საქმე №ბს-796(2კ-23) 19 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. კ-ას, რ. ხ-ას, მ. ხ-ას და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 29 აპრილს მ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, ჰყავს მეუღლე - რ. ხ-ა და მული - მ. ხ-ა. დევნილობის პერიოდიდან ცხოვრობენ ერთ ოჯახად. ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. რ. ხ-ა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანია, ხოლო მ. ხ-ა შშმ პირი. ოჯახმა შეავსო გრძევადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი. ოჯახს მიენიჭა 7 ქულა, 1,5 ქულა - ქირის ნაწილში, 2 ქულა - სოციალურის ნაწილში, 2 ქულა - შშმ პირის ნაწილში და 1,5 ქულა - ვეტერანის ნაწილში. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 20.04.2021წ. №03-963/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელე მ. კ-ას და განაცხადით გათვალისწინებულ პირებს (ოჯახს) იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვათ ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. აღსანიშნავია, რომ ბინა მიიღეს უფრო დაბალი ქული მქონე ოჯახებმა (4,5 ქულა). მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ფართით უზრუნველყოფის საჭიროება დადგენილია იმ ნორმატიული აქტით, რომლის საფუძველზეც მინიჭებული აქვთ უმაღლესი ქულა. ცნობილია, რომ ქულა განსაზღვრავს განსახლების საჭიროებას და პრიორიტეტულობას.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03/963 ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელის მ. კ-ას და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, კანონით დადგენილი წესითა და ვადაში, მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ რ. ხ-ა და მ. ხ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით მ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 აპრილის №03-963/ო ბრძანება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. კ-ამ, რ. ხ-ამ და მ. ხ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მ. კ-ას, რ. ხ-ას, მ. ხ-ას და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
სააპალაციო პალატამ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაადგინა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ვინაიდან, მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს სხვის საკუთრებაში და მხოლოდ ის გარემოება, რომ ისინი მითითებულ მისამართზე ცხოვრობენ 1992 წლიდან და რომ აღნიშნული ქონება ნათესავის საკუთრებაშია, არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ოჯახს არ ესაჭიროება გადაუდებელი განსახლება, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილია აღნიშნული ბინის მესაკუთრის - დ. ხ-ა-რ-ას წერილობითი განმარტება (ს.ფ. 123) იმის თაობაზე, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, იგი ითხოვდა მისი ბინის გამოთავისუფლებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის წინაპირობები. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკითხის ხელახლა განხილვისას უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა გადაუდებელი განსახლების საჭიროება და კვლავ ითხოვს თუ არა ბინის მესაკუთრე მის გამოთავისუფლებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. კ-ამ, რ. ხ-ამ და მ. ხ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ეყრდნობა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. კასატორის განმარტებით, მ. კ-ა 2013 წლიდან აკეთებდა განაცხადს, რომელშიც უთითებდა, რომ ქირით ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ში, მე-... მ/რ, ... კორპუსში, ბინა N10-ში. 2020 წლის 17 ნოემბერს განხორციელებული მონიტორინგისას მხარემ განმარტა, რომ აღნიშნული ბინა ეკუთვნის მეუღლის ძმისშვილს - დ. ხ-ა-რ-ას, 1992 წლიდან ცხოვრობს ქირით. თავად ბინის მესაკუთრე ცხოვრობს მეუღლის ბინაში. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე 1992 წლიდან შეუზღუდავად ცხოვრობს ნათესავის სახლში, ქირის თანხის დაფინანსებასთან დაკავშირებით სააგენტოსთვის არ მოუმართავს. ბინის მესაკუთრის მიმართვა ფართის გამოთავისუფლების შესახებ წარმოდგენილი არ ყოფილა ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ მოქმედი ნორმა (8.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანება), გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილ პირთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, კერძოდ პირველ რიგში ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას და არ გააჩნიათ ალერნატიული საცხოვრებელი. ცხადია, ეს ნორმა არ უარყოფს და ეჭქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, თუმცა სახელმწიფო თავისი რესურსის გათვალისწინებით, მათ ეტაპობრივად აკმაყოფილებს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა დევნილ ოჯახებთან მიმართებაში უსამართლოა, რადგან ამ უკანასკნელთ არ შეუძლიათ ნათესავების საცხოვრებლით თავისუფლად სარგებლობა.
კასატორები - მ. კ-ა, რ. ხ-ა და მ. ხ-ა აღნიშნავენ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის თანახმად, სხვის, თუნდაც ნათესავის საკუთრებაში ცხოვრება ვერ იქნება დევნილისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლოებმა უარყვეს ბინის მესაკუთრის უფლება გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ. კასატორებისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა რაოდენობა, არამედ სხვის საკუთრებაში ცხოვრების გამო, გადაუდებელი განსახლების საჭიროების იმ ეტაპზე არარსებობა, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებასთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მ. კ-ას, რ. ხ-ას, მ. ხ-ას საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მ. კ-ას, რ. ხ-ას, მ. ხ-ას საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, ხოლო მ. კ-ას, რ. ხ-ას, მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის ნაწილში მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. კ-ას, რ. ხ-ას და მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე, რადგან მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, ხოლო მ. კ-ას, რ. ხ-ას და მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. კ-ას, რ. ხ-ას და მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;
2. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა