Facebook Twitter

საქმე ბს-880(კ-23) 25 იანვარი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 7 მარტს შპს „...-მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელე განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 თებერვლის №687 განკარგულებით შპს „...-ი“ დარეგისტრირდა შავ სიაში. ზემოხსენებული განკარგულებით განმარტებულია, რომ მოსარჩელის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული მოსარჩელესა და ... უნივერსიტეტს შორის 2016 წლის 6 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამასთან, შპს „...-ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების არაჯეროვანი შესრულება გამოიხატა ვადის გადაცილებაში. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას გააჩნდა ობიექტური მიზეზები, რომლის თაობაზეც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ წერილობით იყო ინფორმირებული. მოსარჩელე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების შესახებ“ მე-3 მუხლის მე-4 პუქტის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა, ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. მოსარჩელის განმარტებით, შპს "...-მა“ 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერის თვეებში ჯეროვნად განახორციელა ... უნივერსიტეტის შენობების გათბობით უზრუნველყოფა, შემსყიდველმა ორგანიზაციამ კი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.

ამდენად, მოსარჩელემ შპს „...-ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 თებერვლის №687 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ამავე სარჩელით მოსარჩელემ მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 თებერვლის №687 განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 მარტის განჩინებით შპს „...-ის“ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ „... უნივერსიტეტი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...-მა“. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინებით შპს „...-ის“კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 მარტის განჩინება, შეჩერდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 27.02.2017წ. №687 განკარგულების მოქმედება სასამართლოში წინამდებარე საქმის განხილვის დასრულებამდე.

13.10.2017წ. შპს „...-ის“ წარმომადგენელმა იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინებით შეჩერდა განსახილველი №3/1643 ადმინისტრაციული საქმის წარმოება შპს ,,...’’-ის სარჩელისა გამო მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მესამე პირის - სსიპ ... უნივერსიტეტის მიმართ, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეზე, №2/2035-17 შპს ,,...’’-ის სარჩელისა გამო მოპასუხე- სსიპ ,,... უნივერსიტეტის’’ მიმართ, დავის საგანი-თანხის დაკისრება და სსიპ ... უნივერსიტეტის შეგებებული სარჩელი მოპასუხე - შპს ,,...’’-ის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ზემოაღნიშნული განჩინება სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გაასაჩივრა კერძო საჩივრით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინება. არ დაკმაყოფილდა შპს ,,...’’-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა ადმინისტრაციული №3/1643-17 საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...-მა“ რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინებით შპს „...-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა 2016 წლის 6 იანვარს ... უნივერსიტეტსა (შემსყიდველი) და შპს ,,...-ს’’ (მიმწოდებელი) შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02-2016 ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, მიმწოდებელს უნდა გაეწია გათბობის სისტემების, საქვაბეებისა და გაზის ქსელების გამართულად მუშაობის ტექნიკური მომსახურება ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტში მითითებულ ობიექტებზე (... უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, I, II, III, IV, VI, VIII სასწავლო კორპუსები, ...ი ფაკულტეტი) 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შპს ,,...-ი" სადავოდ არ ხდიდა ზემოხსენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ვადის გადაცილებით შესრულებას, თუმცა კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული მათი ბრალის გარეშე მოხდა.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებულ მიმოწერაზე, კერძოდ პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ... უნივერსიტეტის 2016 წლის 21 ოქტომბერის წერილით კომპანიას ეცნობა, რომ უნივერსიტეტში დაეწყო გათბობის სეზონისათვის მოსამზადებელი სამუშაოები. ამავე წლის 26 ოქტომბრის №74-01-2851/01-25 წერილით შპს ,,...’’-ს ეთხოვა, რომ 2016 წლის 1 ნოემბრისთვის უზრუნველეყო გათბობის სისტემის ჩართვა. ამავე წლის 9 ნოემბრის წერილით შემსყიდველს ეცნობა, რომ დაზიანებული იყო გათბობის სისტემა, რაც ხელს უშლიდა გათბობის ჩართვას. გარდა ამისა, 2016 წლის 13 ნოემბერს შპს ,,...’’-მა შემსყიდველ კომპანიას განუმარტა, რომ გათბობის სისტემას ჰქონდა ხარვეზები და საჭირო იყო გარკვეული დეტალების მიწოდება. შემსყიდველის 2016 წლის 22 ნოემბერის წერილით მოსარჩელე კომპანიას ეცნობა, რომ მის მიერ შეძენილ იქნა საჭირო დეტალები. ამასთან, ამავე წლის 24 ნოემბრის წერილით, შემსყიდველი - სსიპ ... უნივერსიტეტი, კომპანიასთან კვლავ უკმაყოფილებას გამოთქვამდა გათბობის გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და შპს ,,...’’-ს კიდევ ერთხელ ეთხოვა პრობლემის სასწრაფოდ გამოსწორება. ამავე დღეს შპს ,,...-ს’’, უნივერსტიტეტის ტექნიკური დეპარტამენის წერილის მეშვეობით ეცნობა, რომ საქვაბეების დაზიანებული დეტალები იყო ადგილზე. პალატამ ყურადღება გაამახვილა შემსყიდველი ორგანიზაციის 2016 წლის 30 ნოემბრის წერილზე, რომლითაც ირკვევა, რომ კომპანიის მიერ ამ დრომდე არ იქნა დაზიანებული დეტალები შეცვლილი და უნივერსიტეტს გათბობის ჩართვაზე კვლავ პრობლემა ექმნებოდა. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ მიმწოდებელ კომპანიას 2016 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით არ ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული მაშინ, როცა უნივერსიტეტის მიერ ის ხელისშემშლელი წინაპირობები, რაც შპს ,,...’’-მა წაუყენა, აღმოფხვრილ იქნა.

სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 06.01.2016წ ხელშეკრულების 7.2 პუნქტი, რომლის თანახმად, მიმწოდებელი (შპს ,,...’’) ვალდებული იყო უზრუნველეყო ...-ს საქვაბეების და გათბობის სისტემების გამართული მუშაობა; გათბობის სისტემასთან დაკავშირებულ ავარიებზე რეაგირება მოეხდინა 2 საათის ვადაში და მილგაყვანილობის დაზიანების შემთხვევაში, აღმოეფხვრა ასეთი დაზიანება საკუთარი ხარჯებით 12 საათის განმავლობაში, ხოლო სხვა დანარჩენი სახის დაზიანების შემთხვევაში - შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საჭირო მასალის მიწოდებიდან 24 საათის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს ზემოხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე არ მოუხდენია შესაბამისი რეაგირება და 24 საათის ვადაში არ შეუცვლია მის მიერ მოთხოვნილი და უნივერსიტეტის მიერ მიწოდებული ნაწილები. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 9.2 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ჯეროვნად არ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი დაჯარიმდებოდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სასამართლოებში საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით, შპს ,,...“-ის სარჩელი სსიპ ... უნივერსიტეტის მიმართ მხარეთა შორის 2016 წლის 06 იანვარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02-2016 ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო სსიპ ... უნივერსიტეტის შეგებებული სარჩელი შპს ,,...“-ის მიმართ ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე შპს ,,...“-ს მოსარჩელე სსიპ ... უნივერსიტეტის სასარგებლოდ დაეკისრა 235,98 ლარის გადახდა (საქმე 2/2035-17). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.07.2021 წლის განჩინებით, შპს ,,...“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება (საქმე №2ბ/3196-19), ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.03.2022 წლის განჩინების საფუძველზე შპს ,,...“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად (საქმე ას-1144-2021).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...-მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ შეფასეს საქმეში არსებული მტკიცებულებები. 2016 წლის 6 იანვრის №02-2016წ. ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მიმწოდებელ მხარეს ავალებდა გათბობა-გაგრილების სისტემის მომსახურებას და არა შესაცვლელი ნაწილების მისი ხარჯით შესყიდვას. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა შემსყიდველი მხარის პოზიცია მასზედ, რომ მოსარჩელემ დროულად არ დაამონტაჟა მიწოდებული დეტალი, თუმცა საქმეში არსებობდა მტკიცებულება, რომ დეტალის გამოყენება შეუძლებელი იყო, რადგან არ მიესადაგებოდა გათბობის მოწყობილობას, რაზედაც ინფორმირებული იყო შემსყიდველი მხარე. კასატორი აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან დაკავშირებით მიმწოდებელი მხარე შემსყიდველს 2016 წლის 9 ნოემბერს ატყობინებდა, რომ მილების დაზიანება გამოწვეული იყო სხვა კომპანიის მიერ ჩატარებული უხარისხო სამუშაოებით. მიუხედავად იმისა, რომ შემსყიდველმა ხსენებულ კომპანიას დააკისრა დაზიანებული მილების მიწოდება, აღნიშნული შეკეთების დროში გაჭიანურებას ნიშნავდა. კასატორი უნივერსიტეტის მე-8 კორპუსში აგრეგატის გაუმართავ მუშაობასთან დაკავშირებით კი აღნიშნავს, რომ იგი არ იყო ავარიის შედეგად გამოწვეული და მის დიაგნოსტირებას გარკვეული გონივრული დრო სჭირდებოდა. კასატორი აღნიშნავს, რომ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა ხელშეკრულების დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, გაფრთხილების და შესრულებული სამუშაოს პროპორციული თანხის ანზღაურების გარეშე, რაზეც სასამართლოებმა ყურადღება არც კი გაამახვილეს.

კასატორი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ მოცემული კანონის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული, თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, რომ შპს „...-ის“ შავ სიაში მოხვედრა გამოიწვევს მის ერთი წლით გაჩერებას, რაც უარყოფითად აისახება არამხოლოდ კომპანიაზე, არამედ მასში დასაქმებულ ადამიანებზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს შპს „...-ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 თებერვლის №687 განკარგულების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შავი სია განმარტებულია, როგორც შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი არის პირი, რომელსაც აქვს შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის სურვილი. ამავე პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია გარემოება, როდესაც მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. იმავდროულად, აუცილებელია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყოს გასული ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე იყოს შეწყვეტილი.

ამავე წესისა და პირობების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი.

ზემოხსენებული წესისა და პირობების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების თანახმად კი, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სადავოა, შეასრულა თუ არა შპს „...-მა“ სსიპ „... უნივერსიტეტთან“ 2016 წლის 6 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული №02-2016 ხელშეკრულება ჯეროვნად, კერძოდ, მიმწოდებელმა გაწია თუ არა გათბობის სისტემების, საქვაბეებისა და გაზის ქსელების გამართულად მუშაობის ტექნიკური მომსახურება ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტში მითითებულ ობიექტებზე (... უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, I, II, III, IV, VI, VIII სასწავლო კორპუსები, ...ი ფაკულტეტი) 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო ...-ს საქვაბეების და გათბობის სისტემების გამართული მუშაობა; ასევე, გათბობის სისტემასთან დაკავშირებულ ავარიებზე რეაგირება მოეხდინა 2 საათის ვადაში და მილგაყვანილობის დაზიანების შემთხვევაში, აღმოეფხვრა ასეთი დაზიანება საკუთარი ხარჯებით 12 საათის განმავლობაში, ხოლო სხვა დანარჩენი სახის დაზიანების შემთხვევაში-შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საჭირო მასალის მიწოდებიდან 24 საათის განმავლობაში.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებით მნიშვნელობას იძენს, განისაზღვროს, შეასრულა თუ არა შპს „...-მა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

ამ კუთხით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ... უნივერსიტეტის 21.10.2016წ წერილზე, რომლითაც კომპანიას ეცნობა, რომ უნივერსიტეტში დაეწყო გათბობის სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. დადგენილია, რომ შემსყიდველის 26.10.2016წ. №74-01-2851/01-25 წერილით შპს „...-ს“ ეთხოვა 2016 წლის 1 ნოემბრისთვის გათბობის სისტემის ჩართვა. ასევე დადგენილია, რომ შპს ,,...’’-ის 9.11.2016წ. №... წერილით, სსიპ „... უნივერსიტეტს“ ეცნობა, რომ ... უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შედეგად დაზიანებული იყო გათბობის სისტემა, რაც ხელს უშლიდა გათბობის ჩართვას. ამასთან, მიმწოდებელი მოსალოდნელი დაზიანებების გამო არ კისრულობდა პასუხისმგებლობას და შემსყიდველი ორგანიზაციის თანხმობის შემთხვევაში, გამოხატავდა სისტემის ჩართვის მზადყოფნას.

მიმწოდებელმა შემსყიდველ ორგანიზაციას 13.11.2016წ წერილით განუმარტა, რომ გათბობის სისტემას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები, რამდენადაც სისტემა იყო მოძველებული. ამასთან, ამავე წერილით დგინდება, რომ მიმწოდებელი საჭიროებდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გარკვეული დეტალების მიწოდებას. სსიპ ,,...მა უნივერსიტეტმა’’ 19.11.2016წ. წერილით კვლავ მიმართა მიმწოდებელს და აცნობა, რომ ადმინისტრაციული კორპუსის ნაწილში არ თბებოდა რადიატორები.

უნივერსიტეტის 2016 წლის 22 და 24 ნოემბრის წერილებით კი მიმწოდებელს ეცნობა, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეისყიდა საჭირო დეტალები. შესაბამისად, მიმწოდებელს ეთხოვა დაზიანებების დროული გამოსწორება და გათბობის სრულფასოვნად ჩართვა. საქმეში არსებული სსიპ „... უნივერსიტეტის“ სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 28 ნოემბრის მოხსენებითი ბარათით, ასევე შემსყიდველი ორგანიზაციის 2016 წლის 30 ნოემბრის წერილებით დგინდება, რომ ხსენებული დროისათვის ჯერ კიდევ არ იყო დამონტაჟებული მიწოდებული დეტალები.

ამდენად, დგინდება და არც მოსარჩელე მხარე ხდის სადავოდ, რომ მან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. კასატორის მოსაზრებით, მის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება განაპირობა მეორე მხარის მხრიდან შემხვედრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შპს ,,...-სა“ და სსიპ ... უნივერსიტეტს შორის დადებული ხელშეკრულების 7.2 პუნქტზე, რომელიც ადგენდა მიმწოდებელის ვალდებულებას უზრუნველყო ...-ს საქვაბეების და გათბობის სისტემების გამართული მუშაობა; ასევე, გათბობის სისტემასთან დაკავშირებულ ავარიებზე რეაგირება მოეხდინა 2 საათის ვადაში და მილგაყვანილობის დაზიანების შემთხვევაში, აღმოეფხვრა ასეთი დაზიანება საკუთარი ხარჯებით 12 საათის განმავლობაში, ხოლო სხვა დანარჩენი სახის დაზიანების შემთხვევაში - შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საჭირო მასალის მიწოდებიდან 24 საათის განმავლობაში. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, როგორც საქმეში არსებული წერილებით დგინდება, მიმწოდებელს 24 საათის განმავლობაში არ შეუცვლია მიწოდებული დეტალების ნაწილი. ამასთან, შემსყიდველ ორგანიზაციას სსიპ „... უნივერსიტეტის“ მე-6 და მე-8 კორპუსების გათბობის აგრეგატების დაზიანების შესახებ ეცნობა მხოლოდ 2016 წლის 9 ნოემბერს, მაშინ, როდესაც გათბობის სისტემის ჩართვა შემსყიდველმა ორგანიზაციამ მოითხოვა 2016 წლის 1 ნოემბრისთვის იმავე წლის 26 ოქტომბრის წერილით.

საკასაციო პალატა ხსენებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მიმწოდებელ კომპანიას 2016 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით არ ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული მაშინ, როცა უნივერსიტეტის მიერ ის ხელისშემშლელი წინაპირობები, რაც შპს ,,...’’-მა წაუყენა, აღმოფხვრილ იქნა. გარდა ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დადების ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნივერსიტეტის გათბობის სისტემის გამართულად ფუნქციონირება იყო. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას მასზედ, რომ დაზიანების დიაგნოსტირებისთვის და აღმოსაფხვრელად საჭირო იყო გონივრული ვადა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება მკაფიოდ ადგენდა კონკრეტულ ვადას სამუშაოების შესასრულებლად, აღნიშნულზე მხარეები ორმხრივად და არა ცალმხრივად შეთანხმდნენ.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად შპს ,,...“-ის სარჩელი სსიპ ... უნივერსიტეტის მიმართ მხარეთა შორის 2016 წლის 06 იანვარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02-2016 ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა ხოლო სსიპ ... უნივერსიტეტის შეგებებული სარჩელი შპს ,,...“-ის მიმართ ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე შპს ,,...“-ს მოსარჩელე სსიპ ... უნივერსიტეტის სასარგებლოდ დაეკისრა 235,98 ლარის გადახდა (საქმე 2/2035-17). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.07.2021 წლის განჩინებით, შპს ,,...“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება (საქმე №2ბ/3196-19), ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.03.2022 წლის განჩინების საფუძველზე შპს ,,...“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად (საქმე ას-1144-2021). სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ შპს ,,...-მა“ არაჯეროვნად შეასრულა სსიპ ... უნივერსიტეტთან 2016 წლის 6 იანვარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, დამრღვევ მხარეს სწორედ შემსყიდველი - შპს ,,...-ის“ წარმოადგენდა.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია წინასწარი გაფრთხილების გარეშე ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის წინა დღეებში მისი ვადაზე ადრე შეწყვეტა და გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარი, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 7.03.2019წ. გადაწყვეტილებით მხარეებს შორის 16.01.2016წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიმწოდებლისთვის თანხის ანაზღაურების საკითხი გადაწყვეტილია. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ სსიპ ... უნივერსიტეტი არ იყო უფლებამოსილი ვადაზე ადრე ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება. საგულისხმოა, რომ მხარეებს შორის დადებული 16.01.2016წ. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ჯეროვნად არ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი დაჯარიმდებოდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობითა.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტაციას და მის საწინააღმდეგოდ ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელე (აპელანტმა) ვერ შეძლო მისი მოთხოვნის მართებულობის დადა...რება, რამეთუ მის მიერ ვერ იქნა გაბათილებული მოწინააღმდეგე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სარწმუნოობა. საქმის მასალებით და...რდება შპს ,,...-ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტი, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავდა მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს ,,...-ს“ (ს/ნ ...) 22.09.2023წ. №225 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს ,,...-ს“ (ს/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

~

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,...-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინება;

3. შპს ,,...-ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.09.2023წ. №225 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა