ბს-537(კ-23) 12 თებერვალი, 2024წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...ამ“ 13.05.2021წ. სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის 09.03.2021წ. სხდომის №1 ოქმის (შპს „...ის“ ნაწილში) და 15.03.2021წ. №5 განკარგულების ბათილად ცნობა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 16.03.2022წ. გადაწყვეტილებით, შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.2022წ. განჩინებით, შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კანონმდებელმა კერძო სამართლის იურიდიულ პირს აღიარების კომისიისთვის მიმართვის საფუძველზე საკუთრების უფლების აღიარების გზით საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობა მისცა 2012 წლის 1 იანვრამდე, შესაბამისად, მითითებული თარიღიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა დაკარგეს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით შპს „...ამ“ შესაბამისი მოთხოვნით კომისიას 11.12.2020წ. მიმართა, შესაბამისად, მის მიერ დარღვეულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით მინიჭებული უფლების რეალიზების ვადა და არ არსებობდა კომისიის მიერ სადავო საკითხის არსებითი განხილვის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოს მათი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო უზრუნველეყო შპს „...ის“, როგორც დაინტერესებული პირის მონაწილეობა ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომისიას არსებითად არ უმსჯელია სადავო საკითხზე და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს კომისიისთვის მიმართვის უფლების ვადის დარღვევა წარმოადგენდა, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების წესის დარღვევა ვერ იქნება მიჩნეული კანონის ისეთ დარღვევად, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამდენად, აპელანტის პოზიცია ამ საფუძვლით სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ არ იქნა გაზიარებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია აღიარების კომისიის მიერ შპს „...ის“ დირექტორის განცხადების განხილვა-გადაწყვეტა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს „...ის“ მოწვევის გარეშე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება არ მიიჩნია არსებითი ხასიათის დარღვევად და მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით. სადავო გადაწყვეტილებით მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა გაუარესდა, ვინაიდან მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს შპს „...ის“ მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის დემონტაჟს.
კასატორმა მიუთითა, რომ 2022 წლის პირველი იანვრიდან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას წარმოადგენს, ანუ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება აღარ შედის კომისიის უფლებამოსილებაში, შესაბამისად, საქმეში მესამე პირად უნდა ჩაებას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონში 07.12.2010წ. შეტანილი დამატების, კერძოდ მე-74 მუხლის მიხედვით, 2012 წლის პირველი იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27.12.2013წ. №2/3/522,533 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელები (სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-74 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ჰქონდათ გონივრული შესაძლებლობა ესარგებლათ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებით 2007 წლიდან 2012 წლამდე, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება არ შეიძლება ჩაითვალოს ნდობის პრინციპის საწინააღმდეგოდ და არ წარმოადგენს საკუთრების შეძენის ლეგიტიმური მოლოდინის გაუმართლებელ და დაუსაბუთებელ შეზღუდვას, შესაბამისად, სახეზე არ არის წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის (ძვ. რედაქცია) 21-ე მუხლთან (II-§65). ამდენად, მითითებული კანონი კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის განსაზღვრავდა საკუთრების უფლების აღიარების ვადას, თუმცა აღნიშნულ სუბიექტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ესარგებლათ მოცემული კანონით მინიჭებული უფლებით 2007 წლიდან 2012 წლის იანვრამდე, შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს სრულად არ წართმევიათ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) ან თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა. საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება, რომ მითითებულ პერიოდში (2007 წლიდან 2012 წლის იანვრამდე) შპს „...ამ“ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით და მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, შესაბამისად, მოსარჩელეს ამ უფლებით არ უსარგებლია. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით აღიარების კომისიის მიერ მოსარჩელეს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-74 მუხლზე მითითებით. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მოწვეული არ ყოფილა ადმინისტრაციული წარმოებისას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დადგინდა მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა. სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებითად დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში კომისიის სხდომაზე მოსარჩელის მიწვევის შემთხვევაში არ დასტურდება კომისიის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, ვინაიდან 2012 წლის პირველი იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა, რამაც განაპირობა მოსარჩელის განცხადებაზე დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გარემოების არსებობა იმთავითვე გამორიცხავდა ისეთი მტკიცებულებების (მაგ. მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი, მოწმის ჩვენება, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და სხვ.), გარემოებების ან/და განმცხადებლის ახსნა-განმარტების შეფასებისა და კვლევის საჭიროებას, რომლებიც ზოგადი წესის თანახმად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განხილვისას ფასდება. ამდენად, საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით კასატორის მიერ მითითებული გარემოება კომისიის სხდომაზე მიუწვევლობის შესახებ მოცემულ შემთხვევაში არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს მარტივი და სავალდებულო მოწვევის მესამე პირებს. პროცესში მესამე პირად მოწვევა არ ატარებს ზოგად ხასიათს და მიმართულია არა მოსარჩელის ან მოპასუხის ინტერესების, არამედ უშუალოდ იმ პირის სამართლებრივი ინტერესების დაცვისაკენ, რომელიც მოწვეულია მესამე პირის სტატუსით, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა თავიდან აიცილოს ის არახელსაყრელი ზემოქმედება, რაც შესაძლოა დადგეს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს სასამართლოში მესამე პირების აუცილებელ, სავალდებულო მოწვევას. მოწვევა სავალდებულოა, თუ მოსაწვევი მესამე პირი სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში იმ ხარისხით არის ჩაბმული, რომ მასთან მიმართებაში მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ე.ი. სასამართლო გადაწყვეტილება იმავდროულად ზემოქმედებას ახდენს მესამე პირის უფლებაზე ან ინტერესზე. მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ფორმით ადმინისტრაციულ პროცესში ჩაბმა შესაძლებელია განხორციელდეს სასამართლოს ინიციატივით, თავად დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ერთ-ერთი მხარის ინიციატივით მოტივირებული განცხადების საფუძველზე. ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმული მესამე პირები უფრო შეზღუდული უფლებებით სარგებლობენ, ვიდრე სავალდებულო ფორმით ჩაბმული მესამე პირები. კანონმდებელი ამ უკანასკნელთა საპროცესო უფლებებს მხარეთა ზოგად უფლებებს უთანაბრებს. მესამე პირად ჩასაბმელი პირის სტატუსის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის წინაპირობების არსებობის შემთხვევაში სამართლებრივი ინტერესის გარდა ასევე მნიშვნელოვანია სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრის შესაძლებლობა (სუსგ 09.06.2022წ. საქმე №ბს-1074(კს-21)). მოცემულ შემთხვევაში კასატორი მესამე პირად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩაბმას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ 2022 წლის პირველი იანვრიდან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას წარმოადგენს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03.06.2016წ. კანონის ერთ-ერთ მიზანს შეადგენს სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად შესრულება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონში 11.12.2019წ. შეტანილი ცვლილებით კანონის მე-4 მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალ(ებ)ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების, აღნიშნული ბრძანებით დადგენილი ვადით, აღიარებაზე უფლებამოსილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (ამოქმედდა 2020 წლის პირველი იანვრიდან), ამასთან, დადგინდა შესაბამის გეოგრაფიულ არეალში აღიარების კომისიაში წარდგენილი ისეთი განცხადებების საჯარო რეესტრისთვის გადაგზავნის ვალდებულება, რომლებზედაც კომისიას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია (მე-77 მუხ.). საერთო წესის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, მოწმდება მისი გამოცემის მომენტისთვის არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მოქმედი სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით (სუსგ 29.09.2022წ. საქმე №ბს-872(3კ-19)). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტების გამოცემის დროისთვის აღიარების კომისია უფლებამოსილი იყო მიეღო (საბოლოო) გადაწყვეტილება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სისტემური რეგისტრაციის მიზნით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული არეალი განისაზღვრა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2021წ. №798 ბრძანებით, ანუ სადავო აქტების გამოცემის შემდგომ. აღსანიშნავია ისიც, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ შეცილებითი სარჩელი - მოთხოვნილია მოპასუხის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თუმცა აღიარების კომისიის აქტების ბათილად ცნობის თაობაზე შპს „...ის“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობა არ დადგინდა. მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ მოუმართავს მავალდებულებელი სარჩელით, არ მოუთხოვია ახალი აქტის მოპასუხითვის გამოცემის დავალება, ამასთან, აღნიშნულ საქმის სხვაგვარად დასრულების შემთხვევაშიც აღიარების კომისიას გააჩნია შესაძლებლობა იხელმძღვანელოს სზაკ-ის 80.1 მუხლით, კერძოდ, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რის შესახებაც შესაბამის დასაბუთებასთან ერთად წერილობით უნდა ეცნობოს მხარეს (სზაკ-ის 80.3 მუხ.). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მესამე პირების ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმა არის საქმის განხილველი სასამართლოს უფლება, ხოლო მესამე პირების აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა არის ვალდებულება კონკრეტული გარემოებების არსებობისას. მართალია, კასატორის არ მიუთითებია საჯარო რეესტრის მესამე პირად ჩაბმის კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი (სასკ-ის 16.1, 16.2 მუხ.), თუმცა განსახილველი დავის საგნის და ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მესამე პირად როგორც მარტივი, ასევე სავალდებულო წესით მოწვევის პროცესუალური წინაპირობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ შუამდგომლობა, მესამე პირად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩაბმის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.2022წ. განჩინება;
4. შპს „...ას“ (ს/კ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.07.2023წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა