ბს-290 (კ-23) 12 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ა-ამ 05.02.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის 16.12.2019წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა №6, №8, №9.2 და №42.1 დავალების ნაწილში, ასევე მოსარჩელის ნაშრომის დამატებით 4 ქულით შეფასების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საპრეტენზიო განაცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიისათვის გამოცემის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2021წ. გადაწყვეტილებით ნ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის 16.12.2019წ. გადაწყვეტილება ნ. ა-ას ნაშრომში N42.1 დავალების შეფასების უცვლელად დატოვების ნაწილში, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) საგნის გამოცდაში ნ. ა-ას ნაშრომის N42.1 დავალების შეფასების 1 ქულით მომატების თაობაზე, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2022წ. განჩინებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განცხადებების/საჩივრების განმხილველი საგნობრივი კომისიების მიერ მიღებული აქტების კანონიერების შემოწმების ფარგლებში შეფასების საგანს წარმოადგენს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცდის ჩატარების და აპლიკანტის შეფასების დროს კანონით დადგენილი პროცედურული წესების დაცვის საკითხი. მოცემული გარემოების დადგენის მიზნით ასევე ფასდება ტესტის შედგენის ტექნიკური მხარე. დავალება (ტესტი) თავისი ვიზუალური კუთხით არ უნდა ქმნიდეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის დაშვების შესაძლებლობას, რასაც საბოლოოდ შემსრულებელი მიჰყავს არასწორ პასუხამდე, რაც უტოლდება ტესტზე პასუხის გაუცემლობას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით ის გარემოება, რომ დაახლოებით 10 000-მდე აპლიკანტმა გასცა პასუხი და შეფასების სქემის შესაბამისად იქნა მათ მიერ ქულა მოპოვებული, არ ხდის სადავო აქტს კანონიერად გასაჩივრებულ ნაწილში. პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო ტესტი შინაარსობრივად გამართულია, თუმცა ყურადღება გასამახვილებელია ტესტური დავალების შესრულების ტექნიკურ მხარეზე, კერძოდ, ტესტის შედგენის ტექნიკა - ვიზუალური გამოსახვა რამდენად ახდენს გავლენას დავალების პირობის აღქმაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ №42 ტესტური დავალება შედგება ორი კითხვისგან (№42.1 და №42.2). დავალებაში მოცემულია სხვადასხვა ცხოველის ილუსტრაცია ორ მწკრივად, თითოეულ მწკრივი სამ-სამი ილუსტრაციით. მწკრივები დანომრილია - მწკრივების დასაწყისში დაფიქსირებულია მწკრივის ნომრები „I“ და „II“. ტესტური დავალება ტექნიკურად შესრულებულია იმგვარად, რომ I მწკრივში მოცემული ილუსტრაციების გასწვრივ ფიქსირდება №42 ტესტური დავალების 42.1. შეკითხვა, ხოლო II მწკრივში მოცემული ილუსტრაციების გასწვრივ - №42.2. შეკითხვა. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ 42.1. ტესტურ დავალებაში ზოგადი მითითებაა ყველა ცხოველზე, განსხვავებით 42.2. შეკითხვისგან, რომლის პირობაში ცალსახა მითითებაა მწკრივებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის შეფასებას მასზედ, რომ №42 ტესტური დავალების შედგენის ტექნიკა (ვიზუალური გამოსახვა) იძლეოდა გამოსაცდელის მიერ იმგვარად აღქმის შესაძლებლობას, რომ №42.1 შეკითხვა მიეკუთვნებინა I მწკრივში მითითებული ილუსტრაციებისთვის და ჩაეთვალა, რომ გამომცდელი ყველა ცხოველში გულისხმობდა სწორედ ილუსტრაციის I მწკრივში მითითებულ ცხოველებს.
სააპელაციო პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. Nბს-797(კ-18) გადაწყვეტილებაზე მითითებით აღნიშნა, რომ საგამოცდო კომისიის მიერ ნაშრომის შეფასება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, რომელშიც სასამართლოს კონტროლი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება. გამომცდელის შეფასებაზე სასამართლო კონტროლი დასაშვებია, როდესაც შეფასება შესაძლოა საგნის სპეციფიკაში ჩაღრმავების გარეშე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. კასატორის მითითებით სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა აპლიკანტის მიერ შესრულებულ ტესტურ დავალებებს და მიუთითა, რომ N42.1 ტესტის შედგენის ტექნიკა (ვიზუალური გამოსახვა) იძლეოდა ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას. აღნიშნულ დასაბუთებას არ იზიარებს კასატორი და განმარტავს, რომ სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა საგნობრივი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასების სქემასთან შესაბამისობის საკითხი, სასამართლო გასცდა დავის საგანს და იმსჯელა 10 000 აპლიკანტისთვის შეთავაზებული ტესტური დავალებების ფორმულირებაზე. კასატორმა აღნიშნა, რომ ტესტი ყოველმხრივ გამართულია შემდეგი მიზეზების გამო: დავალებაში მოცემულია ერთადერთი ილუსტრაცია, დავალების პირობაშიც ილუსტრაცია წერია მხოლობით რიცხვში, მისი ორ ნაწილად თვითნებური დაყოფა არ არის მართებული. ამასთან, ნ. ა-ას მიერ N42.1 შეკითხვაზე გაცემული პასუხი მიესადაგება N42.2 შეკითხვას. საგნობრივმა კომისიამ ნ. ა-ას N42.1 შეკითხვაზე გაცემული პასუხი ჩაუთვალა N42.2 შეკითხვის პასუხად, შესაბამისად გაუმართლებელია ერთხელ უკვე მაქსიმალური ქულით შეფასებული საკითხი ხელმეორედ შეფასდეს და აპლიკანტს მოემატოს ქულა. ტესტური დავალების შესრულებისას გამოსაცდელი პირი ვალდებულია ყურადღებით გაეცნოს დავალების პირობას, ჩაწვდეს მის შინაარსს და სიღრმისეულად გაიაზროს კითხვები. სასამართლომ არასწორად განმარტა საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შემოწმების ფარგლები. უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. Nბს-797(კ-18) გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ სასამართლო კონტროლს თავისი საზღვრები აქვს, რადგან შეფასების პროცესს მრავალი ისეთი ელემენტი ახლავს, რომელიც არ ექვემდებარება ზუსტ შეფასებას (გამომცდელის სუბიექტური შთაბეჭდილება, გამომცდელის პროფესიული თავისებურებების ზემოქმედება შეფასებაზე და სხვ.). გამოცდის ჩატარება დაკავშირებული არის შეფასების აუცილებლობასთან, გამომცდელის მიხედულებასთან, რომელიც წარმოადგენს ამ საქმიანობის, შეფასებითი კატეგორიების გამოყენების უცილობელ ელემენტს, შესაბამისად ამ სფეროში რეგულაციას მიზნად აქვს არა მიხედულების სრული აღმოფხვრა, არამედ მისი თვითნებობაში გადაზრდის თავიდან აცილება, დისკრეციის სფეროს შეზღუდვა. გამომცდელის გადაწყვეტილების სრული სასამართლო შემოწმების დაშვების შემთხვევაში, გამოცდების მიღების ფუნქცია უცილობლად მთლიანად სასამართლოში გადაინაცვლებს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი იკისროს გამომცდელის ფუნქცია და შეაფასოს მოსარჩელის სპეციალური ცოდნა. კასატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სსიპ გამოცდებისა და ეროვნული ცენტრის მიერ შეფასების ინსტრუმენტი გამოყენებულ იქნა ობიექტურად და სამართლიანად. მოსარჩელე მხარეს სადაოდ არ გაუხდია ტესტირების მიმდინარეობის პროცედურა, ასევე სარჩელში არ აღუნიშნავს აბიტურიენტის მიმართ რაიმე სახის დისკრიმინაციული მიდგომის თაობაზე. კომისიის მხრიდან არ დასტურდება არაობიექტურობა, ტენდენციურობა, მოსარჩელის მიმართ თანასწორობის პრინციპის დარღვევა, შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში. კასატორის მოსაზრებით მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და იმსჯელა ტესტური დავალების წყობასა და მისი აპლიკანტის მიერ აღქმის სუბიექტურ უნარებზე, რაც სცილდება დავის საგანს. ამდენად, სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და ნ. ა-ას სარჩელის არ დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ნ. ა-ამ მონაწილეობა მიიღო 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) საგნის გამოცდაში. დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთათვის ტესტი შედგებოდა 50 დავალებისგან, მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 80 ქულას. შეფასების ბარათით დგინდება, რომ ნ. ა-ამ ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები)/დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთათვის ტესტში მოიპოვა 22 ქულა. ამასთან, N6, 8, 9.2, 42.1, 42.2 დავალებები შეფასდა 0 ქულით. ნ. ა-ამ ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) გამოცდის/ტესტის №6, 8, 9.2, 42.1, 42.2 დავალებებში მიღებული შედეგი/შეფასება გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის 16.12.2019წ. გადაწყვეტილებით N6, 8, 9.2, 42.1 დავალებებში შეფასება დარჩა უცვლელი, ხოლო №42.2 დავალებაში შეფასება შეიცვალა, ნ. ა-ას მოემატა 1 ქულა და საბოლოოდ მისი შედეგი განისაზღვრა 23 ქულით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ საგამოცდო კომისიის მიერ ნაშრომის შეფასება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, რომელშიც სასამართლოს კონტროლი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა. სასამართლო კონტროლი არ მოიცავს კომისიის მიერ გამოცდების შეფასების შედეგად მიღებული ქულების მიზანშეწონილობის შეფასებას. გამოცდის შედეგთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურული მხარე, სასამართლო კონტროლი მოიცავს აგრეთვე ისეთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება გამომცდელის მიერ გამოცდისათვის განსაზღვრული დანაწესის გაუთვალისწინებლობას, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობას (მაგ. გამომცდელი საგამოცდო კითხვას გამოცდასთან შეუსაბამო შინაარს აძლევს, დასმული კითხვა ცდება პროგრამის ფარგლებს და სხვ.), საგამოცდო ტესტის, მისი შინაარსობრივი წყობის, დასმული კითხვისა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხის აშკარად შეუსაბამობას, გამომცდელის მიერ გაცნობიერებულად საკითხისადმი კავშირში არმყოფი მოსაზრებებით მოქმედებას (სუს 07.03.2018წ. Nბს-797(კ-18)). ამდენად, ტესტების შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს კონკრეტულ ტესტში გამოსაყენებელ ნორმას, ტესტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებების შეფასების მასშტაბს, საგამოცდო ტესტის, მისი შინაარსობრივი წყობის, დასმული კითხვისა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხის შესაბამისობას, პასუხი უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი, არ უნდა იძლეოდეს ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას. მოცემულ შემთხვევაში, №42 ტესტური დავალება შედგება ორი კითხვისგან (№42.1 და №42.2). დავალებაში მოცემულია სხვადასხვა ცხოველის ილუსტრაცია ორ მწკრივად, თითოეულ მწკრივი სამ-სამი ილუსტრაციით. მწკრივები დანომრილია - მწკრივების დასაწყისში დაფიქსირებულია მწკრივის ნომრები „I“ და „II“. ტესტური დავალება ტექნიკურად შესრულებულია იმგვარად, რომ I მწკრივში მოცემული ილუსტრაციების გასწვრივ ფიქსირდება №42 ტესტური დავალების 42.1. შეკითხვა, ხოლო II მწკრივში მოცემული ილუსტრაციების გასწვრივ - №42.2. შეკითხვა. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ 42.1. ტესტურ დავალებაში ზოგადი მითითებაა ყველა ცხოველზე, განსხვავებით 42.2. შეკითხვისგან, რომლის პირობაში ცალსახა მითითებაა მწკრივებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, №42 ტესტური დავალების შედგენის ტექნიკა (ვიზუალური გამოსახვა) იძლეოდა გამოსაცდელის მიერ იმგვარად აღქმის შესაძლებლობას, რომ №42.1 შეკითხვა მიეკუთვნებინა I მწკრივში მითითებული ილუსტრაციებისთვის და ჩაეთვალა, რომ გამომცდელი ყველა ცხოველში გულისხმობდა სწორედ ილუსტრაციის I მწკრივში მითითებულ ცხოველებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სადავო ტესტი N42.1 არ პასუხობს ტესტისათვის დადგენილ ზოგად სტანდარტს, მისი შედგენის ტექნიკა (ვიზუალური გამოსახვა) იძლევა სხვადასხვა ინტერპრეტაციის დაშვების შესაძლებლობას, რასაც საბოლოოდ შემსრულებელი მიყავს არასწორ პასუხამდე.
კასატორის მიერ უზენაესი სასამართლოს 07.03.2018. Nბს-797(კ-18) გადაწყვეტილებაზე მითითება არ ადასტურებს დივერგენციას. განხილული და განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებები განსხვავებულია ერთმანეთისაგან. წინამდებარე დავაში მოსარჩელე არ ეთანხმებოდა დავალებაზე გაცემული პასუხის შეფასებას და სადავო არ იყო გამოცდის პროცედურული საკითხები, ხოლო განსახილველ შემთხვევაში სასამართლო კონტროლი შეეხება ისეთ საკითხს როგორიცაა საგამოცდო ტესტის გამართულობა და აპლიკანტის მიერ მისი პირობის აღქმის შესაძლებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2022წ. განჩინება;
3. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202198727) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.04.2023წ. N02045 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა