საქმე №ბს-1126(კ-23) 14 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ფ.ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ფ.ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 18 აპრილის №1000732222/5 ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ფ.ს-ის მიმართ მუდმივი ცხოვრების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით ფ.ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ.ს-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განჩინებით ფ.ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ.ს-მა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, მოსარჩელე - ფ.ს-ი, რომელიც შვეიცარიის მოქალაქეა, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე მ.ო-სთან, მათი ქორწინების რეგისტრაცია შედგა 2020 წლის 10 დეკემბერს (აქტის ჩანაწერი - №...). ფ.ს-ი წლებია ცხოვრობს და საქმიანობს საქართველოში. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით კანონიერად მიანიჭა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა, თუმცა შემდგომ იმავე ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველგვარი დასაბუთებისა და საფუძვლის გარეშე გასაჩივრებული აქტით ფ.ს-ის მიმართ მუდმივი ცხოვრების ნებართვა გამოაცხადა ძალადაკარგულად, რაც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო: ფ.ს-ი არ არის ნასამართლევი, ჰყავს მეუღლე, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, წლების განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში, არის დასაქმებული, აქვს შემოსავალი, ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას, მისი საქართველოში ყოფნა უსაფრთხოა საქართველოსთვის. ამასთან, მოსარჩელეს საქართველოში ცხოვრების პერიოდში რაიმე სახის კონფლიქტი არ ჰქონია სამართალდამცავ ორგანოებთან.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს უნდა გააჩნდეს უტყუარი მტკიცებულება პირის სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, ან მისი საქმიანობის შესახებ და უქმნიდეს სახელმწიფოს ზიანს, რაც კასატორის მიმართ არ და ვერ იქნება დადასტურებული, რადგან კასატორი საქართველოში ცხოვრობს დაახლოებით 5 წელი, ჰყავს მეუღლე და ოჯახი.
„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლსა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ ფ.ს-ის საქართველოში ჰყავს მეუღლე, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, რაც ცალსახად ანიჭებს მას საქართველოში მუდმივი ბინადრობის მიცემის სტატუსს. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულია, გამოიკვლიოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა კრიტერიუმი, შეაფასოს და შეაჯეროს ყველა ფაქტობრივი მონაცემი და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.
კასატორის მითითებით, მხარეს გააჩნია კანონიერი ინტერესი, ისარგებლოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით კანონისმიერი წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ სხვა გარემოება, კერძოდ, კანონი ასევე უშვებს შესაძლებლობას, რომ პირს უარი ეთქვას მუდმივი ბინადრობის მიღებაზე იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კომპეტენტური ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნორმა ამგვარი უარყოფითი დასკვნის არსებობის პირობებშიც აძლევს ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებას, თავად გადაწყვიტოს ბინადრობის მინიჭების საკითხი, შესაბამისად, „უარყოფითი დასკვნა“ ყოველთვის არ არის მუდმივი ბინადრობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელმა სააგენტოს მიანიჭა უფლება, თავად გადაწყვიტოს პირისათვის მუდმივი ბინადრობის მინიჭების საკითხი უარყოფითი დასკვნის არსებობის პირობებშიც. ამგვარი გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მისაღებ გადაწყვეტილებას, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს ბალანსი პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებულ ზიანსა და იმ სიკეთეს შორის, რომლის დასაცავადაც შეიძლება მიღებულ იყოს გადაწყვეტილება (ზაკ-ის მე-7 მუხლის პირველი ნაწილი). კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება უნდა იქნეს დასაბუთებული, ვინაიდან დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ფ.ს-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ.ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ფ.ს-ის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას (მუხლი 1.2).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის როგორც მინიჭების, ასევე შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს უცხოელისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, ამ ინტერესთა დაბალანსებით. უფლებამოსილი ორგანოს - სააგენტოს მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით, საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული თითოეული ფაქტი ბინადრობის ნებართვის მინიჭება/შეწყვეტასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მიიღოს გადაწყვეტილება.
ამავე კანონის 14.1 მუხლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.
კანონის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუდმივი ცხოვრების ნებართვა, გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.
მოცემული კანონის 21-ე მუხლის 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხოელის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დასახელებული კანონის 17.10 მუხლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ 15.1 მუხლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.
სახელმწიფო ორგანო, რომლისგანაც სერვისების განვითარების სააგენტოს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია უცხოელის მიერ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე, არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება (1-ლი მუხ.), კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას (6.1 მუხ.).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ გარემოებებზე: ა) ფ.ს-ი (დაბ: ... წელი, პასპორტის №... ) არის შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქე (ს.ფ. 80-83); ბ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 23 დეკემბრის №1000732222 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ფ.ს-ის 2020 წლის 10 დეკემბრის №1000732222 განცხადება და მას მიეცა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა (ს.ფ. 185); გ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 18 აპრილის №1000732222/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 23 დეკემბრის №1000732222 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ფ.ს-ის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ (ს.ფ. 186).
დადგენილია, რომ ფ.ს-ის მიმართ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 25 დეკემბრის №ბს-1126(კ-23) მიმართვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 18 აპრილის №1000732222/5 გადაწყვეტილებას - რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 23 დეკემბრის №1000732222 გადაწყვეტილება, ფ.ს-ის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი კანონიერია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულად ადასტურებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეეძლო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს).
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად და უპირატესობა მართებულად მიენიჭა საჯარო - სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზანს. პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება, ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და საქმის მასალების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სათანადო მტკიცებულებაზე დაყრდნობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა ფ.ს-ის საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ.ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განჩინება;
3. ფ.ს-ის (პასპორტის ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.12.2023წ. №... საგადასახადო დავალებით ი.შ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე