საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-941(2კ-23) 20 დეკემბერი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ქ.ბ-ი-მ-ა, მესამე პირები - ჯ.მ-ა, გ.მ-ა, გა. მ-ა, მ. მ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ.ბ-ი-მ-ამ 2022 წლის 15 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2021 წლის 05 ოქტომბრის №709/9 ბრძანების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 30 დეკემბრის №1827 ბრძანების ბათილად ცნობა. ასევე მოითხოვა მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ნოემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ჯ.მ-ა, გ.მ-ა, გა.მ-ა და მ.მ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, ქ.ბ-ი-მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
პალატამ განმარტა, რომ უსახლკარო პირების ადეკვატურად და სამართლიანად იდენტიფიცირება და მათი სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა სახელმწიფოს, ასევე თვითმმართველობის ორგანოთა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, იმპერატიულად განსაზღვრულ ვალდებულებას წარმოადგენს. მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-14 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესზე“ და განმარტა, რომ მართალია ქ.ბ-ი-მ-ა, ოჯახთან ერთად მამიდის - ლ.ბ-ის სახლში უსასყიდლოდ, სისტემატურად ცხოვრობდა თუმცა მოსარჩელის ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის საკითხის განხილვისას აღნიშნული საცხოვრებელი სახლი იყო დანგრეული, რის თაობაზეც მოპასუხე მხარე ადმინისტრაციული წარმოებისას, კერძოდ, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში ინფორმირებული იყო. პალატამ ყურადღება გაამახვილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 04 და 07 მარტის წერილებზე, სადაც მითითებულია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით მ.მ-ას, გა.მ-ას, ქ.ბ-ი-მ-ას და ჯ.მ-ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის შეფასება, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოსარჩელისა და მისი ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან დადასტურებულად ვერ მიიჩნია მოსარჩელის ოჯახის მიერ, საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი.
რაც შეეხება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2021 წლის 05 ოქტომბრის №709/9 ბრძანების მიღების იმ საფუძველს - ოჯახი არ აკმაყოფილებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილ კრიტერიუმს, აღნიშნულზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა მოსარჩელის ოჯახის შემოსავლის ობიექტურად განსაზღვრა და მისი შესაბამისობის დადგენა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირისა და საარსებო მინიმუმისათვის დადგენილი აუცილებელი თანხების ერთობლიობასთან.
ყურადსაღებად იქნა მიჩნეული ის გარემოებას, რომ მოპასუხის უარი პირთა უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე ეფუძნება მათი საკმარისი შემოსავლის არსებობას, რაც რეალურად გამოწვეულია მოპასუხის მიერ მოსარჩელეთა ოჯახის წევრებზე გაცემული საარსებო შემწეობის მიღებით, ასევე, ყოველთვიურად სახელმწიფო პენსიის ჩარიცხვით, რამდენჯერმე COVID19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად დაწესებული კომპენსაციისა და დევნილთა ფულადი დახმარების გაცემით, საბავშვო კვების ვაუჩერის ჩარიცხვით, საპენსიო ოვერდრაფტისა და ყოველთვიურად სესხზე დარიცხული პროცენტის დაფარვით, კერძო პირების მიერ დახმარების სახით მიღებული თანხებით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიზნის გათვალისწინებით, პირის შემოსავლად არ შეიძლება განხილულ იქნეს დახმარების სახით მიღებული თანხები, ვინაიდან, მათი გაცემა ხდება სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე და აღნიშნული ფულადი სახსრების მიღება არ უნდა იქცეს დამაბრკოლებელ გარემოებად უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახისათვის უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირებისათვის. რაც შეეხება სესხის საფუძველზე მიღებულ თანხას, ასევე არ შეიძლება გათვალისწინებული იქნეს, როგორც შემოსავალი, რადგან იგი წარმოადგენს პირის ვალდებულებას დაუბრუნოს გამსესხებელს ნასესხები თანხა და შესაბამისად, საბოლოოდ სესხის საფუძველზე მიღებული შემოსავალი, მსესხებლის საკუთრებაში არ რჩება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს ის დასკვნა, რომ არ არსებობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/ საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის დაუკმაყოფილებლობის საფუძვლით, ჯ.მ-ას, გ.მ-ას, გა.მ-ას, მ.მ-ას და ქ.ბ-ი - მ-ას ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.
რაც შეეხება მოთხოვნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 30 დეკემბრის №1827 ბრძანების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი) ბათილად ცნობის თაობაზე, სააპელაციო პალატამ აღნიშნულ ნაწილშიც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგი და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას, კერძოდ, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროისთვის მოპასუხისთვის ცნობილი იყო მოსარჩელის საცხოვრებელი პირობების შესახებ, ვინაიდან, დაინტერესებულმა მხარემ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, დაურთო CD დისკი რომლითაც დასტურდება საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის ფაქტი.
იმის გათვალისწინებით, რომ გაზიარებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2021 წლის 05 ოქტომბრის №709/9 ბრძანების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 30 დეკემბრის №1827 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, ასევე მართებულად იქნა მიჩნეული პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (ქ.ბ-ი - მ-ასთან დაკავშირებით უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე) გამოცემის დავალების ნაწილშიც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლის მსჯელობით, კანონმდებელი განსაზღვრავს მოთხოვნათა იმპერატიულ ჩამონათვალს, რომელთა ერთობლიობა ქმნის ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძველს. არსებულ მოთხოვნათაგან თუნდაც ერთ - ერთის არარსებობა გამოიწვევს ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმას.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს ...ის რაიონის გამგეობის 2021 წლის 27 აპრილის წერილზე და წერილის დანართშიც მითითებულ იმ ინფორმაციაზე, რომ ოჯახი არ ცხოვრობს ქირით, ისინი ცხოვრობენ თბილისში, ...ის შეს. N10-ში, მამიდის სახლში. მიიჩნევს, რომ ფიქსირდება წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი გარემოება - ნებისმიერ ფართზე უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის ოქმი, რომლითაც ოჯახს უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარყოფითი რეკომენდაცია მიეცა, დათარიღებულია 2021 წლის 20 ივლისით, ...ის რაიონის გამგეობის წერილი კი, საქალაქო სამსახურში გადაგზავნილია 2021 წლის აპრილის თვეში. კასატორის მსჯელობით აღნიშნული პერიოდისათვის სახლი არ იყო დანგრეული, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური კი სწორედ აღნიშნული კომისიის ოქმის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას, რომ-ც შესაძლოა რიგითობის მიხედვით რამდენიმე თვის შემდეგაც გამოიცეს. მთავარი გადაწყვეტილება მიიღება სწორედ კომისიაზე, რომლის გამართვის დროისათვის სახლის დანგრევის შესახებ ცნობილი არ იყო. მიუთითებს, რომ თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილ უსახლკაროდ რეგისტრაციის განცხადებაშიც მითითებულია სწორედ მამიდის სახლი და ადმინისტრაციული საჩივარი ლოგიკურად წარდგენილი იყო უკვე ბრძანების გამოცემის შემდგომ რაც გულისხმობს, რომ კომისიის ჩატარების მომენტისათვის არც ტელეკომპანია "...ის" სიუჟეტი იყო ცნობილი. კასატორის განმარტებით, საჩივრის განხილვის ფარგლებში ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ბრძანების გამოცემის კანონიერებას, შესაბამისად, მსჯელობს ბრძანების გამოცემის მომენტისათვის რეალურად არსებობდა თუ არა უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები. ამდენად, მიიჩნევს, რომ შემდგომ მტკიცებულებას, ბრძანების გამოცემის მომენტისათვის მნიშვნელობა ვერ მიენიჭებოდა.
რაც შეეხება სადავო აქტს შემოსავლების არსებობის ნაწილში, კასატორი მიუთითებს 6 თვის განმავლობაში მოსარჩელის საბანკო ამონაწერებზე და განმარტავს, რომ ...ის ანგარიშზე მას უფიქსირდება 17 209,58 ლარის შემოსავალი, ...ის ანგარიშზე 4 357.63 ლარი და 545.63 ლარი. კასატორის მსჯელობით, ჯამში ოჯახის შემოსავალმა შეადგინა 22 112,84 ლარი, ხოლო ხუთ სულიანი ოჯახისათვის დადგენილ საარსებო მინიმუმს 6 თვის განმავლობაში წარმოადგენდა 7 968 ლარი.
წარმომადგენელი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ საარსებო შემწეობები, ზიანის შესამსუბუქებელი კომპენსაციები, საბავშვო კვების ვაუჩერები და კერძო პირების მიერ დახმარების სახით ჩარიცხული თანხები არ უნდა ჩაითვალოს შემოსავლად. კასატორი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სხვა სახის დახმარება, გარდა გამგეობის მიერ გადასახდელი ქირის ოდენობისა და საარსებო მინიმუმისა, წესის მიზნებიდან გამომდინარე, ითვლება შემოსავლად, რადგან მოხდეს კონკრეტული მომენტისათვის ყველაზე უფრო უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარება, მით უფრო, როდესაც საუბარია კერძო პირების მიერ, კეთილი ნების გამოვლენის საფუძველზე ჩარიცხულ თანხებზე.
საკასაციო საჩივრის ავტორი განსაკუთრებით ყურადსაღებად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის ოჯახს მინიჭებული აქვს იძულებით გადაადგილებულის სტატუსი და განმარტავს, რომ უსახლკაროდ რეგისტრაციის მოთხოვნით ხელმეორედ - 2022 წლის 17 აგვისტოს წარდგენილი განცხადება კომისიამ არ განიხილა წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტზე დაყრდნობით, ვინაიდან მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა რეგულირდება სხვა კანონმდებლობით, კერძოდ, წარმოადგენს ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციას და რეგულირდება "ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონით, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილი №01-30/ნ ბრძანებით და შესაბამისად, მათზე მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ვერ გამოსცემს ბრძანებას.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესზე“ და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე დადგენილია იმ კრიტერიუმთა ჩამონათვალი, რომელთა ერთობლივად დაკმაყოფილება ქმნის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის საფუძველს. აღნიშნულ მოთხოვნათაგან თუნდაც ერთ - ერთის დაუკმაყოფილებლობა კი იწვევს განმცხადებლისათვის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმას. აპელირებს წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტზე, მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2021 წლის 27 აპრილის N33-01211172202 წერილზე და განმარტავს, რომ განმცხადებლების, ჯ.მ-ას, გ.მ-ას, გა.მ-ას, მ.მ-ას და ქ.ბ-ი-მ-ას სახელზე ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი, კერძოდ, უსასყიდლოდ სარგებლობდნენ ქ.თბილისში, ...ის შეს. N10-ში მდებარე ფართით. კასატორის განმარტებით, აღნიშნული მონაცემების მხედველობაში მიღების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახი ვერ აკმაყოფილებდა N37-14 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტის მოთხოვნას.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი აპელირებს მოსარჩელეთა უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ - ერთ საფუძველზე, N37-14 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ" ქვეპუნქტზე და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ოჯახის შემოსავალი აჭარბებს ხუთსულიანი ოჯახისათვის სსიპ „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმით გათვალისწინებული თანხებისა და კომისიის მიერ, ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე 6 (ექვსი) თვის განმავლობაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის 6 (ექვსი) თვის კომპენსაციის თანხების ერთობლიობას. აღნიშნულის დამადასტურებლად მიუთითებს სს „...ის" 2021 წლის 17 მაისის N18055-022104293 წერილზე, ასევე სს „...ის" 2021 წლის 22 ივნისის N449/121-38 წერილზე და ვინაიდან, ქ.ბ-ი-მ-ას საბანკო ანგარიშებზე არსებული ჯამური კრედიტი (შემოსავალი) შეადგენს 22 112.84 ლარს, მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხა აღემატება სსიპ „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" მიერ ხუთსულიანი ოჯახისათვის დადგენილ საარსებო მინიმუმით გათვალისწინებული თანხებისა და ქირის კომპენსაციის 6 (ექვსი) თვის კომპენსაციის თანხების ერთობლიობას - 7968.00 ლარს. კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მიერ, სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით t საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის.
კასატორი - ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, ასევე სააპელაციო სასამართლო მიუხედავად საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებისა, ანგარიშზე ჩარიცხული თანხების მიზნობრიობასთან დაკავშირებით, დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის ზეპირ ახსნა - განმარტებას იმ პირობებში, როდესაც ჩარიცხული თანხების კონკრეტული მიზნობრიობა მითითებული არ არის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
უპირველესად, პალატა ყურადღებას გაამახვილებს გასაჩივრებული განჩინების შედგენის ტექნიკურ საკითხზე, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გასაჩივრდა მოპასუხეები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2023 წლის 4 მაისს და საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინებით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2023 წლის 15 მაისს და სააპელაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განჩინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 02 ივნისის განჩინების შესავალ ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ არის მითითებული აპელანტ მხარედ, განჩინებაში არ არის ასახული პოზიცია და არ არის მითითებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში, თუმცა როგორც არსებითი განხილვის ეტაპზე, ისე განჩინების გამოცხადების დროს (სხდომის ოქმი - 02.06.2023 წელი) სასამართლო სხდომას ესწრებოდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე და შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, როგორც სააპელაციო საჩივრის ავტორი სასამართლომ გამოაცხადა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების ეტაპზეც. ამდენად, ცალსახაა, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია ორივე ადმინისტრაციული ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ და სააპელაციო პალატამ იმსჯელა ორივე ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივარზე.
განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2021 წლის 05 ოქტომბრის №709/9 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 30 დეკემბრის №1827 ბრძანების კანონშესაბამისობის შემოწმება და იმ გარემოებების დადგენა, თუ რამდენად არსებობდა სადავო აქტების მიღების დროს ქ.ბ-ი-მ-ას ოჯახის უსახლკარო პირებად რეგისტრაციის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2019 წლის 28 იანვარს ქ.ბ-ი - მ-ამ, ჯ.მ-ამ, გა.მ-ამ და მ.მ-ამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს. მიუთითეს, რომ არ ფლობენ ქონებას და შემოსავლის სახით იღებენ სოციალურ დახმარებას. ამასთან ოჯახის ფაქტობრივ მისამართად მიუთითეს - ქ. თბილისი, ...ის შეს. N10.
2020 წლის 04 მარტს ქ.ბ-ი-მ-ამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის შესახებ განაცხადით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს. ოჯახის წევრებად მიუთითა: ჯ.მ-ა, გა.მ-ა, მ. მ-ა და გ.მ-ა. განაცხადში ოჯახის ფაქტობრივ მისამართად მიუთითა - ქ. თბილისი, ...ის შეს. №10. ამასთან, 2020 წლის 04 მარტს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის შესახებ განაცხადით მიმართა ასევე ჯ. მ-ამ.
დადგენილია, რომ 2021 წლის 27 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა (გამგებელმა) მიმართა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს (საქალაქო სამსახურის უფროსს) და აცნობა ...ის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/მცხოვრები მოქალაქეების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია. კერძოდ, გამგეობის თანამშრომლების მიერ განხორციელდა თითოეულ მისამართზე ინფორმაციის ადგილზე გადამოწმება. აღნიშნული წერილით გაეგზავნა ინფორმაცია, რომ ქ.ბ-ი-მ-ას, მ, გა., გ. და ჯ. მ-ების ფაქტობრივი მისამართია: ქ. თბილისი, ...ის შეს. №10. ოჯახი არის სოციალურად დაუცველი. ოჯახი არ ცხოვრობს ქირით, ცხოვრობენ მამიდის სახლში. მეუღლე და შვილები არიან დევნილები.
2021 წლის 17 მაისს სს „...მა“ წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და გაუგზავნა ქ.ბ-ი-მ-ას ანგარიშებიდან ამონაწერები 2020 წლის 16 ნოემბრიდან 2021 წლის 16 მაისის ჩათვლით. ქ.ბ-ი-მ-ას საბანკო ანგარიშის ამონაწერების (16.11.2020-16.05.2021) თანახმად, მას უფიქსირდება ყოველთვიურად საარსებო შემწეობის ჩარიცხვა - 480 ლარის ოდენობით. ასევე, ყოველთვიურად სახელმწიფო პენსიის (სოციალური პაკეტის) ჩარიცხვა - 100 ლარის ოდენობით და ჩარიცხვამდე პენსიის გატანის არაერთი ფაქტი. რამდენჯერმე COVID19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად დაწესებული კომპენსაცია - 100 ლარის ოდენობით და დევნილთა ფულადი დახმარების ჩარიცხვა - 100 ლარის ოდენობით. ასევე უფიქსირდება ყოველთვიურად საბავშვო კვების ვაუჩერის ჩარიცხვა - 90 ლარის ოდენობით. ამასთან, მოსარჩელეს აღებული ჰქონდა საპენსიო ოვერდრაფტი და ყოველთვიურად იფარებოდა სესხზე დარიცხული პროცენტი.
2021 წლის 22 ივნისს სს „...მა“ მოთხოვნის საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს გაუგზავნა ინფორმაცია - დანართით ქ.ბ-ი-მ-ას ანგარიშზე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დარიცხული და გაცემული თანხების შესახებ. ამონაწერში მითითებულია, რომ ქ.ბ-ი-მ-ას შემოსავლის სახით უფიქსირდება 17 209,58 ლარის მიღება და 17 182.24 ლარის გაცემა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიამ 2021 წლის 20 ივლისის სხდომაზე განიხილა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში შესული უსახლკაროდ რეგისტრაციის მსურველი პირების განაცხადების საფუძველზე მოპოვებული ინფორმაციის და მათი უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე რეკომენდაციის გაცემის საკითხი. კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით, რეკომენდაცია არ გაეწია ჯ.მ-ას, გ.მ-ას, გა.მ-ას, მ.მ-ას და ქ.ბ-ი-მ-ას წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების დაუკმაყოფილებლობის გამო.
დადგენილია, რომ აღნიშნული ოქმის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ, 2021 წლის 05 ოქტომბერს მიღებულ იქნა №709/9 ბრძანება, რომლის თანახმად, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/ საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების დაუკმაყოფილებლობის გამო, ჯ.მ-ას, გ.მ-ას, გა.მ-ას, მ.მ-ას და ქ.ბ-ი-მ-ას უარი ეთქვათ უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე.
დადგენილია, რომ 2021 წლის 29 ნოემბერს ქ.ბ-ი-მ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლითაც გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2021 წლის 05 ოქტომბრის №709/9 ბრძანება. საჩივარს სხვა მტკიცებულებებთან ერთად დაურთო CD დისკი (ასახულია უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის მსურველის მძიმე სოციალური მდგომარეობა).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 30 დეკემბრის №1827 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ქ.ბ-ი-მ-ას 2021 წლის 29 ნოემბრის №19/01213332303-01 ადმინისტრაციული საჩივარი; ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2021 წლის 05 ოქტომბრის №709/9 ბრძანება.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 2022 წლის 25 თებერვალს მომზადებული ამონაწერის თანახმად, ქ.ბ-ი-მ-ას ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის შეს.№10. ოჯახს ერიცხება დახმარება ყოველთვიურად 720 ლარის ოდენობით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 04 და 07 მარტის წერილებით დგინდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით, მ.მ-ას, გა.მ-ას, ქ.ბ-ი-მ-ას და ჯ. მ-ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.
შემოსავლების სამსახურის მიერ 2022 წლის 11 აპრილს მომზადებული ცნობით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით (11.04.2022 წლის მდგომარეობით) ფ/პ ჯ.მ-ას (პირადი ნომერი: ...) მიერ 11.2020 წლიდან 04.2022 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.
შემოსავლების სამსახურის მიერ 2022 წლის 11 აპრილს მომზადებული ცნობით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით (11.04.2022 წლის მდგომარეობით) ფ/პ ქ.ბ-ის მიერ 11.2020 წლიდან 05.2021 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. ასევე არ ფიქსირდება, ქ.ბ-ის მიერ 01.05.2021 წლიდან 31.10.2021 წლის ჩათვლით მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2022 წლის 05 სექტემბრის №IDP5 22 00278830 წერილით დადგენილია, რომ სახელმწიფო პროგრამა „სოფლად სახლის“ ფარგლებში ჯ. მ-ა (პ.ნ...) დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №3, IV სართული, ბინა №... (ს/კ...).
დადგენილია, რომ ჯ.მ-ას საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული ბინა თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე, 2017 წლის 09 მარტს, საკუთრების უფლებით აღირიცხა მ.ჟ-ას სახელზე.
დადგენილია, რომ ქ.ბ-ი-მ-ას უვადოდ აქვს დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვა. ასევე დადგენილია, რომ გა.მ-ა და მ.მ-ა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები არიან. მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს საკასაციო საჩივრები წარმოდგენილი აქვთ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ოჯახი არ აკმაყოფილებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ კრიტერიუმებს. კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/ საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის ოქმი, რომლითაც ოჯახს უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარყოფითი რეკომენდაცია მიეცა, დათარიღებულია 2021 წლის 20 ივლისით, ...ის რაიონის გამგეობის წერილი კი საქალაქო სამსახურში გადაგზავნილია 2021 წლის აპრილის თვეში, შესაბამისად, კასატორის მსჯელობით აღნიშნული დროისათვის სახლი არ იყო დანგრეული. სააპელაციო და საკასაციო საჩივარში ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელის ოჯახს მინიჭებული აქვს იძულებით გადაადგილებულის სტატუსი და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა წარმოადგენს ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციას და რეგულირდება "ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონით, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილი №01-30/ნ ბრძანებით, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ მათზე მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ვერ გამოსცემს ბრძანებას და, რომ მათი საცხოვრისით დაკმაყოფილება არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენცია.
წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებზე მსჯელობის ფარგლებში, პალატა დეტალურად შეაფასებს თითოეულ ფაქტობრივ გარემოებას და იმ სამართლებრივ ნორმას, რაც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს უარს, პირთა უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიამ 2021 წლის 20 ივლისის სხდომაზე განიხილა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში შესული უსახლკაროდ რეგისტრაციის მსურველი პირების განაცხადების საფუძველზე მოპოვებული ინფორმაციის და მათი უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე რეკომენდაციის გაცემის საკითხი. კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით, რეკომენდაცია არ გაეწია ჯ.მ-ას, გ.მ-ას, გა.მ-ას, მ.მ-ას და ქ.ბ-ი-მ-ას წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების დაუკმაყოფილებლობის გამო.
მეტი სიცხადისთვის, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტზე (მოსარჩელის მიერ უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე განაცხადის წარდგენის დროს მოქმედი რედაქცია), სადაც კანონმდებელმა მიუთითა, რომ უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს მათ შორის შემდეგ კრიტერიუმს - ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ ვინაიდან უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის ოქმის მიღების დროისათვის, სახლი, სადაც მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობდა, არ იყო დანგრეული, არ არსებობდა უსახლკაროდ ცნობის საფუძველი. პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაწესის დადგენა ემსახურება იმ გარემოების დადასტურებას, რომ ოჯახი არც მართლზომიერად და არც უსასყიდლოდ არ ფლობს საცხოვრებელ ფართს, არ გააჩნია საცხოვრებელი და შესაბამისად, წარმოადგენს უსახლკარო ოჯახს, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზეა. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ქ.ბ-ი-მ-ა, ოჯახთან ერთად, მამიდის - ლ.ბ-ის სახლში უსასყიდლოდ, სისტემატურად ცხოვრობდა, მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარე) ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის საკითხის განხილვისას აღნიშნული საცხოვრებელი სახლი დანგრეული იყო, რის თაობაზეც საჩივრის განხილვის ფარგლებში ინფორმირებული იყო ადმინისტრაციული ორგანო. პალატა ასევე მიუთითებს საქმეში დაცულ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 04 და 07 მარტის წერილებზე, რომლითაც დგინდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით მ.მ-ას, გა.მ-ას, ქ.ბ-ი-მ-ას და ჯ.მ-ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამდენად, ცალსახაა, რომ არ არსებობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსარჩელისა და მისი ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან არ დასტურდება მოსარჩელის ოჯახის მიერ საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი.
რაც შეეხება პირთა უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარის შემდეგ საფუძველს, კერძოდ, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით (უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე განაცხადის წარდგენის მომენტისთვის მოქმედი რედაქცია) დადგენილ კრიტერიუმს, მითითებულია, რომ უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირდება, თუ ოჯახს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ოჯახი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის საკითხის კომისიის სხდომაზე გატანამდე 6 თვის განმავლობაში ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავალი არ აჭარბებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის 6 თვის კომპენსაციას და ამავე პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ პირის საარსებო მინიმუმისათვის აუცილებელი თანხების ერთობლიობას. აღნიშნულ ჭრილში, საკასაციო საჩივრებზე მსჯელობის მიზნით მნიშვნელოვანია მოსარჩელის ოჯახის შემოსავლის ობიექტურად განსაზღვრა და მისი შესაბამისობის დადგენა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირისა და საარსებო მინიმუმისათვის დადგენილი აუცილებელი თანხების ერთობლიობასთან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი პირთა უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე ეფუძნება საკმარისი შემოსავლის არსებობას, რაც რეალურად გამოწვეულია მოპასუხის მიერ გაცემული საარსებო შემწეობის მიღებით, ასევე, ყოველთვიურად სახელმწიფო პენსიის ჩარიცხვით, რამდენჯერმე COVID19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად დაწესებული კომპენსაციისა და დევნილთა ფულადი დახმარების გაცემით, საბავშვო კვების ვაუჩერის ჩარიცხვით, საპენსიო ოვერდრაფტისა და ყოველთვიურად სესხზე დარიცხული პროცენტის დაფარვით, კერძო პირების მიერ დახმარების სახით მიღებული თანხებით.
შედეგის გაზიარებასთან ერთად საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიზნის გათვალისწინებით, პირის შემოსავლად არ შეიძლება განხილულ იქნეს დახმარების სახით მიღებული თანხები, ვინაიდან, მათი გაცემა ხდება სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე და აღნიშნული ფულადი სახსრების მიღება არ უნდა იქცეს დამაბრკოლებელ გარემოებად უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახისათვის უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირებისათვის. რაც შეეხება სესხის საფუძველზე მიღებულ თანხას, ასევე არ შეიძლება გათვალისწინებული იქნეს, როგორც შემოსავალი, რადგან იგი წარმოადგენს პირის ვალდებულებას დაუბრუნოს გამსესხებელს ნასესხები თანხა და შესაბამისად, საბოლოოდ სესხის საფუძველზე მიღებული შემოსავალი, მსესხებლის საკუთრებაში არ რჩება. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელემ სესხის სახით, არაერთხელ (თითქმის ყოველთვიურად), წინასწარ მიიღო კუთვნილი პენსია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისარგებლა ,,პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით. მოსარჩელე საქმეში დაცულ სს ,,...ის“ ამონაწერში მითითებულ თანხებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ჩარიცხული თანხა წარმოადგენდა დახმარებას და შემწეობას.
საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აპრილს მომზადებული ცნობებით დადგენილია, რომ 11.04.2022 წლის მდგომარეობით ფ/პ ქ.ბ-ის მიერ 11.2020 წლიდან 05.2021 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. ასევე არ ფიქსირდება, ქ.ბ-ის მიერ 01.05.2021 წლიდან 31.10.2021 წლის ჩათვლით მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია. რაც შეეხება ფ/პ ჯ.მ-ას, მის მიმართ 11.04.2022 წლის მდგომარეობით 11.2020 წლიდან 04.2022 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ასევე არ ფიქსირდება. ამდენად, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს ის დასკვნა, რომ არ არსებობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის დაუკმაყოფილებლობის საფუძვლით, ჯ.მ-ას, გ.მ-ას, გა.მ-ას, მ.მ-ას და ქ.ბ-ი-მ-ას ოჯახის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.
რაც შეეხება მოთხოვნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 30 დეკემბრის №1827 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ.ბ-ი-მ-ას ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2021 წლის 05 ოქტომბრის №709/9 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე, 178-ე, 201-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვის დროისთვის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი იყო მოსარჩელის საცხოვრებელი პირობების შესახებ, ვინაიდან, დაინტერესებულმა მხარემ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, დაურთო CD დისკი (ტ.1. ს.ფ. 207-214) რომლითაც დასტურდება, რომ საცხოვრებელი სახლი ჩამონგრეულია. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო პალატამ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოების შედეგი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2021 წლის 05 ოქტომბრის №709/9 ბრძანების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 30 დეკემბრის №1827 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე მართებულად მიიჩნევს შედეგს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის (ქ.ბ-ი-მ-ასთან დაკავშირებით უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე) დავალების ნაწილშიც.
საკასაციო პალატა აქვე განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო და საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის ოჯახს მინიჭებული აქვს იძულებით გადაადგილებულის სტატუსი და რომ მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა წარმოადგენს ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციას და საკითხი რეგულირდება "ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონით, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილი №01-30/ნ ბრძანებით.
ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნულ მსჯელობაზე საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგს: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დევნილს უფლება აქვს: მიიღოს დევნილის შემწეობა, მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი. მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით, კანონის მიზნებისთვის განმარტებულია, რომ დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის – დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“. აღნიშნული კანონის მიზანია ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს დევნილის უფლებების დაცვას დევნილობის პერიოდში, ხელს უწყობს დევნილის პრობლემების გადაჭრას. კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ახორციელებს დევნილების მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას, ხოლო მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ - ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2022 წლის 05 სექტემბრის №IDP5 22 00278830 წერილით ირკვევა, რომ სახელმწიფო პროგრამა „სოფლად სახლის“ ფარგლებში ჯ.მ-ა (პ.ნ...) დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №3, IV სართული, ბინა №... (ს/კ...). საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ ჯ.მ-ას საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული ბინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს NA1604975-014/001 განკარგულების საფუძველზე, 2017 წლის 09 მარტს, საკუთრების უფლებით აღირიცხა მ.ჟ-ას სახელზე.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ქ.ბ-ი-მ-ამ, ჯ.მ-ამ, გა.მ-ამ და მ.მ-ამ 2019 წლის 28 იანვარს მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის შესახებ განაცხადებით. 2020 წლის 04 მარტს უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის შესახებ განაცხადით ასევე მიმართა ჯ.მ-ამ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სახელმწიფო პროგრამა „სოფლად სახლის“ ფარგლებში ჯ.მ-ა უკვე დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით, რომ-ც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს NA1604975-014/001 განკარგულების საფუძველზე 2017 წლის 09 მარტიდან საკუთრების უფლებით აღარ ირიცხება მის საკუთრებაში და ფიქსირდება მ.ჟ-ას სახელზე. შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის იმ ჩანაწერის გათვალისწინებით, რომ თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ეხსნება საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, ასევე იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს NA1604975-014/001 განკარგულების საფუძველზე 2017 წლის 09 მარტიდან საკუთრების უფლებით აღარ არის აღრიცხული ჯ.მ-ას საკუთრებაში აღნიშნული საცხოვრებელი ფართი და ქ.ბ-ი-მ-ამ, ჯ.მ-ამ, გა.მ-ამ და მ.მ-ამ 2019 წლის 28 იანვარს, ხოლო ჯ.მ-ამ 2020 წლის 04 მარტს მიმართეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის შესახებ განაცხადებით, საფუძველსმოკლებულია კასატორის ის მსჯელობა, რომ ვინაიდან, მოსარჩელის ოჯახს მინიჭებული აქვს იძულებით გადაადგილებულის სტატუსი, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სხვა ორგანოს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენს.
აქვე, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ქ.ბ-ი-მ-ას უვადოდ აქვს დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვა. ასევე დადგენილია, რომ გა.მ-ა და მ.მ-ა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები არიან. მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების აპელირებას საქართველოს კონსტიტუციის 11.4 მუხლზე და განმარტავს, რომ სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. ასევე, მართებულად გამახვილდა ყურადღება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაზე“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით), რომლის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებელ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს; ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამავე კონვენციის 28.2 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას სოციალურ დაცვაზე, ამ უფლებით შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე გამოყენების უფლებას და იღებენ შესაბამის ზომებს მისი დაცვისა და რეალიზებისათვის, მათ შორის: a. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სუფთა წყლის მიღების, შესაბამისი და ხელმისაწვდომი მომსახურების, საშუალებებისა და ასევე შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული სხვა დახმარების მისაწვდომობას; b. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, კერძოდ ქალების, გოგონებისა და ხანდაზმულებისათვის სოციალური დაცვისა და სიღარიბის აღმოფხვრაზე მიმართული პროგრამების მისაწვდომობას; c. უზრუნველყოფენ სიღარიბის პირობებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახებისათვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას შეზღუდული შესაძლებლობით გამოწვეული ფინანსური დანახარჯების დაფარვისათვის, მათ შორის: ადეკვატური განათლება, კონსულტირება, ფინანსური დახმარება და დროებითი მზრუნველობა. d. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფო საცხოვრებლის პროგრამების მისაწვდომობას; e. უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საპენსიო დახმარებისა და პროგრამების თანაბარი მისაწვდომობას.
ამასთან, 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედებული „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ დამატებით იქნა დადგენილი გარანტიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან პირთა უფლებების დასაცავად. აღნიშნული კოდექსის კონკრეტული ნორმები სახელმწიფოს უწესებს ვალდებულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეუქმნას გარემო, სადაც მას ექნება სათანადოდ განვითარების რეალური შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით იყვნენ უზრუნველყოფილნი.
გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი განამტკიცებს სოციალური სახელმწიფოს პრინციპს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. ევროპის სოციალური ქარტიის 31-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს საცხოვრებელი ადგილის ადეკვატური სტანდარტის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას, უსახლკარობის თავიდან აცილებასა და შემცირებას თანდათან მისი აღმოფხვრის მიზნით. რაც შეეხება „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების“ შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, მითითებულია, რომ ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა, აგრეთვე უფლებას განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ვალდებულია, საცხოვრებლისა და საარსებო საშუალების გარეშე დარჩენილი ქ.ბ-ი-მ-ას ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციით, უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სოციალური სამართლიანობა, რაც ასევე გამომდინარეობს სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან.
საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შედეგს და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრების შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ივნისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე