№ბს-750(3კ-23) 16 ნოემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და მ. ბ-ეის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 29 ნოემბერს ნ. ა-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, ქედის რაიონის გამგეობის 1995 წლის 22 დეკემბრის №55 გადაწყვეტილების საფუძველზე, 1997 წლის 28 ნოემბერს ნ. ა-ას მართლზომიერ მფლობელობაში გადაეცა ...ში ...ის ქუჩა №...-ში მე-4 სართულზე 30 კვ.მ საცხოვრებელი ბინა და მასზე გაიცა ორდერი. საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაუსრულებელი იყო. მოგვიანებით მაშინდელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის დახმარებით მოხდა სახლის მშენებლობის დასრულება, აგებულ იქნა კონსტრუქციული ნაწილი - კარკასი. საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაუსრულებლობის გამო, მშენებლობის დასრულების შემდეგ იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც გადაეცათ ბინები, ურთიერთშეთანხმებით ამოაშენეს ბინების გარე კედლები და აღმოჩნდა, რომ რეალურად ნ. ა-ას გადაეცა 67 კვ.მ ფართის ბინა, რომელსაც იგი ფლობს. ნ. ა-ამ შეადგინა და მერიაში წარადგინა ბინის საკადასტრო ნახაზი და მოითხოვა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართის საკუთრებაში გადაცემა. 2018 წლის 29 ოქტომბრის წერილით ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ უარი უთხრა ა-ას მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, მოსარჩელემ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 29 ოქტომბრის №03/5113 წერილის ბათილად ცნობა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მისთვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით მოცემულ საქმეში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაებნენ მ. ბ-ე და აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განჩინება საქმეში მესამე პირად მისი ჩაბმის ნაწილში, კერძო საჩივრით გაასაჩივრა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ამინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განჩინებით აჭარის ა.რ. ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განჩინება აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქმეში მესამე პირად ჩაბმის ნაწილში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ა-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქედის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 29 ოქტომბრის №03/5113 წერილი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი); ქედის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ნ. ა-ას განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ნ. ა-ა ადმინისტრაციული ორგანოსგან მოითხოვდა მისი, როგორც კანონიერი მოსარგებლის უფლების დადასტურებას უძრავ ქონებაზე, რომელიც მას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ორდერით გადაეცა. ადმინისტრაციულმა ორგანომ კი განმცხადებელს მიუთითა, რომ ქონება (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი) წარმოადგენდა რა მუნიციპალიტეტის საკუთრებას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის მერია სამართლებრივად მოკლებული იყო შესაძლებლობას იგი მისთვის უსასყიდლოდ გადაეცა საკუთრებაში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 104-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ეს თავი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ქონების კატეგორიებს, შექმნის წესსა და ქონებრივ უფლებებს (გარდა ბუნებრივი რესურსებისა, რომლებით სარგებლობა და რომელთა ფლობა და განკარგვა მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით), აგრეთვე მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებულ, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. ამდენად, როგორც მოხმობილი ნორმის განმარტება ცხადყოფს, კანონმდებლობით მუნიციპალიტეტის ქონებიდან ცალკეა გამოყოფილი, მართალია, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში აღრიცხული, თუმცა კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი ქონება, რომლის განკარგვის წესიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. საპელაციო პალატამ მოხმობილი ნორმის საფუძველზე განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველოვის კოდექსის შესაბამისი ნორმები, რომლებიც ეხება მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებას და სარგებლობის უფლებით გადაცემას, მათ შორის, 118-ე მუხლიც (მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ფორმები), რომელზეც მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანო, კანონიერ მოსარგებლეებზე მუნიციპალური ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით არ გამოიყენება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონიერი მოსარგებლეებისათვის მუნიციპალური ქონების გადაცემის წესი განისაზღვრება „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (შემდეგში „წესი“) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული დადგენილებით ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრულ კანონიერ მოსარგებლეებზე არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემაზე უფლებამოსილი ორგანო და ასეთად განსაზღვრულია ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, განსახილველ შემთხვევაში - ქედის მუნიციპალიტეტის მერია, რომელსაც სწორედ ამ დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ მიხედვით უნდა შეეფასებია ნ. ა-ას მიერ წარდგენილი განცხადება აკმაყოფილებდა თუ არა დადგენილებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. მით უფრო, როცა ნ. ა-ა ადმინისტრაციული ორგანოსგან სწორედ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის - ბინის ორდერის საფუძველზე უფლების დადასტურებას მოითხოვდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართვლეობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მოსარგებლეთათვის საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 24 მარტის №8 დადგენილებით ვერ დადგინდებოდა განსხვავებული წესი მუნიციპალური ქონების კანონიერი მოსარგებლეებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, რადგან ეს წესი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით, ამასთან, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი საქართველოს ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, და სავალდებულოა შესასრულებლად. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, საქართველოს ნორმატიულ აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მიმართ.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ნ. ა-ას მიერ ქედის მუნიციპალიტეტის წინაშე დასმული საკითხის განხილვა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენციას. შესაბამისად, სადავო წერილი, რომლითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დადგენილი წესით განხილვაზე უარი უთხრა განმცხადებელს, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს და უკანონოდ ზღუდავს ნ. ა-ას უფლებას კანონმდებლობით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე, რაც ამ აქტის ბათილად ცნობის საფუძველია, თუმცა, ვინაიდან სადავო საკითხის გადაწყვეტა ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, რომელსაც განმცხადებლის მოთხოვნა არსებითად არ განუხილავს, პალატამ მიიჩნია, რომ მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დასადგენი იყო: ა. წარმოადგენდა თუ არა ნ. ა-ა საკუთრების მოპოვებაზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტს; ბ) დაეუფლა თუ არა ნ. ა-ა უშუალოდ ან ოჯახის წევრების მეშვეობით საცხოვრებელ ფართს და აკმაყოფილებდა თუ არა ნ. ა-ას ხელთ არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტები №189 დადგენილებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ფართის პრივატიზაციისათვის; გ) ვინ შეიძლება იყვნენ სადავო უძრავ ნივთის კანონიერი მოსარგებლეები, როცა უდავოდ დადგენილია, რომ ორდერის გაცემის დროისათვის, ნ. ა-ას ოჯახის შემადგენლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ბინის ორდერში ამის შესახებ აღნიშვნა არ არის, უკვე შედიოდა მ. ბ-ე, რომელიც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. ა-ას შვილთან - ა. ბ-ესთან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ, მ. ბ-ემ და ნ. ა-ამ.
მ. ბ-ემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ნ. ა-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
კასატორის - მ. ბ-ეის განმარტებით, ქედის მუნიციპალიტეტის 29.10.2018წ. №03/5113 და 8.08.2018წ. №03/3955 წერილები ნ. ა-ას არ უწესებს, უცვლის, უწყვეტს ან უდასტურებს უფლებებს და მოვალეობებს, შესაბამისად ისინი არ წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ნ. ა-ას არ გაუსაჩივრებია ქედის მუნიციპალიტეტის 8.08.2018წ. №03/3955 წერილი. ნ. ა-ას მიერ ხელმეორედ შეტანილი განცხადება იგივე მოთხოვნების შემცველი იყო, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102.2 მუხლის თანახმად იგი განუხილველი უნდა დარჩენილიყო. კასატორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მოსამზადებელ სტადიაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიეთითა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების სიყალბესთან დაკავშირებით. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ქედის რაიონის გამგეობის 2.12.1995წ. №116 გადაწყვეტილება, რომლითაც დამტკიცდა 1995 წლის 28 დეკემბრის №55 ოქმი არის ხელმოუწერელი, ბეჭედდაუსმელი, ქსეროასლის სახით. სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა საარქივო დოკუმენტები. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქედის რაიონის გამგეობის საბინაო საკითხთა კომისიის 1995 წლის 2 დეკემბრის №116 გადაწყვეტილებით დამტკიცდა იმავე წლის 28 დეკემბერის №55 ოქმი, რაც ქრონოლოგიურად აშკარად შეუსაბამოა. კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნული დოკუმენტები ყალბია, რის გამოც სასამართლო ვალდებული იყო მტკიცებულებიდან ამოერიცხა ისინი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია გამომცემი ორგანოს დადგენა, ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტები ხელმოუწერელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარმოდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს წარმოდგენისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს შეუძლებელია. კონკრეტულ შემთხვევაში კი სასამართლომ მტკიცებულებითი ძალა მიანიჭა ხელმოუწერელ, არადედან დოკუმენტებს. კასატორის განმარტებით, ნ. ა-ას არასდროს უცხოვრია სადავო ფართში, 2000 წლიდან აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს მ. ბ-ე, რაც დასტურდება ელექტროენერგიის აბონენტად ამ უკანასკნელის აღრიცხვაზე აყვანითა და მის მიერ გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტებით, ასევე მეზობლების ჩვენებებით. საქართველოს მთავრობის 2014 წლის №189 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კასატორის - ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. კასატორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მითითებისა, მ. ბ-ეის უფლებების გათვალისწინებაზე, მუნიციპალიტეტი მასთან მიმართებაში დადებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“ და აღნიშნავს, რომ პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის აუცილებელია კუმულატიურად შემდეგი პირობების არსებობა: 1. პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და 2. აღნიშნული წესის საფუძველზე იგი უნდა სარგებლობდეს ფართით. საკუთრების უფლების მოპოვებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ მართლზომიერი უფლების წარმოშობა, არამედ საჭიროა ამ უფლების რეალიზაცია - ფართის ფაქტობრივი დაუფლება. განსახილველ შემთხვევაში, ნ. ა-ას გააჩნია კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა იგი ბინას ფაქტობრივად არ დაუფლებია. კასატორის განმარტებით, ფაქტობრივი გარემოებები განსხვავებულია მოსარჩელის და მესამე პირთან მიმართებით, კერძოდ, მ. ბ-ეის შემთხვევაში, მას არ გააჩნია კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ბინას ფაქტობრივად დაუფლებულია. კასატორის განმარტებით, ნ. ა-ას სახელზე გაცემული ბინის ორდერის სამართლებრივი საფუძვლის შესახებ გადაწყვეტილებები არ არის დედანი და არც უფლებამოსილი პირების მიერაა ხელმოწერილი, რაც სამართლებრივად ასევე პრობლემას წარმოადგენს. კასატორის მითითებით, მიუხედავად სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის მიერ ბინის ორდერის დედნის სახით წარმოდგენისა, იგი ვერ მიიჩნევა სათანადო დოკუმენტად, რადგან მისი ტექსტური ნაწილი ხარვეზიანია. კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ბინის ორდერის უფლების დამდგენ დოკუმენტად შესაძლო ჩათვლასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ბ-ეის და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ეის და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 3 სექტემბერს მიმართა ქედის მუნიციპალიტეტის მერიას ...ში, ...ის ქუჩა №...-ში, ბინა №19-ის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. ქედის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 29 ოქტომბრის №03/5113 წერილით ნ. ა-ას ეცნობა, რომ ...ის ქუჩაზე №...-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის მერია სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას საცხოვრებელი ბინა მფლობელ/მოსარგებლე პირს უსასყიდლოდ გადასცეს საკუთრებაში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის საგანია ქედის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 29 ოქტომბრის №03/5113 წერილის კანონიერება და მოპასუხის დავალება ნ. ა-ასთვის ბინის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ.
ქედის რაიონის პრეფექტურის 1991 წლის 15 ოქტომბრის №598 წერილით, ...ის მცხოვრებ, ნ. გ.-ს ასულ ა-ას, მისი განცხადების (№553.09.91) პასუხად, რომლითაც მოითხოვდა საბინაო პირობების გაუმჯობესებას, ეცნობა, რომ დაბის ცენტრში მშენებარე 27 ბინიან საცხოვრებელ სახლში გათვალისწინებული იქნებოდა მისი საბინაო უზრუნველყოფა (დოკუმენტი წარმოდგენილია დედნის სახით. იხ. ტომი მე-2, ს.ფ.114).
ქედის რაიონის პრეფექტურის წერილით (დოკუმენტზე თარიღი დასმული არაა), ...ის მცხოვრებ, ნ. გ.-ს ასულ ა-ას ეცნობა, რომ მისი საბინაო უზრუნველყოფის საკითხი გადაწყვეტილი იქნებოდა 27 ბინიანი საცხოვრებელი სახლის ექსპლოატაციაში მიღებისთანავე და აღნიშნულ სახლში საცხოვრებლად გაუნაწილდებოდა №2 ბინა, პირველ სართულზე (დოკუმენტი წარმოდგენილია დედნის სახით.იხ. ტომი მე-2, ს.ფ.115)
2019 წლის 14 ნოემბრის №01-20/781 წერილით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს ტერიორიულმა ორგანომ - ქედის არქივმა, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის მომართვის პასუხად წარუდგინა ქედის რაიონის გამგეობის 1995 წლის 02 დეკემბრის №116 გადაწყვეტილების და №55 ოქმის დამოწმებული ქსეროასლები (წარმოდგენილი დოკუმენტები დამოწმებულია ქედის არქივის ბეჭდით და გაკეთებულია აღნიშვნა, რომ ასლები დედანთან სწორია, საფუძველი: ფონდი: 1. ანაწერი №1, საქმე №124. იხ. ტომი 1- ლის, ს.ფ.194).
ქედის არქივის მომართვაზე დართული, ქედის რაიონის დაბის ცენტრში 27 ბინიანი საცხოვრებელი ფართის განაწილების შესახებ, ქედის რაიონის გამგეობის 1995 წლის 02 დეკემბრის №116 გადაწყვეტილებით, ქედის რაიონის გამგეობამ დაამტკიცა დაბის ცენტრში 27 ბინიანი საცხოვრებელი ფართის განაწილება (ოქმი №55, 28.12. იხ. ტომი 1- ლის, ს.ფ.194)
დადგენილია, რომ ქედის რაიონის გამგეობის საბინაო საკითხთა კომისიის 1995 წლის 28 დეკემბრის სხდომის №55 ოქმით, დაბის ცენტრში 27 ბინიანი საცხოვრებელ სახლში ფართის განაწილების შესახებ, სხვა მოქალაქეებთან ერთად, 30.7 კვ. მეტრი ფართი სახლის სართული 4 ბინა 19 გამოეყო ნ. ა-ას. 1997 წლის 28 ნოემბერს ა-ა ნ. გ.-ს ასულს გადაეცა ორდერი N337, რომლის თანახმადაც მისი ოჯახი შედგებოდა 4 წევრისაგან და უფლება აქვს დაიკავოს 2 ოთახი, ფართობით 30,7 კვ.მ ...ის ქუჩა №....
1997 წლის 28 ნოემბრის №337 ორდერით, რომელიც შევსებულია საქართველოს სსრ ქედის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის (...) ბლანკზე , მოქალაქე ა-ა ნ.-ს, რომლის ოჯახი შედგებოდა 4 (ოთხი) სულისაგან, მიეცა უფლება დაეკავებია 2 ოთახი, ფართობით 30,7 კვადრატული მეტრი, ...ის ქ. №..., სართული: 4, საფუძველი: ქედის გამგეობის (სახ. დეპ- თა აღმასკ. - გადახაზულია) გადაწყვეტილება 28 დეკემბერი, 1995წ. №55. ორდერი ხელმოწერილია საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილის გრაფის გასწვრივ. ამავე ორდერში მითითებულია, რომ ორდერი კარგავდა ძალას გაცემიდან 10 დღის შემდეგ, თუ მისი მფლობელი არ ჩასახლდებოდა ბინაში და ორდერის ასლს არ ჩააბარებდა საბინაო საექსპლოატაციო კანტორას. ორდერის მეორე გვერდზე მითითებულია ოჯახის შემადგენლობა: ა-ა ნ. გ.-ს ასული - უფროსი, ბ-ე ა. უ-ს ძე - შვილი, ბ-ე ჯ. უ.-ს ასული - შვილი, ბ-ე ბ. უ-ს ძე - შვილი.
საჯარო რეესტრის ამონაწერებით დგინდება, რომ ...ში ...ის ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელშიც განთავსებულია სადავო ბინა, 2009-2010 წლებში წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო 2014 - 2015 წლებში მესაკუთრედ ირიცხება ქედის მუნიციპალიტეტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ. ა-ას მოთხოვნას წარმოადგენს ...ში, ...ის ქუჩა №...-ში, ბ. №19-ზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის ორდერით გადაცემული ბინაზე, როგორც კანონიერ მოსარგებლეზე უფლების დადასტურება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ნ. ა-ას განცხადება არსებითად არც განიხილა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ (დანართი №1) პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.
აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. ხოლო მე-3 მუხლის მიხედვით, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ წესის მიზნებისათვის – შესაბამისი რაიონის გამგებელი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. დადგენილების მე-4 მუხლის მიხედვით, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში.
ამდენად, ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა კუმულაციურად ორი პირობის არსებობა: 1. პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) და 2. ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს სადავო ფართით.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში - ქედის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა შეეფასებინა ნ. ა-ას მიერ წარდგენილი განცხადება აკმაყოფილებდა თუ არა დადგენილებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. მით უფრო, როცა ნ. ა-ა ადმინისტრაციული ორგანოსგან სწორედ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის - ბინის ორდერის საფუძველზე უფლების დადასტურებას მოითხოვდა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - მ. ბ-ეის პოზიციას და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მასზედ, რომ სადავო წერილი, რომლითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დადგენილი წესით განხილვაზე უარი უთხრა განმცხადებელს, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს და უკანონოდ ზღუდავს ნ. ა-ას უფლებას კანონმდებლობით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ წარდგენილ იქნა ქედის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 28.11.1997წ. გაცემული №337 ორდერის დედანი, რომლის თანახმად, მოქალაქე ნ. ა-ას, რომლის ოჯახი შედგება ოთხი სულისგან, მას მიეცა უფლება დაეკავებინა 2 ოთახი, ფართობით 30 კვ.მ ...ში, ...ის ქ. №...-ში მდებარე მე-4 სართულზე, ორდერში გამოცემის საფუძვლად მითითებულია ქედის გამგეობის 1996 წლის 28 დეკემბრის N55 გადაწყვეტილება. ოჯახის შემადგენლობაში მითითებულია ნ. გ.-ს ასული ა-ა (უფროსი), ა. უ.-ს ძე ბ-ე (შვილი), ჯ. უ.-ს ძე ბ-ე (შვილი), ბ. უ.-ს ძე ბ-ე (შვილი). ზემოაღნიშნული ორდერი ხელმოწერილია საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილის მიერ (ტ.2. ს.ფ 116).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
რაც შეეხება კასატორის მ. ბ-ეის მოსაზრებას 1997 წლის 28 ნოემბერს გაცემულ ბინის ორდერის (№337) სიყალბესთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დადგენილი არ არის ზემოაღნიშნული დოკუმენტის სიყალბის ფაქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, ამასთან, დავის სასამართლო განხილვისას მოსარჩელის მხრიდან ქვედა ინსტანციის სასამართლოებში წარდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ნ. ა-ას სახელზე 1997 წლის 28 ნოემბერს გაცემული ბინის ორდერი (№337) ყალბია. ამასთან, არ შეიძლება მტკიცებულების კანონიერება-უკანონობის მტკიცების ტვირთი დაეკისროს მხოლოდ მოსარჩელეს. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, ქედის რაიონის გამგეობის 2.12.1995წ №116 გადაწყვეტილებისა და ქედის რაიონის გამგეობის საბინაო საკითხთა კომისიის 28.12.1995 №55 სხდომის ოქმის მიღების დროის ქრონოლოგიურ შეუსაბამობასთან დაკავშირებული ეჭვებზე, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება მათი მ. ბ-ეის მიერ გასაჩივრების ფაქტი. ამასთან ნიშანდობლივია, რომ 20.01.2016წ. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ბ-ემ და მოითხოვა 1997 წლის 28 ნოემბრის ნ. ა-აზე გაცემული №337 ორდერის არარა აქტად ცნობა (საფუძველად უდევს ქედის გამგეობის 28.12.1995 N55 სხდომის ოქმი). ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 27.05.2016წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ საბინაო ორდერის არარად აქტად აღიარების მოთხოვნის იურიდიული ინტერესი მ. ბ-ეს ვერ ექნებოდა, რამეთუ ორდერის არსებობით მისი უფლება არ დარღვეულა. გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბერის განჩინებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად ითვლება მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი.
საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ ფაქტობრივი ფლობის ზემოხსენებული კომპონენტი არ შემოიფარგლება მარტოოდენ ფართით რეალური სარგებლობით. რამდენადაც კანონიერი სარგებლობის უფლების რეალიზაცია არსებითად უკავშირდება მოსარგებლის მხრიდან ფართის ფლობის ნების გამოვლენას, რიგ შემთხვევებში, გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებათა არსებობამ შესაძლოა შეზღუდოს პირის შესაძლებლობა, ნების არსებობის მიუხედავად, ისარგებლოს კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე გადაცემული უძრავი ქონებით. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა პირს გააჩნდეს ფართით სარგებლობის ცხადად გამოხატული სურვილი, თუმცა მის მიმართ არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, შეუძლებელს ხდიდეს მინიჭებული უფლების რეალიზაციას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი ფლობის გამომრიცხველი მდგომარეობა დაუშვებელს ხდის ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აღნიშნული კომპონენტის არარსებობის საფუძვლით პირისათვის ფართის პრივატიზაციაზე უარის თქმას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის №ბს-250-246(კ-15) განჩინებაში საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ „დაუშვებელია, რომ სადავო საცხოვრებელი ბინის ფაქტობრივი ფლობის საკითხი განიმარტოს მესამე პირის - ც. ს-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ანუ თუ კანონიერი მოსარგებლე თავისი ნების საწინააღმდეგოდ არ სარგებლობს ფართით, ეს არ შეიძლება გახდეს მისთვის პრივატიზაციაზე უარის თქმის საფუძველი.“ ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განმცხადებლის მიმართ კანონიერი სარგებლობის უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტის საფუძველზე სარგებლობის, როგორც პრივატიზაციისათვის აუცილებელი ერთ-ერთი კომპონენტის არარსებობის დასასაბუთებლად მხოლოდ ფართის რეალური ფლობის ფაქტის გამორიცხვა არ კმარა. არსებითია დადასტურდეს, რომ პირი შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე გადაცემული ფართით არ სარგებლობს მისივე ნებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარგებლობის კომპონენტის გამორიცხვისათვის გადამწყვეტია ის მიზეზი, რის გამოც პირისათვის მინიჭებული უფლება საბოლოო ჯამში ფაქტობრივად ვერ რეალიზდა, უფრო კონკრეტულად კი, აღნიშნული გამოწვეული იყო პირის ნების შესაბამისი ქმედებით, თუ მისი ნების საწინააღმდეგოდ წარმოშობილი ფაქტობრივი მდგომარეობით (სუსგ საქმე №ბს-864(კ-19), 25.02.2021წ).
საქმეში დაცული მ. ბ-ეის და ნ. ა-ას შვილის - ა. ბ-ეის ქორწინების მოწმობის თანახმად, მათი ქორწინების რეგისტრაციის თარიღია 4.02.1997წ. (ტ.2 ს.ფ 135). სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2023 წლის 3 მაისს განმეორებით გაცემული №... განქორწინების მოწმობით ირკვევა, რომ მ. ბ-ეის (პ/ნ ...) და ა. ბ-ეის (პ/ნ ...) ქორწინების შეწყვეტის თარიღია 2011წლის 20 ივლისი, №... აქტის ჩანაწერი (იხ. ტომი მე-2, ს.ფ.135).
საქმეში დაცული ნოტარიულად დამოწმებული 03.10.2017წ. განცხადების თანახმად, მ. ბ-ე 2003 წლიდან ნამდვილად ფლობს და სარგებლობს უძრავი ქონებით, მდებარე: რაიონი ქედა, ..., ...ის ქ. №..., სართული 4, ბინა 19. ამავე განცხადებაში მითითებულია, რომ მ. ბ-ეს უშვილობის გამო ჰქონდა კონფლიქტი მეუღლესთან და 2011 წლიდან ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს მარტო.
სააპელაციო სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ბ-ე (მარტო თუ ოჯახის წევრებთან ერთად) 2003 წლიდან მოყოლებული ნამდვილად უწყვეტად ცხოვრობს ..., ...ის ქ. №..., ბინა №19-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და ახორციელებს უძრავ ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას სათანადო შეფასებას საჭიროებს შემდეგი საკითხები: 1. წარმოადგენს თუ არა ნ. ა-ა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესით“ განსაზღვრულ დაკავებული ფართის კანონიერ მოსარგებლეს; 2. დაეუფლა თუ არა ნ. ა-ა უშუალოდ ან ოჯახის წევრების მეშვეობით საცხოვრებელ ფართს; 3. აკმაყოფილებს თუ არა ფართის პრივატიზაციისათვის ნ. ა-ას ხელთ არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტები საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს; 4 ვინ არიან სადავო უძრავ ნივთის კანონიერი მოსარგებლეები, როცა უდავოდ დადგენილია, რომ ორდერის გაცემის დროისათვის, ნ. ა-ას ოჯახის შემადგენლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ბინის ორდერში ამის შესახებ აღნიშვნა არ არის, უკვე შედიოდა მ. ბ-ე, რომელიც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. ა-ას შვილთან - ა. ბ-ესთან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოსარკვევია ქმნის თუ არა სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა ნ. ა-ას სახელზე სადავო ბინის პრივატიზების საფუძველს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. ბ-ეის საკასაციო საჩივარზე ი. შ-ეეს (პ/ნ ...) 19.06.2023წ. №4547 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ბ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და მ. ბ-ეის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება;
3. მ. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ი. შ-ეის მიერ (პ/ნ ...) 19.06.2023წ. №4547 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
ბ. სტურუა