Facebook Twitter
№ბს-1485(კ-22) 20 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი - ანა ნიგურიანი

კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენლები - გ. ც-ე, მ. ღ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ი. ბ-ე
წარმომადგენელი - ა. ქ-ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ი. ბ-ეის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხე ი. ბ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს 8091.16 ლარის გადახდა.

სარჩელის თანახმად, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის 2020 წლის 6 აგვისტოს №790 ბრძანების საფუძველზე, 2020 წლის 15 მარტს, ი. ბ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის №122 ბრძანებით დამტკიცებული №2717/20 კონტრაქტი „...ის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 4 მაისის №2515 ბრძანებით ი. ბ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან 2021 წლის 16 აპრილიდან, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით. მოპასუხეს გათავისუფლების შემდეგ ზედმეტად ჩარიცხული თანხის სახით მოსარჩელის წინაშე წარმოეშვა დავალიანება (2020 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით), კერძოდ, წოდებრივი სარგო - 5714.20 ლარი, წელთა ნამსახურობა და სპეცდანამატი - 2376.96 ლარი, სულ 8091.16 ლარი. მოპასუხეს წერილობით ეცნობა აღნიშნული დავალიანების ნებაყოფლობით გადახდის შესახებ, რასაც არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის 06.08.2020 წლის №790 ბრძანების საფუძველზე, 2020 წლის 15 მარტს, ი. ბ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.02.2009 წლის №122 ბრძანებით დამტკიცებული №2717/20 კონტრაქტი „...ის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის ვადაც განისაზღვრა 4 წლით; ბ) თავდაცვის მინისტრის 04.05.2021 წლის №2515 ბრძანებით ი. ბ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან 2021 წლის 16 აპრილიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“, საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ (ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ) და „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტებით; გ) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 4 თებერვლის №MOD 7 19 00000526 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ...ს (საშტატო კატეგორია „...“, შტატი ...), ... ი. მ.-ის ძე ბ-ეს შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2019 წლის 31 იანვრიდან; დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 5 აგვისტოს №MOD 4 20 00004725 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 4 თებერვლის №MOD 7 19 00000526 ბრძანება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ი. ბ-ეს გათავისუფლების შემდეგ ზედმეტად ჩარიცხული თანხის სახით თავდაცვის სამინისტროს წინაშე წარმოეშვა დავალიანება (2020 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით), კერძოდ: წოდებრივი სარგო - 5714.20 ლარი, წელთა ნამსახურობა და სპეცდანამატი - 2376.96 ლარი, სულ 8091.16 ლარი. მოპასუხეს წერილობით ეცნობა აღნიშნული დავალიანების ნებაყოფლობით გადახდის შესახებ, მაგრამ მისი მხრიდან რაიმე რეაგირება არ ყოფილა, აღნიშნული თანხა მოპასუხეს დღემდე არ აქვს გადახდილი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის 65-ე მუხლზე, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 327-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეები ხელშეკრულების დადებისას შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე, კერძოდ, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება ოთხი წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად ემსახურა საჯარისო სამსახურში და შეესრულებინა სამხედრო მოსამსახურისათვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობანი, ხოლო მოსარჩელე მხარემ იკისრა სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში მოპასუხისათვის სათანადო პირობების შექმნის ვალდებულება, ასევე გათვალისწინებული იქნა ხელშეკრულების დარღვევისათვის შესაბამისი სანქციები. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 5 აგვისტოს №MOD 4 20 00004725 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 4 თებერვლის №MOD 7 19 00000526 ბრძანება, შესაბამისად, სადავო პერიოდში ი. ბ-ეს აღუდგა შრომითი ურთიერთობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და სამინისტროს წარმოეშვა შრომის ანაზღაურების გაცემის, როგორც სახელშეკრულებო, ისე კანონისმიერი ვალდებულება. ამდენად, უსაფუძვლოა, მოსარჩელის მოთხოვნა შრომის ანაზღაურებით მიღებული თანხების უკან დაბრუნების შესახებ, ვინაიდან შრომის ანაზღაურების ვალდებულება თავდაცვის სამინისტრომ იკისრა კონტრაქტით, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს მიეცემოდა ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში. ამასთან, შრომის ანაზღაურების მიღების უფლება გარანტირებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37.1 მუხლით და მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან, სამსახურიდან გათავისუფლებამდე მიიღოს შრომის გასამრჯელო (ხელფასი).

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 აგვისტოს განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2020 წლის 15 მარტს, ი. ბ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.02.2009 წლის №122 ბრძანებით დამტკიცებული №2717/20 კონტრაქტი „...ის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის ვადა განისაზღვრა 4 წლით; ბ) მოპასუხე ი. ბ-ეს სადავო პერიოდში (2020 წლის იანვრიდან იმავე წლის ივლისის ჩათვლით) განხორციელებული სისხლის სამართლის დანაშაულის (ძარცვა) ფაქტის გამო თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 4 თებერვლის №526 ბრძანებით შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა - 2019 წლის 31 იანვრიდან. მოპასუხე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. შესაბამისად, თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 5 აგვისტოს №4725 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 4 თებერვლის №526 ბრძანება მოპასუხის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შესახებ. ვინაიდან მოპასუხეს აღნიშნულ სადავო პერიოდში - 2020 წლის იანვრიდან ამავე წლის ივლისის ჩათვლით სახელფასო ანაზღაურება არ მიუღია, მასზე გაიცა 8091.16 ლარი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენით მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით (სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი), ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 26.06.2021 წლის განაჩენით, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზეც ი. ბ-ეს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელ ვადად; გ) მოპასუხე ი. ბ-ეს სამსახურებრივი ურთიერთობა შეუჩერდა 2019 წლის 31 იანვრიდან. მას 2019 წლის თებერვლიდან - 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით, 11 თვის (11.836 ლარი) სახელფასო ანაზღაურება არ მისცემია, ხოლო 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით მას ჩაერიცხა ხელფასი - 8091.16 ლარი.

„საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-18 მუხლის დანაწესზე მითითებით სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ი. ბ-ეის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გამო თანხის დაბრუნების თაობაზე და განმარტა, რომ შემდგომ მოვლენებს, კერძოდ იმას, რომ მოპასუხის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, მნიშვნელობა ვერ მიენიჭება, მით უფრო, რომ თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 5 აგვისტოს №4725 ბრძანება ძალაშია და ამ ბრძანებით ძალადაკარგულია თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 4 თებერვლის №526 ბრძანება მოპასუხის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შესახებ. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების“ მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ვალდებული იყო ჩაერიცხა სადავო პერიოდში გასაცემი ხელფასი.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის 06.08.2020 წლის №790 ბრძანების საფუძველზე, 2020 წლის 15 მარტს, ი. ბ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.02.2009 წლის №122 ბრძანებით დამტკიცებული №2717/20 კონტრაქტი „...ის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის ვადა განისაზღვრა 4 წლით. თავდაცვის მინისტრის 04.05.2021 წლის №2515 ბრძანებით ი. ბ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან 2021 წლის 16 აპრილიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ (ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ) და „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტებით.

მოპასუხეს სადავო პერიოდში (2020 წლის იანვრიდან ამავე წლის ივლისის ჩათვლით) განხორციელებული სისხლის სამართლის დანაშაულის (ძარცვა) ფაქტის გამო თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 4 თებერვლის №526 ბრძანებით შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2019 წლის 31 იანვრიდან. მოპასუხე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულ იქნა. შესაბამისად, თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 5 აგვისტოს №4725 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 4 თებერვლის №526 ბრძანება მოპასუხის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შესახებ. ვინაიდან მოპასუხეს აღნიშნულ სადავო პერიოდში - 2020 წლის იანვრიდან ამავე წლის ივლისის ჩათვლით სახელფასო ანაზღაურება არ მიუღია, მასზე გაიცა 8091.16 ლარი. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ, მოპასუხე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა.

მოპასუხისადმი სადავო პერიოდში მიუღებელი ხელფასის გაცემის საფუძველი გახდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ის ცნობილ იქნა უდანაშაულოდ, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია მისთვის გაცემული თანხა 8091.16 ლარი უსაფუძვლობის გამო დაუბრუნოს თავდაცვის სამინისტროს. ვინაიდან, მოპასუხის მიმართ საბოლოოდ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი და სადავო პერიოდში იგი არ ახორციელებდა შრომით საქმიანობას, არ არსებობს აღნიშნული პერიოდისათვის შრომის ანაზღაურების გაცემის საფუძველი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა-ახსნა განმარტების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 4 თებერვლის №MOD 7 19 00000526 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ...ს (საშტატო კატეგორია „...“, შტატი №...), ... ი. მ.-ის ძე ბ-ეს შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2019 წლის 31 იანვრიდან (ს.ფ 93); ბ) დასავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის მეთაურის წერილის (№MOD 3 20 00612189, 20.07.2020წ.) და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის განაჩენის (საქმე №1-163/16წ.) საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 5 აგვისტოს №MOD 4 20 00004725 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 4 თებერვლის №MOD 7 19 00000526 ბრძანება (ს.ფ 94); გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსმა 2020 წლის 6 აგვისტოს გამოსცა №MOD 2 20 00000790 ბრძანება მასზედ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ...ს (საშტატო კატეგორია „...“, შტატი №...), ... ი. მ.-ის ძე ბ-ეს, რომელსაც 2020 წლის 15 აპრილს დაუმთავრდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის №122 ბრძანებით დამტკიცებული „...ის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა (4 წელი), გაუფორმდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის №122 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი „...ის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 2020 წლის 15 აპრილიდან 2024 წლის 14 აპრილის ჩათვლით (ს.ფ. 16); დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის 2020 წლის 6 აგვისტოს №MOD 2 20 00000790 ბრძანების საფუძველზე, 2020 წლის 15 აპრილის თარიღით ი. ბ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის №122 ბრძანებით დამტკიცებული №2717/20 კონტრაქტი „...ის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 4 წლით (ს.ფ 17-21); ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 4 მაისის №MOD 0 21 00002515 ბრძანებით ი. ბ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან 2021 წლის 16 აპრილიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“, საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ (ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ) და „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტების საფუძველზე (ს.ფ 22).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხე ი. ბ-ეისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 8091.16 ლარის (2020 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით მიღებული ანაზღაურების) გადახდის დაკისრების საფუძვლების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულებაზე“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებში სამსახურის წესსა და პირობებს. სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს (1-ლი მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები).
ზემოაღნიშნული დებულების მე-18 მუხლი შეეხება სამსახურებრივი ურთიერთობების დროებით შეჩერების საკითხს. აღნიშნული მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 პუნქტის თანახმად, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარდა, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლებია: ა) სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება; ბ) მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწევეულ პირებზე; გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენისათვის გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა; დ) მოსამსახურის ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნა; ე) მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის სამსახურიდან ჩამოშორება; ვ) ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენა, რომელთან დაკავშირებით შესაბამისი მასალები გადაეგზავნა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მოსამსახურის უღირსი საქციელის მოტივით სამსახურიდან შესაძლო დათხოვნა/გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
ამავე დებულების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან. ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), მოსამსახურეს არ უნარჩუნდება თანამდებობრივი/წოდებრივი სარგო და დანამატები.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდება: ა) მოხელის შვებულების დროს; ბ) მოხელის დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დებულების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევა არ ვრცელდებოდა ი. ბ-ეის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაზე, რადგან მოცემულ შემთხვევაში სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძველი არ გამხდარა მოპასუხის შვებულება ან დროებითი შრომისუუნარობა, არამედ შეჩერებას საფუძვლად დაედო მე-... ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2019 წლის 1 თებერვლის №MOD 4 19 00104933 წერილი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 იანვრის №10/ა-23/19 განჩინება.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ (2019 წლის 4 თებერვალი) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული და მოხელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შემთხვევებისა.
ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს თავდაცვის ძალების თანამშრომელზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს თავდაცვის ძალების თანამშრომელზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულებით“ განსაზღვრული სპეციალური მოწესრიგება, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირება ვერ გავრცელდებოდა ი. ბ-ეის მიმართ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურის მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, განაცდური პერიოდი მოსამსახურეს ჩაეთვლება შრომის სტაჟში და მიეცემა შრომის გასამრჯელო (შრომის ანაზღაურება) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან ინ ფაქტს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის განაჩენით ი. ბ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენით ი. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით (სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზეც ი. ბ-ეს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2020 წლის 6 ივლისის განაჩენით ი. ბ-ეის უდანაშაულოდ ცნობა (გამამართლებელი განაჩენი) გახდა საფუძველი მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეხადა მოპასუხისათვის შეჩერების პერიოდის შრომის ანაზღაურება. თუმცა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების“ სადავო პერიოდში მოქმედი მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებდა განაცდური პერიოდის მოსამსახურისათვის შრომის სტაჟში ჩათვლასა და მისთვის შრომის გასამრჯელოს (შრომის ანაზღაურება) მიცემას მხოლოდ გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ი. ბ-ეის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და ი. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, საბოლოო გამამართლებელი განაჩენის არარსებობის პირობებში სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ შრომის ანაზღაურების გაცემამ დაკარგა სამართლებრივი საფუძველი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა შეჩერების პერიოდზე მის მიერ მოპასუხისათვის გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება.
ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2019 წლის 4 თებერვლის ბრძანება, რომლითაც ი. ბ-ეს შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა, გამოცემულია 2020 წლის 15 აპრილამდე მოქმედი კონტრაქტის პირობებში. აღნიშნული კონტრაქტის ვადის ამოწურვის გამო 2020 წლის 15 აპრილიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. ბ-ეს შორის გაფორმდა ახალი კონტრაქტი „...ის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოიშვა ახალი სამართალურთიერთობა, რომელზედაც ვერ გავრცელდებოდა 2019 წლის 4 თებერვლის ბრძანების მოქმედება. ამავდროულად, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ 2020 წლის 15 აპრილის კონტრაქტის საფუძველზე არსებული სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ბრძანება გამოცემული არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ახალი კონტრაქტით მოსარჩელეს წარმოეშვა მოპასუხისათვის ანაზღაურების გადახდის, სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფის ვალდებულება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2020 წლის 15 აპრილიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გააჩნდა მოპასუხის სასარგებლოდ თანამდებობრივი/წოდებრივი სარგოსა და დანამატების გაცემის ვალდებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 15 აპრილამდე ი. ბ-ეის მიერ მოსარჩელისაგან მიღებული თანამდებობრივი/წოდებრივი სარგო და დანამატები წარმოადგენს ზედმეტად ჩარიცხულ თანხას და ექვემდებარება მოსარჩელისათვის დაბრუნებას, ხოლო 2020 წლის 15 აპრილიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით მიღებულ თანხასთან მიმართებით არ არსებობს მოსარჩელისათვის დაბრუნების წინაპირობები, ვინაიდან მითითებულ პერიოდში ადგილი არ ჰქონია სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი წესის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს სასარჩელო მოთხოვნა და წარმოადგინოს სარჩელში მითითებული იმ გარემოებების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სარჩელი (სსკ-ის 102.1 მუხ.). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ და გამოკვლეულ უნდა იქნეს ი. ბ-ეის მიერ 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 15 აპრილამდე მიღებული თანამდებობრივი/წოდებრივი სარგოსა და დანამატების ოდენობა, რა ნაწილშიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ექვემდებარება დაკმაყოფილებას, ასევე დადგენილ უნდა იქნეს 2020 წლის 15 აპრილიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით მიღებული თანამდებობრივი/წოდებრივი სარგოსა და დანამატების ოდენობა, რა ნაწილშიც არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 412-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე: გ. მაკარიძე


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


თ. ოქროპირიძე