საქმე №ბს-950(კ-23) 25 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ი-ისა და ვ. ლ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 21 თებერვალს დ. ი-იმა და ვ. ლ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი არიან უფლებადამცავი აქტივისტი ჟურნალისტები, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით 2021 წლის 26-28 ნოემბერს ჩამოდიოდნენ ...ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. საზღვრის კვეთისას, მოსარჩელეებმა წარადგინეს პასპორტები და პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ შორის ტრეინინგზე მოწვევის წერილებიც. ვ. ლ-ა და დ. ი-ი საქართველოს საზღვრიდან გააბრუნეს ისე, რომ მათთვის არ განუმარტავთ საქართველოში შემოსვლის დამაბრკოლებელი გარემოებები. მოსარჩელეებს შეეზღუდათ შრომის, თავისუფალი მიმოსვლისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებები.
ამდენად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი: 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება დ. ი-ისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ; 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება ვ. ლ-ასთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ; 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2022 წლის 10 იანვრის №MIA 7 22 00061704 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2022 წლის 10 იანვრის №MIA 9 22 00061616 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის შემდგომში მოსარჩელეებისთვის მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლისგან და საქართველოს საზღვრის კვეთისას ხელშეშლისაგან თავშეკავების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ი-ის და ვ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება ვ. ლ-ასთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება დ. ი-ისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2022 წლის 10 იანვრის №MIA 72200061704 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2022 წლის 10 იანვრის №MIA 92200061616 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, მათ შორის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელეების დ. ი-ის და ვ. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოში შემოდის და საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან მიმოსვლისათვის დადგენილ საათებში, თუ მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და მიიღებს საქართველოში შემოსვლის ნებართვას. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში. სასაზღვრო გამტარ პუნქტში უცხოელის ინსპექტირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ინსპექტირების შედეგად იგი: ა) უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე; ბ) უცხოელს უარს ეუბნება საქართველოში შემოსვლაზე და უკან აბრუნებს. ზემოაღნიშნული კანონის მე-11 მუხლით გაწერილია უცხოელის საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებებით უარი ეთქვათ ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთანავე, დასტურდება, რომ სადავო გადაწყვეტილებები მოსარჩელეთა საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ ემყარება გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რომლის შინაარსის გასაჯაროების შესაძლებლობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 21 მარტის განჩინებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია, მოსარჩელეთათვის საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად. ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარდგენილ იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს, ამასთან, საიდუმლო ინფორმაციის შესწავლა და შემოწმება განხორციელდა კანონით დადგენილი წესით, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებულმა ფაქტებმა ასახვა ვერ პოვა სასამართლო გადაწყვეტილებაში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უცხოელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სათანადოდ უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, რომელსაც აქვს ფართო დისკრეცია, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ.
სააპელაციო პალატამ საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამიგრაციო კონტროლის სამმართველომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება, კერძოდ, შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე მისი შინაარსიდან გამომდინარე, მას შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელეთათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება სწორად გამოიყენა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამმართველოს სადავო გადაწყვეტილებების მოტივირება უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის გამოყენებით, შეესაბამება კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. ი-იმა და ვ. ლ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება კანონიერად შეაფასა მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილის საფუძველზე, რომელსაც სავალდებულო ხასიათი არ აქვს და სხვა მტკიცებულებებთან ერთად უნდა ქმნიდეს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საზღვრის კვეთაზე უარის თქმის საფუძველს. კასატორები აღნიშნავენ, რომ მათ საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თუმცა ადმინისტრაციული ორგანო და სააპელაციო სასამართლო საზღვრის კვეთაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს კონტრდაზვერვის წერილს. კასატორები აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა კომეტეტი არ განსაზღვრავს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის ცნებას. მართალია ეროვნული უშიშროებისათვის საფრთხის წარმომშობი ქმედებები შესაძლოა თავისი ბუნებით და მახასიათებლებით განსხვავდებოდეს, ამასთანავე მათი წინასწარი იდენტიფიცირება შესაძლოა ვერც განხორციელდეს, თუმცა სასამართლომ უნდა მოახდინოს რეაგირება, თუ კონკრეტულ შემთხვევაში ტერმინის გამოყენებას არ აქვს გონივრული საფუძველი ან არის თვითნებური, კონტროლის სფეროდან აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილება არ გამოირიცხება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მან დასაბუთებისას ტერმინი „ეროვნული უშიშროება“ გამოიყენა.
კასატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე, მათი უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში იყვნენ მოწვეულნი, ჰქონდათ კანონით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი, თუმცა საქართველოში კონტრდაზვერვის წერილის გამო ვერ შემოვიდნენ.
კასატორები მიუთითებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის №772(კ-21) გადაწყვეტილებაზე, რომელშიც სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მხოლოდ კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ გამოგზავნილ მასალებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კანონიერად და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეესწავლა სხვა გარემოებებიც და ისე მიეღო გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ი-ისა და ვ. ლ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ი-ისა და ვ. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს დ. ი-ისთვის და ვ. ლ-ასთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2022 წლის 10 იანვრის №MIA 7 22 00061704 და №MIA 9 22 00061616 ბრძანებების კანონიერება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის შემდგომში მოსარჩელეებისათვის მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლისაგან და საქართველოს საზღვრის კვეთისას ხელშეშლისაგან თავშეკავების დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებებით ვ. ლ-ას და დ. ი-ის უარი ეთქვათ საქართველოში შემოსვლაზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების მიღების საფუძვლად მითითებულია, რომ პირები არ აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებები, ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა დ. ი-ისა და ვ. ლ-ას წარმომადგენელმა.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2022 წლის 10 იანვრის №MIA 7 22 00061704 ბრძანებით უარი ეთქვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ვ. ლ-ას წარმომადგენელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ძალაში დარჩა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (...) 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2022 წლის 10 იანვრის №MIA 9 22 00061616 გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის დ. ი-ის წარმომადგენელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ძალაში დარჩა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (...) 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (...) 2022 წლის 6 იანვრის MIA22200038174 წერილის თანახმად, 2021 წლის 25 ნოემბერს ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისით №511 კიევი, ჩამოფრინდნენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები D. I-V (დაბ: ... წ. პასპორტის ...) და V. L-A (დაბ: ... წ. პასპორტის ...), რომლებსაც უარი ეთქვათ ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2021 წლის 21 ნოემბრის „...ის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის ბ. ჰ-ის ქართულ ენაზე ნათარგმნი სანოტარო წესით დამოწმებული, წერილის თანახმად, „...ი“ 26-28 ნოემბერს, ქ. თბილისში, ...ს ქ.№..., „რ...ში“ მასპინძლობს ციფრული გამოძიების ტექნიკის ტენინგს-ვორქშოფს. ისინი რეგულარულად ატარებენ აღნიშნულ ტრენინგ ვორქშოპებს თბილისში დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და მკვლევარებისათვის აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის მასშტაბით. ღონისძიებას დაესწრება დ. ი-ი და ვ. ლ-ა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოში შემოდის და საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან მიმოსვლისათვის დადგენილ საათებში, თუ მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და მიიღებს საქართველოში შემოსვლის ნებართვას. საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში (კანონის 12.1 მუხლი), ინსპექტირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, რის შედეგად იგი უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე ან უარს ეუბნება საქართველოში დაშვებაზე და უკან აბრუნებს მას (კანონის 12.2 მუხლი).
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით ამომწურავადაა განსაზღვრული ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. კერძოდ, უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას: ა) თუ მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები; ბ) თუ მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის; გ) თუ მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად არასრული ან ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები წარადგინა; დ) თუ მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები; ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას; ვ) თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა; ზ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში; თ) თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამავე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში უნდა არსებობდეს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა საქართველოს ვიზის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზის გაცემის ან საქართველოში შემოსვლის მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნა არ საბუთდება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი დანაწესი, რაც გულისხმობს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების არ დაკმაყოფილების მოტივით, სხვა შესაძლო შემთხვევებთან ერთად, უდავოდ მოიაზრებს უფლებამოსილი ორგანოებიდან საიდუმლო მტკიცებულებების შედეგად მიღებულ ინფორმაციასაც, რომელიც მისი შინაარსის გათვალისწინებით შეიძლება საფუძვლად დაედოს საქართველოში შემოსვლის აკრძალვას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელისთვის საქართველოში შემოსავლაზე უარის თქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება.
თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებას შეიძლება მიეკუთვნოს ინფორმაცია სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობების შესახებ („დ.ა“ ქვეპ.). სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის დასაიდუმლოება ხდება მისთვის შესაბამისი საიდუმლოობის გრიფის მინიჭებით (მე-9 მუხ. 1 ლი პუნქტ.). განსახილველ შემთხვევაში, რომ მონაცემები, რომლებიც საფუძვლად დაედო კასატორების საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას გასაიდუმლოებულია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად, უზრუნველყოფილი დაინტერესებული მხარის მიერ ადმინისტრაციული წარმოებაში მასალების გაცნობის უფლება, საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებასთან ერთად, არის ის პროცედურული უფლებები, რომლებიც ემსახურება დაინტერესებული პირის მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, თუმცა ზემოაღნიშნული კოდექსის ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის შეზღუდვის ორ შემთხვევას: 1. ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული ან შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტები ან როდესაც დოკუმენტებს აქვს საიდუმლო დოკუმენტის სტატუსი. განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვისკენ მიმართული ღონისძიების შედეგად მოპოვებული დოკუმენტაციის საიდუმლოების დაცვის ინტერესი აჭარბებს დაინტერესებული პირისთვის დოკუმენტაციის გაცნობის უზრუნველყოფის ინტერესს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს დოკუმენტაციის განსაიდუმლოების საკითხი, კასატორს არ მოუთხოვია სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის განსაიდუმლოება ან საიდუმლოებასთან დაშვება. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ იცნობს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლად არსებულ ინფორმაციას, არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობას, სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობას (სუს. 2022 წლის 29 ივლისის №ბს-959(კ-21) განჩინება).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ, ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთი გარემოებებზე, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისი არის პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას. სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რაც მოსარჩელეთთათვის საქართველოში შემოსვლაზე ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას დაედო საფუძვლად. ზემოაღნიშნული ინფორმაცია საიდუმლოობის გამო წარმოდგენილ იქნა მხოლოდ სასამართლოსთვის, არ დაერთო საქმეს და მისი შემოწმება განხორციელდა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამმართველოს სადავო გადაწყვეტილებების მოტივირება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნტზე მითითებით შეესაბამება კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ს. მ-ის დ. ი-ისა და ვ. ლ-ას საკასაციო საჩივარზე 04.08.2023წ. №3223 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 600 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ს. მ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 420 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ი-ისა და ვ. ლ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება;
3. ს. მ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.08.2023წ. №3223 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის 70 პროცენტი - 420 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა