№ბს-885(კ-23) 25 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა., მ., დ. და ვ. მ-ეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია; მესამე პირები (სასკ 16.2) - თ. ი-ე, თა. ი-ე, მ. ქ-ი, ზ. ყ-ი)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 21 იანვარს ა. მ-ემ, მ. მ-ემ, დ. მ-ემ და ვ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელეებმა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 22 სექტემბრის №ბ44.44212658 ბრძანების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 01 ნოემბრის №... გადაწყვეტილების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2021 წლის 12 დეკემბრის №... და 2021 წლის 09 დეკემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
მოსარჩელეების განმარტებით, 2021 წლის 15 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიიღეს წერილი, რომელსაც ერთვოდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა, საიდანაც დგინდებოდა, რომ მათ თანასაკუთრებაში არსებულმა უძრავმა ქონებამ, მდებარე: ქ. ქუთაისი, ...ს ქ. ... ჩიხი №8-ში, ს/კ: ..., განიცადა სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება, კერძოდ მიწის ნაკვეთის ფართობი შემცირდა 43 კვ.მ.-ით და ნაცვლად 1532 კვ.მ.-სა დარეგისტრირდა 1489 კვ.მ.
მოსარჩელის განმარტებით, შემცირებული 43 კვ.მ. არის ის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მოსარჩელე მხარეს და მათ მეზობლებს: ზ. ყ-ის, თ. ი-ეს, მ. ქ-ის და თა. ი-ეს შორის მიმდინარეობს დავა 2015 წლიდან და რომელზეც როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციული დავები დამთავრდა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 22 სექტემბრის №ბ44.44212658 ბრძანებით კი მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უნდა დარეგისტრირებულიყო ზემოაღნიშნული 43 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართობი - როგორც გზის ნაწილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ზ. ყ-ი, თა. ი-ე, თ. ი-ე და მ. ქ-ი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. მ-ეის, დ. მ-ეის, ვ. მ-ეის და მ. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს შეფასებით, როგორც საჯარო რეესტრში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას, ასევე სასამართლო განხილვის ფარგლებში უტყუარად იქნა დადგენილი, რომ მოსარჩელეების მიერ, მათი კუთვნილი, ...ს ქუჩის პირველი ჩიხის № 8-ში მდებარე, უძრავი ქონების (ს.კ. ...) რეგისტრაცია განხორციელდა შპს „ქ...ის“ მიერ მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის გამოყენებით, რეგისტრაციის საფუძველზე თანამესაკუთრეთა მიერ მოხდა ადგილობრივი მნიშვნელობის გზის მიტაცება, რომელიც ამავდროულად წარმოადგენდა ...ს ქუჩის პირველი ჩიხის №6-ში მისასვლელ ერთადერთ გზას. მითითებული გარემოება ცალსახად გაზიარებული და დადასტურებული იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 ოქტომბრის დასკვნით. საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის მიხედვითაც მოხდა რეგისტრაცია, მომზადდა შპს ,,ქ...ის“ სპეციალისტის ე. ლ-ას მიერ, რომლის მიმართაც წარმოებდა სისხლის სამართლის საქმე ყალბი აზომვითი ნახაზის შედგენის ფაქტზე. მითითებულ საქმეზე გამოძიება შეწყდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე. ლ-ამ განმარტა, რომ საკადასტრო ნახაზის შედგენის დროს ის ადგილზე არ გასულა და ძირითადად იხელმძღვანელა დამკვეთის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რითაც ფაქტობრივად არსებული საუბნო გზა დარეგისტრირდა მ-ეების თანასაკუთრებაში. აღნიშნული მოქმედებით დაირღვა იმ დროისათვის მოქმედი, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 48-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნები რომელთა თანახმად, საკადასტრო აზომვით ნახაზს თან უნდა ერთოდეს წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული აქტების ბათილობის საფუძვლები. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებულ სადაო აქტთან მიმართებით სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის განხილვის პროცესში უტყუარად იქნა დადგენილი, რომ სადაო 43 კვ.მ. წარმოადგენს საუბნო გზას, შესაბამისად მუნიციპალიტეტს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსის დებულებებიდან გამომდინარე ჰქონდა უფლებამოსილება მოეთხოვა ამ ფართის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა., მ., დ. და ვ. მ-ეებმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით ა. მ-ეის, მ. მ-ეის, ვ. მ-ეისა და დ. მ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა., მ., დ. და ვ. მ-ეებმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების პოზიციის თანახმად, სასამართლოს და ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ გამოუკვლევია პროკურატურის დადგენილება სამართლებრივი კუთხით.
სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით უკვე ნამსჯელი აქვს სასამართლოს და არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რომლებითაც დადგინდა ქ. ქუთაისი, ...ს ქ. №8-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, 2008 წელს განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერება, მათ შორის ამავე საქმეზე წარდგენილი საკადასტრო-აზომვითი ნახაზის კანონიერებაც. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა გადაესინჯა სასამართლო გადაწყვეტილება და ბათილად ეცნო 2008 წლის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.
სასამართლო საქმეზე დასკვნის გაკეთებისას არსებითად დაეყრდნო 2017 წლის ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც მომზადებული იყო მოწინააღმდეგე მხარის დაკვეთით, სრულად სუბიექტურად და ცალმხრივად. სააპელაციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილებაში ფაქტობრივად 2017 წლის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით პირდაპირ იზიარებს იმ გარემოებებს, რომ აზომვითი ნახაზი არის არასწორი და 2008 წლის რეგისტრირებული ნაკვეთი კონფიგურაციით არ შეესაბამება ტექბიუროს არქივში დაცულ მონაცემებს და რომ ამ რეგისტრაციით მოხდა საუბნო გზის მიტაცება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა., მ., დ. და ვ. მ-ეების საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა., მ., დ. და ვ. მ-ეების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსარჩელეთა 1532 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართობიდან 43 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საუბნო გზის ნაწილად მიჩნევისა და მასზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ ბრძანების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთზე, მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის კანონიერება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2008 წლის 05 ნოემბერს №... განცხადების და „ქ...ის“ მიერ შესრულებული საკადასტრო ნახაზის საფუძველზე, საჯარო რეესტრში მოსარჩელე მხარის თანასაკუთრებად დარეგისტრირდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ...ს ქ. ... ჩიხი №8, საკადასტრო კოდი: ... (ყოფ. ...) მიწის ნაკვეთი 1532 კვ.მ. რომლის სარეგისტრაციო მონაცემებიც საბოლოო სახით დაზუსტდა 2014 წელს, №... განცხადების საფუძველზე.
2021 წლის 26 აგვისტოს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ...ს ქუჩის პირველი ჩიხის №8-ში (ს.კ. ...) სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე 43 კვ.მ გზის ნაწილის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (23.09.2021 წ.) გადაწყვეტილება, ხოლო 2021 წლის 25 ოქტომბერს, №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 01 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (23.09.2021 წ.) და სარეგისტრაციო წარმოება შეწყვეტის შესახებ №... (25.10.2021 წ) გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისს განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ №... სარეგისტრაციო წარმოებაზე განხორციელდა უძრავი ნივთის (ს/კ ...) სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია, ხოლო №... სარეგისტრაციო წარმოების შედეგად განხორციელდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე ს/კ ... (ქალაქ ქუთაისში, ...ს ქუჩის ... ჩიხის № 8-ის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე 43 კვ.მ. გზის ნაწილი).
საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, №4 და №5 დანართებში მოცემული მიწის ნაკვეთების საზღვრებში არ შედის №1 და №2 დანართებში არსებული მიწის ნაკვეთების სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ფერდობის ნაწილი. აღნიშნული ჩამოჭრილი ფერდობის ნაწილი ძირითადად მოიცავს ...ს ... ჩიხი № ...-ში მდებარე (ს.კ. ...) მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან დამაკავშირებელ შესასვლელს. ...ს ... ჩიხი №...-ში მდებარე ს.კ. ... მიწის ნაკვეთს გააჩნია საზოგადოებრივ სივრცესთან დამაკავშირებელი მხოლოდ ერთი გზა, რომელიც მოწყობილია ...ს ... ჩიხი №8-ში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში არსებული საყრდენი კედლის მიმდებარედ. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალა სრულ შესაბამისობაში იყო ექსპერტის მიერ მითითებულ ფაქტობრივ მოცემულობასთან.
საქმეში წარმოდგენილი, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 2 დეკემბრის დადგენილების თანახმად, შპს „ქ...ის“ სპეციალისტ ე. ლ-ას მიერ 2008 წლის 5 ნოემბერს შედგენილი მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი შესრულდა ისე, რომ ადგილზე პირადად არ უნახავს და ნახაზი დაეფუძნა მოწოდებულ ინფორმაციას. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. იგივე გარემოება დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე. ლ-ამ, კერძოდ მან განმარტა, რომ საკადასტრო ნახაზის შედგენის დროს ის ადგილზე არ გასულა და ძირითადად იხელმძღვანელა დამკვეთის მიერ მოწოდებული ინფორმაციით. მოწმემ მიუთითა, რომ მოგვიანებით, 2013 წელს, მას პრეტენზიები წარუდგინა ზ. ყ-იმა, რის საფუძველზე მოახდინა ადგილზე გასვლა, მოამზადა ახალი საკადასტრო ნახაზი და მიმართა მ-ეებს ცვლილების განხორციელების თხოვნით, რაზეც მათ უარი განაცხადეს.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ შედგენილი ოქმით დგინდება, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში 2021 წლის 24 ნოემბერს გამოცხადდნენ ...ს ... ჩიხი 8-ში რეგისტრირებული უძრავი ნივთების (ს.კ....) აზომვის მიზნით. მესაკუთრეებმა უარი განაცხადეს ნაკვეთის აზომვაზე, აღნიშნულ გარემოებას წარმოდგენილ სარჩელში ადასტურებდა მოსარჩელეც.
საქმეზე დადგენილ იქნა, რომ შპს „ქ...ის“ სპეციალისტის ე. ლ-ას მიმართ წარმოებდა სისხლის სამართლის საქმე ყალბი აზომვითი ნახაზის შედგენის ფაქტზე, მითითებულ საქმეზე გამოძიება შეწყდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე. ლ-ამ განმარტა, რომ საკადასტრო ნახაზის შედგენის დროს ის ადგილზე არ გასულა და ძირითადად იხელმძღვანელა დამკვეთის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რითაც ფაქტობრივად არსებული საუბნო გზა დარეგისტრირდა მ-ეების თანასაკუთრებაში.
საკასაციო სასამართლო საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (ძალადაკარგულია - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 05.02.2014, №1958) 45-ე მუხლის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკურ საფუძვლებს ქმნის თვითმმართველი ერთეულის ქონება და ფინანსები, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ის ქონება, რომელიც მართვის უფლებით გადაცემული აქვს თვითმმართველ ერთეულს, აგრეთვე კანონით დადგენილი სხვა ქონება, რომელიც გათვალისწინებულია თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის საჯარო ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია, რომ თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნის წესი, წყაროები და კატეგორიები, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით.
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 05.02.2014, №1958) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ქონება იყოფა ორ კატეგორიად – ძირითად (განუსხვისებელ) და დამატებით ქონებად: ა) ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება – თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელიც არის თვითმმართველობის განხორციელების საფუძველი და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ თავისი საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით; ბ) დამატებითი ქონება – თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელიც არ არის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების ნაწილი და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ თვითმმართველი ერთეულის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება დაუშვებელია, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა. ხოლო, ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ თვითმმართველ ერთეულს ამ კანონით საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე შემდეგი სახის ძირითადი ქონება: გზები, ხიდები, გვირაბები, ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები.
შესაბამისად, სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა გზას მიიჩნევდა მუნიციპალიტეტის ძირითად (განუსხვისებელ) ქონებად, რაც სადავო მიწის ნაკვეთის გზად კვალიფიკაციის შემთხვევაში, ქმნიდა მასზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლებს.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 ოქტომბრის დასკვნის თანახმად №4 და №5 დანართებში მოცემული მიწის ნაკვეთების საზღვრებში არ შედის №1 და №2 დანართებში არსებული მიწის ნაკვეთების სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ფერდობის ნაწილი. აღნიშნული ჩამოჭრილი ფერდობის ნაწილი ძირითადად მოიცავს, დღეის მდგომარეობით ...ს ... ჩიხი № ...-ში მდებარე (ს.კ. ...) მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან დამაკავშირებელ შესასვლელს. ...ს ... ჩიხი №...-ში მდებარე ს.კ. ... მიწის ნაკვეთს გააჩნია საზოგადოებრივ სივრცესთან დამაკავშირებელი მხოლოდ ერთი გზა, რომელიც მოწყობილია ...ს ... ჩიხი №8-ში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში არსებული საყრდენი კედლის მიმდებარედ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ სადავო 43 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართობი, მისი დანიშნულებითა და ფაქტობრივი მდგომარეობით ნამდვილად წარმოადგენდა საუბნო გზის ნაწილს. ამდენად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილი იყო მოეთხოვა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის, სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა საჯარო რეესტრში, ამავე უძრავ ქონებაზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტი, რამდენადაც მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი გამორიცხავს ერთსა და იმავე უძრავ ქონებაზე ორი ურთიერთგამომრიცხავი უფლების რეგისტრაციას (მუხლები 21-23). შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წინაპირობას წარმოადგენდა მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება.
სადავო პერიოდში მოქმედი, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე საკუთრება. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები და მისი საკადასტრო მონაცემები.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, საკადასტრო აზომვით ნახაზს თან უნდა ერთოდეს წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 2 დეკემბრის დადგენილების თანახმად, შპს „ქ...ის“ სპეციალისტ ე. ლ-ას მიერ 2008 წლის 5 ნოემბერს შედგენილი მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი შესრულდა ისე, რომ ადგილზე პირადად არ უნახავს და ნახაზი დაეფუძნა მოწოდებულ ინფორმაციას. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. იგივე გარემოება დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე. ლ-ამ, კერძოდ მან განმარტა, რომ საკადასტრო ნახაზის შედგენის დროს ის ადგილზე არ გასულა და ძირითადად იხელმძღვანელა დამკვეთის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მან მიუთითა, რომ მოგვიანებით 2013 წელს მათ პრეტენზიები წარუდგინა ზ. ყ-იმა, რის საფუძველზე მოახდინა ადგილზე გასვლა და მოამზადა ახალი საკადასტრო ნახაზი და მიმართა მ-ეებს ცვლილების განხორციელების თხოვნით რაზედაც მათ უარი განაცხადეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ არაერთხელ იქნა განმარტებული, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელია ამ ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორისთვის პასუხისმგებელია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციით გათვალისწინებული უძრავი ნივთის ნამდვილ მდებარეობასა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი განაცხადით განსაზღვრული უძრავი ნივთის მდებარეობას შორის შეუსაბამობის დაშვებას, სხვა პირთა საკუთრების უფლების შელახვის ხარჯზე.
საქმეზე უტყუარად იქნა დადგენილი, რომ მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რამაც გამოიწვია საჯარო სარგებლობის გზაზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე მითითებას, რომლის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და პირებს შორის არსებობს უფლებამოსილებათა დისბალანსი, მათ შორის ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს, რაც გამოვლენას ჰპოვებს ერთის მხრივ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაში საკუთარ გადაწყვეტილებებსა თუ მოქმედებებზე განახორციელოს თვითკონტროლი და მეორეს მხრივ იძლევა შესაძლებლობას ამ მოქმედებათა სრული ციკლი მოექცეს სასამართლო კონტროლქვეშ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით წარმოების და აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე მოსარჩელეთათვის საუბნო გზის ნაწილის რეგისტრაციის ფაქტები კუმულაციურად, ქმნიდა სადავო მიწის ნაკვეთზე (43 კვ.მ) მოსარჩელეთა საკუთრების უფლების გაუქმებისა და მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ როგორც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შესაბამისობაში არიან მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ა., მ., დ. და ვ. მ-ეების საკასაციო საჩივარზე კ. ც-ეს (პ/ნ ...) 07/09/2023 წ. საგადასახადო დავალება №1011-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, 210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა., მ., დ. და ვ. მ-ეების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინება;
3. კ. ც-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 07/09/2023 წ. საგადასახადო დავალება №1011-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა