Facebook Twitter

ბს-1219 (კ-23) 19 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2023წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ.დ-მა, ლ.დ-მა, ზ.დ-მა, ვ.დ-მა და და.დ-მა 04.10.2022წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვეს დ.დ-ის საქართველოს მოქალაქოების საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 06.09.2022წ. N1000817801 დასკვნის, ზ.დ-ის საქართველოს მოქალაქოების საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 06.09.2022წ. N1000817799 დასკვნის, ვ.დ-ის საქართველოს მოქალაქოების საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 06.09.2022წ. N1000817810 დასკვნის, ლ.დ-ის საქართველოს მოქალაქოების საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 07.09.2022წ. N1000817791 დასკვნის, და.დ-ის საქართველოს მოქალაქოების საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 07.09.2022წ. N1000817756 დასკვნის ბათილად ცნობა და მოსარჩელეთათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნების სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის გამოცემის დავალება და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტისთვის გადაგზავნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.01.2023წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს პრეზიდენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.03.2023წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დ.დ-ის საქართველოს მოქალაქოების საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 06.09.2022წ. N1000817801 დასკვნა, ზ.დ-ის საქართველოს მოქალაქოების საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 06.09.2022წ. N1000817799 დასკვნა, ვ.დ-ის საქართველოს მოქალაქოების საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 06.09.2022წ. N1000817810 დასკვნა, ლ.დ-ის საქართველოს მოქალაქოების საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 07.09.2022წ. N1000817791 დასკვნა, და.დ-ის საქართველოს მოქალაქოების საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 07.09.2022წ. N1000817756 დასკვნა, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა დ.დ-ის, ლ.დ-ის, ზ.დ-ის, ვ.დ-ისა და და.დ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნების გამოცემა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტისათვის გადაგზავნა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2023წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ 05.08.2022წ. დ.დ-მა, ლ.დ-მა, ზ.დ-მა, ვ.დ-მა და და.დ-მა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს და მოითხოვეს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილ 05.08.2022წ. განცხადებაში, ზ.დ-მა წერილობითი თანხმობა განაცხადა შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ვიცე-კონსულის წინაშე მისი არასრულწლოვანი შვილების - დ.დ-ის (დაბ.: ... წელს) და ლ.დ-ის (დაბ.: ... წელს) მიმართ საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. ასევე, წერილობითი თანხმობა გამოხატულ იქნა დ.დ-ის მიერაც საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით. მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ 31.08.2022წ. და 05.09.2022წ. სხდომებზე განიხილა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დ.დ-ის, ლ.დ-ის, ზ.დ-ის, ვ.დ-ის და და.დ-ის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგენის საკითხი. კომისიამ 05.09.2022წ. ზ.დ-სთან და და.დ-სთან გასაუბრების, ასევე საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მოთხოვნებს. კომისიამ დაადგინა, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018წ. N2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებლების მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები და დებულების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმების საფუძველზე უარყოფითი დასკვნების მომზადება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული, მოსარჩელეთა მიმართ გაცემული წერილობითი რეკომენდაციებით ნათლად დასტურდება მოსარჩელეთა მჭიდრო კავშირები საქართველოსთან. აღსანიშნავია, რომ და.დ-ი და ზ.დ-ი დაბადებულები არიან და განათლება მიღებული აქვთ საქართველოში, ასევე მათი ოჯახიც შექმნილია საქართველოში. ისინი საქართველოს მიიჩნევენ საკუთარ ქვეყნად და სურთ საქართველოში დაბრუნება. მოსარჩელეთა საქართველოდან წასვლა და სხვა ქვეყანაში გადასვლა განპირობებული იყო საყოველთაოდ ცნობილი ფაქტით - საქართველოში 1990-იან წლებში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობით. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე მითითებით პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარედგინათ მათი მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის გამოც სააგენტოს მიერ მომზადდა უარყოფითი დასკვნა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არცერთი სახელმწიფო ორგანოდან სააგენტოს არ მიუღია ინფორმაცია, რაც განაპირობებდა მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმატებით იქნა დაძლეული შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული გამოცდები და დადასტურებულია მათი მჭიდრო ნათესაური კავშირები საქართველოსთან (მშობლები ცხოვრობენ საქართველოში).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

კასატორი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა, რომ განმცხადებლისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობდეს. სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნდეს და იგი ან მისი წინაპარი სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი იყოს. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე სადავო არ გამხდარა საქმეში წარმოდგენილი ოქმების შინაარსი, რომელშიც ასახული იყო და.დ-ის მიერ მისი და მისი ოჯახის წევრების შესახებ დაფიქსირებული ინფორმაცია. აღნიშნული პირების საქართველოსთან კავშირი გამოიხატებოდა მხოლოდ იმაში, რომ ისინი დაიბადნენ და განათლება მიიღეს საქართველოში, 1990 წლიდან მათი ოჯახი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ამავე ქვეყანაში არიან დასაქმებულები, აქვთ ბიზნესი, შვილები განათლებას იღებენ რუსეთის ფედერაციაში. მათი ერთადერთი კავშირი საქართველოსთან გამოიხატება იმ ფორმით, რომ ჰყავთ ნათესავები და პერიოდულად ისვენებენ საქართველოში. კასატორის მითითებით სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელეთა მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ ზეპირ განმარტებებს. კასატორის მოსაზრებით მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რომელიც საქართველოსთან მათ მჭიდრო კავშირს დაადასტურებდა. ამასთან, კასატორი თვლის, რომ სასამართლო ვერ ასაბუთებს კონკრეტულად ბავშვის რომელი ინტერესი დაარღვია სააგენტომ და რა კავშირშია ბავშვის საუკეთესო ინტერესი საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან, მაშინ როდესაც არასრულწლოვანებს აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, არ არიან მოქალაქეობის არმქონე პირები, არ ეზღუდებათ განათლების მიღების უფლება, საფრთხე არ ემუქრება მათ კეთილდღეობას და უსაფრთხოებას. შესაბამისად, გაუგებარია რომელი ინტერესი ირღვევა არასრულეწლოვანებისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარის თქმით, მაშინ როდესაც ისინი მხოლოდ დასასვენებლად ჩამოდიან საქართველოში. კასატორი თვლის, რომ მოქალაქეობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, რომელშიც ირიბად ერევა სასამართლო და უსაფუძვლოდ, მტკიცებულებების გარეშე ავალდებულებს სააგენტოს გამოსცეს დადებითი დასკვნები, იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტს განსახილველ საკითხზე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომელიც "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 29.1 მუხლის შესაბამისად სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

დ.დ-ის, ლ.დ-ის, ზ.დ-ის, ვ.დ-ის და და.დ-ის წარმომადგენელმა თ.გ-მა უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი და აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასაჩივრებული დასკვნები არის ბლანკეტური, ზედაპირული და დაუსაბუთებელი. წარმომადგენლის მითითებით საქმეში დაცულია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც ცალსახად დასტურდება მოსარჩელეთა კავშირი საქართველოსთან. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესაბამისი წერილებით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული სამსახურები არ ფლობენ მოსარჩელეთა შესახებ ინფორმაციას. შესაბამისად, არ გამოვლენილა მოსარჩელეთათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, 05.08.2022წ. დ.დ-მა, ლ.დ-მა, ზ.დ-მა, ვ.დ-მა და და.დ-მა განცხადებით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მოითხოვეს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილ 05.08.2022წ. განცხადებაში ზ.დ-მა წერილობითი თანხმობა განაცხადა შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ვიცე-კონსულის წინაშე მისი არასრულწლოვანი შვილების - დ.დ-ის (დაბ.: ... წელს) და ლ.დ-ის (დაბ.: ...წელს) მიმართ საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დგინდება, რომ განმცხადებლები და.დ-ი და ზ.დ-ი დაიბადნენ საქართველოში, საშუალო განათლება მიიღეს და დაოჯახდნენ საქართველოში და საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცხოვრობდნენ საქართველოში. საქართველოში 1990-იან წლებში შექმნილი ვითარების გამო, კერძოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ საქართველო და გადასულიყვნენ საცხოვრებლად რუსეთის ფედერაციაში. და.დ-ს და ზ.დ-ს ჰყავს სამი შვილი ვ.დ-ი, დ.დ-ი და ლ.დ-ი. საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოტივად ასახელებენ იმ გარემოებას, რომ ეთნიკურად ქართველები არიან და საქართველო მიაჩნიათ საკუთარ სამშობლოდ, ასევე მოსარჩელეებს საქართველოში ჰყავთ ნათესავები, სადაც ზაფხულობით ხშირად ჩამოდიან დასასვენებლად და მომავალში გეგმავენ საქართველოში ცხოვრებას. მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერ საფუძვლებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოპასუხემ სახელმწიფო ორგანოებიდან გამოითხოვა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, ასევე საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესაბამისი წერილების საფუძველზე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ სამსახურებს მოსარჩელეების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის წერილით დგინდება, რომ მოსარჩელეთა მიმართა გაძევების პროცედურები არ მიმდინარეობს. მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ 31.08.2022წ. და 05.09.2022წ. სხდომებზე განიხილა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დ.დ-ის, ლ.დ-ის, ზ.დ-ის, ვ.დ-ის და და.დ-ის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგენის საკითხი. კომისიამ 05.09.2022წ. ზ.დ-სთან და და.დ-სთან გასაუბრების, ასევე საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მოთხოვნებს. კომისიამ დაადგინა, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018წ. N2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებლების მიმართ არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები და დებულების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმების საფუძველზე უარყოფითი დასკვნების მომზადება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 17.1 მუხლზე, რომლის თანახმად საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს, ხოლო მეორე პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე მოსარჩელეთა განაცხადის ფორმაში მოქალაქეობის მინიჭების კანონიერ საფუძვლად მითითებულია სწორედ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დასკვნები არ არის დასაბუთებული, არ არის მითითებული მოსარჩელეთა მიმართ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული პირობების გამომრიცხავი გარემოებები. გასაჩივრებული დასკვნები თავის მხრივ ეფუძნება მოქალქეობის საკითხთა კომისიის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას და მოსარჩელეებთან ჩატარებული გასაუბრების შედეგებს. კომისიის სხდომის ოქმებით დგინდება, რომ მოსარჩელეთა (და.დ-ი, ზ.დ-ი, ვ.დ-ი) მიერ წარმატებით იქნა დაძლეული კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 17.3 მუხლზე, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის პირმა დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს საქართველოს სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები. მოსარჩელეთა მიერ გავლილი ტესტირების შედეგებით დგინდება, რომ მათი ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს. კომისიის სხდომის ოქმებით დადგენილია ასევე, რომ და.დ-ი და ზ.დ-ი დაბადებულები არიან საქართველოში, მათ განათლება მიღებული აქვთ საქართველოში, დაოჯახდნენ საქართველოში და 1990-იან წლ;ებში ქვეყანაში მიმდინარე მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობისს გამო საცხოვრებლად წავიდნენ რუსეთში. და.დ-ი დაკავებულია ბიზნესით, მისი მეუღლე ზ.დ-ი დასაქმებულია კერძო კომპანიაში ...ად, ხოლო შვილები განათლებას იღებენ რუსეთში. საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოტივად ასახელებენ იმ გარემოებას, რომ ეთნიკურად ქართველები არიან და საქართველო მიაჩნიათ საკუთარ სამშობლოდ, ასევე, მოსარჩელეებს საქართველოში ჰყავთ ნათესავები, სადაც ზაფხულობით ხშირად ჩამოდიან დასასვენებლად. ზემოაღნიშნული გარემოებები დადასტურებულია ასევე საქმეში დაცული წერილობითი რეკომენდაციებით. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეთა მიმართ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები არ გამოვლენილა, ხოლო საქმის მასალებით მოსარჩელეთა კავშირი საქართველოსთან დადასტურებულია, გაურკვეველია კასატორის მოსაზრება მოსარჩელეთა მხრიდან დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის საჭიროების შესახებ.

ამასთანავე, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება სასამართლოს მიერ პრეზიდენტის უფლებამოსილებაში ჩარევასთან დაკავშირებით. "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 24.9 მუხლის თანახმად, მოქალაქეობის საკითხზე სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება პრეზიდენტს. პრეზიდენტი აღნიშნული დასკვნების და საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასებით თავად წყვეტს მოქალაქეობის მინიჭების საკითხს. ამდენად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება წარმოადგენს პრეზიდენტის კონსტიტუციურ-სამართლებრივ საქმიანობას და ამ სახის აქტის მიღება არის პრეზიდენტის განსაკუთრებული უფლებამოსილება, რომელიც ფართო დისკრეციის პირობებში ხორციელდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2023წ. განჩინება;

3.სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 09.11.2023წ. N23664 საგადახდო მოთხოვნით და 25.12.2023წ. N28842 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1500 ლარის 70% - 1050 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. სტურუა