საქმე №ბს-791(კ-23) 25 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 20 იანვარს მ. ხ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი დასაქმებულია სსიპ შემოსავლების სამსახურში, იყო ომის მონაწილე და ამჟამად წარმოადგენს რეზერვისტს. მან 2019 წლის 23 ოქტომბერს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, თუმცა უარი მიიღო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 5-ე პუნქტში მოყვანილი ნორმა გულისხმობდა უკვე მოპოვებული უფლების შენარჩუნებას და არა რაიმე გასაცემლის დანიშვნას. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ადმინისტრაციულ ორგანოში, თუმცა მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის მითითებით, სააგენტომ დაარღვია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი და 2012 წლის 23 ივლისის №279 მთავრობის დადგენილების გამოყენებით მ. ხ-ეს შეუზღუდა „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებული უფლება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სააგენტომ პრიორიტეტი მიანიჭა იმ ნორმას, რომლიც მას უზღუდავდა სოციალური პაკეტის მიღებას, როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს და უგულებელყო ის ფაქტი, რომ მ. ხ-ე წარმოადგენდა რეზერვისტს, რომლის უფლებები გარანტირებული იყო ზემოაღნიშნული კანონით.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 დეკემბრის №04/65293 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 დეკემბრის №04/65293 გადაწყვეტილების და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2019 წლის 25 ოქტომბრის №04-00-ი/44552 წერილის ბათილად ცნობა, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით სუბსიდიის დანიშვნის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 დეკემბრის განჩინებით მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ. ხ-ე წარმოადგენდა ომის ვეტერანს, რომელიც სსიპ შემოსავლების სამსახურში იყო დასაქმებული ...ის პოზიციაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 მაისის №44 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტი“ დაიდო მ. ხ-ესთან 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2024 წლის 15 ოქტომბრამდე და 2019 წლის 15 ოქტომბრიდან დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ...-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის მსუბუქ ქვეით ასეულში.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2019 წლის 25 ოქტომბრის №04-00-ი/44552 გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ. ხ-ეს უარი ეთქვა სოციალური პაკეტის დანიშვნაზე, ვინაიდან მისი სსიპ შემოსავლების სამსახურში მუშაობის პერიოდში სოციალური პაკეტის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 დეკემბრის №04/65293 გადაწყვეტილებით მ. ხ-ეს უარი ეთქვას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სოციალური გასაცემლის თუ სტიპენდიის დანიშვნის სპეციალური წესი გამორიცხავდა სოციალური შეღავათებისა თუ სხვა გასაცემლების გავრცელებას იმ პირთა მიმართ, რომლებიც დასაქმებულნი არიან საჯარო სამსახურში და რომელთა ფინანსური უზრუნველყოფა, შრომის ანაზღაურების სახით ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელე მ. ხ-ე დასაქმებული იყო სსიპ შემოსავლების სამსახურში, იგი ახორციელებდა საჯარო უფლებამოსილებას, რაც თავის მხრივ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა გათვალისწინებით, გამორიცხავდა მისთვის სოციალური პაკეტის დანიშვნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. სასამართლომ დააკონკრეტა, რომ მ. ხ-ე წარმოადგენდა შესაბამისი სოციალური გასაცემლის მიღების უფლების მქონე პირს, თუმცა საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო შეეზღუდული ჰქონდა ეს უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების მე-2 მუხლის ჩანაწერი, რომელიც საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევს სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებულ საქმიანობას და არასწორად დაეთანხმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებას თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამახურის შესახებ კანონის მიერ მხოლოდ სამხედრო სარეზერვო სამსახურთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგების თაობაზე, სახელმწიფო გასაცემლების მიღებასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის დაწესებული სხვა შეზღუდვების გაუქმების გარეშე.
ამასთან კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ მოახდინა კანონმდებლობისა და ფაქტების ურთიერთშეჯერება, კერძოდ, „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ჩანაწერის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ კანონმდებელი უშვებდა შესაძლებლობას, რომ რეზერვში გაწვეული იქნებოდნენ სხვადასხვა დაწესებულებაში დასაქმებული პირები და არ გამორიცხა საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლები. მიუხედავად აღნიშნული ჩანაწერისა, კანონმდებელმა იმავე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრა, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს უნარჩუნდებოდა სახელმწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, აგრეთვე „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სხვა სოციალური დაცვის გარანტიები. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა თუ ვის ეხებოდა ზემოაღნიშნული ნორმები, რა იგულისხმებოდა დასახელებულ ჩანაწერებში და რას არეგულირებდა აღნიშნული კანონი.
კასატორის მითითებით, მართალია სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მას სოციალური გასაცემლის მიღების უფლება შეზღუდული ჰქონდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებთ (რომელიც არ ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც საჯარო საქმიანობის განმახორციელებელი პირი ასევე სარეზერვოს სამსახურში ჩარიცხული პირია) თუმცა არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნული უფლება გარანტირებული იყო „თავდაცვის ძალებისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით.
კასატორი მიიჩნევს, რომ „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის VII თავი უკავშირდება სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირის სოციალური დაცვის გარანტიებს, რაც სოციალური მომსახურების სააგენტომ უგულებელყო. გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტება იმის თაობაზე, რომ „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს მხოლოდ სამხედრო სარეზერვო სამსახურთან დაკავშირებულ ურთიერთობებს წარმოადგენს საშიშ პრეცედენტს მთლიანად სამხედრო სარეზერვო სამსახურის არსებობისთვის, ვინაიდან იგი გამოიწვევს სამხედრო სარეზერვო სამსახურიდან მოსამსახურეების გადინებას და რეზერვში გაწევრიანებისგან თავის შეკავებას, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად იმოქმედებს სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მ. ხ-ისთვის სოციალური პაკეტის დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად, იგი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. დასახელებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია სახელმწიფო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია იმ სუბიექტთა ჩამონათვალი, რომლებსაც კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ.
ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლი არეგულირებს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების წარმოშობასთან დაკავშირებულ წინაპირობებს და პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად განსაზღვრავს, რომ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების წარმოშობის წინაპირობას წარმოადგენს ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა და აკონკრეტებს რომ აღნიშნული უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, თუმცა ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დასახელებული შეზღუდვა არ ვრცელდება მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე. აღსანიშნავია, რომ იგივე შინაარსის რეგულირებას შეიცავს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებულ ისოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული წესის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის მოცულობას, მიმღებ პირთა წრეს, დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს სოციალური პაკეტის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე წესის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტში მოცემულია წესის მიზნებისთვის საჯარო საქმიანობის დეფინიცია და იგი განმარტებულია როგორც სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, თუმცა აღნიშნულ მუხლი საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევს სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობას.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ დასახელებული წესის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ.ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, 22 ლარის ოდენობით სოციალური პაკეტი ენიშნებათ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პრინციპების მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად საყოფაცხოვრებო სუბსიდია განმარტებულია როგორც ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელი, რომელიც განკუთვნილია კანონით განსაზღვრული სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებების უზრუნელსაყოფად. ამავე წესის მე-8 მუხლის მე-21 პუნქტის თანახმად, გათვალისწინებულ იქნა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირების (ამ წესითა და პრინციპებით დადგენილი დებულებების გათვალისწინებით) განხორციელება სახელმწიფო პენსიის ან/და სოციალური პაკეტის ადმინისტრირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. დასახელებული მუხლის მე-7 პუნქტით კი განისაზღვრა, რომ 2012 წლის 1 სექტემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებათ ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ იმ პირებს, რომლებიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებად. ამდენად, აღნიშნული წესი გამორიცხავს გასაცემლის მაძიებელი პირის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას თუ იგი კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევის გამო არ წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის მიმღებს.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ე წარმოადგენს ომის მონაწილე ვეტერანს, რომელიც მუშაობს სსიპ შემოსავლების სამსახურში და 2019 წლის 23 ოქტომბერს №92825 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური პაკეტის დანიშვნის მოთხოვნით. ასევე დადგენილია, რომ მ. ხ-ესთან დაიდო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 მაისის №44 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტი“ და იგი 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2024 წლის 15 ოქტომბრამდე და 2019 წლის 15 ოქტომბრიდან დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ...-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის მსუბუქ ქვეით ასეულში.
საქმის მასალებში არსებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2019 წლის 25 ოქტომბრის №04-00-ი/44552 წერილის მიხედვით დადგენილია, რომ მ. ხ-ეს მისი 2019 წლის 23 ოქტომბრის №92825 განცხადების პასუხად, ეცნობა, რომ „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გასაცემლის მიღების უფლება არ წარმოიშობოდა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამასთან, მითითებულ იქნა, რომ თავად განმცხადებელი ადასტურებდა, რომ მუშაობდა სსიპ შემოსავლების სამსახურში, ამდენად, მისთვის მუშაობის პერიოდში სოციალური პაკეტის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. გარდა ამისა, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 დეკემბრის №04/65293 გადაწყვეტილებით მ. ხ-ეს უარი ეთქვას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მართალია მ. ხ-ე, როგორც ომში მონაწილე პირი ექვემდებარება სოციალური პაკეტის გაცემას, თუმცა ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია მისი საჯარო სამსახურში, კერძოდ - სსიპ შემოსავლების სამსახურში მუშაობის, შესაბამისად მისი მხრიდან საჯარო საქმიანობის განხორციელების ფაქტი, იგი ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, გამორიცხავს დასახელებული საქმიანობის განხორციელების პერიოდში მისთვის სოციალური პაკეტის დანიშვნის შესაძლებლობას. გარდა ამისა, მ. ხ-ე არ წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირს, რაც გამორიცხავს სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესის შესაბამისად მისთვის დაყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომახურების სააგენტოს გადაწყვეტილება კასატორისთვის სოციალური პაკეტის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ არ არის წინააღმდეგობაში საკითხის მომწესრიგებელ საკანონმდებლო ნორმებთან.
რაც შეეხება კასატორის მითითებას „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ პირობას, რომლის თანახმადაც, სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს უნარჩუნდება სახელმწიფო კომპენსაცია და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სხვა სოციალური დაცვის გარანტიები, საკასაციო სასამართლო იზიარებს როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, ასევე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნინული ნორმა უკავშირდება შესაბამისი კომპენსაციის უკვე მიმღები პირის რეზერვში ჩარიცხვის შემთხვევაში მისთვის კომპენსაციის შენარჩუნების საკითხს და არა რეზერვში ჩარიცხული პირისთვის შემდგომ კომპენსაციის მიკუთვნების შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა