საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-252(კ-23) 6 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ.ჯ-ა
მოპასუხე - კერძო აღმასრულებელი კ.გ-ი
მესამე პირი - ნ.ო-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 30 აპრილს თ.ჯ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და კერძო აღმასრულებლის - კ.გ-ის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 7 ნოემბრის №A16061801-017/001 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა. სარჩელის ავტორის განმარტებით, თ.ჯ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობილი იყო როგორც იპოთეკარებისთვის, ასევე, კერძო აღმასრულებლისთვისაც, ხოლო ნოტარიუსი, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას, ვალდებული იყო შეემოწმებინა თ.ჯ-ას ქმედუნარიანობა, რაც არ განუხორციელებია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით, №3/2620-18 ადმინისტრაციულ საქმეზე შეჩერდა წარმოება, №2/12847-18 სამოქალაქო საქმის განხილვამდე და მასზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ხოლო საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელე თ.ჯ-ას მხარდამჭერის - ნ.ჯ-ას განცხადება დაკმაყოფილდა და განახლდა №3/2620-18 ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით თ.ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 7 ნოემბრის №A16061801-017/001 განკარგულება. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კერძო აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებები არ ქმნიდა საკმარის ფაქტობრივ საფუძველს ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით, მიემართა აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით; ასევე, სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძვლად არსებული სამართლებრივი დოკუმენტების ბათილად ცნობის პირობებში არ არსებობდა სადავო აქტის ძალაში დატოვების საფუძველი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
კასატორის განმარტებით, როგორც წინმსწრები სააუქციონო მოქმედებები, ისე აუქციონის მიმდინარეობა და სადავო განკარგულებაში აუქციონის შედეგის ასახვა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელდა. კასატორის მითითებით, სადავო განკარგულების გამოცემის მომენტში სახეზე იყო კანონიერ ძალაში შესული სააღსრულებო ფურცელი, რომლის ფარგლებშიც დაიწყო სააღსრულებო წარმოება. ის ფაქტი, რომ მოგვიანებით საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სააღსრულებო ფურცელი, არ ქმნის აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, თბილისის სააღსრულებო ბიურომ კერძო აღმასრულებელს სააუქციონო მომსახურება გაუწია, რადგან არ არსებობდა სააუქციონო მომსახურების გაწევაზე კანონით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მოვალეს, მის წინააღმდეგ მიმდინარე წარმოებისა და განსახორციელებელი სააღსრულებო მოქმედებების თაობაზე კანონით დადგენილი წესით ეცნობა. წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე მოვალეს გაეგზავნა 28.06.2016 წელს, მაგრამ ვერ ჩაბარდა, რის შემდგომაც კერძო აღმასრულებელი გამოცხადდა მოვალის მისამართზე, თუმცა მოვალემ უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე. კერძო აღმასრულებელმა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე, გამოსცა განკარგულება სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ. ამდენად, აღნიშნული მოქმედებებით დასტურდება შეტყობინების მხარისათვის ჩაბარება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 7 ნოემბრის №A16061801-017/001 განკარგულების კანონიერება. ხსენებული აქტით თ.ჯ-ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (ქ. თბილისი, ..., I კვარტალი, კორპუსი 2ბ, ბინა №..., ს/კ ...) შემძენი 2016 წლის 3 ნოემბერს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ნ.ზ-ი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ხსენებული ნორმატიული აქტის მე-2 მუხლის „ნ“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო), კანონის 146 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას - სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ხოლო 147 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხსენებული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. 251 მუხლით, თანხის გადახდევინების საქმეებზე სააღსრულებო წარმოების ეტაპებია: ა) აღსრულების დაწყება; ბ) ქონებაზე ყადაღის დადება; გ) აუქციონის ჩატარება; დ) კრედიტორისათვის თანხის გადაცემა.
განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 22 იანვარს ნოტარიუს ე.შ-ის სანოტარო ბიუროში თ.ჯ-ას (მსესხებელი), ქ.დ-სა და ლ.ჩ-ს (გამსესხებლები) შორის გაფორმდა №... სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 3 თვის ვადით მსესხებელს სესხის სახით გადაეცა 30000 აშშ დოლარი. დადგენილია, რომ სესხი იყო სარგებლიანი და ყოველთვიურად შეადგენდა 2.5%-ს. სესხი უზრუნველყოფილი იყო მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით მდებარე: თბილისი, ..., I კვარტალი, კორპუსი 2ბ, ბინა ..., ს/კ ....
2016 წლის 17 ივნისის ცესიის/მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, მოთხოვნის დამთმობმა - ქ.დ-მა ახალ მფლობელს, იპოთეკარს - ნ.ზ-ს (შემდგომში - ნ.ო-ე) დაუთმო მოთხოვნა ნაწილობრივ, ხოლო ლ.ჩ-მა - სრულად, რომელიც გააჩნდა თ.ჯ-ას მიმართ, კერძოდ, ქ.დ-მა კუთვნილი 27000 აშშ დოლარიდან დათმო 4000 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო, ხოლო ლ.ჩ-მა - კუთვნილი 3000 აშშ დოლარი, სარგებელი და პირგასამტეხლო.
კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე 2016 წლის 27 ივნისს, ნოტარიუსის მიერ ნ.ზ-ის (ო-ის) სასარგებლოდ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა 7525 აშშ დოლარი, რასაც ემატება სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ქ. თბილისში, ..., I კვარტალი, კორპუსი 2ბ, ბინა ...-ში მდებარე (ს/კ ...) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მიექცა აღსასრულებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს კერძო აღმასრულებლის კომპეტენციას, კერძოდ, ხსენებული კანონის 147 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით: ა) კრედიტორის შესაბამისი განცხადების საფუძველზე დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით დადგენილ აუქციონის მოსამზადებელ პროცედურებს; ბ) მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) თავის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს სააუქციონო მომსახურების დადგენილი საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებებით წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები დამოწმებას არ საჭიროებს; გ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს განმეორებითი და ხელახალი აუქციონების მომზადებას ამ მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით კი, კერძო აღმასრულებელი პასუხისმგებელია წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის ფაქტობრივი მონაცემების სისწორეზე; აღსრულების ეროვნული ბიურო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებლის სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აკმაყოფილებს განაცხადს ან უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე. აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მისთვის წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის ამ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან/და სააუქციონო მომსახურების საფასურის გადაუხდელობის საფუძვლით კერძო აღმასრულებელს განაცხადის მიღებისას დაუდგინოს ხარვეზი. კერძო აღმასრულებლისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებლისათვის დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო უარს ეუბნება კერძო აღმასრულებელს სააუქციონო მომსახურების გაწევაზე. კერძო აღმასრულებელს უბრუნდება მის მიერ გადახდილი სააუქციონო მომსახურების საფასურის ნახევარი. კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია იმ გარემოებათა აღმოფხვრისას, რომლებიც საფუძვლად დაედო აღსრულების ეროვნული ბიუროს უარს, მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ ახალი განაცხადით. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის სააუქციონო დოკუმენტაციის განმეორებით წარდგენისას იგი სრულად იხდის სააუქციონო მომსახურების საფასურს.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ.ზ-მა (ნ.ო-ემ), როგორც 2016 წლის 17 ივნისის ცესიის/მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე კრედიტორმა, 2016 წლის 28 ივნისს მიმართა კერძო აღმასრულებელს - კ.გ-ს განცხადებით, რომლითაც მოითხოვა იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის - 2016 წლის 27 ივნისის №160696184 სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღება. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, კერძო აღმასრულებელმა კ.გ-მა 2016 წელს 28 ივნისს შეადგინა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლითაც თ.ჯ-ას განესაზღვრა ვადა, კერძო აღმასრულებლის სადეპოზიტო ანგარიშზე ნებაყოფლობით დაერიცხა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება. ამავე წინადადებით, კერძო აღმასრულებელი მიუთითებს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი ღონისძიებების თაობაზე თ.ჯ-ას გაფრთხილების შესახებ.
დადგენილია, რომ 2016 წლის 13 ივლისს კერძო აღმასრულებელმა კ.გ-მა ქ. თბილისში, ...ში, I კვარტალი, კორპუსი 2ბ, ბინა ...-ში მდებარე, თ.ჯ-ას საკუთრებაში არსებულ და საჯარო რეესტრში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას დაადო ყადაღა, ხოლო 2016 წლის 6 აგვისტოს მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარადგინა სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) თავის მიერ დამოწმებული ასლები და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეიტანა სააუქციონო მომსახურებისთვის დადგენილი საფასური. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში 2016 წლის 3 ნოემბერს გაიმართა იძულებითი საჯარო აუქციონი, რის შედეგად 2016 წლის 7 ნოემბერს მიღებული იქნა სადავო განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, რომლითაც განისაზღვრა, რომ თ.ჯ-ას საკუთრებაში ... საკადასტრო კოდით რიცხული უძრავი ქონების შემძენი გახდა ნ.ზ-ი (ო-ე). აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, უძრავი ქონება (ს/კ ...) საჯარო რეესტრში აღირიცხა ნ.ზ-ის (ო-ის) საკუთრებად.
ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ.ჯ-ა ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად და მხარდამჭერად დაენიშნა ნ.ჯ-ა. ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით თ.ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 22 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №160052776 და 2016 წლის 17 ივნისის ცესიის ხელშეკრულება №160657382. ასევე ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ე.შ-ის მიერ 2016 წლის 27 ივნისს გაცემული №160696184 სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც დაიწყო სადავო სააღსრულებო წარმოება. სასამართლომ მიუთითა, რომ თ.ჯ-ას, 2016 წლის 22 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს, ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეეძლო რეალური ვითარების სწორად აღქმა.
აღსანიშნავია, რომ თ.ჯ-ას ჯანმრთელობის აღნიშნულ მდგომარეობას ასახავს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის 13 დეკემბრის დასკვნაც, რომლის შესაბამისად, თ.ჯ-ას აღენიშნება მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. თ.ჯ-ას ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების ხარისხი წვრილმანი გარიგებების დადების, უძრავი ქონების მართვა-განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გაგრძელების და მისთვის სამომავლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების სფეროში მნიშვნელოვნადაა გამოხატული. თ.ჯ-ას მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. თ.ჯ-ას სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. შესაძლებელია მისი მდგომარეობის როგორც გაუმჯობესება ისე გაუარესება. თ.ჯ-ას ესაჭიროება მხარდამჭერი წვრილმანი გარიგებების, უძრავი ქონების მართვა-განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გაგრძელების და მისთვის სამომავლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების, უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების სფეროში, ასევე სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა ყველა სფეროში. შესაძლებელია, მან განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით თვითონ. თ.ჯ-ას არ შეუძლია გააცნობიეროს სასამართლო განხილვის დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო მოქმედებაში.
შპს „...ის“ 2018 წლის 30 მარტის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, თ.ჯ-ა დაავადებულია პარანოიდული შიზოფრენიით, რასაც მოწმობს ანამნეზური მონაცემები, სამედიცინო დოკუმენტაცია, დაავადების დაწყება მოზრდილობის ასაკში, იკვეთება სასიყვარულო შინაარსის ბოდვითი აზრები, ურთიერთობის დაძაბვა ოჯახის წევრების მიმართ, შრომითი საქმიანობის შეზღუდვა, ადაპტაციის გაძნელება, დაუკავშირებელი - აჩქარებული ასოციაციები, მსჯელობა დასაბუთებული, აზროვნება პარალოგიური, ამბივალენტური, რეზონიორული, უკრიტიკოა, ვლინდება მრისხანება დისფორიული ელფერის. მას არ შესწევს უნარი ადეკვატურად შეაფასოს მოვლენები. მსჯელობის ერთ ხაზს ვერ მიჰყვება და შეუძლებელია მისი მსჯელობიდან აზრის გამოტანა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-12 პუნქტზე, რომლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. როდესაც კორესპონდენციის მიღება დასტურდება მიმღების ხელმოწერით, ასეთი ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად, მაშინაც, თუ იგი შესრულებულია ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
დადგენილია, რომ 2016 წლის 28 ივნისის წინადადება თ.ჯ-ას არ ჩაბარებია. კერძო აღმასრულებელმა - კ.გ-მა 2016 წლის 14 ივლისს კვლავ შეადგინა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლითაც თ.ჯ-ას განუსაზღვრა ვადა და წესი ფულადი ვალდებულების შესასრულებლად. ამავე წინადადებით, კერძო აღმასრულებელი მიუთითებს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი ღონისძიებების თაობაზე თ.ჯ-ას გაფრთხილების შესახებ და ამავე დღეს მოითხოვა აღსრულების მხარისთვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების გზით გადაცემა. როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდიდან ამონაწერითა და აღსრულების ეროვნული ბიუროს 2022 წლის 11 ოქტომბრის წერილით ირკვევა, წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ საჯაროდ გამოქვეყნებული იქნა 2016 წლის 22 ივლისს.
საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება და ცესიის/მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება, ასევე, ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 27 ივნისს გაცემული №160696184 სააღსრულებო ფურცელი, რამეთუ ექსპერტიზის დასკვნებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ჩანაწერებით დადგინდა, რომ თ.ჯ-ა დაავადებულია პარანოიდული შიზოფრენიით. ამდენად დადასტურდა, რომ თ.ჯ-ა, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობისას, ასევე სააღსრულებო წარმოების განხორციელებისას, მოკლებული იყო რეალური ნების გამოხატვის შესაძლებლობას და არ შესწევდა ვითარების სწორად აღქმის უნარი.
საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ, გზავნილის სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ხსენებული კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამასთან, ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილია საჯარო შეტყობინების წესი, რომლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით.
ამდენად, სადავო ვითარებაში, კერძო აღმასრულებელი, ჩვეულებისამებრ, ვალდებულია, წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ მოვალეს აცნობოს რეგისტრაციის ანდა მისთვის ცნობილ რომელიმე მისამართზე, ხოლო გზავნილის გაგზავნის ვალდებულება აქვს სულ მცირე, ორჯერ მაინც და მხოლოდ შემდგომ, ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შეუძლია უზრუნველყოს ვებგვერდზე განთავსებით მისთვის შეტყობინების ჩაბარება. განსახილველ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც მხარემ, კერძო აღმასრულებლის მიერ მისამართზე მისვლისას, უარი განაცხადა გაფრთხილების (გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების) ჩაბარებაზე, კერძო აღმასრულებელმა 2016 წლის 14 ივლისს კვლავ გამოსცა თ.ჯ-ას მიმართ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და ამავე დღეს მოითხოვა აღსრულების მხარისთვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების გზით გადაცემა. წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ საჯაროდ გამოქვეყნდა 2016 წლის 22 ივლისს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო შემთხვევაში, სახეზეა კერძო აღმასრულებლის არათანმიმდევრული სააღსრულებო მოქმედებები (არ უზრუნველყო შეტყობინების გაგზავნა ორგზის; შეტყობინება არ გააგზავნა საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თბილისი, ..., I კვარტალი, კორპუსი 2ბ, ბინა №...; ამასთან, თ.ჯ-ას 2016 წლის 13 ივლისს, გაფრთხილების ჩაბარებაზე უარის გაცხადების დროს, ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეეძლო რეალური ვითარების სწორად აღქმა), რამაც თ.ჯ-ას წაართვა შესაძლებლობა, კანონით დადგენილი წესით გასცნობოდა აღსრულებასთან დაკავშირებით მომავალში განსახორციელებელ ცალკეულ ღონისძიებებს. გარდა იმისა, რომ სააღსრულებო წარმოების პერიოდში დაირღვა მოვალისათვის შეტყობინების ჩაბარების წესი, სადავო განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი, 2019 წლის 1 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაც წარმოიქმნა. საქალაქო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ თ.ჯ-ა, 2016 წლის 22 იანვარს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას დაავადებული იყო პარანოიდული შიზოფრენიით; დაავადება არის ქრონიკული, შეუქცევადი და უწყვეტად მიმდინარეობს, რის გამოც მას არ შეეძლო თავისი მოქმედებისთვის ეხელმძღვანელა და ანგარიში გაეწია მისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულებით (რომელიც ასევე ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით) გათვალისწინებული ახალი იპოთეკარი და უძრავი ქონების შემძენი ერთი და იგივე პირი - ნ.ზ-ია (ნ.ო-ე). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ სახეზეა აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც თ.ჯ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ...) შემძენი 2016 წლის 3 ნოემბერს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ნ.ზ-ი, თუმცა ამავდროულად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობის არსებობა არ გამორიცხავს მისი ბათილად ცნობის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ შესაბამისი აქტით არსებითად დარღვეულია სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მესამე პირების ინტერესი, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკასაციო საჩივარზე 01.03.2023წ. №03972 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.03.2023წ. №03972 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე