№ბს-84(გ-24) 1 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე - მ. შ-
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. შ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი 2023 წლის 21 აპრილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე მ. შ-ს უარი ეთქვა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთაზე; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2023 წლის 5 სექტემბრის №MIA 3 23 02584059 ბრძანება.
სარჩელის თანახმად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს, მ. შ-ს, 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზის გაცემასა და საქართველოში შემოსვლაზე. უარის საფუძვლად მითითებულ იქნა ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს, რაც დაუსაბუთებელი და უკანონოა. მოსარჩელე ფლობს ყველა საჭირო დოკუმენტს, მათ შორის, საქართველოს ბინადრობის მოწმობას 11-წლიანი მოქმედების ვადით, ასევე ის არ წარმოადგენს სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველ პირს. 2023 წლის 5 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა №MIA 3 23 02584059 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით მ. შ-ის სარჩელი, მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე გადაეგზავნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს - მ. შ-ს (M. SH-) უარი ეთქვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე (სადახლო) საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე. შესაბამისად, დავის საგნიდან და სადავო აქტის შინაარსიდან გამომდინარე, რომლითაც მ. შ-მა (M. SH-) ვერ დააკმაყოფილა საქართველოს ვიზის გაცემასა და საქართველოში შემოსვლისათვის დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, საქმე განხილული უნდა იქნეს შემთხვევის, სადავო ქმედების განხორციელების ადგილის მიხედვით, აღნიშნულს კი წარმოადგენს - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო-საგზაო კონტროლის განყოფილება (სადახლო), რომელიც მდებარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში.
სასამართლომ მოცემული დავის განსჯად სასამართლოდ ბოლნისის რაიონული სასამართლო მიიჩნია. სასამართლოს მოსაზრებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას. ასევე, დაცული იქნება სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ბოლნისის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის ტერიტორიულ განსჯადობაზე დავის გადაწყვეტის მიზნით ადმინისტრაციული საქმე №3/168-23 (მოსარჩელე - მ. შ-) გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ მიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ დავის ტერიტორიული განსჯადობის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს შეცილებითი სარჩელი, ის ითხოვს ისეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, რომლის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რომლის თანახმად ადმინისტრაციული სამართლადარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე. სადავო გადაწყვეტილების მიმღებია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი სამსახური, რომელსაც დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობა არ გააჩნია და მოქმედებს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ნორმატიულად დადგენილი უფლებამოსილებების სათანადოდ შესასრულებად და დეპარტამენტის სახელით, რის გამო მოსარჩელის მიერ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაშიც არ იცვლება მოპასუხე და შესაბამისად, განსჯადობის დადგენილი წესი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად არ მიუღია შინაარსობრივად განსხვავებული აქტი, მან მხოლოდ პირველადი მოწესრიგების კანონიერება დაადასტურა. სადავო აქტები გამოცემულია ერთი ადმინისტრაციული ორგანოს ფარგლებში, ქვემდგომი (ტერიტორიული) თანამდებობის პირის და შემდეგ გადასინჯვის ფარგლებში, ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ არის უცვლელად დატოვებული (ანუ რეგულაციის წესი არ შეცვლილა).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით, მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2023 წლის 5 სექტემბრის №MIA 3 23 02584059 ბრძანების ბათილად ცნობა. მოპასუხედ დასახელებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. აქტი (2023 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება), რომელზეც ადმინისტრაციული საჩივარი იქნა წარდგენილი, გამოცემულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო საგზაო კონტროლის სამსახურის (სადახლო) მიერ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო დავების ტერიტორიული განაწილების წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არ ადგენს ტერიტორიული განსჯადობის სპეციფიურ წესს, რაც ადმინისტრაციულ დავებთან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და შემდგომი მუხლების გამოყენების საჭიროებას განაპირობებს (სასკ-ის 1.2 მუხლი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს განსჯადობის საერთო წესს (მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით) და სხვა საგამონაკლისო მოწესრიგებებს (მაგ: ნივთობრივი განსჯადობა, განსაკუთრებული განსჯადობა და სხვ.). სასამართლო არ არის უფლებამოსილი განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას შეიმუშავოს დავის ტერიტორიული განაწილების ახლებური, კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი წესი.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი განსჯადობის საერთო წესს განსაზღვრავს და იურიდიული პირის მიმართ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ტერიტორიულად განსჯად სასამართლოდ ასახელებს სასამართლოს იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. მოპასუხე იურიდიული პირის - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით ტერიტორიული განსჯადობა უნდა გადაწყდეს განსჯადობის საერთო წესის შესაბამისად, მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, რამდენადაც მოქმედი ნორმატიული მოწესრიგება ტერიტორიული განსჯადობის განსაზღვრის რაიმე სპეციფიურ წესს არ ითვალისწინებს და სასამართლო ხელმძღვანელობს ტერიტორიული განსჯადობის დამდგენი ზოგადი წესით. ამდენად, ერთმნიშნიშვნელოვნად დგინდება, რომ მ. შ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.
მოცემულ შემთხვევაში განსჯადობის საკითხს არ ცვლის ის გარემოება, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ, რომელზეც წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი გამოცემულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო საგზაო კონტროლის სამსახურის (სადახლო) მიერ.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულებაზე, რომლის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულია საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო. ამავე დებულების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო, ხოლო თავის მხრივ აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს შემადგენლობაშია სასაზღვრო საგზაო კონტროლის სამსახური (სადახლო) („დ.დ“ ქვეპუნქტი). ამდენად, მოსარჩელის მიმართ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის სამსახური, რომელსაც დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობა არ გააჩნია და მოქმედებს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ნორმატიულად დადგენილი უფლებამოსილებების სათანადოდ შესასრულებად და დეპარტამენტის სახელით. ამასთანავე, მოსარჩელის მიმართ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაზე ხელმომწერია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების მიხედვით, დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების სამმართველო და მისი სამსახურები არ სახელდება დეპარტამენტის რეგიონულ დანაყოფებს შორის, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაც მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება (მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები). შესაბამისად, პირველადი აქტის გასაჩივრების პირობებშიც მოპასუხეს წარმოადგენს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რადგანაც აღნიშნული აქტი გამოცემულია მისი სახელით, ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფის მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. შ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე