ბს-1274 (კ-22) 12 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.2022წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ტ-იმა 20.10.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2017 წლის 3 იანვრიდან 2021 წლის 21 სექტემბრამდე პერიოდში იძულებით განაცდური ხელფასის, ყოველი თვისათვის 950 ლარის ოდენობით, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.09.2022წ. გადაწყვეტილებით ნ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის მარტიდან 2021 წლის სექტემბრამდე მიუღებელი თანამდებობრივი სარგო 41050.13 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები, დაბეგრილი თანხა). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.2022წ. გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.09.2022წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის მარტიდან 2021 წლის სექტემბრამდე მიუღებელი თანამდებობრივი სარგო 41050.13 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები, დაბეგრილი თანხა). საპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ, მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.1 მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. სააპელაციო პალატის მითითებით ქმედება, რამაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოშვა, დაკავშირებული უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან, ამ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში დაშვებული დარღვევა მიმართული უნდა იყოს სხვა პირის უფლებების შელახვისაკენ, სახეზე უნდა იყოს ზიანის მიმყენებლის ბრალი და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი. საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ნ. ტ-ი დანიშნული იყო და მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო - სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების ... ...ის თანამდებობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 03.01.2017წ. ბრძანებით ნ. ტ-ი, დაწესებულების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული შტატების შემცირების საფუძვლით, 2017 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 02.05.2017წ. ბრძანებით ნ. ტ-ი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.10.2019წ. გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 03.01.2017წ. N20550 ბრძანება და 02.05.2017წ. N1039507 ბრძანება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 21.09.2021წ. ბრძანებით ნ. ტ-ი აღდგენილ იქნა და დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი - ნაძალადევის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-... სამმართველოს ...ის ...ად. ამავე ბრძანებით, ნ. ტ-ის სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვალა 2017 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 21 სექტემბრამდე პერიოდი. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და იმ განმარტებას, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებით ნ. ტ-ი აღდგენილ იქნა სამსახურში 2021 წლის 21 სექტემბერს, შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს სამსახურიდან გათავისუფლების დროიდან სამსახურში აღდგენამდე მიუღებელი შემოსავალი 2017 წლის იანვრისა და თებერვლის თვის ანაზღაურების გამოკლებით, ვინაიდან შესაბამისი თანხა ნ. ტ-ის მიღებული აქვს კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში.
სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის განმხილველმა ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად არასწორად იქნა გამოყენებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლი, რაც შსს-ს თანამშრომლებზე არ ვრცელდება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სწორედ სამართლებრივი ნორმის არასწორად შეფარდება გახდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და შედეგის შეუცვლელად ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ცალსახაა, რომ ქმედება, რამაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოშვა, დაკავშირებულია საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან, ამ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში დაშვებულმა დარღვევამ გამოიწვია პირის უფლებების შელახვა, ასევე სახეზეა ზიანის მიმყენებლის ბრალი და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.2022წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.10.2019წ. გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება და სამინისტროს დაევალა გარკვეული საკითხის ხელახალი გამოკვლევა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 21.09.2021წ. ბრძანებით ნ. ტ-ის სამსახურში აღდგენა და ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-... სამმართველოს ...ის ...ად დანიშვნა, არ უნდა ჩაითვალოს სამინისტროს მიერ უკანონო ქმედების აღიარებად. ამასთან, არ არსებობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობობასთან დაკავშირებით. კასატორი თვლის, რომ სასამართლო წესით ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი ზიანი, არამედ ის, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობდა სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებიდან. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს უკანონო ქმდება და შესაბამისად არც მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 03.01.2017წ. N20550 ბრძანებით ნ. ტ-ი 2017 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების ... ...ის თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 02.05.2017წ. N1039507 ბრძანებით ნ. ტ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 03.01.2017წ. N20550 ბრძანება და 02.05.2017წ. N1039507 ბრძანება ნ. ტ-იმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელის წარდგენის გზით გაასაჩივრა. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.10.2019წ. გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 03.01.2017წ. N20550 ბრძანება და 02.05.2017წ. N1039507 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 21.09.2021წ. ბრძანებით ნ. ტ-ი აღდგენილ იქნა და დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი - ნაძალადევის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-... სამმართველოს ...ის ...ად. ამავე ბრძანებით, ნ. ტ-ის სამსახურის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვალა 2017 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 21 სექტემბრამდე პერიოდი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. #995 ბრძანების მე-91 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს ხელფასი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულებითი განაცდური არის ფულადი თანხა, რომელსაც მოსარჩელე აუცილებლად მიიღებდა გათავისუფლების ბრძანების გამოუცემლობის და შესაბამისად, მის მიერ თანამდებობაზე მუშაობის შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.10.2019წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებით ნ. ტ-ი აღდგენილ იქნა სამინისტროში, რაც მიუთითებს ნ. ტ-ის გათავისუფლების არამართლზომიერ ხასიათზე. შესაბამისად, ცალსახაა მიზეზშედეგობრივი კავშირი ნ. ტ-ის მიერ განცდილ მატერიალურ ზიანსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემულ უკანონო აქტს შორის, რაც ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.2022წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა