Facebook Twitter

№ბს-864(კ-23) 25 იანვარი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. ჩ-ას, თ. ხ-ის, გ. ნ-ის, გ. გ-ის, თ. ტ-ის, გ. ღ-ის, ტ. ა-ის, თ. წ-ის და რ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 19 ივლისს რ. ჩ-ამ, თ. ხ-ემ, გ. ნ-ემ, გ. გ-მა, თ. ტ-ემ, გ. ღ-მა, ტ. ა-ემ, გ. ნ-მა, თ. წ-მა და რ. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის) 2013 წლის 1 ნოემბრის, 2017 წლის 18 ნოემბრის №04/73151, 2011 წლის 24 აგვისტოს №03/8497- 11/1, 2013 წლის 28 ნოემბრის №04/105912, 2011 წლის 24 მაისის №03/4526-11/01, 2013 წლის 30 აგვისტოს, 2013 წლის 30 ოქტომბრის, 2013 წლის 13 დეკემბრის №04/105912-13-01, 2013 წლის 1 დეკემბრის, 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის რ. ჩ-ას მიუღებელი პენსიის 20 460 ლარის, თ. ხ-ის მიუღებელი პენსიის 880 ლარის, გ. ნ-ის მიუღებელი პენსიის 20 500 ლარის, გ. გ-ის მიუღებელი პენსიის 11 880 ლარის, თ. ტ-ის მიუღებელი პენსიის 15 500 ლარის, გ. ღ-ის მიუღებელი პენსიის 15 840 ლარის, ტ. ა-ის მიუღებელი პენსიის 8 500 ლარის, გ. ნ-ის მიუღებელი პენსიის 12 000 ლარის, თ. წ-ის მიუღებელი პენსიის 16 960 ლარისა და რ. ფ-ის მიუღებელი პენსიის 8 250 ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალება. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის - თითოეულისათვის 125 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი წარმოადგენდნენ სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებს და დანიშნულო ჰქონდათ პენსია, თუმცა შესაბამის თარიღებში, შეუწყდათ საპენსიო პაკეტის გაცემა, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ მუშაობის, საჯარო საქმიანობის გამო. მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ მათ უკანონოდ შეუწყდათ დანიშნული სახელმწიფო პენსია, რითიც მიადგათ მატერიალური ზიანი მიუღებელი პენსიის სახით, რომლის ანაზღაურებაც მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა.

2022 წლის 31 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, სარჩელის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ვადის დარღვევით წარმოდგენის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება რ. ჩ-ას, თ. ხ-ის, გ. ნ-ის, გ. გ-ის, თ. ტ-ის, გ. ღ-ის, ტ. ა-ის, გ. ნ-ის, თ. წ-ის და რ. ფ-ის სარჩელზე მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის) 2013 წლის 1 ნოემბრის, 2017 წლის 18 ნოემბრის №04/73151, 2011 წლის 24 აგვისტოს №03/8497-11/1, 2013 წლის 28 ნოემბრის №04/105912, 2011 წლის 24 მაისის №03/4526-11/01, 2013 წლის 30 აგვისტოს, 2013 წლის 30 ოქტომბრის, 2013 წლის 13 დეკემბრის №04/105912-13-01, 2013 წლის 1 დეკემბრის და 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში, დაუშვებლობის გამო

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს გაშვებული ჰქონდათ მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ,,დელტაში“ დასაქმებულ ბენეფიციართა შესახებ ინფორმაცია, რომლითაც ირკვეოდა, რომ: რ. ჩ-ას სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუწყდა 01.11.2013 წელს. მისთვის პენსიის ახალი დანიშვნა არ მომხდარა; თ. ხ-ეს სახელმწიფო პენსია დაენიშნა 01.09.2017 წლიდან, შეუწყდა 01.12.2017 წლიდან, ახალი დანიშვნა განხორციელდა 01.04.2018 წლიდან; გ. ნ-ეს სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუწყდა 15.08.2011 წლიდან, ახალი დანიშვნა განხორციელდა 01.06.2018 წლიდან; გ. გ-ს სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუწყდა 01.12.2013 წლიდან, ახალი დანიშვნა განხორციელდა 01.06.2018 წლიდან; თ. ტ-ეს სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუწყდა 03.05.2011 წლიდან, ახალი დანიშვნა განხორციელდა 01.08.2016 წლიდან; გ. ღ-ს სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუწყდა 01.09.2013 წლიდან, ახალი დანიშვნა განხორციელდა 01.09.2019 წლიდან; ტ. ა-ეს სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუწყდა 01.11.2013 წლიდან, ახალი დანიშვნა განხორციელდა 01.08.2016 წლიდან; გ. ნ-ს სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუწყდა 01.12.2013 წლიდან, ახალი დანიშვნა განხორციელდა 01.01.2018 წლიდან; თ. წ-ს სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუწყდა 01.12.2013 წლიდან, ახალი დანიშვნა განხორციელდა 01.07.2014 წლიდან; რ. ფ-ეს სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუწყდა 01.12.2013 წლიდან, ახალი დანიშვნა განხორციელდა 01.08.2016 წლიდან.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საპენსიო ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით, მოსარჩელეთა მხრიდან თვეების განმავლობაში პენსიის მიუღებლობა, ცალსახად ადასტურებს, რომ მოსარჩელეებისათვის ცნობილი იყო 2011-2013-2017 წლებში პენსიის მიუღებლობის დროიდან, პენსიის შეწყვეტის ფაქტი, ხოლო აღნიშნული გარემოების ცოდნამ მათ წარმოუშვა გასაჩივრების შესაძლებლობა. სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების რამდენიმე წლის შემდეგ გასაჩივრების პირობებში, მოსარჩელეებს გაშვებული აქვთ აღნიშნული გადაწყვეტილებების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები იღებდნენ პენსიას, რომლის მიღებაც შეუწყდათ სადავო გადაწყვეტილებების საფუძველზე 2011-2013-2017 წლებში, ხოლო შემდგომში თავიდან დანიშვნა განხორციელდა 2013-2014-2016-2018-2019 წლებში, თუმცა შეწყვეტის პერიოდში პენსიის გაუცემლობა სადავოდ არ გაუხდიათ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე - 2021 წლის 19 ივლისამდე, რაც მოცემული მოთხოვნების ფარგლებში, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლებს ქმნიდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით რ. ჩ-ას, თ. ხ-ის, გ. ნ-ის, გ. გ-ის, თ. ტ-ის, გ. ღ-ის, ტ. ა-ის, გ. ნ-ის, თ. წ-ისა და რ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა პენსიის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლო იყო, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით არ იკვეთებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეების მიმართ ზიანის მიყენების ფაქტი, რაც გამოხატული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის უკანონობის დადასტურების გზით. მოსარჩელეთათვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი გამომდინარეობდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის) 2013 წლის 1 ნოემბრის, 2017 წლის 18 ნოემბრის №04/73151, 2011 წლის 24 აგვისტოს №03/8497-11/1, 2013 წილს 28 ნოემბრის №04/105912, 2011 წილს 24 მაისის №03/4526- 11/01, 2013 წლის 30 აგვისტოს, 2013 წლის 30 ოქტომბრის, 2013 წლის 13 დეკემბრის №04/105912-13-01, 2013 წლის 1 დეკემბრის და 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლა-შეფასების საფუძველებიდან, თუმცა კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების ვადების გასვლის გამო, აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, რის გამოც სასამართლო ვეღარ იმსჯელებდა მითითებული აქტების კანონიერების საკითხზე. შესაბამისად, დადასტურებული არ იყო ადმინისტრაციული ორგანოს აქტის, ქმედების უკანონობა, რაც წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება, დაუშვებლობის გამო საქმის ნაწილობრივ შეწყვეტის თაობაზე, კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით რ. ჩ-ას, თ. ხ-ის, გ. ნ-ის, გ. გ-ის, თ. ტ-ის, გ. ღ-ის, ტ. ა-ის, გ. ნ-ის, თ. წ-ის და რ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, გასაჩივრების ვადის გაშვების გამო, დაუშვებლობის მოტივით, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლიანობის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით რ. ჩ-ას, თ. ხ-ის, გ. ნ-ის, გ. გ-ის, თ. ტ-ის, გ. ღ-ის, ტ. ა-ის, გ. ნ-ის, თ. წ-ისა და რ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის შეფასება, რომ ვერ დგინდებოდა ის ფაქტი, რომ მოსარჩელეებს მოპასუხის მხრიდან უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის გამო წაერთვათ შესაძლებლობა მიეღოთ კანონით მათთვის განსაზღვრული სახელმწიფო პენსია, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ მიადგათ ზიანი. აღნიშნული პირობის არსებობა კი აუცილებელი იყო მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებები, მოსარჩელეთა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. ჩ-ამ, თ. ხ-ემ, გ. ნ-ემ, გ. გ-მა, თ. ტ-ემ, გ. ღ-მა, ტ. ა-ემ, გ. ნ-მა, თ. წ-მა და რ. ფ-ემ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორების პოზიციის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, სააპელაციო საჩივარზე მსჯელობისას დაადგინა, რომ ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოსარჩელეთათვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის უკანონობა დადასტურებული არ არის, ვერ დგინდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები მოპასუხის მხრიდან უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემით დაბრკოლდნენ მიეღოთ კანონით მათთვის განსაზღვრული სახელმწიფო პენსია, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ მიადგათ ზიანი. ამავდროულად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ძალაში დატოვებისას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. კასატორებს (მოსარჩელეებს) გასაჩივრებული გადაწყვეტილებები არ ჩაბარებიათ. ის ვარაუდი, რომ მათ უნდა სცოდნოდათ გადაწყვეტილებების მატერიალური სახით არსებობის შესახებ, დაუსაბუთებელია. მოსარჩელეთა კანონიერი ნდობა სახელმწიფო უწყების მიმართ გამოყენებული იქნა მათსავე წინააღმდეგ. კასატორებისთვის (მოსარჩელეებისათვის) ამ აქტების თაობაზე ცნობილი არ იყო მოპასუხე ორგანიზაციიდან ინფორმაციის გამოთხოვამდე, მათ შორის, სასამართლოს მეშვეობით პენსიების დანიშვნის საქმეების განხილვის მომენტშიც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ჩ-ას, თ. ხ-ის, გ. ნ-ის, გ. გ-ის, თ. ტ-ის, გ. ღ-ის, ტ. ა-ის, თ. წ-ის და რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადაში არ აღმოფხვრის გამო, გ. ნ-ის ნაწილში, საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ჩ-ას, თ. ხ-ის, გ. ნ-ის, გ. გ-ის, თ. ტ-ის, ტ. ა-ის, თ. წ-ის და რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ მუშაობის გამო, კასატორთათვის პენსიის შეწყვეტის შედეგად, მიუღებელი პენსიის სახით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორები სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის შემაჯამებელ განჩინებასთან ერთად, ასევე სადავოდ ხდიან კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებას. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. შესაბამისად, საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, რამდენადაც, იგი მოსარჩელეთა მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრების შემდგომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით დარჩა ძალაში. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლიანობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, კასატორები (მოსარჩელეები) არიან საპენსიო ასაკის მქონე პირები, რომელთაც საპენსიო პაკეტის გაცემა შეუწყდათ - 2013 წლის 01 ნოემბერს (რ. ჩ-ა), 2011 წლის 24 აგვისტოს (გ. ნ-ე), 2017 წლის 18 ნოემბერს (თ. ხ-ე), 2013 წილს 28 ნოემბერს (გ. გ-ი), 2011 წილს 24 მაისს (თ. ტ-ე), 2013 წლის 30 აგვისტოს (გ. ღ-ი), 2013 წლის 30 ოქტომბერს (ტ. ა-ე), 2013 წლის 13 დეკემბერს (გ. ნ-ი) (გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულია განუხილველად), 2013 წლის 1 დეკემბერს (თ. წ-), 2013 წლის 28 ნოემბერს (რ. ფ-ე). საპენსიო პაკეტის გაცემა შეწყდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ „დელტაში“ მუშაობის გამო.

დადგენილია, რომ მოსარჩელეებს თავიდან დაენიშნათ სახელმწიფო პენსია 2018 წლის 1 ივნისიდან (გ. ნ-ე), 2018 წლის 1 აპრილიდან (თ. ხ-ე), 2018 წლის 1 ივნისიდან (გ. გ-ი), 2016 წლის 1 აგვისტოდან (თ. ტ-ე), 2019 წლის 1 სექტემბრიდან (გ. ღ-ი), 2016 წლის 1 აგვისტოდან (ტ. ა-ე), 2018 წლის 1 იანვრიდან (გ. ნ-ი), 2014 წლის 1 ივლისიდან (თ. წ-ი), 2016 წლის 1 აგვისტოდან (რ. ფ-ე).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის წესს არეგულირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავით განსაზღვრული დებულებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. ამასთან, ქმედების უკანონობა დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ იქნა მოსარჩელეთათვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. როგორც საქმეზე კანონიერ ძალაში შესული, საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით დგინდება, მითითებული - პენსიის შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე - 2021 წლის 19 ივლისამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის აღდგენას და ასევე გასული პერიოდისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, ასეთ შემთხვევაში პენსიის შეწყვეტა თავისი არსით შესაძლოა მიჩნეულ იქნეს პენსიის შეჩერებად... სახელმწიფო პენსიასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობების წარმოშობისათვის მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობა არ არის საკმარისი. ასე მაგ.: პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა თავისთავად არ იწვევს მისთვის პენსიის დანიშვნას, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში პენსიის დანიშვნა ხდება პენსიის დანიშვნის შესახებ პირის განცხადებით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე. ასევეა პენსიის შეწყვეტის შემთხვევაშიც. შეწყვეტის შედეგების აღმოფხვრა, სახელმწიფო პენსიის გაცემის აღდგენა საჭიროებდა პენსიის შეწყვეტის გასაჩივრებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები - 02.07.2015წ. №ბს-77-75(კ-15); 10.10.2019წ. №ბს-29(კ-19)).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით და კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით იქნა დადგენილი, მოსარჩელეთა მხრიდან პენსიის გაცემის შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც სასამართლოები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას ემსჯელათ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების საკითხზე.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, რამდენადაც, იგი მოსარჩელეთა მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრების შემდგომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით დარჩა ძალაში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს არ აქვს პროცესუალური შესაძლებლობა იმსჯელოს კასატორთათვის დანიშნული პენსიის შეწყვეტის თაობაზე გამოცემული აქტების კანონიერების შესახებ. აღნიშნული აქტების უკანონობის დადასტურების გარეშე კი, არ არსებობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის კასატორთა სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები.

იმ პირობებში, როდესაც საკასაციო სასამართლოს მსგავსად, ქვედა ინსტანციის სასამართლოები, მოსარჩელეთა მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონით დადგენილ ვადაში გაუსაჩივრებლობის გამო, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას შეემოწმებინათ მოპასუხის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება, სასამართლო ბუნებრივია ვერ იმსჯელებდა მოპასუხეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობისა და ამ საფუძვლით, მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის, მოსარჩელეთა სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ჩ-ას, თ. ხ-ის, გ. ნ-ის, გ. გ-ის, თ. ტ-ის, გ. ღ-ის, ტ. ა-ის, თ. წ-ის და რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა