Facebook Twitter

საქმე №ბს-895(კ-23) 25 იანვარი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 10 დეკემბერს ხ. ზ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 14 სექტემბრის №001328 დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 10 ნოემბრის №1594 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ხ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ზ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინებით ხ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3, 93-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-6 ნაწილებზე, ასევე 94-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 95.1, 96-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ნაწარმოები მშენებლობა მიეკუთვნება პირველ კლასს. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებულ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ წესის 65-ე მუხლზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №159 დადგენილებით) და აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას, რასაც I კლასის შენობა-ნაგებობასთან მიმართებით, წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დადასტურება. შესაბამისად, პირი რომელიც აპირებს I კლასის მშენებლობის განხორციელებას, ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნებართვო მშენებლობის სახით, ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც პასუხისმგებლობა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად განისაზღვრება.

პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტისათვის ცნობილი იყო კონკრეტული მშენებლობის განხორციელებისთვის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის მოპოვების საჭიროება, თუმცა უგულებელყო უფლებამოსილი ორგანოს პოზიცია და ზოგადად, კანონმდებლობის მოთხოვნები და უნებართვოდ (დადასტურების გარეშე) განახორციელა სამშენებლო სამუშაოები, რამდენადაც ისევე როგორც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, ასევე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი უპირობოდ ადგენს I კლასის ობიექტის აშენებამდე, დაინტერესებული პირის მიმართვას მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსათვის და ამ უკანასკენლის მიერ მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურებას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხ. ზ-ე სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ უნებართვო მშენებლობა ნაწარმოებია მის მიერ, ასევე უდავო იყო მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების ნაწილობრივ შეუსრულებლობის ფაქტი. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერებით, ვინაიდან გასაჩივრებული დადგენილება მიღებული იქნა კანონით დადგენილ მაქსიმალურ ვადაში და მის მიღებამდე, მითითებით გათვალისწინებული დარღვევები სრულად არ იყო აღმოფხვრილი, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება აპელანტის დაჯარიმების და უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟის დავალების შესახებ, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ. ზ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მხარეებს შორის ფაქტობრივი გარემოებების მითითების და მტკიცების სტანდარტი, რის გამოც მისთვის უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. კასატორი თავიდანვე უთითებდა, რომ 2014 წელს ძველი საძირკვლის ადგილას დაიწყო მშენებლობა. არასწორია სასამართლოს მიერ კასატორზე მტკიცების ტვირთის დაკისრება იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ნაგებობა 2019 წლის 15 იანვრამდე ააშენა მითუფრო იმ პირობებში, როდესაც 2014-2019 წლების ორთოფოტოებზე ნაგებობა არ ფიქსირდება.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს კანონი, რომლის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია. კასატორი აღნიშნავს, რომ მისი ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია, რისი დამადასტურებელი ცნობაც წარედგინა სასამართლოს. საქმეში დაცული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, ხ. ზ-ის ოჯახის სარეიტინგო ქულა 55 210-ია. ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას ხ. ზ-ე გაეთავისუფლებინა დაკისრებული ჯარიმისაგან. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს ტექაღრიცხვის ბიუროდან წარმოდგენილი მტკიცებულებით შეეძლო იმ ფაქტის დადგენა, რომ 1990 წლიდან ...ის ქ. №3-ში არსებობდა შენობა-ნაგებობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხ. ზ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 14 სექტემბრის №001328 დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ხ. ზ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 10 ნოემბრის №1594 ბრძანების კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 27 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ ხ. ზ-ის მიმართ №001328 მითითება შეადგინა, რომლის მიხედვით, ქ. თბილისში, ...ის ქ. №3ა-ში მდებარე №... საკადასტრო ერთეულზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, განთავსებული იქნა კაპიტალური შენობა-ნაგებობა, ასევე, მოწყობილი იქნა კაპიტალური საძირკველი, რომელიც სცდებოდა საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა დაურეგისტრირებელ სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამავე მითითებით ხ. ზ-ეს განესაზღვრა 15-დღიანი ვადა მითითებული მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოსადგენად ან უსაფრთხოების წესების დაცვით, ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად. ხ. ზ-ეს განემარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ გატარდებოდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული ზომები.

2021 წლის 21 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა ხ. ზ-ის მიმართ №001328 შემოწმების აქტი შეადგინა, რომლითაც 2021 წლის 27 აპრილის №001328 მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობის ფაქტი დააფიქსირა.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 2021 წლის 5 და 7 ივლისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2021 წლის 27 აპრილის №001328 მითითებისა და 2021 წლის 21 მაისის №001328 შემოწმების აქტის შედეგები განიხილა. ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა ხ. ზ-ე, რომელმაც დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მისივე განმარტებით, სამუშაოები, კერძოდ, კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა განახორციელა 2014 წელს. საკითხის განხილვის დღის მდგომარეობით, კაპიტალური საძირკველი, რომელიც სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადადიოდა, დემონტირებული იყო, ასევე, გასწორებული იქნა წითელი ხაზები. ხ. ზ-ემ მოითხოვა მაქსიმალური ვადის განსაზღვრა დარღვევის აღმოფხვრის მიზნით. 2021 წლის 5 ივლისის სხდომაზე, ხ. ზ-ემ დამატებით განმარტა, რომ 1990-იან წლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული იყო ნაგებობა და მის მიერ მოხდა ამ ნაგებობის ახლით ჩანაცვლება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 14 ივლისის №4-3/182-გ/21 ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 28 აპრილის №001328 მითითების საფუძველზე (შემოწმების აქტი შედგა 2021 წლის 14 მაისს), ხ. ზ-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების ვადა გაგრძელდა 2 თვით. ამავე ბრძანების თანახმად, ხ. ზ-ის მიმართ, დადგენილების მიღებისათვის გაგრძელებული ორთვიანი ვადა განისაზღვრა 2021 წლის 14 ივლისიდან 2021 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში, ხ. ზ-ის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2021 წლის 3 სექტემბერს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც ხ. ზ-ეს განემარტა მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ, ეცნობა, რომ საქმის წარმოების შეწყვეტისათვის საჭირო იყო კაპიტალური შენობა-ნაგებობის სრულად დემონტირება, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ დადგებოდა კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიების დაცვის სამმართველოს ...ის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2021 წლის 14 სექტემბრის მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ ობიექტის განმეორებითი გადამოწმებით გამოვლინდა ხ. ზ-ის მიერ მხოლოდ კაპიტალური საძირკველის დემონტაჟი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 27 აპრილის №001328 მითითებით გათვალისწინებული სხვა დარღვევები არ იყო გამოსწორებული. აღნიშნული დაფიქსირდა ფოტომასალაზე და საკადასტრო აზომვით/სიტუაციურ ნახაზზე.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციამ 2021 წლის 14 სექტემბრის №001328 დადგენილებით ხ. ზ-ე დაჯარიმდა 8000 ლარით, ქ. თბილისში, ...ის ქ. №3ა-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის. ამავე დადგენილებით ხ. ზ-ეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.

საქმის მასალებით, ასევე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინა ხ. ზ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 14 სექტემბრის №0013328 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა. აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2021 წლის 1 ნოემბერს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 10 ნოემბრის №1594 ბრძანებით ხ. ზ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 14 სექტემბრის №001328 დადგენილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას. ამავე კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მშენებლობის მარტივი შეტყობინებისა და მშენებლობის დეტალური შეტყობინებისთვის თანდართული დოკუმენტაციის ნუსხა, მისი შინაარსი და მშენებლობის შეთანხმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულების და პარამეტრების მიხედვით, ხოლო მე-6 ნაწილის შესაბამისად, შენობა-ნაგებობების კლასების განმსაზღვრელი მახასიათებლები და მშენებლობის სახეები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ18“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას. ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა. უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა აგრეთვე მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც სცდება შეტყობინების ვალდებულებისთვის განსაზღვრული კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების დანართი №1-ის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობას მიეკუთვნება: ა) 60 მ2‑მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამავე კოდექსის 124-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დარღვევის გამოსწორების შესახებ მითითება გაიცემა გონივრული ვადით. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. ხოლო 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ. მითითებული კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 8 000 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით) 65-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნებოდა 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა. თუმცა ამავე დადგენილების 66-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის გამცემ ორგანოს, რომელიც ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობის/მონტაჟის ქალაქთმშენებლობის დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კი, აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, ასევე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი იმპერატიულად ადგენს შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას, რასაც I კლასის შენობა-ნაგებობასთან მიმართებით, წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დადასტურება. შესაბამისად, პირი რომელიც აპირებს I კლასის მშენებლობის განხორციელებას, ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნებართვო მშენებლობის სახით, ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც პასუხისმგებლობა საქართველოს კანონის შესაბამისად განისაზღვრება. განსახილველ შემთხვევაში, ხ. ზ-ეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის განხორციელების დადასტურება არ ჰქონია.

საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს იმ დადგენილ გარემოებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 8 აპრილის №1164024 წერილით მოსარჩელეს განემარტა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) ცალკე მდგომი საცხოვრებელი სახლის განთავსების ანდა მასზე არსებული შენობა-ნაგებობის მიშენების შეუძლებლობის შესახებ, კერძოდ, მითითებული წერილის თანახმად, მოცემული მიწის ნაკვეთი (ს/კ №...) ფართობის სიმცირიდან (185 კვ.მ.), ადგილმდებარეობიდან და კონფიგურაციიდან გამომდინარე, წარმოადგენდა სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთს და მისი დამოუკიდებლად (ცალკე ერთეულად) სამშენებლოდ განვითარება არქიტექტურის სამსახურს ქალაქეგეგმარებითი თვალსაზრისით და „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მოთხოვნების გათვალისწინებით, შესაძლებლად არ მიაჩნდა.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხ. ზ-ე სადავოდ არ გახადა მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების ნაწილობრივ შეუსრულებლობის ფაქტი, კერძოდ მხარემ მოახდინა მხოლოდ კაპიტალური საძირკველის დემონტაჟი, ხოლო მითითებით გათვალისწინებული სხვა დარღვევები გამოსწორებული არ ყოფილა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №3-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ხ. ზ-ემ განახორციელა კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რის გამოც არ არსებობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი აყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103.1 მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ მასზე შესაძლებელი იყო გავრცელებულიყო „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს კანონის მოქმედება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია საქმეში დაცული ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია 100 001-ზე, თუმცა საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება ხ. ზ-ის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენის ფაქტი, რაც მას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 14 სექტემბრის №001328 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის გადახდისაგან გაათავისუფლდებდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის ახსნა-განმარტების გაზიარება სასამართლოს მიხედულებაზეა დამოკიდებული. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ სასამართლოს თავად უნდა გამოეთხოვა მტკიცებულებები შენობა-ნაგებობის აშენების პერიოდის დასადგენად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია საქმის ადმინისტრაციული წესით განმხილველი სასამართლო შეზღუდული არ არის საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული მის მიხედულებაზეა დამოკიდებული. საგულისხმოა, ის გარემოება, რომ მოცემული დავის განხილვის არცერთ ეტაპზე მოსარჩელეს არ მიუმართავს სასამართლოსთვის მტკიცებულებათა მისაღებად დახმარების მოთხოვნით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექისის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ არ ყოფილა წამოყენებული დასაშვები საკასაციო განაცხადი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა