Facebook Twitter

№ბს-803(კ-23) 25 იანვარი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ხ. შ-ი, ნ. ს-ე, დ. ს-ე; მესამე პირი (სასკ 16.2) - რ. შ-ი)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 16 თებერვალს ხ. შ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 23 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 5 თებერვლის №... გადაწყვეტილების, დ. და ნ. ს-ეების საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში, ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონებაზე, კვლავ ერთპიროვნულად გ. შ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 23 იანვრის №... გადაწყვეტილებით ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ს/კ №... უკანონოდ განხორციელდა გ. შ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და ნ. და დ. ს-ეების საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამასთან მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ 2021 წლის 5 თებერვლის №... გადაწყვეტილებით უსაფუძვლოდ განახორციელა მიწის ნაკვეთის 1/3–1/3 წილებზე დ. და ნ. ს-ეების საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რის გამოც არსებობდა სადავო აქტების ბათილად ცნობისა და მიწის ნაკვეთზე, მხოლოდ მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლები.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. და დ. ს-ეები.

2021 წლის 4 მარტს ნ. და დ. ს-ეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 5 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

მოსარჩელეთა განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთის 1/3 წილზე გ. შ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციით, წილი შეუმცირდათ მოსარჩელეებს და უსაფუძვლოდ შეიზღუდა მათი, როგორც მიწის ნაკვეთის კანონიერი მესაკუთრეების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საქმე ნ. და დ. ს-ეების სარჩელზე, განსჯადობის წესების დაცვით, განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საქმეები ხ. შ-ის და ნ. და დ. ს-ეების სარჩელებზე გაერთიანდა ერთ წარმოებად.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნ. და დ. ს-ეების სარჩელის ფარგლებში, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ხ. შ-ი და რ. შ-ი.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით ხ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე 3599 მ2 უძრავ ნივთზე გ. შ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობისა და ამ ქონებაზე დ. და ნ. ს-ეების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 23 იანვრის №... გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) 3599 მ2 მიწის ნაკვეთზე გ. შ-ის, დ. და ნ. ს-ეების 1/3 – 1/3 წილების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 5 თებერვლის № ... გადაწყვეტილება დ. და ნ. ს-ეების ნაწილში; ხ. შ-ის სარჩელი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისისათვის №... ს/კ უძრავი ქონებაზე კვლავ გ. შ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; დ. და ნ. ს-ეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) 3599 მ2 მიწის ნაკვეთზე გ. შ-ის, დ. და ნ. ს-ეების 1/3 – 1/3 წილებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2021 წლის 5 თებერვლის №... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა, მხარეთა მიერ წარდგენილი განცხადებების საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას შემდეგი გარემოებების შესწავლა: ა) №... საკადასტრო კოდით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გ. შ-ის, დ. და ნ. ს-ეების (საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების არსებობა და ფარგლები; ბ) ბ. ა-ის დანაშთი სამკვიდროსა და მემკვიდრეობის საკითხი; გ) ერთი მხრივ, ბ. ა-ისა და ნ. ს-ის (შ-ის) და მეორე მხრივ, გ. შ-ის თანასაკუთრების ადგილმდებარეობა და ფარგლები; დ) საჭიროების შემთხვევაში, სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, მიწის ნაკვეთის სხვა მახასიათებლები, უძრავი ქონების კონფიგურაცია, ნაკვეთის საზღვრების პარამეტრები; ე) ამ გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, გადაწყვეტილების მიღება მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.

სასამართლომ მიუთითა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე, გამოსაყენებელ კანონმდებლობაზე და აღნიშნა, რომ ორივე მოსარჩელე მხარის სარჩელები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რამდენადაც კანონმდებლობით მხოლოდ ოჯახის ის წევრები იქნენ მიჩნეული, სადავო უძრავ ქონებაზე, ანუ კომლის ქონებაზე მესაკუთრეებად, ვინც მიწის რეფორმის პერიოდში, 1992 წლის 1 იანვრისათვის ირიცხებოდნენ ერთ ოჯახად. დ. ს-ე ბ. ა-ის ოჯახის წევრი გახდა 1996-2007 წლებში. ამასთან, ბ. ა-ის დანაშთი ქონება მემკვიდრეობით მიიღო გ. შ-მა, რაც მხედველობაში არ იქნა მიღებული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ. საკომლო წიგნის ჩანაწერებით ირკვეოდა, რომ გ. შ-ი ცალკე ოჯახად გამოეყო ბ. ა-ის კომლს და მის საკუთრებად აღირიცხა ქონების 1/3 წილი, თუმცა ფაქტობრივად განსხვავებული მონაცემები იყო მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტებში და ცალსახად არ ირკვეოდა, სად მდებარეობდა თანასაკუთრების ობიექტი. სასამართლოს შეფასებით, ამ გარემოებათა გამოკვლევა უნდა დავალებოდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ს-ემ და დ. ს-ემ, მათი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და ხ. შ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ნ. ს-ის და დ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის პოზიციის თანახმად, გაურკვეველია, რატომ მიიჩნევს სასამართლო, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებული იქნა კანონდარღვევით, მაშინ როდესაც, თავად სასამართლო მსჯელობს ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმებზე, რომლებითაც განსაზღვრულია კომლის წევრთა უფლებრივი მდგომარეობა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მხედველობის მიღმა რჩება ზემოაღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები, რომლითაც დგინდება, რომ კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე. ეს ამონაწერი უნდა შეიცავდეს კომლის წევრებისა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ბოლო მონაცემებს, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების (2007 წლის 20 სექტემბერი) პერიოდისა.

გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა სამკვიდრო მოწმობასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის არც 2011 წლის რეგულაციით და არც ამჟამად მოქმედი ნორმებით, დიფერენცირებული არ არის კომლში სამკვიდროს გახსნის საკითხი იმის მიხედვით, კომლი არის საკოლმეურნეო და მუშა- მოსამსახურის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქციის 1513 პრიმა მუხლის თანახმად, თუ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან, თუკი საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის ყველა წევრი, 2019 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, გარდაცვლილია (პირველი ნაწილი), ხოლო თუ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის წევრის 2019 წლის 1 აგვისტოს შემდეგ გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო მის წილ ქონებაზე გაიხსნება, მიუხედავად იმისა, იგი კომლის ბოლო წევრი იყო თუ არა (მე-2 ნაწილი). კომლის ქონებაზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ეს ქონება კომლის წევრების თანასაკუთრებაა და მასზე ვრცელდება თანასაკუთრებისთვის დადგენილი საერთო წესები (მე-3 ნაწილი).

ბუნდოვანია სასამართლოს მიერ სააგენტოსთვის დავალების ის ნაწილი, რომელიც ადგენს ბ. ა-ისა და ნ. ს-ის (შ-ის) და მეორე მხრივ, გ. შ-ის თანასაკუთრების ადგილმდებარეობის და ფარგლების მოკვლევას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, უმთავრესად, საქართველოს ეროვნული არქივიდან წარმოდგენილი ინფორმაციით, ცალსახად დგინდება, რომ სადავო უძრავ ქონებასთან (საკადასტრო კოდი: ...) მიმართებაში ორ დამოუკიდებელ კომლს - ბ. ა-ის და გ. შ-ის კომლებს გააჩნიათ თანასაკუთრების უფლება, ხოლო საკომლო წიგნის ჩანაწერების კანონიერების საკითხის კვლევა სცდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში, მოსარჩელე ხ. შ-ის სარჩელის ფარგლებში, დავის საგანს, უძრავ ნივთზე (ს/კ №...) მისი მამკვიდრებლის, გ. შ-ის ერთპიროვნული საკუთრების უფლების გაუქმებისა და ამავე ნივთის 1/3-1/3 წილებზე, მესამე პირების - ნ. და დ. ს-ეების საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება წარმოადგენს. ხოლო, მოსარჩელეების ნ. და დ. ს-ეების სარჩელის ფარგლებში, დავის საგანი არის უძრავი ნივთის (ს/კ №...) 1/3 წილზე გ. შ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ...ის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის სოფელ ...ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილი იყო ბ. შ-ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ: ნ. შ-ი (ქალიშვილი) და გ. შ-ი - გადახაზულია (გასულია ცალკე ოჯახად 1989 წლის 17 თებერვლიდან). ოჯახი განეკუთვნებოდა საბჭოთა მეურნეობის საზოგადოებრივ ჯგუფს.

ბ. შ-ის კომლს 1986-1987 წლებში უფიქსირდებოდა 1918 წელს ქვით აგებული და კრამიტით გადახურული 48 მ2 საცხოვრებელი სახლი, ხოლო 1988-1990 წლებში - 1987 წელს ბლოკით აგებული და შიფერით გადახურული 120 მ2 საცხოვრებელი სახლი, 1986-1988 წლებში - 32 ჰა, 1989-1991 წლებში - 33 ჰა მიწის ფართობი. 1996-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილი იყო ბ. შ-ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ: ნ. შ-ი (ქალიშვილი) და დ. შ-ი (შვილიშვილი). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1987 წელს აგებული 80 მ2 საცხოვრებელი სახლი; მიწის ფართობი მითითებული არ არის.

სოფელ ...ის 1992 წლის მიწის განაწილების სიით ბა. შ-ს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა მიწის ფართები: ზონარგაყრილი წიგნით - 0,33 ჰა, ფაქტობრივად ფლობდა - 0,46 ჰა-ს, მიტაცებული ჰქონდა - 0,13 ჰა; მიეცა მიტაცებული ფართიდან 0,13 ჰა, ახლად გასაცემი ფართიდან - 0,79 ჰა.

...ის საკრებულოში შემავალი სოფლების მოსახლეობის 1997 წლით დათარიღებული მიწის ნაკვეთების მფლობელთა გადასახადების გადამხდელთა სიაში ბ. შ-ს პირად საკუთრებაში უფიქსირდებოდა 1,25 ჰა მიწა. სოფელ ...ის 1997-1998 წლებით დათარიღებულ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტებში 1997 წლის 5 მაისის №42 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით ბ. შ-ს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა სულ 1,25 ჰა მიწის ფართობი.

ბ. ა-ის კომლიდან 1989 წელს გ. შ-ის ცალკე ოჯახად გასვლასთან დაკავშირებით ...ის არქივიდან, სასამართლოს მიერ გამოთხოვილი იქნა 1988-1990 წლების გაყრილობის განაჩენები, თუმცა ...ის ადგილობრივ არქივში ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის გაყრილობის განაჩენები დაცვაზე შესული არ არის და სასამართლოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოწოდებული ვერ იქნა.

ბ. შ-ს მიწის ნაკვეთის 1997 წლის 5 მაისის № 42 მიღება-ჩაბარების აქტით ...ის რაიონის სოფელ ...ში მიეკუთვნა 1,25 ჰა მიწა 5 ნაკვეთად: 1. სახლი 0,32 ჰა, რასაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა გზა, სამხრეთიდან - №31, აღმოსავლეთით - №41, ხოლო დასავლეთით - №43 მიღება-ჩაბარების აქტის მფლობელების ნაკვეთები; 2. ნაკვეთი 0,11 ჰა, რასაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა №48, სამხრეთიდან - №47, აღმოსავლეთით - №50 მიღება-ჩაბარების აქტის მფლობელების ნაკვეთები, ხოლო დასავლეთით - გზა; 3. დამატებით გამოყოფილი შუაველაზე 0,18 ჰა, რასაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა №171, სამხრეთიდან - №106, ხოლო აღმოსავლეთით და დასავლეთით - გზა; 4. დამატებით გამოყოფილი სამკუთხედი 0,54 ჰა, რასაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა №174, სამხრეთიდან - №272, ხოლო აღმოსავლეთით და დასავლეთით - გზა; 5. დამატებით გამოყოფილი იმნაანი 0,10 ჰა, რასაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა სოფელ ...ის მიწები, სამხრეთიდან - ტყე, აღმოსავლეთით - სოფელ ...ის მიწები, ხოლო დასავლეთით - გზა.

...ის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის სოფელ ...ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილი იყო გ. შ-ი. ოჯახი განეკუთვნებოდა საბჭოთა მეურნეობის საზოგადოებრივ ჯგუფს. კომლს 1986-1988 წლებში საცხოვრებელი სახლი და მიწის ფართობი არ უფიქსირდება. 1989-1990 წლების ჩანაწერებით კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა ბლოკით აგებული და შიფერით გადახურული საცხოვრებელი სახლის 1/3 - 40 მ2.

1996-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილი იყო გ. შ-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1987 წელს საცხოვრებელი სახლის 1/3 - 40 მ2; მიწის ფართობი მითითებული არ არის. ...ის საკრებულოში შემავალი სოფლების მოსახლეობის 1997 წლით დათარიღებული მიწის ნაკვეთების მფლობელთა გადასახადების გადამხდელთა სიაში გ. შ-ს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1,11 ჰა მიწა. სოფელ ...ის 1997-1998 წლებით დათარიღებულ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტებში 1997 წლის 5 მაისის №272 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით გ. შ-ს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა სულ 1,11 ჰა მიწის ფართობი.

გ. შ-ს მიწის ნაკვეთის 1997 წლის 5 მაისის № 272 მიღება-ჩაბარების აქტით ...ის რაიონის სოფელ ...ში მიეკუთვნა 1,11 ჰა მიწა 4 ნაკვეთად: 1. სახლი (ძველი) 0,04 ჰა, რასაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა გზა, სამხრეთიდან - №271 მიღება-ჩაბარების აქტის მფლობელის ნაკვეთი, აღმოსავლეთით - გზა, ხოლო დასავლეთით - №273 მიღება-ჩაბარების აქტის მფლობელის ნაკვეთი; 2. დამატებით გამოყოფილი სამკუთხედი 0,26 ჰა, რასაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა №42, სამხრეთიდან №85 მიღება-ჩაბარების აქტების მფლობელების ნაკვეთები, ხოლო აღმოსავლეთით და დასავლეთით - გზა; 3. დამატებით გამოყოფილი ,,თეთრობა" 0,70 ჰა, რასაც ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა გზა, ხოლო დასავლეთით - №334 მიღება-ჩაბარების აქტის მფლობელის ნაკვეთი; 4. დამატებით გამოყოფილი ...ი 0,12 ჰა, რასაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა №282, სამხრეთით - №8, აღმოსავლეთით - №281 და სამხრეთით - №318 მიღება-ჩაბარების აქტების მფლობელების ნაკვეთები.

...ის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს 2004 წლის თებერვლის №56 ცნობის თანახმად (რიცხვი არ იკითხება), გ. შ-ი ცხოვრობდა ...ის რაიონის სოფელ ...ში და მის სახელზე აღრიცხული იყო საცხოვრებელი სახლის 1/3 და 1,11 ჰა მიწის ნაკვეთი.

საქმეზე დადგენილია, რომ ნ. და დ. შ-ების გვარი შეიცვალა ს-ით.

ბ. (ბ.) ა-ი (შ-ი) გარდაიცვალა 2007 წლის 15 იანვარს, რომლის სამკვიდრო მიიღო მისმა შვილმა - გ. შ-მა.

...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის ტერიტორიული ორგანოს 2010 წლის 2 მარტის ცნობის თანახმად, გ. შ-ის დედა - ბ. ა-ი ცხოვრობდა ...ის რაიონის სოფელ ...ში, სადაც მას ჰქონდა საკუთარი საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 1,25 ჰა. ბ. ა-ის დანატოვარ სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს ფლობდა და განაგებდა მისი შვილი - გ. შ-ი.

ბ. შ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №42 აქტისა და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, 2011 წლის 29 ივნისს №... საკადასტრო კოდით გ. შ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) 3599 მ2 მიწის ნაკვეთი. ეს ქონება რეგისტრირებულია ბ. ა-ის სახელზე ე. წ. ყვითელი ფენით აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულ ქონებაზე დარეგისტრირდა ყადაღა კრედიტორ რ. შ-ის სასარგებლოდ.

,,საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის №231 დადგენილების საფუძველზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის № 357 დადგენილებით), 2012 წლის 9 სექტემბერს, გ. შ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ...ის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6 მიწის ნაკვეთი: 1. 1089 მ2 საკადასტრო კოდით ...; 2. 1885 მ2 საკადასტრო კოდით ...; 3. 302 მ2 საკადასტრო კოდით ...; 4. 8000 მ2 საკადასტრო კოდით ...; 5. 1294 მ2 საკადასტრო კოდით ...; 6. 1038 მ2 საკადასტრო კოდით ....

მიწის ნაკვეთი - 302 მ2 საკადასტრო კოდით ..., სადაც ფიქსირდება შენობა-ნაგებობაც, რეგისტრირებულია ე. გ-ის სახელზე ე. წ. ყვითელი ფენით აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე და მდებარეობს ბ. ა-ის სახელზე ე. წ. ყვითელი ფენით აღრიცხული მიწის ნაკვეთიდან მოშორებით.

გ. შ-ი გარდაიცვალა 2020 წლის 18 დეკემბერს. მისი სამკვიდროს მიღებაზე განაცხადი წარადგინა მისმა შვილმა - ხ. შ-მა.

საჯარო რეესტრის სამსახურს 2021 წლის 14 იანვარს განცხადებით მიმართა ა. ქ-ემ და მოითხოვა 2011 წლის 29 ივნისს № ... საკადასტრო კოდით გ. შ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული ქონების ნ. ს-ის (შ-ის), როგორც კომლის ბოლო ცოცხალი წევრის სახელზე რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის 2021 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ განცხადება წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ. საჯარო რეესტრს 2021 წლის 22 იანვარს განცხადებით მიმართა ნ. ს-ემ, სადაც აღნიშნა, რომ იგი ეთანხმებოდა ა. ქ-ის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

საჯარო რეესტრის 2021 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებებით ა. ქ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება განახლდა, ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილება და გ. შ-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით რიცხული უძრავი ქონება დარეგისტრირდა ნ. და დ. ს-ეებზე.

საჯარო რეესტრის მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ბ. ა-ის გარდა, მის კომლში ფიქსირდებოდნენ სხვა წევრებიც. შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე გ. შ-ის სახელზე რეგისტრაცია არ უნდა განხორციელებულიყო, რადგან როგორც 2011 წლის რედაქციით (1323-ე მუხლი), ასევე მოქმედი სამოქალაქო კოდექსის (15131 მუხლი) თანახმად, კომლში სამკვიდრო იხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების შემდეგ. ბ. ა-ის კომლის აქტიურ წევრებად ფიქსირდებოდნენ ნ. და დ. ს-ეები (შ-ები) და სწორედ მათ სახელზე უნდა აღრიცხულიყო სადავო უძრავი ქონება.

საჯარო რეესტრს 2021 წლის 3 თებერვალს განცხადება/საჩივრით მიმართა გ. შ-ის შვილმა - ხ. შ-მა, სადაც აღნიშნა, რომ გ. შ-ი ბ. (ბ.) ა-ის კომლს გამოეყო 1986 წლიდან, საკუთრების უფლებით ერგო და კომლიდან გაიტანა სახლის 1/3 ნაწილი, რადგან იმ დროისათვის კომლში ირიცხებოდა 3 წევრი: ბ. ა-ი, გ. და ნ. შ-ები. კომლის ქონების დ. შ-ის სახელზე აღრიცხვა ეწინააღმდეგება კანონს, რადგან იგი კომლის წევრად აღირიცხა 1996 წლიდან, კომლის ქონებაზე უფლებამოსილი კი არის პირი, რომელიც კომლის წევრს წარმოადგენდა 1992 წლის 1 იანვრამდე. ამ კომლის 1/3 ეკუთვნის გ. შ-ს, 1/3 - ბ. ა-ს და 1/3 - ნ. ს-ეს. ბ. ა-ის სამკვიდრო სრულად მიიღო გ. შ-მა; შესაბამისად, მას ეკუთვნის კომლის მთლიანი ქონების 2/3, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ ნ. ს-ემ გაუშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ვადები ჯერ 2007 წელს, როდესაც გარდაიცვალა ბ. ა-ი, შემდეგ - 2010 წელს, როდესაც გ. შ-მა მიიღო ბ. ა-ის სამკვიდრო, და ბოლოს 2011 წელს, როდესაც გ. შ-ზე აღირიცხა მთლიანი უძრავი ქონება, ნ. ს-ემ დაკარგა ამ ქონებაზე საკუთრების უფლება.

საჯარო რეესტრის 2021 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. და დ. ს-ეების სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ აღირიცხა გ. შ-იც და მათზე დარეგისტრირდა მთლიანი ქონების 1/3 - 1/3 წილები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების შეფასება, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-2, მე-3, მე-5, მე-8 პუნქტების მიხედვით, მიწა კერძო საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცათ მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს. მიწების ადრინდელ მესაკუთრეებს ან მათ მემკვიდრეებს მიწა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში მიეცათ საერთო საფუძველზე. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადავიდა მათ კერძო საკუთრებაში. ახალ ნორმამდე შესავსები ფართობი კომლს გადაეცა უსასყიდლოდ კერძო საკუთრებაში. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად მიწები გადაეცათ: სოფლად მუდმივად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მოქალაქეებს, სოფლად მუდმივად მცხოვრებ სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს, სოფლად მუდმივად მცხოვრებ მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც დასაქმებული იყვნენ სოფლის მეურნეობაში; ქალაქად მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად და საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მიწები გადაეცემოდათ დადგენილი ნორმის მიხედვით მას შემდეგ, როდესაც მოხდებოდა სოფლად მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებზე მიწების გაცემა.

,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა განხორციელდა 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით. 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ გაყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომლები დაკმაყოფილდნენ ამ მიზნით მიწის სარეზერვო ფონდის შექმნის შემდეგ. კომლის გაყრა ხორციელდება მასში ორი და მეტი სრულწლოვანი შვილის არსებობის შემთხვევაში, ამასთან ერთ-ერთი შვილი რჩება კომლის მემკვიდრედ და მას ცალკე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არ გამოეყოფა. ერთშვილიანი კომლის შემთხვევაში საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ცალკე არ გამოიყოფა.

„საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, შესაბამისად, სახელმწიფო კომლმა შეწყვიტა არსებობა და კომლის ქონება თანაბარ წილში ამ პირთა საერთო საკუთრებას წარმოადგენს, რომლებიც ადრე კომლის წევრებს წარმოადგენდნენ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ მიწის რეფორმის პერიოდში მიწის ნაკვეთები, მათ შორის საკარმიდამო ფართები, საკუთრებაში გადაეცემოდათ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხულ კომლებს, ანუ კომლის შემადგენლობაში რიცხულ ყველა წევრს.

საკოლმეურნეო კომლის ქონებაში კომლის წევრის წილი განისაზღვრებოდა: 1. მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გამოყოფა); 2. ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა); 3. კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინებისას (საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964 წლის რედაქცია), 125-ე მუხლი).

ბ. ა-ის კომლის შესახებ ჩანაწერის თანახმად, მისი კომლის წევრი გ. შ-ი გავიდა ცალკე ოჯახად 1989 წლის 17 თებერვლიდან და დარეგისტრირდა ცალკე კომლად, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ერთი კომლიდან შეიქმნა ორი კომლი (გაყრა).

საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედ.) 569-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საკოლმეურნეო კომლის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში კომლის ქონებაში მემკვიდრეობა არ წარმოიქმნებოდა. თუ საკოლმეურნეო კომლის წევრის გარდაცვალების შემდეგ კომლში სხვა წევრები არ რჩებოდა, კომლის (ოჯახის) ქონების მიმართ გამოიყენებოდა მემკვიდრეობითი სამართლით დადგენილი ზოგადი წესები.

საკასაციო სასამართლო ასევე მართებულად მიიჩნევს, ქვედა ინსტანციების სასამართლოთა მითითებას, რომ მიწის ნაკვეთები, მათ შორის საკარმიდამო ფართები, საკუთრებაში გადაეცემოდათ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხულ კომლებს, ანუ ოჯახებს და არა ინდივიდუალურ პირებს - ოჯახის უფროსებს.

„მიწის რეფორმის ეგიდით განხორციელებულ ღონისძიებათა შედეგად არსებული ხარვეზებისა და დარღვევების გამოსწორების, მიწის რეფორმის დაჩქარებისა და მიწათსარგებლობაში სათანადო წესრიგის დამყარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის №166 ბრძანებულების 1-ლი პუნქტის მიხედვით, მიღებულ იქნა ცნობად, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ გათვალისწინებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48, 1992 წლის 6 თებერვლის №128, 1992 წლის 10 მარტის №290, 1992 წლის 22 სექტემბრის №949, 1993 წლის 16 იანვრის №39, 1993 წლის 24 თებერვლის №148, 1993 წლის 28 ივნისის №503, 1994 წლის 29 ნოემბრის №815, 1995 წლის 10 მარტის №129, 1995 წლის 19 ივნისის №363 დადგენილებების, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 28 ოქტომბრის №29 დეკრეტის, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის №249 განკარგულების, 1995 წლის 22 თებერვლის №45 ბრძანებულების მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, მათ შორის 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები მიჩნეულ იქნა მათ კერძო საკუთრებად.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის ამოქმედების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილებით ასევე განიმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, მათ შორის 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები მიჩნეულ იქნა მათ კერძო საკუთრებად.

ბ. ა-ის ოჯახი წარმოადგენდა საბჭოთა მეურნეობის საზოგადოებრივ ჯგუფს, რომელთანაც 1992-1993 წლების მდგომარეობით, მასთან ერთად, რეგისტრირებული იყო მხოლოდ ნ. შ-ი (მისი კომლის წევრი გ. შ-ი გავიდა ცალკე ოჯახად 1989 წლის 17 თებერვლიდან და დარეგისტრირდა ცალკე კომლად); ბ. ა-ი და ნ. ს-ე (შ-ი) მიწის რეფორმის პერიოდში წარმოადგენდნენ ერთი ოჯახის წევრებს, და, ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტების შესაბამისად, მიწის რეფორმის პერიოდში ოჯახის ყველა ის წევრი იქნა მიჩნეული მოსახლეობისათვის გადასაცემ, მათ შორის საკარმიდამო მიწებზე უფლებამოსილ პირებად, ვინც ერთ ოჯახად იყვნენ აღრიცხულნი.

მითითებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სასამართლოთა დასკვნას, რომ ბ. ა-ის მუშა-მოსამსახურის კომლმა (საბჭოთა მეურნეობის საზოგადოებრივი ჯგუფი) მიიღო რეფორმის პერიოდში საკუთრებაში საკარმიდამო და სხვა მიწა, შესაბამისად, ანალოგიური უფლება მიიღეს მხოლოდ მისი კომლის იმ წევრებმა, ვინც რეგისტრირებული იყვნენ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ანუ, მასთან ერთად, ნ. შ-მა (ს-ემ). დ. შ-ი (ს-ე) კი ბ. ა-ის ოჯახის წევრი გახდა 1996-2007 წლებში (იგი დაბადებულია ... წლის ... ...ს) ანუ მაშინ, როდესაც ბ. ა-ი და ნ. შ-ი უკვე იყვნენ მათი ოჯახისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, და მათ ოჯახში შემდგომ წლებში რეგისტრირებულ პირს თანასაკუთრების უფლება ვერ წარმოეშობოდა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია სასამართლოთა შეფასება, რომ „კომლის“ წევრთა თანასაკუთრების ფარგლები უნდა განისაზღვროს 1992 წლის 1 იანვრამდე - საბჭოთა მეურნეობისა და კოლმეურნეობების გაუქმების მომენტში არსებული მდგომარეობით; შესაბამისად, ბ. ა-ის კომლის ქონებაზე 1992 წლიდან უფლებამოსილი პირები თანასაკუთრების უფლებით იყვნენ თვითონ ბ. ა-ი და ნ. შ-ი.

სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა პოზიციას, რომ სადავოობის, კოლიზიის შემთხვევაში, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს არა მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესს, არამედ თვით მიწაზე საკუთრების უფლებისა და მისი ფარგლების დამდგენ კანონმდებლობას, წესებს. მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობის, დადგენის საკითხები რეგლამენტირებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, რაზე მითითებებიც გაკეთებულია ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლშიც. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ დ. შ-ი (ს-ე) დარეგისტრირდა ბ. ა-ის ოჯახში 1996-2007 წლებში, ეს რეგისტრაცია ვერ წარმოშობდა მის საკუთრების უფლებას 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული 2 წევრის - ბ. ა-ისა და ნ. ს-ისათვის უკვე გადაცემულ მიწაზე.

ზემოთ მოყვანილი მსჯელობის საფუძველზე, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის საკითხს ასევე წარმოადგენს გ. შ-ის საკუთრების ობიექტის სწორად განსაზღვრა, კერძოდ, ბ. ა-ის კუთვნილ უძრავ ქონებაში გამოეყო გ. შ-ს ფართი, თუ სხვაგან. რამდენადაც, ბ. ა-ის კომლის შესახებ ჩანაწერის თანახმად, მისი კომლის წევრი გ. შ-ი გავიდა ცალკე ოჯახად 1989 წლის 17 თებერვლიდან და დარეგისტრირდა ცალკე კომლად, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ერთი კომლიდან შეიქმნა ორი კომლი (გაყრა).

ბ. შ-ის კომლს 1986-1987 წლებში უფიქსირდება 1918 წელს ქვით აგებული და კრამიტით გადახურული 48 მ2 საცხოვრებელი სახლი, ხოლო 1988-1990 წლებში - 1987 წელს ბლოკით აგებული და შიფერით გადახურული 120 მ2 საცხოვრებელი სახლი. 1996-2006 წლებში მის კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1987 წელს აგებული 80 მ2 საცხოვრებელი სახლი.

გ. შ-ის კომლს 1989-1990 წლების ჩანაწერებით პირად საკუთრებაში ერიცხებოდა ბლოკით აგებული და შიფერით გადახურული საცხოვრებელი სახლის 1/3 - 40 მ2. 1996-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 1987 წელს აგებული საცხოვრებელი სახლის 1/3 - 40 მ2. დასახელებული ფაქტები ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ, ერთი მხრივ, ბ. ა-სა და ნ. შ-ს და მეორე მხრივ, გ. შ-ს თანასაკუთრებაში გააჩნდათ 1987 წელს ბლოკით აგებული და შიფერით გადახურული საცხოვრებელი სახლი: ბ. ა-სა და ნ. შ-ს - 2/3, ხოლო გ. შ-ს - 1/3 წილი. გაყოფამდე კომლს საკუთრებაში გააჩნდა 1987 წელს ბლოკით აგებული და შიფერით გადახურული 120 მ2 საცხოვრებელი სახლი, ხოლო გაყოფის შემდეგ - ბ. ა-სა და ნ. შ-ს ამ სახლის 80 მ2, გ. შ-ს - 40 მ2. ამდენად, მიწის რეფორმის პერიოდში ამ ორ კომლს, სხვა მიწის ნაკვეთებთან ერთად, საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ ის ნაკვეთები, რასაც, საცხოვრებელი სახლის გაყოფიდან გამომდინარე, მოსაზღვრედ (მომიჯნავედ) ფაქტობრივად ფლობდნენ.

გ. შ-ს საკომლო წიგნის ჩანაწერებში უფიქსირდება 1987 წელს ბლოკით აგებული და შიფერით გადახურული 120 მ2 საცხოვრებელი სახლის 1/3 - 40 მ2, თუმცა მიწის ფართობი არ ფიქსირდება. მხარეთა სახელზე არსებული მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების № 272 და № 42 აქტების მიხედვით, ბ. ა-სა და გ. შ-ს მოსაზღვრედ (მომიჯნავედ) გააჩნდათ არა სახლთან მდებარე ნაკვეთები, არამედ ე. წ. სამკუთხედი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შემდგომში, გ. შ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონებებიდან მხოლოდ ერთზე ფიქსირდებოდა შენობა-ნაგებობა - 302 მ2 მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...). ეს ნაკვეთი, კი როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, ე. წ. ყვითელი ფენით რეგისტრირებულია სრულიად სხვა პირის - ე. გ-ის სახელზე აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე, და მდებარეობს ბ. ა-ის სახელზე ყვითელი ფენით აღრიცხული მიწის ნაკვეთიდან დიდი დაშორებით. ეს გარემოება წინააღმდეგობაში მოდის საკომლო წიგნის ჩანაწერებთან, რომლის მიხედვითაც გ. შ-ს 40 მ2 საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს სხვა ქონებიდან თანასაკუთრების 1/3 წილს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ გამოსარკვევია, მხარეთა თანასაკუთრება სადავოდ გამხდარ, №... საკადასტრო კოდით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზეა, თუ სხვაგან მდებარეობს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, გ. შ-მა სრულად მიიღო ბ. ა-ის დანაშთი სამკვიდრო, თუმცა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ბ. ა-ის სამკვიდრო გ. შ-ს არ დაურეგისტრირდა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15131 მუხლით, კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან, ბ. ა-ის კომლში კი რეგისტრირებულია კიდევ 2 წევრი - ნ. და დ. ს-ეები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნულ ნაწილშიც მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას და აღნიშნავს, რომ ბ. ა-ის კომლი გაუქმდა 1993 წლიდან. ამ დროისათვის მისი ოჯახის წევრს, მასთან ერთად, წარმოადგენდა ნ. შ-ი (ს-ე) და ეს პირები ითვლებიან ყოფილი კომლის ქონებაზე თანამესაკუთრეებად თანაბარ წილში. შესაბამისად, ბ. ა-ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო მის ქონებაზე, მათ შორის ყოფილი კომლის თანასაკუთრებაში არსებული ქონების მის წილზე. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია მარეგისტრირებელი ორგანოს უარი, გ. ა-ის მემკვიდრეობით მიღებული ქონების რეგისტრაციაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასება, რომ საქმისათვის არარელევანტურია ის გარემოება, ნ. ს-ემ გაუშვა თუ არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული, მემკვიდრეობის მისაღებად გათვალისწინებული ვადები ჯერ 2007 წელს, როდესაც გარდაიცვალა ბ. ა-ი, შემდეგ - 2010 წელს, როდესაც გ. შ-მა მიიღო ბ. ა-ის სამკვიდრო, და ბოლოს 2011 წელს, როდესაც გ. შ-ზე აღირიცხა მთლიანი უძრავი ქონება. ნ. ს-ეს, გამომდინარე იქიდან, რომ იგი წარმოადგენდა ბ. ა-ის კომლის წევრს, მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება კომლის ქონების შესაბამის წილზე. ბ. ა-ის გარდაცვალება და გ. შ-ის მიერ მისი სამკვიდროს მიღება ნ. ს-ის საკუთრებაზე რაიმე გავლენას ვერ ახდენს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ არსებობდა წარდგენილი სარჩელების ნაწილობრივ დაკმაყოფილების, მოპასუხისთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალების საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 14/09/2023 წ. საგადახდო მოთხოვნა №43440-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, 210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14/09/2023 წ. საგადახდო მოთხოვნა №43440-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა