Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1316(2კ-23) 13 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კასატორი (მოპასუხე) - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო

კასატორი (მოსარჩელე) - დ. ჩ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 7 ივნისს დ. ჩ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მას მოხდილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის შეფარდებული სასჯელის 2/3-ზე მეტი და მისი პიროვნული მახასიათებლები აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობებს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 10 მაისის №02/23-0583 გადაწყვეტილებით მას უსაფუძვლოდ ეთქვა უარი სასჯელის დარჩენილი ნაწილისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კი მითითებულ იქნა მსჯავრდებულის მხრიდან სასჯელის მოხდის დაწესებულებაში გარკვეულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის მიუღებლობა.

მოსარჩელემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 10 მაისის №02/23-0583 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის დ. ჩ-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 10 მაისის №02/23-0583 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა დ. ჩ-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

2023 წლის 3 ნოემბერს დ. ჩ-ის წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომელშიც შუამდგომლობის სახით დააყენა მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება. დ. ჩ-ის წარმომადგენლის დავით ჯალაბაძის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო საკითხის განხილვისას საბჭომ გამოიკვლია მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მისი ოჯახური პირობები, დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და მისი პიროვნული მახასიათებლები, ის გარემოება, რომ ნასამართლობის არმქონეა, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა. ამასთან, საბჭომ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულს სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავდა საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ დანაშაულის ხასიათზე და სოციალურ აქტივობაში არ მონაწილეობაზე ხაზგასმა და ამ მოტივით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა კი არ გულისხმობდა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას. ამასთან, პალატამ მიუთითა საქმეში არსებულ დ. ჩ-ის დახასიათებაზე და აღნიშნა, რომ იგი საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მიუთითებდა მსჯავრდებულის რესოციალიზაციაზე.

რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დავა მისი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე არ შედიოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „“ა-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დაუყოვნებლივ აღსასრულებელ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალში. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები ვერ ასაბუთებდა მოსარჩელის ინტერესის მომეტებულად დაცვის საჭიროებასა და ზემოაღნიშნული კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის გამოყენების წინაპირობების არსებობას, რაც პალატამ მიიჩნია შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (გასაჩივრებული განჩინების მე-3 პუნქტი) საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ჩ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დავალება მოითხოვა.

კასატორი - დ. ჩ-ი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარი აზრს უკარგავს თავად აღნიშნულ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით იმ პირობებში როდესაც გადაწყვეტილება უკავშირდება მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხს, რომელსაც სასჯელის სრულად მოხდის ვადა 2024 წლის თებერვლის ბოლოს ეწურება. კასატორი აღნიშნავს, რომ სასჯელის მოხდის ვადა საქმეზე სასამართლო სამართალწარმოების დასრულებამდე, კიდევ უფრო შემცირდება და შესაბამისად, მოსარჩელის ფაქტობრივი მსჯავრდება, მიუხედავად მისი ვადამდე შემცირების ცალსახა საფუძვლისა, კვლავ გახანგრძლივდება.

საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ საქმის განხილვის დასრულებამდე მსჯავრდებულის კვლავ ამ სტატუსით ყოფნა კიდევ უფრო დაამძიმებს მის მდგომარეობას და არაეფექტურს გახდის მის მიმართ ამ საპროცესო შეღავათის გამოყენებას. ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მოსარჩელეს მნიშვნელოვანი (მათ შორის, მორალური) ზიანი მიაყენოს და გადაწყვეტილების აღსრულება ვეღარც მოესწროს რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს მსჯავრდებულის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების საბოლოოდ ძალაში დატოვების შემთხვევაშიც კი, გაურკვეველი ხდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისი აღსრულების დროის საკითხი.

კასატორის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მითითებით სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს ადგილობრივი საბჭოს კომპეტენციას და მის დისკრეციულ უფლებამოსილებას. ამასთან, კანონით გათვალისწინებულია 5 კრიტერიუმი, რომლის გამოკვლევის საფუძველზეც საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, ესენია: 1. დანაშაულის ხასიათი; 2. მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში; 3. მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა; 4. ოჯახური პირობები; 5. მსჯავრდებულის პიროვნება.

კასატორმა აღნიშნა, რომ დ. ჩ-ის შუამდგომლობაზე მსჯელობისას, საბჭოს შეფასების მიღმა არ დარჩენია არცერთი ზემოხსენებული კრიტერიუმი და სწორედ მათი ერთობლივი ანალიზის შედეგად, შინაგანი რწმენის საფუძველზე და საბჭოს მიზნებიდან გამომდინარე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. საბჭომ დააკონკრეტა, რომ საკითხის განხილვისას გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებული არ იყო ნასამართლევი, სასჯელის მოხდის პერიოდში რაიმე დარღვევებში შემჩნეული არ იყო, თუმცა ყურადღება გაამახვილა დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათზე. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ არ იკვეთებოდა მსჯავრდებულის მხრიდან სოციალურ აქტივობებში ჩართვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჩ-ის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 10 მაისის №02/23-0583 გადაწყვეტილების კანონიერება და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოსთვის დ. ჩ-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლების არსებობა, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების წინაპირობების არსებობის საკითხი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.

სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი პატიმრობის კოდექსის (ძალადაკარგულია 15.12.2023, №3988) პირველი მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად, სამსახურის ადგილობრივი საბჭო არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო. დასახელებული კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ თუ მსჯავრდებულმა, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი, საბჭოს მიზნად მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობასა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას განსაზღვრავს.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, ზემოაღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამავე წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი კი განსაზღვრავს, მსჯავრდებულის შეფასების შემდეგ კრიტერიუმებს: ა) დანაშაულის ხასიათი; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა; დ) ოჯახური პირობები; ე) მსჯავრდებულის პიროვნება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის განაჩენით, დ. ჩ-ი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის მე-19, 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ხოლო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენით, დ. ჩ-ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ამავე კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე დადგენილია, რომ 2022 წლის 12 აპრილის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დ. ჩ-ს საბოლოოდ მოსახდელი სასჯელი შეუმცირდა 75 დღით და განესაზღვრა 2 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. აღსანიშნავია, რომ დ. ჩ-მა სასჯელის 2/3 მოიხადა - 2023 წლის 25 მარტს (სასჯელის მოხდის ვადის დასაწყისი - 2021 წლის 15 მაისი, სასჯელის მოხდის ვადის დასასრული - 2024 წლის პირველი მარტი).

დადგენილია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 10 მაისის №02/23-0583 გადაწყვეტილებით, საბჭოში შესული შუამდგომლობა, დ. ჩ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ გამოიკვლია მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მისი ოჯახური პირობები, დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და მისი პიროვნული მახასიათებლები, ის გარემოება, რომ ნასამართლობის არმქონეა, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე ყურადღება გაამახვილა მსჯავრდებულის ქცევაზე და განმარტა, იმისთვის, რომ ქცევა დადებითად შეფასდეს არ არის საკმარისი მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ მსჯავრდებული არ არის დასჯილი დისციპლინური წესით, აუცილებელია, ქცევის დადებითი დინამიკა ჩანდეს მკაფიოდ, რაც წახალისების სხვადასხვა ფორმით შეიძლება იქნეს გამოხატული. საბჭომ ასევე მიუთითა, რომ მსჯავრდებულს სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს, არა მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, არამედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი ყველა კრიტერიუმის გამოკვლევასა და ერთობლივ შეფასებას. შესაბამისად, სადავო გადაწყვეტილების მიღებისას საბჭოს გარდა დანაშაულის ხასიათსა და სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის საკითხზე აქცენტის გაკეთებისა, მხედველობაში უნდა მიეღო სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევა, საქმეში არსებული მსჯავრდებულის დახასიათება, მისი ოჯახური მდგომარეობა, სასჯელის მიზანი და სხვა გარემოებები, რასაც ზეგავლენა შეიძლება მოეხდინა გადაწყვეტილების მიღებაზე და მხოლოდ ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმის დეტალური ანალიზის, შეპირისპირების და მათ შორის პრიორიტეტულობის განსაზღვრის შედეგად მიეღო გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, განსაკუთრებით კი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მე-2 კატეგორიის ფსიქოლოგის და №17 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შეფასებები, ერთობლიობაში მიუთითებდა მსჯავრდებულის რესოციალიზაციაზე. შესაბამისად, არ იკვეთებოდა მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები.

რაც შეეხება კასატორის - დ. ჩ-ის მოთხოვნას პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლზე, რომელიც შეიცავს იმ გადაწყვეტილებების ჩამონათვალს, რომლებიც მხარეთა მოთხოვნის შემთხვევაში, ექვემდებარება სასამართლოს მხრიდან მათი მთლიანად ან ნაწილობრივ აღსასრულებლად გადაცემას. აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება შეიძლება განსაკუთრებულ გარემოებათა გამო თუ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხი არ შედის არც ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ა-ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალში და კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ადასტურებს დასახელებული მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ წინამდებარე განჩინება ძალაში ტოვებს დ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შესახებ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და განჩინებას და იგი შემდგომ გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 8 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა დ. ჩ-ის შუამდგომლობა და მას, მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ. ჩ-ს (პ/ნ ...) უნდა დაეკისროს საკასაციო სასამართლოში გადასახდელი ბაჟის, 300 ლარის 70%, რაც წარმოადგენს 90 ლარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოსა და დ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება;

3. კასატორს - დ. ჩ-ს (პ/ნ: ...) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 90 ლარის გადახდა;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე