ბს-369(კ-23) 12 თებერვალი, 2024წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2023წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-ემ 25.02.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 02.07.2020წ. №1936 განკარგულების ბათილად ცნობა და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მ. ბ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.11.2022წ. გადაწყვეტილებით, მ. ბ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 02.07.2020წ. №1936 განკარგულება, მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2023წ. განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხემ სათანადოდ არ გამოიკვლია და შეაფასა მიწის ნაკვეთზე მდებარე ობიექტის მახასიათებლები, არც დაინტერესებული პირისთვის დაუვალებია დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, ასევე არ დაუსაბუთებია წარდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საკმარისობა საკითხის გადასაწყვეტად. კომისია დაეყრდნო მხოლოდ ადგილზე დათვალიერების ოქმს და მასში მითითებულ გარემოებას, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით №1 საცხოვრებელი), რომელიც ბუნდოვნად ფიქსირდებოდა 2005 წლის ორთოფოტოზე, წარმოადგენდა დროებით ნაგებობას (არ არის გრუნტთან უძრავად დაკავშირებული), შესაბამისად იგი არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით შენობისთვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს. მოცემულ შემთხვევაში მ. ბ-ემ სასამართლოში წარადგინა ექსპერტის დასკვნა, რომელიც აქარწყლებს კომისიის პოზიციას შენობა-ნაგებობის სტატუსთან დაკავშირებით. კომისიის შეფასებით, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა გრუნტთან უძრავად დაკავშირებული არ არის, რაც სააპელაციო პალატის შეფასებით არ დასტურდება საქმეში დაცული ფოტო-სურათებითაც. ფოტო-სურათებზე ასახული შენობა-ნაგებობა გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული და არ წარმოადგენს გადასატან, მობილურ სისტემას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა გასაჩივრებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 02.07.2020წ. №1936 განკარგულების სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია დროებითი ნაგებობა ან/და მსუბუქი კონსტრუქცია (მათ შორის ხის კონსტრუქცია), რომელიც მყარად არ არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოებისას განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა მ. ბ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებით), ფოტოსურათებითა და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით კომისიამ დაადგინა, რომ ასაღიარებელ ნაკვეთზე განთავსებული შენობა (№1), რომელიც ბუნდოვნად ფიქსირდება 2005 წლის ორთოფოტოზე, წარმოადგენს დროებით ნაგებობას (არ არის გრუნტთან უძრავად დაკავშირებული), შესაბამისად, იგი არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით შენობისთვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს. რაც შეეხება აზომვით ნახაზზე ასახულ №2 და №3 შენობა-ნაგებობებს, ორთოფოტოებითა (აეროფოტოგადაღებით) და საქმის მასალებით დგინდება, რომ აღნიშნული შენობები ასაღიარებელ ნაკვეთზე განთავსებულია ზემოხსენებული კანონის ამოქმედების შემდგომ, ამასთან, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. აღნიშნული გარემოებები ქმნიდა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ შპს „მ...ს“ 04.07.2022წ. დასკვნაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ შენობა-ნაგებობა, რომლის საფუძველზე მოსარჩელე ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას, კაპიტალურია, ასევე სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოება კომისიას ადმინისტრაციული წარმოებისას არ გამოუკვლევია. კასატორმა აღნიშნა, რომ განმცხადებელს აკისრია ადმინისტრაციულ ორგანოში მისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის ვალდებულება. კომისია იკვლევს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, საჭიროების არსებობისას ახდენს ადგილზე დათვალირებას, რასაც ამ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს ორთოფოტო, რადგან შესაფასებელია არა განცხადების წარდგენის დროს, არამედ კანონის ამოქმედებამდე - 2007 წლამდე არსებული მდგომარეობა. აღნიშნულ მტკიცებულებებს კომისიის მიერ მიეცა შეფასება. რაც შეეხება დასკვნას, იგი ადმინისტრაციული წარმოებისას წარდგენილი არ ყოფილა, ხოლო კომისიას არ აკისრია ექსპერტიზის დაკვეთის ან განმცხადებლისთვის ასეთი დასკვნის წარდგენის დავალების ვალდებულება. ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო წარსადგენ დოკუმენტს, ამასთან, შპს „მ...ს“ 04.07.2022წ. დასკვნაში არ არის პირდაპირ მითითებული, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა კაპიტალურია. იმ შემთხვევაშიც თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ აღნიშნული დასკვნა ადასტურებს შენობის კაპიტალურობას, ეს არ შეიძლება გახდეს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან კომისიისთვის ხელახლი განცხადებით მიმართვისა და ამ დასკვნის წარდგენის შემთხვევაში შესაძლებელია კომისიას განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკერძოება ხდება იმ შემთხვევაში უკეთუ მიწის თვითნებურად დაკავების, მასზე საცხოვრებელი სახლის ან/და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის განთავსება დასტურდება კანონის ამოქმედებამდე. რომელიმე დასახელებული წინაპირობის არარსებობა გამორიცხავს კონკრეტული საფუძვლით მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობას. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის აუცილებელია უტყუარად დადასტურდეს კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთის დაუფლების და მასზე საცხოვრებელი სახლის - საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობის ან არასაცხოვრებელი შენობის არსებობა. კანონის მიზნებისათვის „შენობა“ განიმარტება, როგორც სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონტრუქციებით (მათ შორის ხის კონსტრუქციით), გარდა დროებითი შენობისა (მე-2 მუხ. „ვ“ ქვ.პ.), ამასთანავე, ნორმა არ აკონკრეტებს შემომზღუდავი კონსტრუქციებისა და კედლების მასალებს, თუმცა დასაშვებად მიიჩნევს შენობის ხის კონსტრუქციით შემოსაზღვრას. სადავო აქტის თანახმად, მ. ბ-ეის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ძირითადი საფუძველი მის მიერ მოთხოვნილ ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობის სტატუსი გახდა, თუმცა ნაგებობის სტატუსის დასადგენად კომისიის მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით რაიმე ქმედებების განხორციელება არ დასტურდება. მითითებული კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დროებითი შენობა-ნაგებობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები. ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია სადავო მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობის მახასიათებლები და არც დაინტერესებული პირისთვის დაუვალებია დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 4.1 მუხლის თანახმად, აღიარების კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს სზაკ-ის მე-8 თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, ამასთანავე, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესით, უკეთუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (სზაკ-ის 107.2 მუხ.). სზაკ-ის 53.5 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას არსებულ მტკიცებულებათა შეფასების, საჭიროების შემთხვევაში დამატებით მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცული არ ყოფილა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებული სზაკ-ით დადგენილი მოთხოვნები. საქმეში არ არის დაცული ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც ასაღიარებელ ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობის დროებით ნაგებობად მიჩნევის წინაპირობებს დაადასტურებდა. მხოლოდ ის გარემოება, რომ ნაგებობა ხის კონსტრუქციისგან შედგება, არ ქმნის ნაგებობის დროებითად მიჩნევის საკმარის საფუძველს. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა (საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 13.5 მუხ.), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მართალია, 02.07.2020წ. განკარგულებაში მითითებულია, რომ შენობა-ნაგებობა 2005 წლის ორთოფოტოზე ჩანს ბუნდოვნად, თუმცა სადავო გადაწყვეტილებით კომისიას არ გამოურიცხავს ზემოთ მითითებული კანონის ამოქმედებამდე ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი, კომისიამ მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შეუძლებლობა ნაგებობის სტატუსს დაუკავშირა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შენობის სახეობის შესახებ დასკვნა უნდა ემყარებოდეს სრულყოფილ სპეციალურ გამოკვლევასა და შეფასებას. საქმის მასალებში დაცული შპს „მ...ს“ 04.07.2022წ. დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ის მიმდებარედ საკვლევი შენობა არის ერთ სართულიანი, ხის კონსტრუქციებით გადაწყვეტილი, მისი საძირკველი არის მონილითური ბეტონის ლენტური, ბეტონის მასალისა და ხის კონსტურქციული თავისებურებებიდან გამომდინარე შენობის ხნოვანება არანაკლებ 16-17 წელია. საკასაციო პალატა მიუთითებს სზაკ-ის 83.2 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. კომისიას მსგავსი ქმედება არ განუხორციელებია, თუმცა აგრეთვე არ დაუსაბუთებია წარდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საკმარისობა საკითხის გადასაწყვეტად. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება კომისიის მიერ განმცხადებლისთვის დამატებითი დოკუმენტაციის (მათ შორის ექსპერტიზის დასკვნის) წარდგენის დავალების უფლებამოსილების არარსებობაზე.
განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითება, რომ ნაკვეთი არ მდებარეობს მ. ბ-ეის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავედ არ ადასტურებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერებას, რადგან მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარება მოთხოვნილია არა როგორც საკუთრებაში არსებული მიწის მომიჯნავე ნაკვეთზე, მოთხოვნა ეხება ცალკე ნაკვეთს, რომელზედაც განლაგებულია შენობა. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2023წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა