ბს-1031(კ-23) 12 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2023წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.ძ-ამ, მ.თ-ემ და ი.ძ-ამ 01.03.2022წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 08.02.2022წ. N03-867/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელე მ.ძ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.2022წ. გადაწყვეტილებით მ.ძ-ას, მ.თ-ის და ი.ძ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 08.02.2022წ. N03-867/ო ბრძანება, მოპასუხეს დაევალა მოსარჩელე მ.ძ-ას და მისი ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2023წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.2022წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4, 6.1, 13.1, 13.2 მუხლებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2, მე-3, მე-6 მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე და მისი შვილები წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს. მ.ძ-ამ 18.09.2017წ. განცხადებით მოითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. განაცხადში განმცხადებლის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიეთითა - ქ. ზუგდიდი, ...ას ქუჩა, .... სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 08.02.2022წ. N03-867/ო ბრძანებით მ.ძ-ას ოჯახს ჯანმრთელობისათვის საშიშ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტში (...) ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. სადავო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა მ.ძ-ას გასხვისებულ საკუთრებაში, ქ. ზუგდიდში, ...ას ქ. №49ა-ში (ყოფ. ...ის ქ. №...) განხორციელებული მონიტორინგის მონაცემები, კერძოდ, 16.07.2021წ. გასაუბრების ოქმით ირკვევა, რომ მისამართზე იმყოფებოდა რ.თ-ე და მ.ძ-ა შვილებთან ერთად. მ.ძ-ას განმარტებით, აღნიშნულ სახლში ცხოვრობს ყოფილი დედამთილი რ.თ-ე, რომელთანაც სტუმრად იმყოფებოდა შვილებთან ერთად. სააპელაციო პალატის მოსაზრებით ის ფაქტი, რომ მოსარჩელე 16.07.2021წ. შვილებთან ერთად იმყოფებოდა ქ. ზუგდიდში, ...ას ქ. N49-ში, არ ადასტურებს მოსარჩელის ოჯახის ...ას ქუჩაზე, ...ს დასახლებაში არ ცხოვრების ფაქტს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 31.05.2021წ. განხორციელებული მონიტორინგის დროს, მ.ძ-ა შვილებთან ერთად მონიტორინგის თანამშრომლებს დახვდა შპს "...ს" შენობაში. სააპელაციო სასმართლო მიუთითებს აგრეთვე სოციალურად დაუცველთა ბაზაში 2017 წლის, 2020 წლის, 2022 წლის მდგომარეობით არსებულ მონაცემებზე, რომლითაც ირკვევა, რომ მ.ძ-ას ოჯახის მისამართია ქ. ზუგდიდი, ...ს დასახლება N1, რაც თავის მხრივ ასევე ადასტურებს ოჯახის მითითებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს. აღნიშნული მოცემულობის დასადასტურებელად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ასევე 09.02.2022წ. განცხადება, რომლითაც ო.ხ-ა, ი.მ-ა, ლ.ლ-ა, მ.თ-ა და ს.წ-ა ადასტურებენ მ.ძ-ას, ი.ძ-ას და მ.თ-ის 2016 წლიდან ქალაქ ზუგდიდში, ...ას ქუჩა №26-ში (...ს დასახლებაში) ცხოვრების ფაქტს, ასევე განმარტავენ, რომ მ.ძ-ას ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დევნილი ოჯახის გრეძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი იმ მოტივით, რომ მ.ძ-ას ოჯახი ჯანმრთელობისათვის საშიშ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტში (...ში) ფაქტობრივად არ ცხოვრობს, დაუსაბუთებელია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ წარმოებისას მოპოვებული და მოსარჩელის გასხვისებულ მისამართზე შედგენილი არაერთი გასაუბრების ოქმით ირკვევა, რომ მ.ძ-ა შვილებთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. ზუგდიდში, ...ას ქ N49ა-ში და არა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტში - შპს "...ში", საიდანაც სააგენტოს ფაქტობრივი მაცხოვრებელები უნდა გამოესახლებინა და დაეკმაყოფილებინა საცხოვრებელი ფართით კრიტერიუმების გარეშე. კასატორის მოსაზრებით საქმეში დაცული არაერთი მონიტორიგის ოქმი და ფოტომასალა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ იმყოფებოდა სტუმრად დედამთილთან, არამედ იგი აღნიშნული მისამართის ფაქტობრივ მაცხოვრებელს წარმოადგენდა. სასამართლომ მხოლოდ მოსარჩელის ზეპირი ახსნა-განმარტება გაიზიარა და შესაბამისად მხოლოდ ზეპირი მოსაზრებების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება. რაც შეეხება ამონაწერს სოციალურად დაუცველთა ბაზიდან, სადაც დეკლარაციის შევსების თარიღია 2017 წელი, კასატორმა მიუთითა, რომ აღნიშნული ვერ გამოდგება იმის უტყუარ მტკიცებულებად, რომ ოჯახი სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტში ცხოვრობს. აღნიშნულით სასამართლო ცდილობს აიძულოს სააგენტო გაიზიაროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 4 წლის წინ შევსებულ დეკლარაციაში დაფიქსირებული ფაქტობრივი მისამართი და დაეყრდნოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ ცნობას, მაშინ როდესაც სააგენტოს პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს დევნილი ოჯახის საცხოვრებელი მისამართის დადგენა, საცხოვრებელი პირობების შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება. მ.ძ-ას შპს "...ში" მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ განიხილება ასევე 09.02.2022წ. განცხადება, ვინაიდან კასატორის მოსაზრებით განცხადებაში მითითებული პირები არიან დაინტერსებულები, ხოლო ლ.ლ-ას და მ.თ-ას შესახებ ინფორმაცია არ იძებნება დევნილთა მონაცემთა ბაზაში, ამასთან აღნიშნული განცხადება წარდგენილი არ ყოფილა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, შესაბამისად ვერ იქნებოდა გათვალისწინებული სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-10 მუხლის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ მართლზომიერ სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია. ამავე წესის 1.3 მუხლის მიხედვით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრებმა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ ქ. ზუგდიდში, ...ას N49ა-ში მდებარე უძრავ ქონებას მ.ძ-ა წლების განმავლობაში ფლობდა და დღემდე აგრძელებს ცხოვრებას შვილებთან ერთად. სააგენტომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა და გამოიკვლია, შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით მოსარჩელე მ.ძ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის ფაქტობრივ მისამართად მითითებულია: ქ. ზუგდიდი, ...ას ქუჩა, ...ს დასახლება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 17.11.2021წ. N79 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიას განსახილველად და შემდგომი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით წარედგინა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტებში, მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელებული აღწერების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შედგენილი რეესტრები აღნიშნულ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ დევნილ ოჯახთა შესახებ. ჩამოთვლილ ობიექტებს შორის არის ქ. ზუგდიდი, ... ქ. (...ას ქ.) N26-ში მდებარე შპს "...ს" შენობა. ამავე ოქმის მიხედვით, მოსარჩელის ოჯახს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 08.02.2022წ. N03-867/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 17.11.2021წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №79), მ.ძ-ას ოჯახს უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ჯანმრთელობისათვის საშიშ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტში (...) ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში), ხოლო ამავე მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის ოჯახის შპს "...ს" შენობაში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადგენისას ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო 16.07.2021წ. განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს, რა დროსაც მ.ძ-ა შვილებთან ერთად იმყოფებოდა ქ. ზუგდიდში, ...ას ქ. N49ა-ში მდებარე, მ.ძ-ას მიერ 12.06.2015წ. გასხვისებულ ბინაში. მ.ძ-ას განმარტებით აღნიშნულ სახლში ცხოვრობს მისი ყოფილი დედამთილი რ.თ-ე, რომელთანაც სტუმრად იმყოფებოდა შვილებთან ერთად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არ ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. სადავო ბრძანებაში მითითებულია, რომ "...ს" შენობა არის ჯანმრთელობისათვის საშიში და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტი. ასეთ პირობებში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცულია ქ. ზუგდიდში, ...ას ქ. N26-ში მდებარე "...ს" შენობაში მცხოვრებთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლებიც ადასტურებენ მ.ძ-ს და მისი შვილების აღნიშნულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს. საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 2017 წლის, 2020 წლის და 2022 წლის ამონაწერები, რომელთა მიხედვით დგინდება, რომ მ.ძ-ას ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. ზუგდიდი, "...ს" დასახლება, აღნიშნულ მისამართზე ოჯახს მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა და იღებენ საარსებო შემწეობას. აღსანიშნავია, რომ 31.05.2021წ. განხორციელებული მონიტორინგის დროს, მ.ძ-ა შვილებთან ერთად იმყოფებოდა შპს "...ს" შენობაში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით მ.ძ-ას საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის ოჯახის მიერ სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის და ქ. ზუგდიდში, ...ას ქუჩაზე მდებარე ...ს შენობაში არ ცხოვრების ფაქტს. შესაბამისად, საქმეში დაცული მასალების გათვალისწინებით, სადავო გადაწყვეტილებაში უარის თქმის საფუძვლად, ზემოაღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის არარსებობაზე მითითება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნიდა.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მ.ძ-ას შვილი ი.ძ-ა არის არასრულწლოვანი, ხოლო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 01.11.2018წ. გადაწყვეტილებით მ.ძ-ას დაუდგინდა მარტოხელა დედის სტატუსი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვნის განსაკუთრებული საჭიროებები და საუკეთესო ინტერესები. ამდენად, მ.ძ-ას ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშობა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2023წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა