთხრა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. 2022 წლის 22 სექტემბერს, მოსარჩელემ კიდევ ერთხელ მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის მოთხოვნით, თუმცა სააგენტოს 2022 წლის 24 ოქტომბრის №1000826514 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 24 ოქტომბრის №1000826514 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ს. ჰ-ის მიმართ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. ჰ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 24 ოქტომბრის №1000826514 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა ს. ჰ-ის მიმართ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ჰ-ი (დაბადებული: ...წ.) წარმოადგენდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელიც 2019 წლის 26 დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა საქართველოს მოქალაქე ჯ. მ-ითან და ჰყავდა ერთი შვილი - ე. ჰ-ი (დაბადებული: ...წ.).
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს 2022 წლის 3 ოქტომბრის ცნობის თანახმად, ს. ჰ-ი არ იყო ნასამართლევი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტს 2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით ს. ჰ-ის შესახებ ინფორმაცია არ მოეპოვებოდა.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2020 წლის 14 აგვისტოს ს. ჰ-იმა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომელმაც 2020 წლის 17 აგვისტოს №1000717750/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, ს. ჰ-ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლების არსებობა/არ არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 18 აგვისტოს №SSG22000101830 წერილის თანახმად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია ს. ჰ-ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით. შედეგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 14 სექტემბრის №1000717750 გადაწყვეტილებით ს. ჰ-ის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 14 სექტემბრის №1000717750 გადაწყვეტილება ს. ჰ-იმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის 2020 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. ჰ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 14 სექტემბრის №1000717750 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ს. ჰ-ისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, რომლის 2021 წლის 19 მაისის განჩინებით №3ბ/550-21 სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნულის შემდგომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 2 დეკემბრის №1000717750 გადაწყვეტილებით ს. ჰ-ის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 22 სექტემბერს ს. ჰ-იმა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომელმაც 2022 წლის 23 სექტემბერს №1000826514/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, ს. ჰ-ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლების არსებობა/არ არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ოქტომბრის №SSG12200197463 წერილის თანახმად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია ს. ჰ-ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით. შედეგად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 24 ოქტომბრის №1000826514 გადაწყვეტილებით, ს. ჰ-ის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა’’ და „გ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეამოწმა წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს და მიღებული ინფორმაციის შედეგად „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა’’ და „გ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტსა და ამავე კოდექსის მე-6-მე-7 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ უცხოელისთვის მუდმივი ცხოვრების მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ იგი იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ს. ჰ-ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 24 ოქტომბრის №1000826514 გადაწყვეტილებას. აღნიშნული საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის შედეგად კი, სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა კერძო ინტერესს - ს. ჰ-ის საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლებას. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებშიც მოპასუხეს შეეძლო გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ ბინადრობის მაძიებელი პირი - ს. ჰ-ი 2019 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა საქართველოს მოქალაქესთან და მათ ჰყავდათ საერთო შვილი.
ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები ადასტურებდნენ გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემას, ვინაიდან იგი იყო დაუსაბუთებელი ფაქტობრივი თვალსაზრისით და არ ეფუძნებოდა საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას. აღნიშნული კი ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძველს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებები. გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით სააპელაციო პალატა შემოიფარგლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და მოსარჩელის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით გამოთხოვილი ინფორმაციის გათვალისწინებით და აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო კანონიერი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი არ შეიცავდა ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე არ დასტურდებოდა მისი მხრიდან ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნიდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს 2022 წლის 3 ოქტომბრის ცნობის თანახმად, ს. ჰ-ი არ იყო ნასამართლევი, ხოლო მისი მეუღლე - ჯ. მ-იი იყო საქართველოს მოქალაქე. ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, აღნიშნული გარემოებები არ გულისხმობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის ვალდებულებას, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ ქმნიდა სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის უფლება, ხოლო ბინადრობის ნებართვის მოწმობა - იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და სხვა, მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო გასცემს რა ბინადრობის მოწმობას უცხოელზე, იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს მისი უფლებების და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს გულისხმობს გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას კონკრეტული პირისათვის დროის იმ მონაკვეთში, რა პერიოდშიც უცხოელი კანონიერად იმყოფება საქართველოში. სწორედ ბინადრობის სამართლებრივი ბუნება ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას - საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
კასატორი მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტსა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით, გაითვალისწინა კერძო და საჯარო ინტერესები და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ოქტომბრის № SSG 1 22 00197463 წერილი. სააგენტოს მითითებით, მან უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს, მაშინ, როდესაც საკითხი ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ განცხადების განმხილველი ორგანო კანონმდებლობით შეზღუდულია მოიპოვოს ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავოს გახდიდა და გააბათილებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ჰ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ს. ჰ-ი 2019 წლის 26 დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე ჯ. მ-ითან და მათ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი ე. ჰ-ი (დაბადებული: ...წ.).
2022 წლის 22 სექტემბერს ს. ჰ-იმა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომელმაც 2022 წლის 23 სექტემბერს №1000826514/1 წერილით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან გამოითხოვა ინფორმაცია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, 2022 წლის 19 ოქტომბრის №SSG12200197463 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ს. ჰ-ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა. შედეგად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 24 ოქტომბრის №1000826514 გადაწყვეტილებით, ს. ჰ-ის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ 03.07.2023წ. წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ს. ჰ-ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში უცხოელის შემოსვლა თუ გარკვეული დროით ყოფნა, არ არის აბსოლუტური უფლება, სათანადო საფუძვლების არსებობისას აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს, მით უფრო მაშინ, როდესაც დღის წესრიგში სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხი დგას. ის, რომ სახელმწიფოს, მასზე დაკისრებული საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე, აქვს თავის ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის, დარჩენის და ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა: კონვენცია არ ახდენს კონკრეტულ ქვეყანაში უცხოელის შესვლისა და ყოფნის უფლების უზრუნველყოფას (Lupsa v. Romania, 20.06.2002წ.; Nunez v. Norway, 21.06.1988წ.; Jeunesse v. The Netherlands, 13.12.2012წ.), თუმცა სახელმწიფოს მიერ უცხოელთა მიმართ განხორციელებული ქმედებები სათანადო ნორმატიულ საფუძველს უნდა ეფუძნებოდეს.
საქართველოში უცხოელთა შემოსვლის, ყოფნის და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-14 მუხლის პირველ პუნქტით, საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე კანონის მე-15 მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება კანონმდებლობა ადამიანის უფლებების, საქართველოს მოქალაქეობის, მიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და ქვეყნიდან გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომლის თანახმად „სახელმწიფო უფლებამოსილია, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სათანადო საიმიგრაციო პოლიტიკა და განსაზღვროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შესვლის, დროებით ან მუდმივად ყოფნის პირობები და წესი. საიმიგრაციო საკითხების რეგულირებისას, მათი პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ხელისუფლება ფართო მიხედულების ზღვრით სარგებლობს..“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-13).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესია უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის სათანადოდ დაცვა. ამგვარად, სწორედ სახელმწიფოა უფლებამოსილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, განსაზღვროს, თუ რა ფორმით დაარეგულიროს უცხოელთა სამართლებრივი სტატუსი სახელმწიფოში. აღნიშნული ინტერესების დაცვის მნიშვნელობასა და სახელმწიფოს ფართო მიხედულების ზღვარზე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტიც, რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, რომ ინფორმაცია გამოითხოვოს შესაბამისი ორგანოებიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომ „კონსტიტუციური უფლებების... შეზღუდვის შეფასების საზომი, თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სამართალწარმოება ემსახურება იმის გამორკვევას, ს. ჰ-ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმა წარმოადგენდა თუ არა თანაზომიერ ჩარევას მის უფლებებში და იყო თუ არა აღნიშნული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიება.
სასამართლო მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეს ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ (Lupsa v. Romania, №10337/04). აღნიშნულ საქმეზე, რუმინეთის პროკურატურის ბრძანებით, მომჩივნის რუმინეთის ტერიტორიაზე ყოფნა გამოცხადდა არასასურველად და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი რუმინეთიდან 10 წლით გაძევებისა და დეპორტირების შესახებ იმ საფუძვლით, რომ რუმინეთის დაზვერვის სამსახურს მიღებული ჰქონდა „საკმარისი და სერიოზული სადაზვერვო ინფორმაცია, რომ მისი საქმიანობა საფრთხეს უქმნიდა ეროვნულ უშიშროებას“ (Lupsa v. Romania, №10337/04, §39, 08.06.2006წ.). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სიცხადის ხარისხი, რაც შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას მოეთხოვება, მეტწილად რეგულირების კონკრეტულ სფეროზეა დამოკიდებული. საფრთხეები, რომლებიც ეროვნულ უშიშროებას ემუქრება განსხვავდება ხასიათისა და დროის მიხედვით და ამიტომ წინასწარ მათი განსაზღვრა რთულია. თუმცა პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება ეროვნული უშიშროების ინტერესებზე დამყარებული ღონისძიება, არ უნდა წაერთვას თვითნებობის გამომრიცხავი ყველა გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ სადავო ღონისძიება ზედმიწევნით უნდა გამოიკვლიოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა ორგანომ, რომელიც უფლებამოსილია შეამოწმოს ყველა შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რათა შეაფასოს ღონისძიების კანონიერება და უზრუნველყოს ხელისუფლების მიერ შესაძლო თვითნებობის პრევენცია (იქვე, §37-38).
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა და გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია პრიორიტეტულია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხები, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს საჯარო და კერძო ინტერესთა შეპირისპირებისა და მათ შორის გონივრული ბალანსის უზრუნველყოფის ხარჯზე, რაც გამორიცხავს რომელიმე მხარის ინტერესების მომეტებული მოცულობით შეზღუდვას. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „ზოგადად ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული, დაეყრდნოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთი გარემოებების არსებობაზე, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების მაღალი რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისი არის პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას“ (სუსგ №ბს-1248(კ-20), 30.09.2021წ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში მუდმივი ბინადრობის ნებართვა არ გაიცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის არსებობის საფუძვლით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით დადგენილი ფორმალური წინაპირობების დაკმაყოფილების ფაქტი იმთავითვე არ წარმოშობს ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ვალდებულებას, სააგენტოში წარდგენილი განცხადების ფორმალური გამართულობის, ბინადრობის კონკრეტული სახის გაცემისთვის ნორმატიულად დადგენილი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, თუმცა სათანადოდ უნდა იკვეთებოდეს უარის თქმის საფუძველი. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პოზიცია სადავო აქტის მართლზომიერებასთან დაკავშირებით ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის პირობებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მომეტებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, სააგენტო მოკლებული იყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნის შესაბამისად, რასაც განსაზღვრავს კანონი და განცხადების განხილვის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ იმ პირობებშიც კი, როდესაც დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს ჰყავს მეუღლე და შვილი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, სასამართლოს მიერ გამოკვლეულ საიდუმლო მასალაში მითითებული ინფორმაცია არ საჭიროებს დამატებით კვლევას და საკმარისია იმისთვის, რომ ამ შემთხვევაში ფიზიკური პირის კერძო ინტერესთან მიმართებით, პრიორიტეტი მიენიჭოს საჯარო ინტერესს. საკასაციო პალატა გაეცნო რა კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსს, საქმეში დაცულ მასალებს, მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარი მართებულია. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დასადგომად - ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადასტურდეს ნორმითვე გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოში უცხოელის ყოფნით ქვეყნის უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნა. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსაზრება ასეთი საფრთხის არსებობის შესახებ არ არის საკმარისი, მისი მოსაზრება სათანადოდ უნდა დასაბუთდეს. განსახილველ შემთხვევაში, საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემების გათვალისწინებით, ასეთი დასაბუთება იკვეთება.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: ა) პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან). ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემების ერთობლიობა უნდა ქმნიდეს სავარაუდოების გარკვეულ ხარისხს (ალბათობის მაღალ ხარისხს), რაც შექმნის დასაბუთებულ მოლოდინს უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის დამაბრკოლებელი რომელიმე გარემოების არსებობის, ბინადრობის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოში წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის შინაარსი აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. ამასთანავე, ის გარემოება, რომ ამ დრომდე მოსარჩელის მიერ სახელმწიფოსა თუ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართული რაიმე ქმედების ჩადენა სათანადოდ არ დასტურდება, არ ასაბუთებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის უკანონობას, რადგან ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი გარემოებების ნორმატიული საფუძვლების გამოვლენა მიზნად ისახავს არა მხოლოდ რეპრესიულ, არამედ პრევენციულ რეაგირებასაც და მიმართულია არა იმდენად რეალიზებული, არამედ უმეტესად მომავალში მოსალოდნელი, რეალიზებადი საფრთხეების თავიდან აცილებისკენ (სუსგ №ბს-67(კ-22), 05.10.2023წ.).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც კი, გადაწყვეტილებები, რომლებმაც პირის უფლებებში ჩარევა გამოიწვია, უნდა დაექვემდებაროს სათანადო კონტროლს, რომელიც უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი, კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება შეეძლება (Al-Nashif v. Bulgaria, 20.06.2002წ.; Chahal v. The United Kingdom, 15.11.1996წ.). ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ უარყოფს სახელმწიფოს მიერ უცხოელის თავის ტერიტორიაზე შესვლის ან ყოფნის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა იმ პირობით, რომ სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და რომ მასზე ქმედითი კონტროლი განხორციელდება. განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ სადავო აქტის მიმართ სასამართლო კონტროლის აღნიშნული წინაპირობები სახეზეა, როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, აგრეთვე საკასაციო პალატამ გამოითხოვა სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაცული ინფორმაცია და შეაფასა საქმეში დაცულ მტკიცებულებებთან, მხარეთა ზეპირ და წერილობით ახსნა-განმარტებებთან ერთობლიობაში. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან მიმართებით ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი სრულად დაცულია, ადმინისტრაციული ორგანოსადმი მინიჭებული დისკრეციის ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად სასამართლოს მხრიდან განხორციელდა „ადეკვატური და ქმედითი“ პროცედურები საქმის „ეფექტიანი განხილვის“ მიზნით (Lupsa v. Romania (§34), 08.06.2006წ.). მართალია უშუალოდ მხარე ვერ გაეცნო სადავო აქტის საფუძვლად არსებულ მონაცემებს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შესწავლილი და შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თუ სასამართლო, მათ შორის საკასაციო პალატა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულ მონაცემებს არასარწმუნოდ და შესაბამისად, მოსარჩელისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმას დაუსაბუთებლად მიიჩნევდა, იგი მიიღებდა მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილებას, თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მოწოდებული საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით სადავო აქტით დამდგარი სამართლებრივი შედეგი მართებულია.
საკასაციო პალატა გაეცნო ს. ჰ-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლად არსებულ საიდუმლო ინფორმაციას, რის შედეგადაც მიაჩნია, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით დგინდება ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი ნორმატიული საფუძვლების არსებობა, გამოთხოვილ საიდუმლო მასალაში მითითებული ინფორმაცია, ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვისა და მისი პრიორიტეტულობის მნიშვნელობის მხედველობაში მიღების პირობებშიც კი, საკმარისი იყო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 24 ოქტომბრის №1000826514 გადაწყვეტილების მისაღებად, რაც თავის მხრივ, სადავო აქტით დამდგარი სამართლებრივი შედეგის მართებულობას ადასტურებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ხოლო, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ჰ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს - ს. ჰ-ის უნდა დაეკისროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 411-ე მუხლებით,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ს. ჰ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. მოსარჩელეს - ს. ჰ-ის დაეკისროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სასარგებლოდ მის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. მაკარიძე