Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1311(გ-23) 1 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა თ. მ-ის, ა. ე-ის და ნ. ე-ის სარჩელთან დაკავშირებული დავა, მოპასუხე შპს ,,თ...ის“ მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 7 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს თ. მ-იმა, ა. ე-იმა და ნ. ე-იმა, მოპასუხე - შპს ,,თ...ის“ მიმართ, შპს ,,თ...ის“ დირექტორის 2023 წლის 7 ნოემბრის №დ/158 და 2023 წლის 24 ნოემბრის №დ/217 ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ 2022 წელს შპს ,,თ...სთან“ გააფორმეს N6/145 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ა. ე-ის და თ. მ-ის შვილი ნ. ე-ი ჩაირიცხა შპს ,,თ...ში“. შპს ,,თ...ის“ დირექტორის 2023 წლის 7 ნოემბრის №დ/158 ბრძანების თანახმად, ამავე სკოლის მე-... კლასის მოსწავლე ნ. ე-ის მიეცა გაფრთხილება, ხოლო 2023 წლის 24 ნოემბრის №დ/217 ბრძანებით, ნ. ე-ის მიეცა საყვედური, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე მხარე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, სამოქალაქო საქმე №2/33864-23 მოსარჩელეების - თ. მ-ის, ა. ე-ის და ნ. ე-ის სარჩელისა გამო, მოპასუხე შპს ,,თ...ის“ მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობის წესების დაცვით, გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე, შპს ,,თ...ის“ დებულებისა და შინაგანაწესის ნორმებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული ბრძანებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მათი კანონიერების შეფასება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ვინაიდან აღნიშნულ ბრძანებებს საფუძვლად არ უდევს კერძოსამართლებრივი ნორმები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, თ. მ-ის, ა. ე-ის და ნ. ე-ის სარჩელზე განსჯად სასამართლოდ მიჩნეულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელეების - თ. მ-ის, ა. ე-ისა და ნ. ე-ის სასარჩელო განცხადება, მოპასუხე - შპს ,,თ...ის“ მიმართ, შპს ,,თ...ის“ დირექტორის 2023 წლის 7 ნოემბრის №დ/158 და 2023 წლის 24 ნოემბრის №დ/217 ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ასევე, შპს ,,თ...ის“ დებულებისა და შინაგანაწესის ნორმებზე მითითებით აღნიშნა, რომ შპს ,,თ...ის‘’ დირექტორის მიერ გამოცემული №დ/158 და №დ/217 ბრძანებები შეეხება შპს ,,თ...ის’’ მე-... კლასის მოსწავლე ნ. ე-ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. მითითებული ბრძანებების გამოცემის საფუძველია ამავე სკოლის შინაგანაწესი, რომელიც არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს და იგი არ არის მიმართული საჯარო ურთიერთობის მოწესრიგებისკენ. სადავო ბრძანებები (მიუხედავად მისი ფორმალური მხარისა), თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ეხება კერძო სამართლის იურიდიულ პირს - სკოლასა და მოსწავლეს შორის არსებულ ურთიერთობას - სასწავლო დაწესებულებაში დადგენილი წესების დაცვა/შესრულებას და მისგან გამომდინარე შედეგებს, რაც გამორიცხავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავათა კატეგორიისადმი მიკუთვნებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილების ნორმების საფუძველზე, საქმე განსჯადობაზე დავის გადაწყვეტის მიზნით გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს კონსტიტუციის ეს ნორმა იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით. „ამ უფლებით სარგებლობისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის N1/4/571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ვ. გელბახიანი, მ. ნიკოლაიშვილი და ა. სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 106 პ.).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. ამ მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას როგორც საგნობრივი, ასევე, ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება საგნობრივი განსჯადობის საკითხს. შესაბამისად უნდა შეფასდეს მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს, აღნიშნული მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად კანონმდებლობამ განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის დებულება, საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის იმ სამართალურთიერთობიდან წარმოშობა, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა მხოლოდ იმის გამო, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ადრესატი ადმინისტრაციული ორგანოა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის ბუნების გამო, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართალურთიერთობის ხასიათს. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ავტორიზაციის წესებს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ჟ“ პუნქტის ,,ჟ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა არის მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც.

ამდენად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებს წარმოადგენენ როგორც კერძო, ისე საჯარო სამართლის იურიდიული პირები. პალატა განმარტავს, რომ კერძო და სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები განსხვავებულ უფლებრივ მდგომარეობაში არ იმყოფებიან. განათლების უფლების დაცვის გარანტიები თანაბრად გამოიყენება როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო დაწესებულებების მიმართ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „კატანი და სხვები მოლდოვასა და რუსეთის წინააღმდეგ“ („Catan and others v. Moldova and Russia“), N43370/07,8252/05, 18454/06, 19.10.2012წ., §139,140). ამასთან, განსჯადობის გადაწყვეტის მიზნებისათვის არსებითია დავის იმანენტური ბუნება, სადავო უფლების ხასიათი და არა დავის მონაწილე სუბიექტების სამართლებრივი ფორმა. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ შპს ,,თ...ა“ არ არის დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით, არ გამორიცხავს განსახილველ საქმეს ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიიდან.

განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს შპს ,,თ...ის“ დირექტორის 2023 წლის 7 ნოემბრის №დ/158 და 2023 წლის 24 ნოემბრის №დ/217 ბრძანებების ბათილად ცნობა.

დადგენილია, რომ შპს ,,თ...ის“ დირექტორის 2023 წლის 7 ნოემბრის №დ/158 ბრძანებით, შპს ,,თ...ის“ დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტისა და შპს ,,თ...ის“ შინაგანაწესის 30-ე მუხლის 30.1.8, 30.1.25, 30.3.3 და 30.4 ქვეპუნქტების საფუძველზე, შპს ,,თ...ის“ მე-2 კლასის მოსწავლე ნ. ე-ის მიეცა გაფრთხილება. ასევე დადგენილია, რომ შპს ,,თ...ის“ დირექტორის 2023 წლის 24 ნოემბრის №დ/217 ბრძანებით, შპს ,,თ...ის“ დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტისა და შპს ,,თ...ის“ შინაგანაწესის 30-ე მუხლის 30.1.19 და 30.3.4 ქვეპუნქტების საფუძველზე, შპს ,,თ...ის“ მე-... კლასის მოსწავლე ნ. ე-ის მიეცა საყვედური.

ამდენად, გასაჩივრებული ბრძანებები ეფუძნება სკოლის დებულებისა და შინაგანაწესის ნორმებს, რომლებიც მართალია მიღებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის (შპს) ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული აქტების მიღებისა და მოსწავლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილება სასწავლო დაწესებულებას მინიჭებული აქვს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების საფუძველზე.

პალატა მიუთითებს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“, ,,დ“ და ,,ე“ პუნქტებზე, რომელთა თანახმად, დისციპლინური გადაცდომა არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული წესების დარღვევა; დისციპლინური დევნა არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მოსწავლის ან მასწავლებლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა, ხოლო დისციპლინური სახდელი არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისათვის გათვალისწინებული ზემოქმედების ზომა. ამასთან, მითითებული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სასკოლო დისციპლინა დაცულ უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება მოსწავლის და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომადი. აღნიშნული მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად კი, სკოლის შინაგანაწესით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გარდა შეიძლება გათვალისწინებული იყოს მოსწავლის გაფრთხილება, მკაცრი გაფრთხილება, გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დროებით დათხოვნა, მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება და სხვა დისციპლინური სახდელები. მოსწავლის სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. სკოლა ვალდებულია მოსწავლე გაკვეთილიდან გაძევების ან სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსწავლეთათვის დისციპლინური გადაცდომისთვის პასუხისმგებლობის სკოლის შინაგანაწესის საფუძველზე დაკისრების უფლებამოსილება წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საჯარო კანონმდებლობით, სახელმწიფოსგან დელეგირებულ უფლებამოსილებას და არა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თავისუფალ ნებაზე დამოკიდებულ ქმედებას, რამეთუ განათლების უფლება საქართველოს კონსტიტუციითა (მუხლი 27) და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა და მისი დაცვა უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოს ვალდებულებაა. ამასთან, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია ამ უფლებამოსილების განხორციელების ზოგადი მიმართულებები, მოსწავლეთა უფლებების ფარგლები და დისციპლინური სახდელის შეფარდების ზოგადი პრინციპები (მუხლი 19). შესაბამისად, ამ მიმართულებით სკოლის ავტონომია შეზღუდულია საჯარო კანონმდებლობით - „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის დებულებებით, რაც დავის ადმინისტრაციულ ხასიათს ადასტურებს. მოცემული დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რის გამოც, სახეზეა დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრული პირობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ. მ-ის, ა. ე-ის და ნ. ე-ის სარჩელი, მოპასუხე შპს ,,თ...ის“ მიმართ, განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. მ-ის, ა. ე-ის და ნ. ე-ის სარჩელი, მოპასუხე შპს ,,თ...ის“ მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე