საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
Nბს-1062 (კ-23) 22 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ნ. ა-ის, თ. ბ-ის და თ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2023წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2023წ. განჩინებით ნ. ა-ის, თ. ბ-ის და თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.11.2019წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. ა-ის, თ. ბ-ის და თ. გ-ის მიერ.
საკასაციო სასამართლოს 27.10.2023წ. განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის "გ" ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 300 ლარს. ამასთანავე, დაზუსტებას საჭიროებდა საკასაციო განაცხადი, ვინაიდან საკასაციო მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.11.2019წ. გადაწყვეტილების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2023წ. განჩინების გაუქმება, ხოლო მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით საკასაციო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს აქტების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების უფლებამოსილება აქვს. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.2023წ. განჩინებით კასატორებს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაზუსტებული საკასაციო განაცხადის შემცველი საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. მათვე განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.2023წ. განჩინება გაეგზავნა კასატორებს საქმეში მითითებულ მისამართებზე. ზემოაღნიშნული განჩინება თ. ბ-ემ 15.12.2023წ. ჩაიბარა როგორც პირადად ასევე, როგორც ნ. ა-ის მეუღლემ, ხოლო თ. გ-ს ხარვეზის შესახებ განჩინება 20.12.2023წ. ჩაბარდა. ამდენად, განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების 07 დღიანი ვადა თ. ბ-ისა და ნ. ა-ისთვის 22.12.2023წ. 24 საათზე (პარასკევი) ამოიწურა, ხოლო თ. გ-ისათვის - 27.12.2023წ. 24 საათზე (ოთხშაბათი) ამოიწურა. ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ნ. ა-მა 09.01.2024წ. წარმოადგინა უზენაეს სასამართლოში. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი კასატორებს არ გამოუსწორებიათ.
სსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, ნ. ა-ის, თ. ბ-ის და თ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ა-ის, თ. ბ-ის და თ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2023წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. ანა ა-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.12.2023წ. N19890378337 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა