საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-401(კ-კს-23) 6 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჯ. გ-ი
მესამე პირები - კ. გ-ი, ზ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 15 ოქტომბერს ჯ. გ-იმა სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 26 ივლისის №..., 2021 წლის 28 სექტემბრის №..., 2021 წლის 13 სექტემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისისათვის ჯ. გ-ის №... სარეგისტრაციო განცხადების დაკმაყოფილებისა და რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილების რეგისტრაციის განხორციელების - მონაცემების დაზუსტების დავალება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ კ. გ-ი და ზ. გ-ი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 26 ივლისის №..., 2021 წლის 28 სექტემბრის №... და 2021 წლის 13 სექტემბრის №... გადაწყვეტილებები; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, სასამართლოს მიერ გაკეთებულ შეფასებებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურატურიდან მოწოდებული წერილებით ცალსახად დგინდებოდა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ იყო დასრულებული და დოკუმენტაციის სიყალბის დადგენის მიზნით გამოძიება მიმდინარეობდა, რაც რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა.
კასატორის მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ(1)“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი გულისხმობს სწორედ იმ შემთხვევას, როდესაც სახელმწიფო ან კერძო პირთა ინტერესების ხელყოფის თავიდან აცილებისა და უძრავი ქონების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით, სარეგისტრაციო სამსახური საეჭვოდ მიიჩნევს სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებს და აჩერებს სარეგისტრაციო წარმოებას. სარეგისტრაციო სამსახურის აღნიშნული შესაძლებლობა განუყოფელია მისი დანიშნულებიდან და ეჭვის არსებობის შემთხვევაში სარეგისტრაციო სამსახური არა თუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება.
კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ თავისთავად გამოძიების არსებობა დოკუმენტების სიყალბის ფაქტზე, წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს, პროკურატურაში გაგზავნილ წერილზე პასუხის დაბრუნებამდე. განსახილველ შემთხვევაში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, მისი სავარაუდო სიყალბის დადგენის მიზნით, გადაგზავნილია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში, სადაც დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს გამოძიება და საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აღნიშნული კი, სახელმწიფო ან კერძო პირთა ინტერესების ხელყოფის თავიდან აცილებისა და უძრავი ქონების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით, წარმოადგენს რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ უგულებელყოფილი იქნება ამა თუ იმ უძრავი ნივთის რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის სიყალბესთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მესაკუთრე განკარგავს უძრავ ნივთს და სიყალბის დადგენის შემთხვევაში, სახეზე გვექნება უკანონოდ გასხვისებული ქონება, რაც თავის მხრივ აზრს უკარგავს სისხლის სამართლის გამოძიებასაც. კასატორის მოსაზრებით, ამგვარი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, დაუსაბუთებელია სასამართლოს განმარტება, რომ სააგენტოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
პროკურატურიდან მოწოდებული წერილებით ცალსახად დგინდებოდა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ იყო დასრულებული და დოკუმენტაციის სიყალბის დადგენის მიზნით გამოძიება მიმდინარეობდა, რაც ცალსახად რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა. აღნიშნული კი ემსახურება როგორც უკანონო ქონების განკარგვის, ასევე მესამე პირის ინტერესების დაცვასაც. თუ მარეგისტრირებელ ორგანოს არ ევალება დაელოდოს პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილებას, მაშინ აზრი ეკარგება სააგენტოს ვალდებულებას, საეჭვოობისას მიმართოს საგამოძიებო ორგანოს, დოკუმენტაციის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით. სასამართლოს ამგვარი განმარტება ასევე შეიძლება არაკეთილსინდისიერად იქნეს გამოყენებული იმ პირთა მიერ, რომელთა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უფლების დამდგენი დოკუმენტაცია უკანონოდ არის მიღებული. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ სადავო საქმის განხილვისას გამოვლენილი საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები საშუალებას აძლევდა სასამართლოს, სადავო საკითხი არსებითად გადაეწყვიტა და უარი ეთქვა მოსარჩელისთვის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ...ში მდებარე 3000.97 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) 2007 წლიდან წარმოადგენს ჯ. გ-ის საკუთრებას, ხოლო მოსარგებლეებად ასევე ფიქსირდებიან ზ. გ-ი და კ. გ-ი.
2013 წლის 21 ნოემბერს ჯ. გ-იმა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. 2013 წლის 27 ნოემბერს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლის თანახმადაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ უძრავი ნივთის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია 2013 წლის 27 ნოემბრის №... წერილით გამოსაკვლევად გადაგზავნილ იქნა სამართალდამცავ ორგანოში, შესაბამისად პასუხის მიღებამდე შეჩერდა წარმოება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ 2013 წლის 27 ნოემბრის №... წერილით სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას აცნობა, რომ ჯ. გ-იმა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და ითხოვა ს.კ. ... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ცვლილების რეგისტრაცია. აღნიშნული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო საეჭვო დოკუმენტების საფუძველზე, შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია გაეგზავნა პროკურატურას გამოსაკვლევად.
2017 წლის 11 აგვისტოს ჯ. გ-იმა განცხადებით კვლავ მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და ითხოვა ეცნობებინათ რა ეტაპზე იყო სარეგისტრაციო განხილვა. 2017 წლის 17 აგვისტოს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმადაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ უძრავი ნივთის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაზე 2017 წლის 17 აგვისტოს №... წერილით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება მიიღებოდა აღნიშნულ მიმართვაზე პასუხის მიღების შემდეგ.
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2017 წლის 16 სექტემბრის №13/34-60039 წერილით დგინდება, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №01606907 საქმეზე, ბორჯომის რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2017 წლის 24 ოქტომბერს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმადაც მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 24 ოქტომბრის №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოდან. განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2017 წლის 24 ოქტომბრის №... წერილზე პასუხის მიღებისთანავე.
2020 წლის 31 ივლისს ჯ. გ-იმა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს, წარუდგინა ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის 16 მაისის №02 4717 წერილი, აცნობა, რომ ვინაიდან მათ მიერ მუნიციპალიტეტში გადაგზავნილ წერილზე იდენტურობასთან დაკავშირებით დღემდე რეაგირება არ იყო, მან თავად მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტს და წარდგენილი წერილის საფუძველზე ითხოვა გადაწყვეტილების მიღება.
2020 წლის 9 ივლისს და 2020 წლის 3 აგვისტოს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო №... და №... გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმადაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ უძრავი ნივთის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაზე 2017 წლის 17 აგვისტოს №... წერილით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან და გადაწყვეტილება მიიღებოდა აღნიშნულ მიმართვაზე პასუხის მიღების შემდეგ. 2021 წლის 21 ივლისს ჯ. გ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს, დამატებით წარადგინა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის №13/34-43143 წერილი, რომლითაც მას ეცნობა, რომ სისხლის სამართლის №01606907 საქმეზე პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე გამოძიების თაობაზე მითითებულ უძრავ ნივთზე ს.კ. ... პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე არ იყო რეგისტრირებული რაიმე სახის სამართლებრივი შეზღუდვა და ქონების რეგისტრაციის საკითხის გაგრძელება არ წარმოადგენდა საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციას.
2021 წლის 26 ივლისს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმადაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა პროკურატურიდან პასუხის მიღების შემდეგ. გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ჯ. გ-იმა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 13 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით ჯ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაევალა №... განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება იმ მოტივით, რომ 2021 წლის 26 ივლისის №... გადაწყვეტილებაში მითითებული საფუძველი აღარ არსებობდა, რადგან სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან 2017 წლის 13 სექტემბერს მიღებული იქნა პასუხი. ამდენად სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს უნდა მიეღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობებოდა, რომ უძრავი ნივთის სარეგისტრაციო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის №01606907 საქმეზე, შესაბამისად სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნული საქმის დასრულების შემდეგ.
2021 წლის 28 სექტემბერს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლის თანახმადაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკადასტრო კოდზე ... რეგისტრირებული უფლების საფუძველი იყო №1 გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით კი საოლქო პროკურატურაში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის №01606907 საქმეზე, შესაბამისად სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნული საქმის დასრულების შემდეგ.
საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეული უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ1“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში. მითითებული საფუძვლით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 60 კალენდარული დღე. ამ მუხლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიიღება უფლების/ვალდებულების რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ გადაწყვეტილება, თუ არ არსებობს ამ უფლების/ვალდებულების რეგისტრაციის გამომრიცხავი სხვა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ჯ. გ-ის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2007 წლიდან დაუზუსტებელი მონაცემებით. მონაცემების დაზუსტების მოთხოვნით მან 2013 წელს მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს, თუმცა ამ უფლების რეალიზება ვერ განახორციელა. ჯ. გ-ის სარეგისტრაციო განაცხადზე ფაქტობრივად ათ წელზე მეტია მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება. ამასთან, განმცხადებლისთვის უცნობია წარმოების დასრულების კონკრეტული ვადა.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2021 წლის 16 ივლისის №13/34-43143 წერილის თანახმად, უძრავ ნივთზე (ს.კ. ...) პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე არ არის რეგისტრირებული რაიმე სახის სამართლებრივი შეზღუდვა, მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიება ქონებაზე ყადაღის დადების სახით (სსსკ-ის 151-ე მუხლი); უდავოა, რომ პროკურატურისთვის ცნობილია ადმინისტრაციული საქმის მიმდინარეობის თაობაზე, თუმცა უძრავ ნივთზე შეზღუდვის რეგისტრაცია არ განხორციელებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო შემთხვევაში, არ არსებობდა ორგანოს მიერ დასახელებულ გარემოებაზე მითითებით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების დაზუსტების საკითხის განხილვის გაურკვეველი ვადით გადადების გამამართლებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მნიშვნელოვანია, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით იმდაგვარად შეიზღუდოს საკუთრების უფლება, რომ ფაქტობრივად სრულად დაუკარგოს მას არსი. კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული შეზღუდვის საპირწონე კანონმდებლობით აღიარებული და დასაცავი საჯარო ინტერესის არსებობა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუსაბუთებია.
რაც შეეხება კასატორის მითითებას სასამართლოს მიერ დავის არსებითად გადაწყვეტის შესახებ, პალატა სააპელაციო სასამართლოს მსგავსად აღნიშნავს, რომ ვინაიდან გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების საფუძვლად მითითებულია მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობა, სასამართლო ვერ იმსჯელებდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების სხვა საფუძვლების შესაძლო არსებობასა და რეგისტრაციის განხორციელების მართლზომიერებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე 03.05.2023წ. №21002 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 03.05.2023წ. №21002 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა