საქმე №ბს-926(2კ-23) 25 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 20 დეკემბერს ნ.კ-ომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 მარტის №002025 დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 ნოემბრის №1-2690 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.კ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 მარტის №002025 დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე”, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 ნოემბრის №1-2690 ბრძანება ,,ნ.კ-ოს წარმომადგენლის - ლ.კ-ოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებით განსახილველ საქმეში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგინდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) 25-ე მუხლსა და 44-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ასევე, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3, მე-4, 36-ე მუხლებზე და განმარტა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის სათანადო სანქციას - დაჯარიმებას ან/და უნებართვო ნაგებობის დემონტაჟს ითვალისწინებდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დამრღვევისათვის სახდელის დაკისრება არ ხდება დაუყონებლივ, გადაცდომის აღმოჩენისთანავე, ადმინისტრაციული ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით და მითითებით სავარაუდო დამრღვევს განესაზღვრება ვადა განხორციელებული ქმედების მართლზომიერების დასადასტურებლად ან დარღვევის გამოსასწორებლად. პირს ეძლევა სამშენებლო გადაცდომის გამოსწორების შესაძლებლობა. ამდენად, ცხადია, რომ კანონმდებლის უპირატესი მიზანია არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, მისი გამოსწორება და არა დამრღვევის დასჯა. ამასთან, იმისათვის რომ პირი, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მითითების შეუსრულებლობის გამო მიეცეს პასუხისგებაში, უპირველეს ყოვლისა, სახეზე უნდა იყოს ზედამხედველი ორგანოს მიერ გაცემული ნათელი და მკაფიო მითითება დაფიქსირებული სამშენებლო დარღვევების შესახებ, ვინაიდან დადგენილ ვადაში დარღვევების გამოსწორება და მითითების შესრულება, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-11 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 03 ნოემბრის №002025 მითითებით არ არის განმარტებული თუ რაში გამოიხატა სამშენებლო სამართალდარღვევა, ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუთითებია ნ.კ-ოსათვის კონკრეტულად რა სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე უნდა წარედგინა კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამასთან, არ იქნა განმარტებული, რომ აღნიშნული დოკუმენტის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, მას უნდა მოეხდინა განხორცილებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ნ.კ-ოს მიმართ შედგენილ მითითებაში არასრულად იქნა აღწერილი დარღვევების ჩამონათვალი და ასევე არ იყო მითითება დემონტაჟზე. აღნიშნულზე მითითება არ ყოფილა ასევე შემოწმების აქტში, რაც მოსარჩელეს მისცემდა საშუალებას აქტის შედგენიდან დადგენილების მიღებამდე პერიოდში გამოესწორებინა დარღვევები.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მხოლოდ 2017 წლის 10 მარტის №117 მოხსენებით ბარათში იქნა ასახული დარღვევათა ჩამონათვალი, თუმცა მისი გამოსწორების საშუალება მხარეს არ ჰქონდა, ვინაიდან ამავე დღეს მიღებულ იქნა დადგენილება ნ.კ-ოს დაჯარიმების შესახებ.
ასევე, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ შპს ,,...ის” 2018 წლის 14 მარტის ექსპერტიზის დასკვნაზე, სადაც მითითებულია, რომ ეზოს მხრიდან მოწყობილი ბეტონის ტერასის ფილა ასრულებს შენობის დეფორმაციის გავრცელების შემაკავებელ როლს და მისმა დემონტაჟმა შეიძლება გამოიწვიოს შენობის დაზიანება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მართალია მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო დენადი ხასიათის სამართალდარღვევა, თუმცა იმ პირობებში, როდესაც არც მითითებაში და არც შემოწმების აქტში არ იყო ასახული კონკრეტული დარღვევები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად, დაუსაბუთებელი იყო მოპასუხის პოზიცია, რომ ნ.კ-ომ დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრა სამართალდარღვევა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თუ დემონტაჟი გამოიწვევს ლეგალიზებული შენობის დაზიანებას მაშინ დემონტაჟი არ უნდა განხორციელდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ქვედა ინსტაციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს, რომ არც მითითებაში და არც შემოწმების აქტში არ ყოფილა ასახული კონკრეტული დარღვევები, რის გამოც მოსარჩელეს არ გააჩნდა სამართალდარღვევის გამოსწორების საშუალება. სასამართლოების განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დამრღვევის მიმართ შედგენილ მითითებაში ზუსტად ასახოს დარღვევები და მისი აღმოფხვრის გზები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. ამდენად, სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ სახეზე იყო სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ ეთანხმება სასამართლოს ზემოაღნიშნულ შეფასებას და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები და არასწორად იქნა დადგენილი ფაქტები, რამდენადაც, საქმის მასალებში დაცული დოკუმენტაციით, ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელე გაცნობიერებული იყო სამართალდარღვევის არსში და მას გააჩნდა სამართალდარღვევის აღმოფხვრის შესაძლებლობა, რაც მან არ განახორციელა.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 10 იანვრის №3008808 ბრძანებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ.კ-ოს 2016 წლის 15 დეკემბრის №AR1464061 განცხადება და მას უარი ეთქვა ქ. თბილისში, ... №10, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე №4 შენობა-ნაგებობის ლეგალიზებაზე (საერთო ფართით 133.48 კვ. მ) იმ საფუძვლით, რომ მას შემდეგ, რაც სამსახურის 2013 წლის 09 ოქტომბრის №940468 ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა აღნიშნული შენობა–ნაგებობა, ობიექტზე განხორციელდა რეკონსტრუქცია, რაც გამორიცხავს უნებართვო მშენებლობის წარმოებას 2007 წლის 1 იანვრამდე.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ნ.კ-ოს სამართალდარღვევის საქმეზე გამართული 2017 წლის 16 თებერვლის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის საფუძველზე დგინდება, რომ მან დაადასტურა მის მიერ 2014 წელს ...ის მოწყობის ფაქტი. აგრეთვე, ადმინისტრაციული საჩივრითა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით ჩატარებულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე ნ.კ-ოს წარმომადგენლის მიერ დადასტურებულ იქნა ნ.კ-ოს მიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების, მათ შორის, ...ის მოწყობის ფაქტი.
კასატორი თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ ეთანხმება სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელე არ იყო ინფორმირებული თუ რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რათა მხარეს მოეხდინა დემონტაჟი. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეს ადმინისტრაციული წარმოებისას გამართული ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოთქმული დემონტაჟის მზაობის მიუხედავად, იგი დღემდე არ განუხორციელებია.
კასატორმა მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტზე, ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, 65-ე მუხლის პირველი პუნქტზე, 66-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-7 და მე-10 პუნქტებზე, მე-3 მუხლის 74-ე პუნქტზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, დგინდება რომ სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო დადგენილების გამოცემის დროისთვის არსებული ფოტომასალის ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 9.10.2013 №940468 ბრძანებით შეთანხმებული ლეგალიზების პროექტთან ურთიერთშედრებით დგინდება ქ. თბილისში, ...ის ქ. №16-ში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა №4-ზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების ფაქტი. მხარის მიერ მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო, ნ.კ-ოს უარი ეთქვა სადავო დადგენილებაში მითითებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზებაზე.
კასატორის მითითებით, საქმეში დაცული შპს „...ის“ 2018 წლის 14 მარტის დასკვნის გაზიარების შემთხვევაშიც, აღნიშნული არ გამოიწვევდა ნ.კ-ოს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, რამეთუ სადავო დადგენილებით გათვალისწინებული სხვა სამუშაოები მის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი.
კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მითითებით, ქვედა ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება არსებითად ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და საერთო სასამართლოების სისტემაში დანერგილ ერთიან პრაქტიკას. სასამართლოს მითითებით: „მოსარჩელე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მის მიერ განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებს ესაჭიროებოდა შესაბამისი ნებართვა, თუმცა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დამრღვევის მიმართ შედგენილ მითითებაში ზუსტად ასახოს დარღვევები და მისი აღმოფხვრის გზები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 16 თებერვლის ოქმით (ს.ფ. 132) ირკვევა, რომ მოსარჩელე ითხოვდა მიეთითებინათ თუ რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რათა მოეხდინა დემონტაჟი, რაც ასევე არ განხორციელებულა.“ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე ნათელია, რომ მხარისთვის ცნობილი იყო დარღვევები. მითითებაში გაწერილი იყო თუ რა დარღვევებს ედავებოდა სამსახური მოსარჩელეს. კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მითითებას თითქოსდა სამსახურმა არ მიუთითა კონკრეტულად რა დარღვევების ჩადენას ედავებოდა მოსარჩელეს. სასამართლოს აღნიშნული განმარტება გამოიწვევს ქაოსს და მისი ამ სახით დატოვება არის დაუშვებელი. კასატორი მიუთითებს, რომ სახეზეა ნ.კ-ოს მიერ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 მარტის №002025 დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ნ.კ-ოს წარმომადგენლის - ლ.კ-ოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 ნოემბრის №1-2690 ბრძანების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ.კ-ოს სახელზე 2013 წლის 11 ნოემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ქ. თბილისში, ...ის ქ. №16-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: № ..., შენობა №4, ფართი 66.10 კვ.მ.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 09 ოქტომბრის №940468 ბრძანებით დაკმაყოფილდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ს“ თავმჯდომარის ბ.მ-ის განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ში, ..., ... №10-ში, №... მიწის ნაკვეთზე ნ.კ-ოს მფლობელობაში არსებული უნებართვოდ აშენებული საკადასტრო გეგმის შესაბამისად შენობა-ნაგებობა №4. ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები: საერთო ფართი: 66.1 კვ.მ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 3 ნოემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ნ.კ-ოს მიმართ №002025 მითითება შეადგინა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ში, ..., ... №10-ში მიწის ნაკვეთზე (ს/კ: № ...) მდებარე შენობა №4-ზე განხორციელებულია უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ასევე აღნიშნულ შენობასთან მოწყობილია ბეტონის ... და ლითონის კონსტრუქციები. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, ნ.კ-ოს დაევალა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 15 დეკემბერს ნ.კ-ომ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ში, ..., ... №10, №... მიწის ნაკვეთზე, უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ლეგალიზება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 10 იანვრის №3008808 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ნ.კ-ოს №AR1464061 განცხადება იმ საფუძვლით, რომ მას შემდეგ, რაც სამსახურის 2013 წლის 09 ოქტომბრის №940468 ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა აღნიშნული შენობა-ნაგებობა, ობიექტზე განხორციელდა რეკონსტრუქცია, რაც გამორიცხავდა უნებართვო მშენებლობის წარმოებას 2007 წლის 01 იანვრამდე.
2017 წლის 12 იანვარს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტმა №002025 შემოწმების აქტი შეადგინა, რომლითაც ნ.კ-ოს მიერ 2017 წლის 3 ნოემბრის №002025 მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობის ფაქტი დააფიქსირა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის 2017 წლის 10 მარტის №117 მოხსენებითი ბარათის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 03 ნოემბრის №002025 მითითებით გათვალისწინებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები გულისხმობს შემდეგს: შეცვლილია შენობის გაბარიტი; ნაწილობრივ შეცვლილია ფანჯრების გაბარიტები; ზოგიერთ ფანჯარას მონაცვლებული აქვს ადგილმდებარეობა; შენობაში დამატებულია მონოლითური კოლონები; კოლონები გამოსულია ფასადის სიბრტყიდან; ფასადებზე დამატებულია თუნუქის ფურცლები; ბრტყელი სახურავის ნაცვლად მოწყობილია თუნუქის ქანობიანი სახურავი; 1-2 მონაკვეთში, ბ-ბ ღერძთან შეცვლილი აქვს ფორმა; 3-4 მონაკვეთში, ბ-ბ ღერძზე, კარებთან გაუქმებულია კედელი, ხოლო კარებს მონაცვლებული აქვს ადგილი. ამავე მოხსენებითი ბარათის თანახმად, ხელმეორედ გადამოწმებისას დადგინდა, რომ ნ.კ-ოს მიერ არ იქნა შესრულებული 2016 წლის 03 ნოემბრის №002025 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 მარტის დადგენილებით ნ.კ-ო დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ის ქ. №16, ს/კ: № ... -ზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, შენობა №4-ზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების (შეცვლილია შენობის გაბარიტი; ნაწილობრივ შეცვლილია ფანჯრების გაბარიტები; ზოგიერთ ფანჯარას მონაცვლებული აქვს ადგილმდებარეობა; შენობაში დამატებულია მონოლითური კოლონები; კოლონები გამოსულია ფასადის სიბრტყიდან; ფასადებზე დამატებულია თუნუქის ფურცლები; ბრტყელი სახურავის ნაცვლად მოწყობილია თუნუქის ქანობიანი სახურავი; 1-2 მონაკვეთში, ბ-ბ ღერძთან შეცვლილი აქვს ფორმა; 3-4 მონაკვეთში, ბ-ბ ღერძზე, კარებთან გაუქმებულია კედელი, ხოლო კარებს მონაცვლებული აქვს ადგილი) განხორციელებისათვის და აღნიშნულ შენობასთან ბეტონის ...სა და ლითონის კონსტრუქციების მოწყობისათვის. ამავე დადგენილებით ნ.კ-ოს დაევალა ქ. თბილისში, ...ის ქ. №16, ს/კ; № ...–ზე, უნებართვოდ რეკონსტრუირებული შენობა N4-ის ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 09 ოქტომბრის №940468 ბრძანების ლეგალიზების პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა და უნებართვოდ მოწყობილი ბეტონის ...სა და ლითონის კონსტრუქციების დემონტაჟი.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2017 წლის 5 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინა ნ.კ-ოს წარმომადგენლის - ლ.კ-ოს №19/01170952933 ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 მარტის №002025 დადგენილების ბათილად ცნობა იქნა მოთხოვნილი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 ნოემბრის №1-2690 ბრძანებით ნ.კ-ოს წარმომადგენლის - ლ.კ-ოს №19/01170952933 ადმინისტრაციული საჩივარი, არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 მარტის №002025 დადგენილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შემოწმების აქტის შედგენით დაწყების შემთხვევები) (მე-2 ნაწილი). მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება (მე-5 ნაწილი). თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (მე-7 ნაწილი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (მე-9 ნაწილი). შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა. ამ თავით გათვალისწინებულ ვადაში დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (მე-13 და მე-14 ნაწილები).
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქცია) თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ.კ-ო სწორედ ზემოთმითითებული ნორმის საფუძველზე დაჯარიმდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 03/02/2020 №139 დადგენილებით) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. იმავე დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა- ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა- ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიუთითებს პროდუქტის და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15 მუხლის ,,ს“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების ან/და დამრღვევისთვის ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება. ხოლო ამავე მუხლის ,,ღ“ ქვეპუნქტით მითითება განმარტებულია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა შეუსაბამობაზე და მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელშიც დამრღვევმა უნდა შეასრულოს მითითებაში მოცემული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად.
საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს ნ.კ-ოს მიმართ შედგენილი 2016 წლის 3 ნოემბრის №002025 ( ტ.1, ს.ფ 144) მითითების შინაარსს, რომლის თანახმად, ნ.კ-ოს მიერ განხორციელებულია უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მოწყობილია ბეტონის ... და ლითონის კონსტრუქციები, მოსარჩელეს დაევალა განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელის მიმართ შედგენილი მითითება არ ასახავდა სამშენებლო სამართალდარღვევათა რაობასა და ზუსტ ჩამონათვალს. საგულისხმოა, რომ მითითებაში არ არის განმარტებული დემონტაჟის განხორციელების სავალდებულობის შესახებ. ზემოაღნიშნულზე მითითება ასევე არაა ნ.კ-ოს მიმართ შედგენილ 12.01.2017წ. შემოწმების აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში დაცულ 16.02.2017 წ. დათვალიერების №002025 ოქმში აღნიშნულია, რომ ნ.კ-ო გამოთქვამდა მზადყოფნას, რომ თუკი ზუსტად მიუთითებდნენ დარღვევების შესახებ მოახდენდა დემონტაჟს (ტ.1, ს.ფ 132). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივი წესრიგის და უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას უნდა უზრუნველეყოთ მათი დასაბუთება იმგვარად, რომ ნ.კ-ოს შექმნოდა არაორაზროვანი და ნათელი წარმოდგენა თუ კონკრეტულად რას მოითხოვდნენ მისგან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტებში არ იყო ასახული კონკრეტული დარღვევები სამშენებლო სამართალდარვევების შესახებ. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორების პოზიცია მასზედ, რომ ნ.კ-ომ დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრა სამართალდარღვევა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტის მოხსენებით ბარათს, რომელშიც მართალია ასახულია სამშენებლო სამართალდარღვევათა ფართო ჩამონათვალი (დაჯარიმების შესახებ დადგენილებაც იდენტური შინაარსისაა), თუმცა იმავე რიცხვით თარიღდება, როცა ნ.კ-ო დაჯარიმდა, შესაბამისად ამ უკანასკენელს მისი გამოსწორების საშუალება არ ჰქონდა.
საკასაციო სასამართლო ასევე საგულისხმოდ მიიჩნევს საქმეში დაცულ შპს ,,...ის” 2018 წლის 14 მარტის ექსპერტიზის დასკვნას, რომელშიც მითითებულია, რომ ეზოს მხრიდან მოწყობილი ბეტონის ტერასის ფილა ასრულებს შენობის დეფორმაციის გავრცელების შემაკავებელ როლს და მისმა დემონტაჟმა შეიძლება გამოიწვიოს შენობის დაზიანება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ნ.კ-ოს ლეგალიზებული აქვს შენობა, მასზე განხორციელებული რეკონსტრუქციის კანონიერებაც უნდა შეფასებულიყო მის საკუთრებაში მყოფი უძრავი ნივთისთვის დაზიანების რისკის შექმნის გარეშე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერების და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 10 მარტის №002025 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 ნოემბრის №1-2690 ბრძანების ბათილად ცნობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს_ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა