Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1084(2კ-22) 6 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები - სს „გ...“, შპს „ბ...“

მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „გ...მ“ და შპს „ ბ...“-მ 2018 წლის 20 დეკემბერს სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის უფროსის 23.07.2021წ. №13/46761 წერილის ბათილად ცნობა და ამავე სააგენტოსათვის, საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. №144 დადგენილებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად, სათანადო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც სს „გ...ს“ და შპს „ბ...“-ს დაუდგინდებათ პრივატიზების შედეგად საკუთრებაში გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე მიწის ნაკვეთის საზღვრები; სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.11.2018წ. №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 18.01.2019წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ამავე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციების საფუძველზე ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №1-ში (ყოფილი №3) მდებარე, თანასაკუთრების 27967 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) განთავსებული შენობა-ნაგებობების შესაბამის ფართებზე სს „გ...ს“ და შპს „ბ...“-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს სს „გ...ს“ და შპს „ბ...“-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 02.02.2022წ. №1-1/43 ბრძანების ბათილად ცნობა.

მოსარჩელეთა განმარტებით, სს „გ...“ და შპს „ბ...“ წლების მანძილზე უმოქმედო საწარმოები იყვნენ. მათ შემოსავალს შეადგენდა იჯარის ხელშეკრულებით მიღებული თანხა. მოსარჩელეებმა გადაწყვიტეს საწარმოთა ამუშავება და საქართველოს მთავრობის 08.06.2018წ. №1282 განკარგულების საფუძველზე, შპს „ბ...“-სა და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა 29.06.2018წ. №ა173-21 საგადასახადო შეთანხმება 2 თვის ვადაში 200000 ლარის გადახდის პირობით. აღნიშნული საგადასახადო შეთანხმება ჩაიშალა, ვინაიდან მოსარჩელეთა მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები არ აღმოჩნდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, ხოლო ამგვარი რეგისტრაციის გარეშე, ინვესტორებმა უარი თქვეს თანხის ინვესტირებაზე. მოსარჩელეების მითითებით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიაჩნია, რომ საწარმოს პრივატიზების შედეგად გადაცემული შენობა-ნაგებობების ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა არ შედის მის კომპეტენციაში და საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კი მიიჩნევს, რომ არც შენობა-ნაგებობები და არც მათ ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი პრივატიზებული არ არის, განმცხადებლებს არ გააჩნიათ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც ისინი საკუთრების უფლებას საჯარო რეესტრში ვერ დაირეგისტრირებენ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „გ...ს“ და შპს „ბ...“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის უფროსის 23.07.2021წ. №13/46761 წერილი (პასუხი) და ამავე სააგენტოს დაევალა საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. №144 დადგენილებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად სათანადო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც სს „გ...ს“ და შპს „ბ...“-ს დაუდგინდებათ პრივატიზების შედეგად საკუთრებაში გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე მიწის ნაკვეთის საზღვრები; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.11.2018წ. №... გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს 18.01.2019წ. №... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციების საფუძველზე ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №1-ში (ყოფილი №3) მდებარე - 27967 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) განთავსებული შენობა-ნაგებობების შესაბამის ფართებზე სს „გ...ს“ და შპს „ბ...“-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ასევე ბათილად იქნა ცნობილი სს „გ...ს“ და შპს „ბ...“-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 02.02.2022წ. №1-1/43 ბრძანება. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორებმა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტებით, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, რის საფუძველზეც, საქმეზე მიღებულ იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. №144 დადგენილებაზე მითითებით, კასატორი აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთის განსაზღვრის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოს მიერ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილის გასხვისება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება. ასევე არ დასტურდება საწარმოს აქციებთან ერთად უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობების) პრივატიზების გზით გასხვისების ფაქტი. სააგენტოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი არ არის საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის პროცესში ქონების შეფასების აქტი, რომლითაც უნდა დადასტურდეს სახელმწიფო საწარმოს ძირითად საშუალებათა ღირებულება და აღნიშნული ქონების შეტანა საწესდებო კაპიტალში. საქმეში ასევე არ მოიპოვება დოკუმენტაცია, რომელშიც მითითებული იქნებოდა საწარმოს ქონების შემადგენლობა და ფასი, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, დაედგინა რომ აქციათა პრივატიზაციის პროცესი ასევე ითვალისწინებდა უძრავი ქონების გადაცემას. საქმეში არსებული არცერთი დოკუმენტით არ დასტურდება აქციების პრივატიზებით სააქციო საზოგადოებისათვის ყოფილი სახელმწიფო საწარმოს კუთვნილი ქონების გადაცემა. კასატორის განმარტებით, სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა პრივატიზაციის მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ, ზოგად ცნებას და საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეესწავლა კანონის იმ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, რომლითაც რეგულირდებოდა ქონების გადაცემის კონკრეტული წესი და პირობები.

კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესასრულებლად მიღებულ სამართლებრივ აქტებზე მითითება მიზანშეწონილი იქნებოდა მაშინ, თუკი დავის საგანი აქციებთან დაკავშირებული საკითხი იქნებოდა, ასევე, თუკი აქციათა ღირებულების განსაზღვრა მხოლოდ აქტივზე დაფუძნებული მეთოდით განხორციელდებოდა. სამინისტროს მითითებით, საწარმოს აქციათა პრივატიზება საწარმოს მიერ უძრავი ქონების მიმართ მოთხოვნაზე გავლენას არ ახდენს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ, სათანადო მოსარჩელეობასთან დაკავშირებით აპელანტის პოზიცია არ გაიზიარა და მიუთითა, რომ რეალურად უფლების მქონე სუბიექტს შენობა-ნაგებობის ინდივიდუალურ წილებზე წარმოადგენს სს „გ...“, რომელმაც უფლება მოიპოვა პრივატიზების შედეგად და შპს „ბ...“, რომელმაც უფლება მიიღო სს „გ...საგან“ გამოყოფის შემდეგ. მესაკუთრეთა შორის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართების გამიჯვნაზე კი სასამართლომ აღნიშნა, რომ ამგვარი მოთხოვნა სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში განსახილველ საკითხს წარმოადგენდა. კასატორის მითითებით, სათანადო მოსარჩელის გარკვევისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, არსებობს თუ არა ის ნიშნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მხარე. მოცემულ შემთხვევაში, შპს „ბ...“ ნამდვილად არის დაინტერესებული საქმის განხილვით, თუმცა ფაქტობრივი შემადგენლობა და სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლებრივი საფუძველი შპს-ს ანიჭებს თუ არა მოთხოვნის უფლებას სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოსა თუ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, სასამართლოს არ შეუფასებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 16.08.2018წ. სს „გ...მ“ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს, წარადგინა შპს „ბ...“-ს და სხვა უფლებამოსილ პირთა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები სათანადო მასალების თანდართვით და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №1-ში 27967 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა (ს/კ №...) და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე უფლებების გამიჯვნა და ცვლილებების რეგისტრაცია (უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.08.2018წ. №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დასკვნაში მიეთითა, რომ საჯარო რეესტრში თავდაპირველად წარმოსადგენი იყო ახალი სარეგისტრაციო განცხადება შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაციით (საკუთრების მოწმობა, აზომვითი ნახაზი და სხვ.) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, რათა მომხდარიყო უძრავი ნივთის (ს/კ №...) ყველა თანამესაკუთრის იდენტიფიკაცია, რის შემდგომაც ყველა თანამესაკუთრის ურთიერთშეთანხმების და მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.09.2018წ. №...- გადაწყვეტილებით, სს „გ...ს“ 16.08.2018წ. №... განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ მიზეზით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

სს „გ...მ“ 15.10.2018წ. №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.10.2018წ. №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და გადაწყვეტილების დასკვნით ნაწილში მიეთითა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, კანონმდებლობის შესაბამისად საკუთრების რეგისტრაციისათვის წარსადგენი იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.11.2018წ. №... სადავო გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.11.2018წ. №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, მისი გაუქმების მიზნით, გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 18.01.2019წ. №... გადაწყვეტილებით სს „გ...ს“ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ერთი მხრივ, დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისის სასამართლოს 1997 წლის 28 მაისის დადგენილებით, განხორციელდა სს „გ...ს“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში და იგი წარმოადგენს ...ის ...ის სამართალმემკვიდრეს, ასევე, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 10 დეკემბრის მიმართვით, სს „გ...ს“ საწესდებო კაპიტალის აქციების 100% სახელმწიფოს მიერ გასხვისებულია და იმყოფება კერძო მფლობელობაში, ხოლო მეორე მხრივ, მიუთითა, რომ დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოადგენდა სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე მისი საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს, ვინაიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 მარტის №17/14528 და №17/14525 წერილების თანახმად, სს „გ...ს“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსაგან ეტაპობრივად აქვს გამოსყიდული საწარმოს აქციები და არა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი.

საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების საწყის ეტაპზე მოქმედი ნორმატიული აქტების ზოგიერთ დანაწესზე, კერძოდ, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 09.08.1991წ. კანონზე (ძალადაკარგულია - „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის გამოქვეყნებიდან 09.07.1997 წლიდან), რომლითაც განისაზღვრა სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზება და არა სახელმწიფო ქონების პრივატიზება იმ გაგებით, რაც მოგვიანებით ამოქმედებული ნორმატიული აქტებით დადგინდა. ეს იყო ქვეყანაში მიმდინარე სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციებისგან განსახელმწიფოებრიობის საწყისი ეტაპი, რაც საკანონმდებლო სივრცეში შემოღებულ სრულიად ახალი ნორმებით რეგულირდებოდა. კანონი განსაზღვრავდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ და სოციალურ საფუძვლებს. „სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. №288 დადგენილების საფუძველზე (ცვლილებები შეტანილ იქნა 16.09.1993წ №689 დადგენილებით) სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და მისი ტერიტორიული ორგანოები შეუდგნენ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებას მათი სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის გზით (პუნქტი 1). კანონმდებლობით დადგინდა სახელმწიფო საწარმოთა გარდაქმნა სააქციო საზოგადოებებად, ხოლო შემდეგ აქციათა გაყიდვა. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. №288 დადგენილების №1 დანართით დამტკიცდა სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ დებულება. დებულების მე-10 პუნქტით სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის მომენტიდან საწარმოს ქვედანაყოფის პასივები და აქტივები მიიღებოდა სააქციო საზოგადოების მიერ. იგი ხდებოდა გარდაქმნილი საწარმოს უფლებებისა და მოვალეობების მემკვიდრე. მე-10 პუნქტის მე-2 აბზაცის მიხედვით, სააქციო საზოგადოების ქონების შემადგენლობა მისი დაარსების მომენტში აისახებოდა მისი შეფასების აქტში. მე-13 პუნქტის მე-2 აბზაცით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენდა მისი აქციების ემისიის პროსპექტს. მე-14 პუნქტის შესაბამისად, აქციათა გაყიდვა ხორციელდებოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ საწარმოს პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეთა იურიდიულ მისამართზე - ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №3, 1970-იანი წლებიდან ფუნქციონირებდა ...- .... აღნიშნულ ...ას ქ. ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 26.06.1974წ. №380 გადაწყვეტილებით (ოქმი №15&20) იმავე მისამართზე გამოეყო 2,5 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო (და არის) ...ის საწარმოო და ადმინისტრაციული კორპუსები.

...ის ...ის სააქციო საზოგადოება „გ...ს“ დაფუძნების შესახებ 1997 წლის 12 მაისის №193 ბრძანებით დასტურდება, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №298 დადგენილებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ...ის ...ის სარეგისტრაციო №10.10.96 №1177 სერტიფიკატისა და სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს მოწოდებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, სამმართველოს 1997 წლის 5 მაისის კომისიის სხდომის ოქმის რეკომენდაციის საფუძველზე, დაფუძნდა სააქციო საზოგადოება „გ...“ (ყოფილი ...ის ...); დამტკიცდა ...ის ...ის პრივატიზაციის გეგმა და ჩაითვალა იგი საზოგადოების აქციების ემისიის პროსპექტად; დამტკიცდა სააქციო საზოგადოება „გ...ს“ საწესდებო კაპიტალი 1084137 ლარის ოდენობით; სს „გ...ს“ სამეთვალყურეო საბჭოს დაევალა: უზრუნველეყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №788 დადგენილების, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება; სამმართველოს შესაბამის განყოფილებასთან ერთად საწარმოს სრული გამოსყიდვის დროს კოლექტივის წევრების მიერ პირადი დანაზოგების ქონების გამოსასყიდად გადახდილი თანხების ჩათვლისა და მათი შესაბამისი აქციების გაცემის თაობაზე ქონების მართვის სამინისტროში წარსადგენად მასალების მომზადება; ასევე, პრივატიზაციისა და ფასიანი ქაღალდების მართვის განყოფილებას დაევალა სააქციო საზოგადოების დაფუძნების შესახებ ინფორმაციის სამინისტროში წარსადგენად მომზადება, სააქციო საზოგადოების სრული დოკუმენტაციის დატოვება და განაწილების გარეშე დარჩენილი აქციების განთავსებაზე წინადადების მომზადება. ამდენად, სააქციო საზოგადოება „გ...“ გახდა გარდაქმნამდე არსებული ...ის ...ის ვალდებულებათა სამართალმემკვიდრე.

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 10.12.1999წ. №06-105/7-2 წერილის თანახმად, სს „გ...ს“ საწესდებო კაპიტალის აქციათა 100% გასხვისებულ იქნა ნულოვან აუქციონზე და ეს აქციები მთლიანად იმყოფება კერძო მფლობელობაში. სს „გ...ს“ აქციონერთა საერთო კრების 19.12.2011წ. გადაწყვეტილებით (ოქმი №2) დამტკიცებული გეგმის საფუძველზე განხორციელდა რესტრუქტურიზაცია და სს „გ...ს“ გამოეყო: შპს „ბ...“ და შპს „ნ...“ - 25.01.2002 წელს, ხოლო სს „გ...ს“ აქციონერთა საერთო კრების 14.03.2003წ. გადაწყვეტილების საფუძველზე - შპს „ი...“ 18.03.2003 წელს.

მეწარმეთა რეესტრში საწარმოს რეგისტრაციის შესახებ მონაცემების თანახმად, საწარმოს საქმიანობის საგანია: ...ის ნაწარმის წარმოება, ასევე ნებისმიერი სახის სამეურნეო საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; საწარმოს დამფუძნებელია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო; საწარმოს საწესდებო კაპიტალი შეადგენს 1054187 (ერთი მილიონ ორმოცდათოთხმეტი ათას ას ოთხმოცდაშვიდი) ლარს, რომელიც დაყოფილია 1054187 ცალ სახელობით ჩვეულებრივ აქციად. ერთი აქციის ნომინალური ღირებულება ერთი ლარია.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების მითითებას მასზედ, რომ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტებით არ დგინდება სადავო ქონების პრივატიზაციის ფაქტი და მიუთითებს, რომ საქართველოში 1997 წლის 30 მაისამდე მოქმედი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 09.08.1991წ. კანონის 1.1 მუხლით „პრივატიზება“ განმარტებული იყო, როგორც მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რის შედეგადაც, ისინი თავის თავზე იღებდნენ ამ უფლებებიდან გამომდინარე ქონებრივ, საფინანსო და სხვა ვალდებულებებს. ამავე კანონის 1.2 მუხლის თანახმად, პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფო კარგავდა პრივატიზებული ქონების (ობიექტების) ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მათი მართვის უფლებას. ხსენებული კანონის 3.3 მუხლის თანახმად, პრივატიზების ობიექტს წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმო ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ხოლო მე-16 მუხლი ადგენდა სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესაძლებლობას აქციების (პაის) გაყიდვის გზით. ამ მიზნით, სახელმწიფო საწარმო წინასწარ უნდა გარდაქმნილიყო სახელმწიფო სააქციო საზოგადოებად და ამხანაგობად, ხოლო მათი რეგისტრაციის შემდეგ, საწარმოთა აქციების პაკეტი გადაეცემოდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების ფონდს, საკონკურსო საწყისებზე გაყიდვის მიზნით.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. №288 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული „სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ დებულებით“ სავალდებულოდ ჩაითვალა პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით სააქციო საზოგადოების წესდების, ქონების შეფასების აქტისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება (დებულების მე-6 პუნქტი). ამასთან, დებულების მე-10 პუნქტით დადგინდა, რომ სააქციო საზოგადოების ქონების შემადგენლობა მისი დაარსების მომენტში აისახებოდა შეფასების აქტში. დებულების მე-13 პუნქტის თანახმად, დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენდა მისი აქციების ემისიის პროსპექტს (წერილობით შეტყობინებას, ფასიანი ქაღალდის გასაყიდად შეთავაზების მიზნით), ხოლო მე-14 პუნქტის შესაბამისად, აქციათა გაყიდვა ხორციელდებოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ, საწარმოს პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად. ამდენად, მითითებულ პერიოდში სახელმწიფო ქონების პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და შემდგომ აქციების გამოსყიდვა. ამასთან, სავალდებულოდ ჩაითვალა ქონების შეფასების აქტისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებენ სადავო პერიოდში სს-ის დაფუძნების, მისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის და პრივატიზების ფაქტს, კერძოდ: 1) პრივატიზაციის გეგმის თანახმად, გარდაქმნამდელ ობიექტს წარმოადგენს ...ის ..., რომლის იურიდიული მისამართია - ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №3; ქონების ნომინალური ღირებულება შეადგენს 1054187 ლარს. პრივატიზაციის გეგმას, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს, თან დაერთო: ა) 1993, 1994, 1995, 1996 წლების საწარმოო ბალანსები; ბ) სააქციო საზოგადოების წესდება; გ) კონფერენციის ოქმი და ბრძანება სამუშაო კომისიის შექმნის შესახებ; დ) საწარმოს მიწის ნაკვეთის განლაგების სიტუაციური გეგმა. პრივატიზაციის გეგმა დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს უფროსის, ქუთაისის ვიცე-მერის 12.05.1997წ. №183 ბრძანების საფუძველზე (რომლის საფუძველზეც ასევე დაფუძნდა სს „გ...“ (ყოფილი ...ის ...)) და იგი ჩაითვალა საზოგადოების აქციების ემისიის პროსპექტად. ასევე დამტკიცდა სს „გ...ს“ საწესდებო კაპიტალი 1054187 ლარის ოდენობით. 2) 01.01.1997წ. მდგომარეობით საწარმოს ღირებულების შეფასების აქტის მიხედვით, ძირითადი საშუალებების პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობები და სხვ.) ნარჩენი ღირებულება შეადგენს 254 570 ლარს. 3) აუდიტორული ფირმა შპს „ა...ის“ 18.02.1997წ. აუდიტორულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ შესწავლილი იქნა ...ის ...ის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნასთან დაკავშირებით საწესდებო კაპიტალის ფორმირების მასალები, ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობების და გადამცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულება განისაზღვრა 254 570 ლარით. 4) სს „გ...ს“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 28.05.1997წ. №12/5-73 დადგენილების მიხედვით, სს „გ...“ წარმოადგენს ...ის ...ის სამართალმემკვიდრეს და მისი იურიდიული მისამართია ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №3. საწარმოს დამფუძნებელია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო. საწარმოს საწესდებო კაპიტალი შეადგენს 1054187 ლარს, რომელიც დაყოფილია 1054187 ცალ სახელობით ჩვეულებრივ აქციად. ერთი აქციის ნომინალური ღირებულება ერთი ლარია. სასამართლოს მიერ 28.05.1997წ. რეგისტრირებულ სს „გ...ს“ წესდებაში ასახულია იგივე სარეგისტრაციო მონაცემები და წესდების 4.1 მუხლში დამატებით მითითებულია, რომ საწესდებო კაპიტალი იქმნება ...ის ...ის ქონებრივი შენატანის საფუძველზე, რომელიც შეფასებულია 01.01.1997წ. მდგომარეობით. 5) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის პირველი მოადგილის 10.12.1999წ. №06-105/7-2 წერილის თანახმად, სს „გ...ს“ საწესდებო კაპიტალის აქციების 100% სახელმწიფოს მიერ გასხვისებულია და იმყოფება კერძო მფლობელობაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ...ის ...ის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის მიზანს წარმოადგენდა ყოფილი სახელმწიფო საწარმოს კუთვნილი ქონების (გარდა მიწის ნაკვეთებისა), აქციების პრივატიზების გზით, სააქციო საზოგადოებაზე გადაცემა. „სახელმწიფოს მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება იმავდროულად ნიშნავს სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობას (განკარგვას), ვინაიდან ამ დროს ხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებად, თუნდაც ამ იურიდიული პირის წილთა 100%-ის მესაკუთრედ სახელმწიფო დარჩეს“ (სუს დიდი პალატის 06.11.2003წ. №3გ-ად-15-გ-03 განჩინება). ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ მითითებული ნორმატიული მოწესრიგების გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია კასატორების პრეტენზია პრივატიზაციის ფაქტის დაუდგენლობის თაობაზე. პრივატიზაციის პროცესი განხორციელდა იმ დროისთვის მოქმედი კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით, შესაბამისი შეფასების აქტისა და პრივატიზაციის გეგმის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ კანონით აქცია განმარტებულია, როგორც ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში“. აქციას საკმაოდ სპეციფიკური სამართლებრივი ბუნება აქვს. ერთი მხრივ, აქცია მოიცავს სააქციო საზოგადოების წევრობისა და მის მართვაში მონაწილეობის კომპონენტს. ამ მიმართებით, აქციონერს, სააქციო საზოგადოებაში მისი მონაწილეობის შესაბამისად, აქვს ხმის უფლება, ინფორმაციის მიღების უფლება, კონტროლის უფლება, საერთო კრების გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებები. მეორე მხრივ, აქცია არის სააქციო საზოგადოების ქონებაში მესაკუთრის წილობრივი საკუთრების გამომხატველი და წილზე უფლების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ის არის „წილობრივი ფასიანი ქაღალდი“ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის განმარტებით. საკუთრება აქციაზე მატერიალიზებადია აქციის განკარგვის შემთხვევაში, ასევე საზოგადოების ლიკვიდაციისას, რადგანაც ის აძლევს აქციონერს უფლებას მიიღოს ლიკვიდირებული სააქციო საზოგადოების ქონება თავისი წილის შესაბამისად. გარდა ამისა, აქცია აძლევს მის მესაკუთრეს საწარმოს მოგებიდან წილის მიღების უფლებას. ამდენად, აქცია არ არის სავარაუდოდ მისაღები, ვირტუალური შემოსავალი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე დივიდენდებს შეეხება. ის არის აქციონერის სამართლებრივად განმტკიცებული ქონებრივი უფლებებისა და პოზიციის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სიკეთეს წარმოადგენს... სააქციო საზოგადოებების ჩამოყალიბების პროცესი საქართველოში, ისევე როგორც იმ სახელმწიფოებში, სადაც ეკონომიკის სოციალისტური სისტემა მოქმედებდა, გარკვეული თავისებურებებით წარიმართა. სააქციო საზოგადოებების ძირითადი ნაწილი პრივატიზების შედეგად არის შექმნილი... საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 აგვისტოს კანონი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ იმისათვის, რომ საწარმოს მუშაკები გამხდარიყვნენ საწარმოს მყიდველები და ესარგებლათ კანონით დაშვებული შეღავათებით, მოითხოვდა ამხანაგობის შექმნას. სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზება მისი მუშაკების მიერ წარმოადგენდა მიზანმიმართულ მოქმედებას და ეს პროცედურა თავისთავად გულისხმობდა მუშაკების მხრიდან თავისუფალი ნების გამოვლენას. 1994 წლის 14 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო დადგენილება №287 „საქართველოს რესპუბლიკაში საპრივატიზაციო ბარათების სისტემის შემოღების შესახებ“, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკის ყოველ მოქალაქეს 1993 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით უფლება მიენიჭა, მიეღო ერთი საპრივატიზაციო ბარათი, რომელიც საშუალებას მისცემდა საკუთრებაში უფასოდ მიეღო განსაზღვრული საერთო სახელმწიფო (საპრივატიზაციო) ქონებიდან თანაბარი წილი. ამ დადგენილებით დამტკიცებული „საპრივატიზაციო ბარათების შესახებ“ დებულების შესაბამისად, საპრივატიზებო ბარათებით განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოების, მათი ქვედანაყოფების, ქონების, სააქციო საზოგადოებაში და ამხანაგობებში აქციებისა და წილის საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებისადმი უსასყიდლოდ გადაცემის მექანიზმის რეალიზაცია. საპრივატიზებო ბარათები მოქმედებდა, როგორც გადახდის საშუალება. მოქალაქეს ჰქონდა სრული თავისუფლება, თავისი ნების შესაბამისად განეკარგა თავისი კუთვნილი ვაუჩერი – მოეხდინა მისი რეალიზაცია ან გამოეყენებინა ვაუჩერი რომელიმე სააქციო საზოგადოების აქციების შესაძენად. სწორედ ასეთ სამართლებრივ პირობებში ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოებების უმრავლესობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 18.05.2007წ. №2/1/370, 382, 390, 402, 405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პ. 9, 18).

ამრიგად, კასატორების პოზიცია იმის შესახებ, რომ სს "გ...ს" დაფუძნებისას არ მოუპოვებია შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლება, უსაფუძვლოა, რამეთუ ...ის ...ის ქონების შეფასების აქტის, სადაც მითითებულია საწარმოს ძირითადი საშუალებები და პრივატიზაციის გეგმის თანახმად, ასევე სს "გ...ს" წესდების და ქუთაისის სასამართლოს 1997 წლის 28 მაისის დადგენილებით, საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სააქციო საზოგადოებას გადაეცა ყოფილი სახელმწიფო საწარმოს კუთვნილი ქონება, ხოლო სს "გ...ს" აქციების პრივატიზებით, დასტურდება აქციონერთა სააქციო საზოგადოების ქონებაში მესაკუთრეთა წილობრივი საკუთრება და წილზე უფლების არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 74 მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ამავე კანონის 3.1​1 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი. ამავე დანაწესს შეიცავს მითითებული კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. №144 დადგენილებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის“ 1.2 მუხლი (საქართველოს მთავრობის 17.09.2012წ. №388 დადგენილებით შეტანილი ცვლილება). მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის „წესი“ ადგენს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრის პირობებს. აღნიშნული „წესის“ 5.5 მუხლის შესაბამისად, ქონების სააგენტო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იხილავს და გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შენობისათვის/ნაგებობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრების განსაზღვრის ან აღნიშნულზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტაციაზე, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.11.2014წ. №... წერილის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით უძრავ ნივთზე, მდებარე ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ..., №1 (ყოფ. №3) მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ..., სახელმწიფოს საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 16.01.2015წ. წერილით ირკვევა, რომ ქ. ქუთაისში, ...ის ქ. მდებარე, საკადასტრო კოდი ..., განთავსებული შენობები (ყოფ. ...ის ...), შპს „ ბ...ს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის საარქივო მასალების შესაბამისად, წარმოადგენს სს „გ...ს“ საკუთრებას. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმოწერით, მათ შორის, აღნიშნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 21.11.2018წ. №13/64409 და 30.11.2018წ. №13/65665 პასუხებით დასტურდება, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მის ადგილობრივ ქვედანაყოფს ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №1-ში (ყოფილი №3) არსებულ ქონებაზე პრეტენზია არ გააჩნია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად მოითხოვენ შენობა-ნაგებობებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრას და მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას იერარქიის ერთი და იგივე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობასთან დაკავშირებით, რადგან 2016 წლის 3 ივნისს მიღებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ (2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედი სათაური) საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად. ამდენად, მითითებული ნორმით გათვალისწინებულია არა შენობა-ნაგებობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრა, როგორც ეს მოცემულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის N144 დადგენილებაში, რომლითაც სხვადასხვა წესი მოქმედებს მიწის ნაკვეთის ფართობის განსასაზღვრად, არამედ საკუთრების უფლება რეგისტრირდება მხოლოდ შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის, კერძოდ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. №144 დადგენილებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად სათანადო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება პრივატიზების შედეგად საკუთრებაში გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე სს „გ...სა“ და შპს „ბ...“-სათვის მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №1-ში (ყოფილი №3) მდებარე, თანასაკუთრების - 27967 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) განთავსებულ შენობა-ნაგებობების შესაბამის ფართებზე სს „გ...სა“ და შპს „ბ...“-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დავალების თაობაზე.

რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას სათანადო მოსარჩელესთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 აგვისტოს №...- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით დგინდება, რომ უძრავი ნივთის ს/კ ... დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარმოდგენილია დაყოფის შედეგად წარმოქმნილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები, შენობა-ნაგებობების შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზები და ოქმი სს „გ...ს“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ, რომლის მიხედვით მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები იყოფა შპს „ი...ს“ (ს/ნ...), შპს „ბ...“-ს (ს/კ...) და სს „გ...ს“ (ს/კ...) შორის. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ შპს „ი...ს“ ინდივიდუალურ საკუთრებაში გამოყოფილი შენობა-ნაგებობა უკვე აღრიცხული აქვს საჯარო რეესტრში საკუთრებად სს „გ...ს“ აქციონერთა 14.03.2003წ. კრების ოქმის საფუძველზე, ხოლო შპს „ნ...“ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 თებერვლის დადგენილების საფუძველზე შეერწყა შპს „ბ...“-ს და გაუქმდა მიერთებული საწარმოს რეგისტრაცია. ამდენად, რეალურად უფლების მქონე სუბიექტს, შენობა-ნაგებობის ინდივიდუალურ წილებზე წარმოადგენენ სს „გ...“, რომელმაც უფლება მოიპოვა პრივატიზაციის შედეგად და შპს „ბ...“, რომელმაც უფლება მიიღო სს „გ...სგან“ გამოყოფის შემდეგ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე