ბს-1504 (კ-22) 12 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.10.2022წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ჭ-ემ 27.12.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა გ. ჭ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 29.11.2019წ. N5964 ბრძანების ბათილად ცნობა და გ. ჭ-ის 30.10.2019წ. N57727 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.12.2020წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ი. ბ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.12.2020წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.02.2022წ. გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გ. ჭ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 29.11.2019წ. N5964 ბრძანება, მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. ჭ-ის 30.10.2019წ. N57727 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. ბ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.10.2022წ. გადაწყვეტილებით ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.02.2022წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გ. ჭ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 29.11.2019წ. N5964 ბრძანება, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალა, კანონით დადგენილი წესით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ 17.07.2019წ. გ. ჭ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარადგინა შვილის, ნ. ჭ-ის გარდაცვალების მოწმობა და NA14063142 სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 10.09.2019წ. №A14063142-013/002 გადაწყვეტილებით გ. ჭ-ეს უარი ეთქვა შვილის - ნ. ჭ-ის გარდაცვალების გამო №A14063142 სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტასა და გარდაცვალებამდე გადაუხდელი ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ჭ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით გააასაჩივრა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 29.11.2019წ. №1714 ბრძანებით გ. ჭ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით მხარეების მოლოდინს გააჩნია აბსოლუტურად ლეგიტიმური საფუძველი და მხარეთა ეს მოლოდინი დაცულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით. სასამართლო აქტების ეფექტური აღსრულების განხორციელების აუცილებლობა დადგენილია როგორც ეროვნული, ისე ევროპული სასამართლო პრაქტიკით. საქართველოს კონსტიტუციის 62.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. ამასთან, სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სკ-ის 453-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, კრედიტორის გარდაცვალება განიხილება ვალდებულების შეწყვეტის ზოგად საფუძვლად იმ შემთხვევაში, თუ შესრულება გათვალისწინებული იყო პირადად კრედიტორისათვის. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 183 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზეც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო პალატამ სკ-ის 1212-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. აღნიშნული დანაწესი არ ექვემდებარება სხვაგვარად შეთანხმების შესაძლებლობას არც ერთი შესაძლო ფაქტობრივი კონსტელაციის პირობებში. კანონმდებლობა განამტკიცებს იმპერატივს, რომ მშობლებს ევალებათ შვილებზე ზრუნვა. ამდენად, მშობლების სახელშეკრულებო ავტონომიის სფერო არ მოიცავს იმგვარ წესზე შეთანხმების შესაძლებლობას, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს არასრულწლოვანი/შრომისუუნარო შვილების სასიცოცხლო ინტერესებს.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანის მიმართ ზრუნვის მოვალეობა მშობლების შორის თანაბრად ნაწილდება. შესაბამისად, თუკი ერთ-ერთ მშობელს დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდის ვალდებულება, მაგრამ აღნიშნული ვალდებულების შესრულება არ ხდება (რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი), აღნიშნული ფაქტობრივი ვითარება იმთავითვე და ავტომატურად გულისხმობს, რომ ერთ-ერთი მშობელი იძულებული ხდება არასრულწლოვანზე ზრუნვა და მისი სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველყოფა გაორმაგებული სიმძიმით იტვირთოს. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ალიმენტის დანიშნულების გათვალისწინებით, ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირის გარდაცვალება იწვევს საალიმენტო ვალდებულების შეწყვეტას, იმდენად, რამდენადაც პირის გარდაცვალება ირელევანტურს ხდის ყველა იმ მატერიალურ საჭიროებას, რაც პირის არსებობასა და არსებობის უზრუნველყოფასთან არის დაკავშირებული. ვალდებულების შეწყვეტას ასევე იწვევს ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირის მიერ სრულწლოვანების ასაკის
მიღწევა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ნ. ჭ-ის (დაბ. ...წ. - გარდაცვ. 05.07.2019წ.) გარდაცვალებამდე არ მომხდარა მის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი საალიმენტო ვალდებულების შესრულება. სააპელაციო სასამართლოს მითითებით ალიმენტი არის საარსებო სარჩო, რომელიც საჭიროა პირის ნორმალური სასიცოცხლო პირობების უზრუნველსაყოფად. განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის დედას - ი. ბ-ს დამოუკიდებლად უწევდა მისი და გ. ჭ-ის შვილის - ნ. ჭ-ის სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველყოფა შვილის სიცოცხლის მანძილზე. ამდენად, მხოლოდ ი. ბ-ის მიერ ხდებოდა იმ ხარჯების გაწევა, რაც მშობლების მიერ თავიანთი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების პირობებში თანაბრად უნდა ყოფილიყო განაწილებული ორივე მშობელზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირის სიცოცხლე და არსებობა ამ შემთხვევაში წარმოადგენს თვითკმარ ფაქტს, რომელიც ადასტურებს, რომ პირის საარსებო ხარჯები გაწეულია. სააპელაციო სასამართლომ მაგალითის სახით მიუთითა მსგავსი სამართლებრივი სისტემის მქონე ქვეყნის საკანონმდებლო მოწესრიგებაზე, კერძოდ, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 1615-ე მუხლის პირველი ნაწილის (BGB § 1615 (1) თანახმად, ალიმენტის მოთხოვნის უფლება წყდება ალიმენტის კრედიტორის ან ალიმენტვალდებული პირის გარდაცვალებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მიზნად ისახავს წარსულში შეუსრულებელი ვალდებულების შესრულებას ან შეუსრულებლობის გამო დამდგარი ზიანის კომპენსაციას, ან წინსწრებით შესასრულებელი ისეთი მოთხოვნების შესრულებას, რომლებიც ვადამოსული იყო კრედიტორის ან და ვალდებული პირის გარდაცვალების დროს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 29.11.2019წ. N5964 ბრძანება გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე. ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ერთმანეთისაგან განცალკევებით უნდა შეფასდეს სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძვლების არსებობა პირის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდგომ პერიოდთან მიმართებით. სწორედ გარდაცვალების ფაქტით შეცვლილი სამართლებრივი საფუძვლის მხედველობაში მიღებით უნდა დადგინდეს რა ნაწილში არსებობს სააღსრულებო წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის წინაპირობები და რა ნაწილში ექვემდებარება შეწყვეტას დაწყებული სააღსრულებო წარმოება. ამასთან, საქმის ხელახალი განხილვისას აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.10.2022წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. ჭ-ის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის არასწორი განმარტების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება. კასატორმა მიუთითა, რომ საალიმენტო მოვალეობის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო უნდა დაყრდნობოდა სამოქალაქო კოდექსის შესაბამის დებულებებს, რადგან აღნიშნული ნორმატიული აქტი ადგენს როგორც ალიმენტის დანიშვნის წესს და საფუძვლებს, ისე მხარეთა ვალდებულებით ურთიერთობებს. სააპელაციო პალატამ სამეცნიერო დოქტრინებზე მითითებით არასწორად განმარტა საკანონმდებლო ნორმები, რამაც სადავო საკითხის კონკრეტიკისგან აცდენა გამოიწვია. კასატორმა აღნიშნა, რომ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად ი. ბ-ი მიეთითა, რადგან მათი შვილი - ნ. ჭ-ე იყო არასრულწოვანი და გარკვეულ ქმედებებს ვერ განახორციელებდა.
კასატორმა უზენაესი სასამართლოს 07.12.2006წ. Nბს-613-580(06) განჩინებაზე მითითებით აღნიშნა, რომ კრედიტორის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება გათვალისწინებული იყო პირადად კრედიტორისათვის. კასატორი თვლის, რომ ნ. ჭ-ის გარდაცვალების გამო უნდა შეწყდეს სააღსრულებო საქმის წარმოება, ვინაიდან ალიმენტი დანიშნული იყო ნ. ჭ-ის მიმართ. ალიმენტი არის პირადი ხასიათის შესასრულებელი ვალდებულება, რომლის მემკვიდრეობით გადასვლასაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. კასატორმა უზენაესი სასამართლოს შესაბამის განჩინებებზე მითითებით აღნიშნა, რომ არამართებულია სასამართლოს მიერ დავის გადასაწყვეტად სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენება, ვინაიდან აღნიშნული მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. კასატორი თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც შეცვლას არ ექვემდებარება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 14.03.2014წ. მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. ბ-ის სარჩელი მოპასუხე გ. ჭ-ის მიმართ, გ. ჭ-ეს არასრულწლოვანი შვილის - ნ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება უნდა დაწყებულიყო სარჩელის აღძვრის დღიდან - 2013 წლის 21 ნოემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. 09.06.2014წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კრედიტორ ი. ბ-ის სასარგებლოდ, მოვალის - გ. ჭ-ის მიმართ გაიცა N2/17015-13 სააღსრულებო ფურცელი. ი. ბ-მა 22.08.2014წ. განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და სააღსრულებო ფურცლის იძულებით აღსრულება მოითხოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით 25.08.2014წ. დაიწყო NA14063142 სააღსრულებო საქმის წარმოება. გ. ჭ-ემ 17.07.2019წ. განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარადგინა შვილის - ნ. ჭ-ის გარდაცვალების მოწმობა და სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 10.09.2019წ. №A14063142-013/002 გადაწყვეტილებით გ. ჭ-ეს უარი ეთქვა შვილის - ნ. ჭ-ის გარდაცვალების გამო №A14063142 სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტასა და გარდაცვალებამდე გადაუხდელი ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ჭ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით გააასაჩივრა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 29.11.2019წ. №1714 ბრძანებით გ. ჭ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო სკ-ის 1212-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. ჭ-ეს 2013 წლის 21 ნოემბრიდან 2019 წლის ივლისამდე (ნ. ჭ-ის გარდაცვალებამდე) უნდა გადაეხადა 68 თვის ალიმენტი 20400 ლარის ოდენობით, რაც არ შესრულებულა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მშობლის მიერ საალიმენტო ვალდებულების შეუსრულებლობა, არასრულწლოვანზე ზრუნვის და მისი სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველყოფის მეორე მშობელზე გაორმაგებულად დაკისრებას იწვევს. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით, უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ნ. ჭ-ის სიცოცხლის მაძილზე მის სასიცოცხლო ინტერესებს მხოლოდ დედა - ი. ბ-ი უზრუნველყოფდა. ამდენად, მხოლოდ ი. ბ-ის მიერ ხდებოდა იმ ხარჯების გაწევა, რაც მშობლების მიერ თავიანთი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების პირობებში თანაბრად უნდა ყოფილიყო განაწილებული ორივე მშობელზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირის გარდაცვალება იწვევს საალიმენტო ვალდებულების შეწყვეტას მომავალი პერიოდისათვის, რამდენადაც პირის გარდაცვალება ირელევანტურს ხდის ყველა იმ მატერიალურ საჭიროებას, რაც პირის არსებობასა და არსებობის უზრუნველყოფასთან არის დაკავშირებული. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შეფასებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძვლების არსებობა პირის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდგომ პერიოდთან მიმართებით. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 29.11.2019წ. N5964 ბრძანება დაუსაბუთებელია, გამოცემულია ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასების და გამოკვლევის გარეშე. ამასთან, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოპასუხისა და მესამე პირის მიერ არ გასაჩივრებულა. დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დავა არ საჭიროებდა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას, ხოლო საჩივრის განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება მაღალი ხარისხით წარმოეშობა, რაც გულისხმობს მის მიერ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას და საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. სასამართლო ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
ამასთანავე, მიმდინარე დავისაგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების გამო არარელევანტურია კასატორის მითითება უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე (სუსგ 07.12.2006წ. Nბს-613-580(06)). კასატორის მიერ მითითებულ საქმეში დავის საგანს სამხედრო სამსახურის გამო ბინით უზრუნველყოფის და ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხი წარმოადგენდა, რაც არსებითად განსხვავდება განსახილველი საქმის დავის საგნისა და ფაქტობრივი გარემოებებისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.10.2022წ. გადაწყვეტილება;
3. გ. ნ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარზე 06.02.2023წ. N15986966855 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა