ას-485-804-05 17 ოქტომბერი, 2005 წ.,
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე (მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი სარჩელის მიხედვით: საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება.
დავის საგანი შეგებებული სარჩელის მიხედვით: (მესაკუთრედ ცნობა) საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 21 აგვისტოს მ. პ-მა ვ. და მ. ლ-ეების წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა თავისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან მოპასუხეთა გამოსახლება შემდეგი საფუძვლით:
მან 1990 წელს ე. ჯ-ისაგან შეიძინა ბოლნისის რ-ნში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც მოგვიანებით საჯარო რეესტრში აღირიცხა მის სახელზე. ვინაიდან იგი გარკვეული დროის მანძილზე არ ცხოვრობდა მითითებულ სახლში, ამით ისარგებლეს ვ. და მ. ლ-ეებმა და თვითნებურად დაიკავეს იგი. მიუხედავად მისი მცდელობისა, მოპასუხეები სახლს არ ათავისუფლებენ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და 2003წ. 18 სექტემბერს შეგებებული სარჩელით მიმართეს იმავე სასამართლოს.
შეგებებული სარჩელის ავტორებმა მოითხოვეს სადავო სახლის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერებში მ. პ-ის სახელზე არსებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა და სახლის მესაკუთრედ ცნობა შემდეგი საფუძვლით:
1990 წელს სახლი მ. პ-ს შეუძინა რუსთაველის საზოგადოებამ იმ პირობით, რომ იგი სახლს არ გაასხვისებდა 25 წლის განმავლობაში, მაგრამ მ. პ-მა დაარღვია პირობა და ზეპირი გარიგების საფუძველზე სახლი იმავე წელს მიჰყიდა ვ. ს-ეს. 1995 წელს ვ. ს-ემ ეს სახლი, ასევე ზეპირი გარიგების საფუძველზე, მიჰყიდა ვ. მ-ს, რომლისგანაც ასევე ზეპირი გარიგების საფუძველზე 2000 აშშ დოლარად შეისყიდეს მოპასუხეებმა, სადაც ამ დროიდან ცხოვრობენ.
შეგებებული სარჩელის ავტორებს, ზემოთ მითითებული გარემოებების გამო, მიაჩნიათ, რომ ისინი სადავო სახლის კეთილსინდისიერი მესაკუთრეები არიან.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა მ. პ-ის სარჩელი. ვ. და მ. ლ-ეები გამოსახლდნენ საცხოვრებელი სახლიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 24 თებერვლის განჩინებით
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტების მითითება, მათ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შეიძინეს სადავო ბინა და ფლობენ მას 1995 წლიდან, არ წარმოადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების მოპოვების კანონიერ საფუძველს. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ კანონიერად არ დააკმაყოფილა შეგებებული სარჩელი სადავო ბინაზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
მ. და ვ. ლ-ეებმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვეს მისი გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით;
სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ვ. ლ-ის დასწრების გარეშე, რომელსაც უწყება არ ჩაბარებია; სასამართლომ არ შეასრულა უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის მითითება, საქმე განიხილა მოსარჩელე ლ. კ-ის მონაწილეობით, როცა ეს უკანასკნელი ადრე მონაწილეობდა საქმის განხილვაში; სააპელაციო სასამართლოს არ გაურკვევია, რატომ არ აღრიცხა მ. პ-მა სახლი საჯარო რეესტრში 2003წ. 23 ივლისამდე, არ დაადგინა, თუ ვისგან შეიძინა მან სადავო სახლი, რა დროს და რა პირობებით, როდის და რის საფუძველზე დაიკავეს კასატორებმა სადავო სახლი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომ ქ. ბოლნისში, ....... მდებარე საცხოვრებელი სახლი მ. პ-მა ე. ჯ-ისგან შეიძინა 1990წ. 30 იანვარს სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მ. პ-ი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ბინის მესაკუთრედ.
სკ-ის 170-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს რა სადავო ნივთის მესაკუთრეს, მას უფლება აქვს, არ დაუშვას ამ ქონებით მოპასუხის სარგებლობა.
სკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 323-ე მუხლის შესაბამისად კი ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. აღნიშნული ნორმების შინაარსი ცხადყოფს, რომ კანონმა იმპერატიულად დაადგინა უძრავ ქონებაზე საკუთრების შეძენის საფუძველი; უძრავი ნივთის ფლობა და ზეპირი გარიგება ნასყიდობის თაობაზე არ წარმოშობს საკუთრების უფლებას.
კასატორმა ვერ მიუთითა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე, რაც მისი სასარჩელო მოთხოვნის სადავო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ აღრიცხვისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
ის გარემოება, რომ მ. პ-მა 2003წ. ივლისამდე არ აღირიცხა სადავო სახლი საჯარო რეესტრში, არ არის რეესტრის ჩანაწერის გაუქმებისა და მოპასუხეთა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ ვ. ლ-ე არ იყო მოწვეული სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით, ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით მოპასუხეებს _ მ. და ვ. ლ-ეებს სასამართლო უწყება პროცესზე მოწვევის თაობაზე ჩაბარებული აქვთ 2004წ. 22 თებერვალს. მითითებული დარღვევა დადასტურებული, რომ იყოს, იგი ვერ გახდება სსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რადგან საქმეზე სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.
არასწორია კასატორის მოსაზრება განჩინების უკანონობაზე იმ საფუძვლით, რომ მოსამართლე ლ. კ-ე, ადრე მონაწილეობდა საქმის განხილვაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ კრძალავს ერთსა და იმავე ინსტანციის სასამართლოში მოსამართლის განმეორებით საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობას.
სსკ-ის 410-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონშესაბამისია, იგი უცვლელი უნდა დარჩეს, ხოლო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. და ვ. ლ-ეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.