Facebook Twitter

საქმე №ბს-952(კ-23) 25 იანვარი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 13 ოქტომბერს ზ. ც-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2022 წლის 25 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურებოს სააგენტოს, წარუდგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციური სამსახურის წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება, სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება და მოითხოვა წელთა ნამსახურობის საფუძველზე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. თუმცა, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გაგზავნილი წელთა ნამსახურობის ნუსხის/გაანგარიშების მიხედვით ზ. ც-ეს ჰქონდა მხოლოდ 18 კალენდარული წლის ნამსახურობა, სადაც შედიოდა სამხედრო სავალდებულო სამსახური და შეღავათიანი გაანგარიშება.

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ არასწორად დათვალა მოსარჩელის ნამსახურობის წელთა რაოდენობა, სამხედრო სავალდებულო სამსახური არ იყო გათვალისწინებული და მისი წელთა ნამსახურობა შეღავათიანი გაანგარიშებისა და სამხედრო სამსახურის ჩათვლით ჯამში წარმოადგენდა 20 წელსა და 6 დღეს.

2022 წლის 14 დეკემბერს ზ. ც-ემ ადმინისტრაციულ საქმეში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოპასუხე მხარედ ჩართვისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ამდენად, საქმეზე მოპასუხე მხარეებად განისაზღვრნენ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური, ხოლო სასარჩელო მოთხოვნებად მოსარჩელემ დაასახელა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 19 აგვისტოს №SSA 7 22 00230078 გადაწყვეტილებისა და ზ. ც-ის წელთა ნამსახურების ნუსხა/გაანგარიშების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2022 წლის 19 ივლისის №214674/01 ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათლად ცნობა, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისთვის წელთა ნამსახურების სტაჟში სამხედრო სავალდებულო სამსახურის პერიოდის ჩათვლით მოსარჩელე ზ. ც-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის კანონით დადგენილი წესით დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ზ. ც-ის წელთა ნამსახურების სტაჟში სამხედრო სავალდებულო სამსახურის პერიოდის ჩათვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით წელთა ნამსახურების ნუსხაის/გაანგარიშების მომზადების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის და ხელმწიფო კომპენსაციის განსაზღვრის და დანიშვნის მიზნით მისი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის წარდგენის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 19 აგვისტოს NSSA 7 22 18 00230078 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალა მოსარჩელე ზ. ც-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ზ. ც-ე სპეციალური წოდებით მსახურობდა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შემადგენლობაში. სახელმწიფო სპეციალური წოდებით ზ. ც-ის ნამსახური შეღავათიანი გაანგარიშების გარეშე შეადგენდა 18 წელსა და 6 დღეს. ამასთან, სადავოდ არ იყო გამხდარი შეღავათიანი გაანგარიშების პერიოდში ზ. ც-ის ნამსახურეობის ფაქტი, 2006 წლის 1 აგვისტოდან 2010 წლის 1 ოქტომბრამდე, ჯამში - 2 წელი და 1 თვე.

სააპელაციო სასამართლომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტზე, მე-8 მუხლის მე-5-მე-6 პუნქტებზე და „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის №214 დადგენილების 24-ე პუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ კანონმდებელმა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე, დააწესა შეღავათი სამომავლოდ კომპენსაციის მისაღებად და იმპერატიულად დაადგინა, რომ აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლებს ერთი წლის მუშაობის სტაჟი უნდა ჩათვლოდათ წელიწადნახევრის ანგარიშით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობის შრომითი სტაჟი სამხედრო სავალდებულო სამსახურისა და შეღავათიან გაანგარიშების პერიოდის ჩათვლის პირობებში, აღემატებოდა 20 კალენდარულ წელს, რაც ქმნიდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისთვის მოსარჩელე ზ. ც-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმები არ ითვალისწინებს სწავლის ან სხვა შეღავათიანი პერიოდის გამოყენებით 20 წლიანი კალენდარული ნამსახურობის შევსების შესაძლებლობას, არამედ აღნიშნული პერიოდები ითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში, მხოლოდ სახელმწიფო გასაცემლის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არა კომპენსაციაზე უფლების მოპოვებისთვის, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტში გამოყენებული ტერმინი „საერთო წელთა ნამსახურობა“. შესაბამისად, კასატორი აღნიშნავს, რომ მითითებულ ნორმებში საუბარია ცალსახად საერთო წელთა ნამსახურობაზე და არა კალენდარულ ნამსახურობაზე.

ამასთან კასატორმა აღნიშნა, რომ ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილმა პირმა პირველ რიგში უნდა დააკმაყოფილოს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა, ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წლის არსებობასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის, უნდა მოხდეს საერთო წელთა ნამსახურობაში სწავლის პერიოდის თუ შეღავათიანი გაანგარიშების გათვალისწინება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს მითითებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნის პერიოდისთვის ზ. ც-ეს არ ჰქონდა შესრულებული ნამსახურობის 20 კალენდარული წელი, შესაბამისად არ იკვეთებოდა სააგენტოს მხრიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ზ. ც-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 19 აგვისტოს №SSA 7 22 18 00230078 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალა მოსარჩელე ზ. ც-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ზ. ც-ის წელთა ნამსახურების ნუსხა/გაანგარიშების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2022 წლის 19 ივლისის №214674/01 ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ამავე სააგენტოსთვის ზ. ც-ის წელთა ნამსახურების სტაჟში სამხედრო სავალდებულო სამსახურის პერიოდის ჩათვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით წელთა ნამსახურების ნუსხის/გაანგარიშების მომზადების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და კომპენსაციის განსაზღვრის და დანიშვნის მიზნით მისი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის წარდგენის დავალების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს - ზ. ც-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ზ. ც-ისთვის როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან დათხოვნილი პირისთვის, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად, იგი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. დასახელებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია იმ სუბიექტთა ჩამონათვალი, რომლებსაც კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ, ხოლო აღნიშნული პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთ-ერთ ასეთ სუბიექტად განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები.

ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლი უკავშირდება კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო წოდებისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირების კომპენსაციის გაანგარიშებას და დასახელებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-5 პუნქტის თანახმად მუხლის მოქმედებას ავრცელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან და იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირზე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ამავე პუნქტით განსაზღვრულია, რომ ნამსახურობაში, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის (სამხედრო ან სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი) და სასამართლო ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის №214 დადგენილების 24-ე პუნქტზე, რომლის თანახმად სასჯელთა აღმასრულებელი მთავარი სამმართველოს და მისდამი დაქვემდებარებული დაწესებულებების თანამშრომელთა დამაგრების, მოზიდვისა და სტიმულირების მიზნით, მუშაობაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლებს ერთი წლის მუშაობის სტაჟი ჩაეთვალათ წელიწადნახევრის ანგარიშით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში არსებული, 2022 წლის 19 ივლისის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №214674/01 წელთა ნამსახურობის ნუსხაში/გაანგარიშებაში მითითებული ინფორმაციის თანახმად დადგენილია, რომ იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკის ზ. ც-ის სახელმწიფო სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობა შეადგენდა 18 წელსა და 6 დღეს (გაანგარიშებაში ჩათვლილია სამხედრო სავალდებულო სამსახური). ამავე ნუსხაში/გაანგარიშებაში მითითებულია, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის №214 დადგენილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1995 წლის 26 აგვისტოს №635 ბრძანების შესაბამისად, ერთი წლის მუშაობის სტაჟის წელიწადნახევრად ჩათვლის შემთხვევაში, შეღავათიანი გაანგარიშება 2006 წლის 1 აგვისტოდან, 2010 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდზე, წარმოადგენდა 2 წელსა და 1 თვეს.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 7 ივლისის №13675 ბრძანებით ზ. ც-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ... სამმართველოს ... განყოფილების ოცეულის მეთაურის თანამდებობიდან, პირადი პატაკის საფუძველზე. 2022 წლის 19 აგვისტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის №SSA 7 22 00230078 გადაწყვეტილებით, ზ. ც-ეს ეცნობა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად იგი ვერ მოიპოვებდა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლებას, ვინაიდან მას არ ჰქონდა ნამსახურობის 20 კალენდარული წელი და მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა ზ. ც-ის მოთხოვნა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურისა და შეღავათიანი გაანგარიშების პერიოდის ჩათვლის პირობებში, მოსარჩელის სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობის სტაჟი აღემატება 20 წელს, რაც ქმნის მის მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებას კასატორის მსჯელობას, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები არ ითვალისწინებენ სწავლის ან სხვა შეღავათიანი პერიოდის გამოყენებით 20 წლიანი კალენდარული ნამსახურობის შევსების შესაძლებლობას, არამედ აღნიშნული პერიოდები ითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში, მხოლოდ სახელმწიფო გასაცემლის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არა კომპენსაციაზე უფლების მოპოვებისთვის. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოს უზენაესი სასამართლო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლის მე-5-მე-6 პუნქტები ისინი პრაქტიკულად ავსებენ ერთმანეთს და მიზნად ისახავენ სწორედ კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას, შესაბამისი გაანგარიშების შედგენისთვის მხედველობაში მისაღები გარემოებების დეტალური გაწერის გზით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა