საქმე №ბს-523(2კ-23) 28 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - დ.კ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 მარტის განჩინება
დავის საგანი - დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ.კ-ემ 2021 წლის 02 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდგომ მოითხოვა დ.კ-ის დისციპლინური დასჯისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 01 ივლისის №MIA 5 21 01695826 ბრძანების ბათილად ცნობა; დ.კ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იმავე თანამდებობასა და იმავე პირობებით აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; განაცდური ხელფასის ანაზღაურების, თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს, ასევე ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების თანხისა და დანამატის (წელთა ნამსახურების) სრული ანაზღაურების მოპასუხისათვის დავალება, თანამდებობიდან გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე, ასევე 5 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის მოპასუხისათვის ანაზღაურების დავალება.
სარჩელის მიხედვით, 2021 წლის 10 ივნისიდან 7 დღით მივლენებით იმყოფებოდა ...ის რაიონის სოფელ ...ში, სადაც განთავსებულია საგუშაგოები. 2021 წლის 15 ივნისს 06:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე განაწილებული იყო გუშაგად. დაახლოებით 07:00 სთ-ზე რადიოსადგურის მეშვეობით დაუკავშირდათ ...ის მიმართულების უფროსი შ.კ-ი, რომელმაც გადასცა ინფორმაცია დასვენებაში მყოფი თანამშრომლების საუზმის შესაძლებლობაზე. აღნიშნულზე დასტური უნდა გადაეცა იმ დროისათვის პასუხისმგებელ მორიგეს - ი.ლ-ს ხელის რადიოსადგურის მეშვეობით. ინფორმაციის მიღება მის ნაცვლად დ.კ-ემ დაადასტურა, რის გამოც ხელმძღვანელმა ი.ლ-ს სიტყვიერად უსაყვედურა. აღნიშნულზე გაღიზიანებულმა ი.ლ-მა დ.კ-ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. კოლეგების ჩარევის შედეგად კონფლიქტი მალე ამოიწურა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.
2021 წლის 16 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის/დეპარტამენტის დირექტორის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების ი.ლ-ის და დ.კ-ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დამტკიცებული დასკვნის საფუძველზე, უკანონოდ შეეფარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი „სამსახურიდან დათხოვნა“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით დ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 01 ივლისის №MIA 5 21 01695826 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მიმართ ქცევის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტის დაწესებასთან დაკავშირებით, თუმცა დაუსაბუთებლად მიიჩნია დ.კ-ის მიმართ კონკრეტული დისციპლინური სახდელის გამოყენება. სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ უგულებელყო, ერთი მხრივ, ქმედების შინაარსი, მისი სიმძიმე და შედეგები და მეორე მხრივ, ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.
სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბრძანება არ შეიცავდა კონკრეტულ დასაბუთებას, მოსარჩელის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება რატომ ვერ უზრუნველყოფდა ჩადენილი გადაცდომისათვის სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას, რადგან სამსახურიდან განთავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ.კ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ.კ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
კასატორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო სამინისტროს პოზიცია, ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც, თავის მხრივ, საფუძვლად დაედო სადავო აქტის გამოცემას და დასტურდება სათანადო იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულებებით. სასამართლოს გადაწყვეტილება მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობის, გარემოებების ხელახლა გამოკვლევისა და შემდგომ ახალი აქტის გამოცემის თაობაზე დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ არსებობს სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის რაიმე საფუძველი.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ როგორც წესი, გადაწყვეტილების ტექსტი უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს დაარწმუნოს ის, ვისაც ეჭვი ეპარება და თავად მოწინააღმდეგეებიც კი, რომ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად მართლზომიერია. ამ მიზანს დომინირებული მდგომარეობა უკავია და მასთან დაკავშირებულია რამდენიმე სხვა ამოცანა, რომელიც ტრანსფორმირდება საქმის ტიპისა და ხასიათიდან გამომდინარე. მიღებული გადაწყვეტილების გაცნობისას მნიშვნელოვანია მხარეს გაუჩნდეს განცდა, რომ მისი პოზიცია მოსმენილი და გაგებულ იქნა სასამართლოს მიერ, მეორე მხრივ, კი დაინახოს, რომ ყოველი პატიოსანი, პასუხისმგებლობიანი და გონიერი მოსამართლე ამავე დასკვნამდე მივიდოდა, რა სტანდარტსაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს, შესაბამისად, არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური საფუძვლები.
კასატორის წარმომადგენელი მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-4 მუხლის 41 და 42 პუნქტებზე, რომელთა მიხედვით, სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, გამოავლინოს წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომები და შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა. დისციპლინური გადაცდომის პრევენციის გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია ჩამოართვას სამინისტროს ნებისმიერ მოსამსახურეს წერილობითი ან ზეპირი განმარტება. დ.კ-ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე დაწყებული წარმოების ფარგლებში გამოკითხულ იქნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, მათ შორის, ი.ლ-ი, დ.კ-ე და მათი ხელმძღვანელი შ.კ-ი. მიღებული ახსნა-განმარტებების გაანალიზების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაასკვნა, რომ დ.კ-ემ უგულებელყო საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე-3 თავის 3.4. პუნქტით (პოლიციელი უნდა იყოს კორექტული და საზოგადოების წევრების მიმართ არ გამოიჩინოს უხეშობა, თავი შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქცევებისაგან და პროვოკაციის მიუხედავად შეინარჩუნოს ობიექტური დამოკიდებულება) გათვალისწინებული მოთხოვნა და ჩაიდინა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა.
„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის“ თანახმად, პოლიციელი ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად იცავს ეთიკის კოდექსით დადგენილ კანონიერების, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს. პოლიციელი, რომელიც იცავს და იყენებს კანონს, პირველ რიგში, თავად ემორჩილება და პატივს სცემს მას. პოლიციელი საკუთარი მოქმედების დაგეგმვისა და დაწყების წინ ყოველთვის უნდა დარწმუნდეს მის კანონიერებაში. პოლიციელი უნდა იყოს ყურადღებიანი, თავდაჭერილი, და კანონთან ერთად ხელმძღვანელობდეს ზნეობრივი ნორმებით. პოლიციელებს შორის ურთიერთობა ემყარება განსაზღვრულ იერარქიულ წესრიგსა და დისციპლინას, სუბორდინაციისა და კოლეგიალობის პრინციპებს.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ უგულებელყო ის რისკები, რომელიც შეიძლება დღის წესრიგში დააყენოს პოლიციელის მხრიდან თავშეუკავებლობამ და არაკოლეგიალურობამ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის უპირველესი ვალდებულება, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სწორედ პოლიციას ეკისრება. სახელმწიფო უსაფრთხოების ეფექტიანი დაცვა ნიშნავს, რომ პოლიციელებს აქვთ უნარი უზრუნველყონ სახელმწიფო და ადამიანური უსაფრთხოება დემოკრატიული, სამოქალაქო კონტროლის ჩარჩოებში და ამავე დროს დაიცვან ადამიანის უფლებები, ძირითადი თავისუფლებები და კანონის უზენაესობის პრინციპი. პოლიციაში კეთილსინდისიერების განმტკიცებისთვის საჭიროა, რომ სანქციები კორუფციული და არაეთიკური ქმედებებისთვის სერიოზულად იყოს აღქმული და მათ შესახებ ინფორმაცია ფართოდ გავრცელებული პოლიციის დაწესებულების შიგნით. პოლიციელების მიმართ სამინისტროს დაწესებული აქვს უფრო მაღალი კანონმორჩილების მოთხოვნა, რადგან ისინი მაგალითს წარმოადგენენ საზოგადოებისთვის და განუსაზღვრავენ ქცევის სავალდებულო წესს. სწორედ ამიტომ „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ პოლიციელი უნდა იყოს კორექტული და საზოგადოების წევრების მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, ძალადობა, თავი უნდა შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქცევებისაგან და პროვოკაციის მიუხედავად შეინარჩუნოს ობიექტური დამოკიდებულება. ზემოთ აღნიშნული სტანდარტები პოლიციელმა უნდა დაიცვას მიუხედავად მისი ქცევის ადრესატის სოციალური მდგომარეობისა და ფიზიკური კონდიციისა (ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული თრობა). ასევე, იმავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ავტორიტეტის შენარჩუნების თვალსაზრისით, პოლიციელმა უნდა აწარმოოს კოლეგებთან კორექტული ურთიერთობა. დაუშვებელია პირადი დამოკიდებულების სამსახურისათვის მიუღებელი ფორმით გამოხატვა“. ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა, მე-8 მუხლის მიხედვით, იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო მოხელის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. კასატორის მოსაზრებით, სამინისტროს მოხელეთა მიერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი საკმარისია პირის სამსახურიდან გასათავისუფლებლად. აღნიშნული არა მარტო კონკრეტული მოხელის დასჯისკენაა მიმართული, არამედ სამინისტროში მომსახურე სხვა პირებს აძლევს მაგალითს და ამდენად ემსახურება, როგორც კერძო, ისე ზოგადი (გენერალური) პრევენციის მიზნების მიღწევას. სამინისტრომ ობიექტურად და ყოველმხრივ გამოიკვლია მის უწყებაში მომუშავე პირთა დაპირისპირება, გაითვალისწინა ყველა ზემოხსენებული გარემოება და ჩათვალა, რომ ქმედების სიმძიმის მიხედვით, მათ მნიშვნელობა ეკარგებოდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ დასაბუთებული არ ჰქონდა, თუ რატომ ვერ უზრუნველყოფდა ნაკლებად მკაცრი სახდელი მისი მიზნების მიღწევას, რასთან დაკავშირებითაც სამინისტროს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ დისციპლინური სახდელის დადებისას გათვალისწინებული უნდა იყოს პროპორციულობის პრინციპი. აღნიშნული პრინციპის თანახმად, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. სასამართლო გადაწყვეტილებებში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება შეუძლია გამოიყენოს, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ღონისძიება და მისი გამოყენება უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული. ნათელია, რომ ირაკლი კახიძის ქმედება, რაც გამოიხატა კოლეგის სიტყვიერ შეურაცხყოფაში და ხელის კვრაში, ხდის მას თანამდებობისთვის შეუსაბამოდ. პოლიციელის საქმიანობა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მათ უწევთ საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია და რაც უფრო მნიშვნელოვანია უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას. ამაში მოიაზრება პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელება. ამ ყველაფერს სჭირდება მაღალი თვითშეგნება, საკუთარი ემოციებისა და ქმედებების კონტროლი, რაც ირაკლი კახიძემ საკუთარ კოლეგასთან არ გამოავლინა. კასატორის წარმომადგენელი დამატებით აღნიშნავს, რომ ადამიანის ტემპერამენტის მართვა და მისი გაკონტროლება ვერ დაექვემდებარება ტრენინგებით შესწავლას და ვერც სხვა სახდელით ვერ გამოსწორდება.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებით აშკარა იყო, რომ უფრო მსუბუქი სახდელი ვერ უზრუნველყოფდა დაკისრებული სახდელის მიზნის იმავე ეფექტიანობით მიღწევას, როგორც თანამდებობიდან გათავისუფლება, რადგან ქმედება განხორციელდა სხვა თანამშრომელთა თანდასწრებით, რომლებისთვისაც მაგალითი იქნება, რომ სამინისტრო არ იჩენს ტოლერანტობას თანამშრომელთა შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დ.კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 მარტის განჩინებაზე დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია დავით კახაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, ამდენად, უნდა შემოწმდეს ზემოხსენებული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
განსახილველ საქმეში დადგენილია, რომ დ.კ-ე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა 2018 წლიდან. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რომელზე ვრცელდება სპეციალური კანონმდებლობა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელით სხვა რამ არ არის დადგენილი, მასზე გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.
საქმეზე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ დ.კ-ე დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან განთავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №999 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების“ მე-3 თავის 3.4 პუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე წესდების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №999 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის პრეამბულის თანახმად, პოლიციის ეთიკის კოდექსის მოქმედება ვრცელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ ყველა პოლიციელზე. ყველა პოლიციელი ვალდებულია, დაიცვას აღნიშნული კოდექსი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამავე კოდექსის მე-3 თავის 3.4 პუნქტის თანახმად, პოლიციელი უნდა იყოს კორექტული და საზოგადოების წევრების მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, ძალადობა, თავი უნდა შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქცევებისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულებისგან. პოლიციელმა, პროვოკაციის მიუხედავად, უნდა შეინარჩუნოს ობიექტური დამოკიდებულება. ზემოთ აღნიშნული სტანდარტები პოლიციელმა უნდა დაიცვას თავისი ქცევის ადრესატის სოციალური მდგომარეობისა და ფიზიკური კონდიციის მიუხედავად (ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული თრობა). ამავე კოდექსის 4.1 პუნქტის მიხედვით, ავტორიტეტის შენარჩუნების თვალსაზრისით, პოლიციელმა უნდა აწარმოოს კოლეგებთან კორექტული ურთიერთობა. დაუშვებელია პირადი დამოკიდებულების სამსახურისათვის მიუღებელი ფორმით გამოხატვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №989 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის სახეს განეკუთვნება მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, ხოლო ამავე წესდების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სამსახურიდან დათხოვნა, რაც დისციპლინურ სახდელთა სახეების ჩამონათვალში ყველაზე მკაცრ სახდელს წარმოადგენს.
საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის/დეპარტამენტის დირექტორის 2021 წლის 16 ივნისის №MIA 6 21 01539541 დასკვნით დადგენილია, რომ დ.კ-ესა და ი.ლ-ს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რომელიც გადაიზარდა ერთმანეთთან შეხლა-შემოხლაში, რაც განმუხტულ იქნა იქ მყოფი მათი კოლეგების მიერ. შესაბამისად, გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის, დ.კ-ის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის „სამსახურიდან დათხოვნის“ შეფარდება, რომლის საფუძველზეც გამოიცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 01 ივლისის №MIA 5 21 01695826 ბრძანება, დ.კ-ის დისციპლინური დასჯისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ (დამტკიცებული შს მინისტრის 31.12.2013წ. №989 ბრძანებით) მე-3 მუხლი ჩამოთვლის დისციპლინურ სახდელებს, რომლებსაც განეკუთვნება: შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა, თანამდებობიდან ჩამოქვეითება, სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება, სამსახურიდან დათხოვნა. ზემოაღნიშნულის საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომლის თანახმად, აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომისათვის გამოსაყენებელ სახდელთა სახეებს მათი სიმძიმის მიხედვით, მაშასადამე, კანონმდებლობა ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციას, რაც უფლებამოსილ პირს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას კონკრეტული გადაცდომისათვის სახდელის ზომა თავად განსაზღვროს. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ დისციპლინური გადაცდომისათვის გამოსაყენებელ სახდელთა მიზნებს აზრი დაეკარგება, თუ ყოველ შემთხვევაში გამოყენებული იქნება უმკაცრესი სახდელი. ნორმატიულ აქტებში დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციის არსებობა იმთავითვე მოითხოვს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისციპლინური გადაცდომის სრულყოფილად შესწავლასა და შეფასებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება თუ რომელ დისციპლინურ სახდელს აირჩევს, თუმცა ამავდროულად, ყურადსაღებია, რომ სამსახურიდან გათავისუფლება უნდა წარმოადგენდეს Ultima Ratio (უკანასკნელი არგუმენტი, უკანასკნელი საშუალება) - იმ სახდელს, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს უკანასკნელ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც დასაქმებულის მიმართ მის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციის მინიჭება არ ათავისუფლებს მას აქტის დასაბუთებიდან. პირიქით, დისკრეციული უფლებამოსილების ქონა პირდაპირ კავშირშია აქტის დასაბუთებულობასთან; მით უფრო, როდესაც საქმე ეხება უმკაცრესი სახდელის გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის დასაბუთებულობამ უნდა მიაღწიოს იმ ხარისხს, რომ ობიექტური დამკვირვებელი დაარწმუნოს საქმის სხვაგვარად გადაწყვეტის მიზანშეუწონლობაში, განსახილველ შემთხვევაში კი, სახდელის უმკაცრესი ზომის გამოყენებაში. მართალია, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციის მიღმაა მოქცეული, თუმცა სასამართლო კონტროლის განხორციელებისთვის საჭიროა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული აქტების სათანადო დასაბუთება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტი არ შეიცავს დასაბუთებულობის სტანდარტს. აქტის დასაბუთებით უნდა ირკვეოდეს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორედ მათი შეფასების საფუძველზე მივიდა იგი ამ დასკვნამდე. გენერალური ინსპექციის დასკვნა არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, თუ რატომ გამოიყენა ადმინისტრაციულმა ორგანომ მოხელის მიმართ ყველაზე მძიმე ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება და რატომ იყო შეუძლებელი მის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება. კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს ვალდებულებას, მის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული, დასაბუთება კი, პირველ რიგში, გულისხმობს მტკიცებას იმისა, რომ გამოცემული აქტი არსებულ პირობებში წარმოადგენდა ყველაზე მეტად მისაღებ გადაწყვეტილებას და იგი სხვა გადაწყვეტილებაზე მეტად ამართლებდა კანონის მოთხოვნებს. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აქტი აღნიშნულ ხარისხს ვერ აკმაყოფილებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მიმართ დაწესებულია ქცევის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტის, თუმცა დაუსაბუთებელია დ.კ-ის მიმართ უმძიმესი დისციპლინური სახდელის, თანამდებობიდან გათავისუფლების, გამოყენება. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი გამოიცა საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე, რა გარემოებებიც კონკრეტულ შემთხვევაში იძლეოდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა