Facebook Twitter

ბს-924 (კ-23) 12 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2023წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ქ-ემ 15.07.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 15.06.2018წ. N04-366/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 14.04.2022წ. N80 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა ნ. ქ-ეისათვის განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე ნ. ქ-ეისათვის განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვის გაუქმების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.11.2022წ. გადაწყვეტილებით ნ. ქ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 15.06.2018წ. N04-366/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 14.04.2022წ. N80 სხდომის ოქმი ნ. ქ-ეისათვის განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვის გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ნ. ქ-ეისათვის განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვის გაუქმების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2023წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.11.2022წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ "სოციალური დახმარების შესახებ" კანონის 1-ელ, მე-5, მე-6, მე-17, 21-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს მთავრობის 24.04.2010წ. N126 დადგენილებით დამტკიცებულ "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესზე" მითითებით აღნიშნა, რომ სადავო საკითხის მომწესრიგებელი ნორმები ადგენს განმცხადებლის ვალდებულებას სრულყოფილად შეავსოს განაცხადი, მათ შორის მიუთითოს საცხოვრებელი ადგილის ზუსტი მისამართი, რათა სააგენტოს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შეძლოს შეაფასოს განმცხადებლის საცხოვრებელი პირობები, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ყველა ის კრიტერიუმი, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ოჯახის ‘’სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში’’ რეგისტრაციას. სააპელაციო პალატის განმარტებით, ამგვარი იმპერატიული მოთხოვნა განპირობებულია იმით, რომ ერთის მხრივ განმცხადებელს დაეკისროს ვალდებულება სწორი და ნამდვილი ინფორმაცია მიაწოდოს ადმინისტრაციულ ორგანოს, მეორეს მხრივ სააგენტოს წარმომადგენელმა დროულად და ობიექტურად შეაფასოს ოჯახის სოციალური საჭიროებები და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ოჯახს მიეცეს შესაძლებლობა დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში, რათა შემდგომში ისარგებლოს იმ შეღავათებით რასაც ამგვარი რეგისტრაცია გულისხმობს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირველადი განცხადების ფარგლებში სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ ნ. ქ-ე არ ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე და მის მიმართ გამოიცა ერთწლიანი შეზღუდვის ოქმი, თუმცა განსახილველ შემთხვევაში სადავოა არა დასახელებული ოქმი, არამედ ამ ოქმის გაუქმების მიზნით ნ. ქ-ეის განცხადების საფუძველზე გამოცემული სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 15.06.2018წ. №04-366/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 14.04.2022წ. №80 სხდომის ოქმი, რომლითაც ნ. ქ-ეს უარი ეთქვა განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვის გაუქმებაზე. სააპელაციო პალატის მითითებით დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ ნ. ქ-ეისათვის 1-წლიანი შეზღუდვის ოქმის გამოცემისა და განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვის გაუქმებაზე უარი ძირითადად ეფუძნება იმ მოტივაციას, რომ

თავდაპირველი განაცხადის შევსებისას ნ. ქ-ე არ ცხოვრობდა განაცხადში მითითებულ მისამართზე, ხოლო ბინის გაქირავებისა და სხვა საცხოვრებელ ადგილზე გადასვლის შესახებ მან არ აცნობა ადმინისტრაციულ ორგანოს.

საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ოქმის გამოცემამდე, ნ. ქ-ემ სააგენტოს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია თავისი ახალი ფაქტობრივი საცხოვრებლის შესახებ, რომლის საფუძველზეც ნ. ქ-ეის ოჯახში, მისამართზე: გლდანი მე-... მ/რ კორპუსი №..., ბინა №..., ვიზიტი განახორციელა სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა. ვიზიტისას გაირკვა, რომ ოჯახი შედგება 3 წევრისაგან: 1. ნ. ქ-ე, რომლის შემოსავალია 300 ლარი კერძო საქმიანობიდან; 2. თ. ბ-ი, რომელსაც წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტიდან (ფორმა IV-100/ა) ირკვევა, რომ აქვს მწვავე პოლიმორფული ფსიქოზური აშლილობა, პიროვნების ემოციურად არასტაბილური აშლილობა, სხვა დისოციაციური აშლილობანი, ფსიქოზი, პიროვნული აშლილობა და შფოთვის/ნერვიულობის დაძაბულობის შეგრძნება. იმყოფება მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობაზე; 3. ზ. ქ-ე, რომელიც არის ალკოჰოლდამოკიდებული და ასევე აქვს ეპილეფსია. ოჯახი ცხოვრობს 38 კვ.მ. ფართში, რომელიც შედგება სამი ოთახისაგან. სააპელაციო პალატის მოსაზრებით ნ. ქ-ეს მისამართის არასწორი მითითებისა და ადმინისტრაციული ორგანოს შეცდომაში შეყვანის განზრახვა არ ჰქონია, ამასთან იმ პირობებში, როდესაც განმეორებითი ვიზიტის დროს შესაძლებელი გახდა მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, თავდაპირველ განაცხადში მისამართის არასწორი მითითება აღარ წარმოადგენს არსებითი ხასიათის დარღვევას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა ოჯახის რეალური მდგომარეობა, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სათანადოდ უნდა შეეფასებინა ნ. ქ-ეის ოჯახისათვის მონაცემთა ერთიან ბაზაში ხელახალ რეგისტრაციაზე 1-წლიანი შეზღუდვის მოხსნის აუცილებლობა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით სადავო აქტი გამოცემულია საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტამდე წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები და მოსაზრება. ასევე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს დასაბუთებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ნ. ქ-ემ 01.03.2022წ. განაცხადით მიმართა სააგენტოს, რის საფუძველზეც 7 მარტს განხორციელდა ვიზიტი მისამართზე და დადგინდა, რომ ნ. ქ-ეს გაქირავებული ჰქონდა ბინა, რაც ხელმოწერით დაადასტურეს ბინაში იმჟამად მცხოვრებმა პირებმა. აღნიშნულის გათვალისწინებით ოჯახს 1 წლით შეეზღუდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის უფლება, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 15.06.2018წ. №04-366/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 14.04.2022წ. №80 საოქმო გადაწყვეტილებით ნ. ქ-ეს უარი ეთქვა ერთწლიანი შეზღუდვის გაუქმებაზე. კასატორის მითითებით ნ. ქ-ეს ახალი განაცხადით შეეძლო სააგენტოსთვის მიმართვა 2023 წლის 7 მარტიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედით ნ. ქ-ემ 01.03.2022წ. პირველადი განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა 07.03.2022წ. განახორციელა ვიზიტი განაცხადში მითითებულ მისამართზე: გლდანი, მე-... მ/რ, კორპუსი ..., ბინა N41, რა დროსაც გაირკვა, რომ აღნიშნული ბინა იყო გაქირავებული და ნ. ქ-ე აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობდა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა შეავსო "ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ" ოქმი და ნ. ქ-ეის ოჯახს ერთი წლით შეეზღუდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის უფლება. აღნიშნულის შემდგომ, ნ. ქ-ემ 25.03.2022წ. განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, განცხადებაში მიუთითა, რომ გადასული იყო სხვა მისამართზე (გლდანი, ... მ/რ, ... კორპუსი, ... სადარბაზო, ბინა N...) ოჯახის ორი ავადმყოფი წევრის მოსავლელად და ითხოვა აკრძალვის გაუქმება. ახალ მისამართზე სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტისას გაირკვა, რომ ოჯახი შედგება 3 წევრისაგან (ნ. ქ-ე, თ. ბ-ი, ზ. ქ-ე) და ცხოვრობენ 38 კვ.მ. ფართში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის რეკომენდაციით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ოჯახისათვის მონაცემთა ბაზაში ხელახალ რეგისტრაციაზე 1-წლიანი შეზღუდვის მოხსნა/არ მოხსნის საკითხი განხილულიყო კომისიური წესით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 15.06.2018წ. N04-366/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 14.04.2022წ. N80 სხდომის ოქმით მ. ქ-ეს უარი ეთქვა განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვის გაუქმებაზე. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული სხდომის ოქმი არ არის დასაბუთებული, გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების სათანადო შეფასებისა და გამოკვლევის გარეშე. ნ. ქ-ეს არ ჰქონია მისამართის არასწორად მითითების და ადმინისტრაციული ორგანოს შეცდომაში შეყვანის განზრახვა. ამასთან, განმეორებითი ვიზიტის დროს შესაძლებელი გახდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, თუმცა აღნიშნული ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღების დროს არ გაითვალისწინა, ასევე არ გაითვალისწინა ოჯახის რეალური მდგომარეობა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სათანადოდ არ შეაფასა ნ. ქ-ეის ოჯახისათვის მონაცემთა ერთიან ბაზაში ხელახალ რეგისტრაციაზე 1-წლიანი შეზღუდვის მოხსნის აუცილებლობა.

ამასთანავე, სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი შეიცავს მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2023წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. სტურუა