Facebook Twitter

ბს-1029(კ-23) 12 თებერვალი, 2024წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.07.2023წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. კ-ამ 27.05.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 12.10.2021წ. №1256 განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, ...ის ქ. №71-ის მიმდებარედ 183კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მოპასუხისთვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.11.2022წ. გადაწყვეტილებით, კ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა კ. კ-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.07.2023წ. გადაწყვეტილებით, კ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.11.2022წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, კ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 12.10.2021წ. №1256 განკარგულება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ...ის ქ. №71-ის მიმდებარედ კ. კ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის ოჯახმა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე დაიკავა სადავო მიწის ნაკვეთი, რომელზეც ასევე კანონის ამოქმედებამდე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი და ამ ქონებას ფლობენ დღემდე უწყვეტად. მხარეები სადავოდ არ ხდიან ფლობას/სარგებლობას, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ექცევა ხსენებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციაში, ვინაიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე 1942 წელს აღრიცხულია კ. ი-ი. აღსანიშნავია, რომ 1942 წლის მდგომარეობით მითითებულ მისამართზე დაფიქსირებულ კ. ი-ს შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი, ამდენად, ნაკვეთი იყო თვითნებურად დაკავებული, ხოლო იგივე ნაკვეთი ასევე თვითნებურად, დაახლოებით 1955 წლიდან, დაიკავა კ. კ-ას ოჯახმა, რომელიც დღემდე უწყვეტად ცხოვრობს მითითებულ მისამართზე. მხარეებს შორის არ არის სადავო, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახი 1960 წლიდან ცხოვრობენ და სარგებლობენ სადავო უძრავი ქონებით, ჩაწერილები არიან ამ მისამართზე და ამასთან, როგორც საბინაო წიგნიდან ირკვევა, უფლებამოსილი პირის მიერ მითითებულნი არიან როგორც მუდმივი მაცხოვრებლები, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმა 1942 წელს აღრიცხული უფლების საფუძვლით. საქმეში დაცული მტკიცებულებები და სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა გამოკვლევა სავსებით შესაძლებელს ხდის სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტას, რადგან სადავო შემთხვევაში არ არსებობდა კ. კ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ქმნიდა საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.07.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, ასევე კომისიის მიერ საკითხის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე, აღრიცხულია კ. ი-ი, შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ ნაკვეთი არ ექცევა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციაში. აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ის გარემოება, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რომ ნაკვეთი უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრება. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემები წარმოშობს პირის უფლებას საკუთრებაზე. საბინაო წიგნისა და სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათით შეუძლებელია იმ ფაქტის გაქარწყლება, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემები წარმოშობს სხვა პირის უფლებას საკუთრებაზე და ეს უფლება შეიძლება გაუთანაბრდეს მართლზომიერ მფლობელობას. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ისეთი სახის მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავდა კ. ი-ის კანონიერ უფლებას. სააპელაციო სასამართლომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღრიცხული პირი გაუთანაბრა ნაკვეთის თვითნებურ დამკავებელს შესაბამისი სამართლებრივი ნორმის მითითების გარეშე. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე ტექნიკური ინვენტრაზაციის არქივში აღრიცხული მიწის ნაკვეთები უთანაბრდება მართლზომიერ მფლობელობას და ის ფაქტი, რომ კ. ი-მა ამ დრომდე არ მოახდინა საკუთრების უფლების რეალიზება, არ შეიძლება გახდეს მისი უგულებელყოფის საფუძველი, ამასთან, კ. ი-ს არ ჰქონდა შესაძლებლობა მისი პიროვნების იდენტიფიცირების შეუძლებლობის გამო დაეცვა საკუთარი ინტერესები და წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, ამასთან, ის მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, წარდგენილი იქნა სააპელაციო განხილვის ეტაპზე და ადმინისტრაციული წარმოებისას წარდგენილი არ ყოფილა. ინკვიზიციურობის პრინციპი არ გამორიცხავს შეჯიბრებითობის პრინციპს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე. კასატორმა მიუთითა საკასაციო სასამართლოს 23.05.2023წ. (საქმე №ბს-971(2კ-22)) განჩინებაზე, სადაც ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებზე მითითებით განიმარტა, რომ აღიარების კომისია მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო განსხვავებული გადაწყვეტილება. კასატორმა ასევე მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განმარტებაზე და აღნიშნა, რომ სასამართლო გვერდს ვერ აუვლის აღიარებაზე უარის თქმის ისეთ ცალსახა საფუძველს, როგორიცაა სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული სისტემური რეგისტრაცია, იმის მიუხედავად, რომ პირს წლების მანძილზე არ მოუთხოვია აღნიშნული მიწის რეგისტრაცია, მას უფლებას აქვს ეს მოითხოვოს ნებისმიერ დროს და მოახდინოს საკუთრების უფლების რეალიზაცია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი აწესრიგებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ და პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს. მოცემულ შემთხვევაში კ. კ-ამ მოითხოვა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება, რაზეც კომისიის სადავო გადაწყვეტილებით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. კომისიამ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში 1942 წელს კ. ი-ის სახელზე აღირცხული უფლება, ასევე კასატორმა კ. ი-ი გაუთანაბრა მართლზომიერ მფლობელს და დაუშვა მის სახელზე საკუთრების უფლების რეალიზების შესაძლებლობა. საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა ასევე განიმარტება, როგორც ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. მიწის თვითნებური დაკავების ფაქტის არსებობაზე, როგორც მართლზომიერი მფლობელობის წესით ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების სავალდებულო პირობაზე მითითება, თავისთავად მოითხოვს ნაკვეთის ფლობის ფაქტის არსებობას, ხსენებული მომდინარეობს ტერმინ „დაკავების“ ეტიმოლოგიური მნიშვნელობიდან. აღნიშნული თავის მხრივ გულისხმობს საკუთრების უფლების აღიარებისთვის მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივი ბატონობის ფაქტის დადასტურების საჭიროებას. ფლობის ფაქტის დადასტურების საჭიროებას შეიცავს აგრეთვე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03.06.2016წ. კანონის 3.1 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი და საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 2.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, რომელთა თანახმად, „მართლზომიერი მფლობელი (მოსარგებლე)“ განმარტებულია, როგორც ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა და რომელიც რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის ფაქტობრივად ფლობს ნივთს (სუსგ 17.11.2023წ. საქმე №ბს-250(4კ-23)). უძრავი ნივთის ფაქტობრივად ფლობის ფაქტი საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს. აღნიშნული გარემოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მით უფრო მაშინ, როდესაც ნაკვეთი პირის სახელზე აღრიცხულია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში კასატორი კ. ი-ის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიუთითებს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცულ ინფორმაციაზე (უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე აღრიცხვის ფაქტზე), თუმცა საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის უძრავი ნივთის კ. -ის მიერ ფაქტობრივად ფლობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი, უფრო მეტიც, თავად კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს კ. ი-ის პიროვნების იდენტიფიცირების შეუძლებლობაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახი 1960 წლიდან ცხოვრობენ და სარგებლობენ ქ. თბილისში, ...ის ქ. №71-ის მიმდებარე უძრავი ქონებით, ჩაწერილები არიან ამავე მისამართზე და ამასთან, საბინაო წიგნის თანახმად, უფლებამოსილი პირის მიერ მითითებულნი არიან როგორც ამ მისამართზე მუდმივი მაცხოვრებლები, მოსარჩელისა და მისი ოჯახის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობის ფაქტი ასევე დასტურდება საქმის მასალებში დაცული მოწმეთა ჩვენებებით, კომუნალური გადასახადების ქვითრებით. აღნიშნული გარემოება - მოსარჩელის მიერ ნაკვეთის ფლბის ფაქტის დადასტურება გამორიცხავს სხვა პირის, მათ შორის კ. ი-ის მიერ სადავო ნაკვეთის ფლობის ფაქტს, შესაბამისად, კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკვეთის კ. ი-ის სახელზე ტექბიუროში აღრიცხვის გამო არ დაიშვებოდა მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების აღიარება, არის დაუსაბუთებელი და არ ემყარება კანონმდებლის მოთხოვნებს. ვინაიდან არ დასტურდება კ. ი-ის მიერ ნაკვეთის მფლობელობა/სარგებლობა, სახეზე არ არის ამ უკანასკნელის მიერ უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელობა, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის მიერ ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი გარემოება - ნაკვეთზე სხვა პირის საკუთრების უფლება ან მართლზომიერი მფლობელობა, საკუთრების უფლების აღიარების პერიოდისთვის სახელმწიფო საკუთრებიდან სადავო ნაკვეთის გასვლა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. ტექინვენტარიზაციის ბიუროში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე პირის სახელზე ისეთი ნაკვეთის აღრიცხვა, რომელსაც ეს პირი ფაქტობრივად ათწელულების განმავლობაში არ ფლობდა, არ წარმოადგენს რეალიზებად უფლებას (სუსგ 17.11.2023წ. საქმე №ბს-250(4კ-23)). ამდენად, კასატორის მითითება იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში კ. ი-ის რეალიზებადი უფლების არსებობა დაუშვებელს ხდის საკუთრების უფლების აღიარების წესით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის გადაცემას, კანონმდებლობის მოთხოვნებს არ ემყარება და არ უნდა იქნას გაზიარებული. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველს ასევე არ ქმნის საკასაციო სასამართლოს 23.05.2023წ. (საქმე №ბს-971(2კ-22)) განჩინებაზე მითითება, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში უფლების აღრიცხვის ფაქტი და ასეთი აღრიცხვის საფუძველზე უფლების რეალიზების შესაძლებლობა დგინდება კონკრეტულ საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღირცხული პირის მიერ უძრავი ნივთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის არსებობის გათვალისწინებით. დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორის მიერ სააპელაციო სასამართლოს განმარტებაზე მითითება, ვინაიდან დივერგენციას ქმნის სააპელაციო სასამართლოს მიერ მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება და არა პირიქით, ამასთან, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე ტექნიკური ინვეტარიზაციის არქივში აღრიცხული უფლება და არა სისტემური რეგისტრაცია, რომელიც შესაძლოა ემყარებოდეს სხვაგვარ სამართლებრივ საფუძვლებს და განსხვავებულ სამართლებრივ შეფასებას საჭიროებდეს.

ადმინისტრაციულ პროცესში, ისევე როგორც სამოქალაქო სასამართლო წარმოებისას მხარეთა აქტიურობას, მათ შორის სარჩელისა თუ შესაგებლის დასაბუთებას, სათანადო ფაქტებზე მითითებას, მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებთან მიმართებით მტკიცებულებების წარდგენას და სხვ., არსებითი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა სამოქალაქო პროცესისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სასამართლო წარმოებაში მოსამართლე აღჭურვილია თავისი ინიციატივით დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარდგენის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილების მიღების (სასკ-ის მე-4 მუხ.), საკუთარი ინიციატივით ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების შეგროვების უფლებამოსილებით (სასკ-ის 19.1 მუხ.). სამოქალაქო პროცესში მხარეების მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში წარდგენილი ფაქტები ბოჭავს სასამართლოს, ადმინისტრაციული დავებისგან განსხვავებით, სადაც ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მოსამართლე ბევრად ფართო უფლებამოსილებით სარგებლობს. ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი კანონიერების პრინციპი, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის საჭიროება, დავის სამართლებრივი შედეგის მიმართ არსებული საჯარო ინტერესი (სამოქალაქო დავისგან განსხვავებით ადმინისტრაციული დავა შესაძლოა ერთ პირთან მიმართებით გადაწყდეს, თუმცა განსაზღვროს მსგავს სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფი სხვა არაერთი პირის ბედი) ასევე განაპირობებს ინკვიზიციურობის პრინციპის გამოყენების საჭიროებას (სუსგ 21.07.2022წ. საქმე №ბს-1020(კ-19)). ამდენად, კასატორის მითითება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას მოსარჩელის მიერ წარდგენილ (უძრავი ნივთის ფლობის დამადასტურებელ) მტკიცებულებათა დაუშვებლობის თაობაზე, უსაფუძვლოა. სწორედ მხარემ უნდა წარმოადგინოს ის მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს (სსკ-ის 102.1 მუხ.). აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობის ფაქტი გასაჩივრებული განკარგულებით უარყოფილი არ არის. კომისიამ მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარება შეუძლებლად მიიჩნია სხვა პირის სახელზე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხვის და არა მოსარჩელის მიერ ნაკვეთის ფლობის/სარგებლობის არარსებობის გამო. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი, ხოლო ამ გარემოებასთან დაკავშირებით კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამასთან, კომისიაში განმცხადებლის მიერ მტკიცებულებების წარდგენა არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევის ვალდებულებისაგან, კომისია ვალდებული იყო მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეესწავლა სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოეკვლია საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიეღო სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განკარგულება აღნიშნულ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.07.2023წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. სტურუა