Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-401(კ-კს-23) 19 დეკემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ჯ. გ-ი

მესამე პირები - კ. გ-ი, ზ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განჩინება

დავის საგანი - მესამე პირად ჩაბმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 15 ოქტომბერს ჯ. გ-იმა სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 26 ივლისის N..., 2021 წლის 28 სექტემბრის N..., 2021 წლის 13 სექტემბრის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისისათვის ჯ. გ-ის N... სარეგისტრაციო განცხადების დაკმაყოფილებისა და რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილების რეგისტრაციის განხორციელების - მონაცემების დაზუსტების დავალება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ კ. გ-ი და ზ. გ-ი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 26 ივლისის N..., 2021 წლის 28 სექტემბრის N... და 2021 წლის 13 სექტემბრის N... გადაწყვეტილებები; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20023 წლის16 იანვრის სხდომაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იშუამდგომლა საქმეში მესამე პირად სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ჩაბმის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ჩაბმის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა არ წარმოადგენდა სამართალურთიერთობის მონაწილეს აღნიშნულ დავაში, რომლის თაობაზეც, სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი; ის ფაქტი, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში მიმდინარეობდა გამოძიება ბორჯომის რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას არ აქცევდა სამართალურთიერთობის მონაწილედ აღნიშნულ დავაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი რეგისტრაციის წარმატებით დასრულება დამოკიდებულია პროკურატურის წარმოდგენილ ინფორმაციაზე და მისი მონაწილეობა საქმეში აუცილებელია იქიდან გამომდინარე, რომ ამ ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია სადავო საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულიყო დასაბუთებული გადაწყვეტილება.

სააგენტო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის №ბს-585-585(კს-18) განჩინებაზე, სადაც აღინიშნა, რომ ,,ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება - მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე, ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს გააჩნია როგორც უფლებამოსილება, ასევე აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს.“ ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ ინკვიზიციურობის პრინციპის გამოყენების შესაძლებლობას. ინკვიზიციურობის პრინციპის მიხედვით, მოსამართლე საქმის განხილვის დროს არ იზღუდება მხოლოდ მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, შუამდგომლობებით და მოსაზრებებით, მოსამართლეს უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით მოიპოვოს მტკიცებულებები და საქმის განხილვის დროს მოიწვიოს მესამე პირები, რათა საქმის ყველა ასპექტი შეისწავლოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.

საჩივრის ავტორის მითითებით, თავისთავად გამოძიების არსებობა დოკუმენტების სიყალბის ფაქტზე, წარმოადგენდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს პროკურატურაში გაგზავნილ წერილზე პასუხის დაბრუნებამდე. განსახილველ შემთხვევაში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, მისი სავარაუდო სიყალბის დადგენის მიზნით, გადაგზავნილია სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში, სადაც დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს გამოძიება და საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აღნიშნული კი, სახელმწიფო ან კერძო პირთა ინტერესების ხელყოფის თავიდან აცილებისა და უძრავი ქონების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით, წარმოადგენს რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ უგულებელყოფილი იქნება ამა თუ იმ უძრავი ნივთის რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის სიყალბესთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მესაკუთრე განკარგავს უძრავ ნივთს და სიყალბის დადგენის შემთხვევაში, სახეზე იქნება უკანონოდ გასხვისებული ქონება, რაც თავის მხრივ აზრს უკარგავს სისხლის სამართლის გამოძიებასაც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავაში მესამე პირთა მონაწილეობის შესაძლებლობა, უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სასამართლო პროცესის ფარგლებში მათი ინტერესების დაცვასა და რეალიზებას. კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა სავალდებულო ჩაბმის ფორმა სახეზეა, თუ მესამე პირი იმ სამართალურთიერთობის მონაწილეა, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესები, ხოლო სავალდებულო ჩაბმის დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობებიც შეიძლება განისაზღვროს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირების იურიდიულ ინტერესებს სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს პოტენციურად, სავარაუდოდ. მესამე პირთა ასეთ დიფერენციაციას განაპირობებს ის გარემოება, რომ სავალდებულო მოწვევის მესამე პირის საქმეში ჩაბმა იმპერატიულად არის რეგლამენტირებული, ანუ პირი იმ სამართალურთიერთობის სუბიექტია, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განსახილველი დავა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის იურიდიულ ინტერესს არ ეხება. მოცემული დავის საგანს შეადგენს უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. გასაჩივრებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 26 ივლისის N..., 2021 წლის 28 სექტემბრის N... და 2021 წლის 13 სექტემბრის N... გადაწყვეტილებები. ამასთან, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილების რეგისტრაციის განხორციელების დავალებას. ზემოხსენებული აქტებით, ჯ. გ-ის უარი ეთქვა ცვლილების რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული დოკუმენტების სიყალბის ფაქტზე მიმდინარეობდა სისხლის სამართლის გამოძიება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ არის წარდგენილი. ამასთან, გასაჩივრებული სამართლებრივი აქტები არ ადგენდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის რაიმე უფლებას ან მოვალეობას და არ ეხებოდა მის იურიდიულ ინტერესს. ამდენად, დაუსაბუთებელია საქმეში მისი სავალდებულო მოწვევის მესამე პირებად ჩართვის აუცილებლობა. კერძო საჩივრის საფუძვლიანობას არ ადასტურებს ის გარემოება, რომ პროკურატურაში რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული დოკუმენტების სიყალბის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, ვინაიდან, მხარემ სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, რომ მოცემული ადმინისტრაციული დავის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება გავლენს მოახდენს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ინტერესებზე ან/და განსაზღვრავს მის უფლება-მოვალეობებს.

პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2021 წლის 16 ივლისის N13/34-43143 წერილის თანახმად, სადავო უძრავ ნივთზე (ს.კ. ...) პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე არ არის რეგისტრირებული რაიმე სახის სამართლებრივი შეზღუდვა, მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიება ქონებაზე ყადაღის დადების სახით (სსსკ-ის 151-ე მუხლი); ნათელია, რომ პროკურატურისთვის ცნობილია ადმინისტრაციული საქმის მიმდინარეობის თაობაზე, თუმცა უძრავ ნივთზე შეზღუდვის რეგისტრაცია არ განხორციელებულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონმა (22-ე მუხლის 22 პუნქტი), კანონიერების შესწავლის მიზნით სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების სამართალდამცავ ორგანოში გადაგზავნის მოტივით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადა 60 კალენდარული დღით განსაზღვრა. მითითებული საკანონმდებლო დანაწესი (ასევე 22-ე მუხლის 41 პუნქტი) კიდევ ერთხელ ადასტურებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციის მცდარობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა