Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-153(კ-22) 17 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის (მოსარჩელე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 15 ივლისს სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების: სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 21 თებერვლის №04-13/1653 და 2018 წლის 23 მარტის №04-13/2607 გადაწყვეტილებების, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 17 იანვრის №ს/რ 16-1 რევიზიის აქტის, 2020 წლის 2 მარტის №02/2746 გადაწყვეტილების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 27 მარტის №04/8453 წერილის (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისათვის პაციენტ ზ.თ-ისთვის 2018 წელს გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 530 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების დაკისრება.

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 17 იანვრის Nს/რ 16-1 რევიზიის აქტის კანონიერება, რისი გათვალისწინებითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ზ.თ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე და ამასთან, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს განესაზღვრა ფინანსური სანქცია ასანაზღაურებელი თანხის - 530 ლარის სამმაგი ოდენობით - 1 590 ლარი. აღნიშნული აქტის გამოცემის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ პაციენტ ზ.თ-ისთვის 24.09.17წ.-26.09.17წ. პერიოდში გაწეული სამედიცინო მომსახურება არ ჩაითვალა სრულად/ჯეროვნად. ამდენად, განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა იმის დადგენა, თუ რამდენად იყო სახეზე არასრული ან/და არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი, პაციენტ ზ.თ-ის პირველი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N1-ის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით, ხოლო 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, რომლის შედეგად გართულდა შემთხვევა ან რომელმაც განაპირობა რეჰოსპიტალიზაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N1-ის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) მე-3 მუხლზე, მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-9, მე-16 მუხლებზე, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე, ასევე, საქმეში წარმოდგენილ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებზე, 2017 წლის 26 სექტემბრის საერთო შემოვლის ფურცელზე და ყურადღება გაამახვილა სსიპ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ რეცენზენტების მიერ გაცემულ რეცენზიაზე.

პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ხარისხი შესწავლილი იქნა ასევე მოპასუხე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, რომელმაც მიიჩნია, რომ ზ.თ-ის მკურნალობა ჩატარდა არასრულად და არაჯეროვნად, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს აღენიშნებოდა დიზართრია (მეტყველების გაძნელება) და ერთი თვის წინ გადატანილი ჰქონდა იშემიური ინსულტი, არ ჩატარებია ნევროლოგის კონსულტაცია. ამასთან, პალატამ დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ ისეთ პირობებში იქნა გაწერილი პაციენტი ბინაზე, როდესაც უჩიოდა სისუსტესა და ტკივილს, გარდა ამისა, პაციენტს ჰქონდა შფოთვა, თუმცა ასევე ნევროლოგის კონსულტაციის გარეშე, დაენიშნა დამამშვიდებელი პრეპარატი.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნევროლოგიური პრობლემების მქონე პაციენტს, რომელსაც გადატანილი ჰქონდა იშემიური ინსულტი, ჯეროვანი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევის შემთხვევაში, არ გაწერდნენ ბინაზე იმგვარად, რაც განაპირობებდა ერთი საათის ინტერვალში მისი მდგომარეობის გაუარესებას და კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების საჭიროებას. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა გორის რაიონული სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული წარმოადგენდა რეჰოსპიტალიზაციას, რაც არასწორად დასმული დიაგნოზისა და არასრულად ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შედეგი იყო. კერძოდ, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ პაციენტის მიმართ არ გატარდა ის ღონისძიებები, რაც საჭირო იყო ჯეროვანი და სრული სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის, პაციენტს არ ჩაუტარდა ნევროლოგის კონსულტაცია და კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები მისი ანამნეზის გათვალისწინებით.

პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ჩანაწერები, სამედიცინო ისტორიები და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები წარმოადგენდა იმგვარ დოკუმენტაციას, რაც ადეკვატურად ასახავდა პაციენტის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს და იძლეოდა შესაძლებლობას შეფასებული ყოფილიყო მისთვის გაწეული მომსახურების ხარისხი. აღნიშნულს ასევე ადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი სსიპ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ მიერ გაცემული რეცენზიაც, რომლის შესაბამისად, სწორედ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ვერ იქნა დადგენილი, რომ ზ.თ-ისთვის გაწეული სამედიცინო დახმარება და სამკურნალო ღონისძიებები იყო ადეკვატური, სრული და ჯეროვანი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მართებული იყო რაიონული სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის პასუხისმგებლობა უნდა განსაზღვრულიყო ზ.თ-ის არასრული ან/და არაჯეროვანი მკურნალობისათვის. პალატამ განმარტა, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც საჭირო გახდა პაციენტის რეჰოსპიტალიზაცია ნევროლოგიური მიმართულებით შესაბამისი სამედიცინო დახმარების დროულად აღმოუჩენლობის გამო, მის მიმართ თუნდაც მართებულად ჩატარებული მხოლოდ კარდიოლოგიური მომსახურების გაწევა, ვერ გახდებოდა საერთო ჯამში ჩატარებული მკურნალობის სათანადოდ მიჩნევის საფუძველი. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სახეზე იყო იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რაც საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N1-ის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) მე-19 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. შესაბამისად, პალატამ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილი იქნა სამედიცინო დაწესებულების მხრიდან არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი, ასევე არ არსებობდა სხვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების, სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლიანობის შემოწმება შეუძლებელია, კერძოდ, საკმარისად არ არის დასაბუთებული ის გარემოება, თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ, რომ პაციენტ ზ.თ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება იყო არაჯეროვანი.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რაც თავის მხრივ, არასწორად იყო დადგენილი გორის რაიონული სასამართლოს მიერ. კერძოდ, კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ,,პაციენტი ზ.თ-ე სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებისას უჩიოდა წონასწორობის დარღვევას, თავბრუსხვევას, მეტყველების გაძნელებას, თავის ტკივილს, მარჯვენა კიდურებში ძალის დაქვეითებას. ახლობლების განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე პაციენტი ზ.თ-ე 1 საათის გაწერილი იყო სამედიცინო კლინიკიდან და კვლავ დასჭირდათ სამედიცინო დახმარების გამოძახება“. კასატორის განმარტებით, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა არ იმსჯელეს და გვერდი აუარეს იმ გარემოების დადგენას, რომ პაციენტის პირველი და მეორე ჰოსპიტალიზაცია ერთი და იმავე დიაგნოზს არ უკავშირდებოდა, რაც გამორიცხავდა რეჰოსპიტალიზაციას. პაციენტ ზ.თ-ის პირველი ჰოსპიტალიზაციისას, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა კარდიოლოგიური ჩივილებით და მოთავსდა სტაციონარში, არასტაბილური სტენოკარდიის დიაგნოზით. ანამნეზში პაციენტს გადატანილი ჰქონდა იშემიური ინსულტი, აღენიშნებოდა ნარჩენი მოვლენები, მკურნალი ექიმების მიერ სამკურნალოდ დანიშნული ჰქონდა მედიკამენტები და დიაგნოზი არ იყო მწვავე, პაციენტს იმ მომენტისთვის მწვავე ნევროლოგიური ჩივილები ან კლინიკა არ აღენიშნებოდა. რამდენიმე დღის შემდგომ, პაციენტის ხელახლა მიმართვისას, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის საფუძველზე კი ნანახი იქნა ინსულტის ახალი კერა. შესაბამისად, ზ.თ-ის ჰოსპიტალიზაციის ორი სადავო შემთხვევა კავშირში არ არის ერთმანეთთან და გამოწვეულია სხვადასხვა კლინიკით.

კასატორი აქვე ყურადღებას ამახვილებს რეცენზენტთა დასკვნაზე და აღნიშნავს, რომ დასკვნის თანახმად, ,,...ჩატარებული მკურნალობა და გაწერის შემდგომი რეკომენდაცია შეიძლება ჩაითვალოს სრულად და ჯეროვნად.“

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 24 სექტემბერს სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული იქნა პაციენტი ზ.თ-ე. კლინიკაში შესვლისას პაციენტს აღენიშნებოდა ძლიერი ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ვიტალური მაჩვენებლები იყო შემდეგი: T/A-140/90; HR-68; RR-20; SpO2-92%; T-36.5; Pulmo - აუსკულტაციით შესუსტებული სუნთქვა, Cor-ტონები მოყრუებული, კანი თბილი, მშრალი, მუცელი რბილი. პაციენტს ჩაუტარდა სისხლის ლაბ. კვლევა, ე.კ.გ., კონსულტირებული იქნა კარდიოლოგის მიერ და მოთავსდა კარდიოინტენსიურ განყოფილებაში, დიაგნოზით: მწვავე კორონარული სინდრომი, არტერიული ჰიპერტენზია. 2017 წლის 26 სექტემბრის საერთო შემოვლის ფურცლიდან ირკვევა, რომ პაციენტს ანამნეზში მრავალი წელია აქვს მაღალი არტერიული წნევის ეპიზოდები 160/100, რეგულარულად იღებს ენაპ-H-ს, კარდიომაგნილს, კონკორს, ერთი თვის წინ გადაიტანა იშემიური ინსულტი, რის შემდეგაც აქვს მეტყველების დეფექტი - დიზართრია; პაციენტი პერიოდულად შფოთავს და ეშინია სახლში წასვლის, რის გამოც დამატებით დაენიშნა დამამშვიდებელი პრეპარატი. ამავე შემოვლის ფურცლის თანახმად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება პაციენტის ბინაზე გაწერის შესახებ და პაციენტი 2017 წლის 26 სექტემბერს, 16:30 საათზე გაწერილი იქნა კლინიკიდან. კლინიკიდან გაწერის დროისთვის პაციენტი უჩიოდა საერთო სისუსტეს, წელისა და მარცხენა გვერდის ტკივილს, რაც ძლიერდებოდა საწოლში მოძრაობისა და პალპაციისას. ამასთან, პაციენტი ზ.თ-ე 2017 წლის 26 სექტემბერს, 17:50 საათზე კვლავ იქნა მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში, დიაგნოზით: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, იშემიური ტიპის, მარცხენა შუა არტერიულ აუზში; მოტორული დისფაზია; მარჯვენამხრივი ჰემიპარეზი; არტერიული ჰიპერტენზია; გულის იშემიური დაავადება - დაძაბვის სტაბილური სტენოკარდია; წინაგულთა ვიბრაციის პაროქსიზმი.

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 21 თებერვლის N04-13/1653 გადაწყვეტილებით, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს ეცნობა, რომ პაციენტ ზ.თ-ის შემთხვევა არ აკმაყოფილებდა პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების პირობებს და მას საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N1-ის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიენიჭა სტატუსი ,,შეჩერებული/სადავო“. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 23 მარტის N04-13/2607 გადაწყვეტილებით კი, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს ეცნობა, რომ პაციენტ ზ.თ-ის შემთხვევის დამატებითი შესწავლის საფუძველზე, აღნიშნულ შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის N04/25958 გადაწყვეტილებით, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 21 თებერვლის N04-13/1653 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პაციენტ ზ.თ-ის შემთხვევის თაობაზე ინფორმაცია შესწავლის მიზნით გადაეგზავნა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და შეჩერდა ადმინისტრაციული წარმოება პაციენტ ზ.თ-ის სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ნაწილში, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მხრიდან შესაბამისი დასკვნის წარმოდგენამდე. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად კი, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, სააგენტოს გადაეგზავნა სსიპ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ რეცენზენტების სარეცენზიო დასკვნა პაციენტ ზ.თ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების თაობაზე.

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ 2020 წლის 17 იანვარს შედგენილი იქნა რევიზიის აქტი № ს/რ 16-1, რომლის თანახმად, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N1-ის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ჯარიმის სახით განესაზღვრა ზ.თ-ის მკურნალობისათვის ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის - 530 ლარის სამმაგი ოდენობა - 1 590 ლარი. ამასთან, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 2 მარტის N02/2746 გადაწყვეტილებით, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაციული საჩივარი, 2020 წლის 17 იანვრის № ს/რ 16-1 რევიზიის აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. ასევე, სააგენტოს მიმართვით ადმინისტრაციული საჩივარი კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გადაეგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 27 მარტის N04/8453 წერილით (გადაწყვეტილება) კი, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 21 თებერვლის №04-13/1653 და 2018 წლის 23 მარტის №04-13/2607 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის, შეჩერებული ადმინისტრაციული წარმოების განახლებისა და ზ.თ-ის შემთხვევის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით ეცნობა, რომ სააგენტო ჰოსპიტლის თანხმობის შემთხვევაში, განაახლებს 2018 წლის 4 მაისის N04/25958 გადაწყვეტილებით შეჩერებულ ადმინისტრაციულ წარმოებას, თუმცა ადმინისტრაციული საჩივარი სადავო სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების თაობაზე ვერ იქნება დაკმაყოფილებული, თუ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, მათთან წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, ძალაში დატოვებს 2020 წლის 17 იანვრის № ს/რ 16-1 რევიზიის აქტს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, მხარეთა შორის არსებითად სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლისთვის საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N1-ის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე (სამედიცინო მომსახურების არასრულად ან არაჯეროვნად გაწევისთვის), ზ.თ-ის მკურნალობისათვის ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის - 530 ლარის სამმაგი ოდენობის - 1 590 ლარის ჯარიმის სახით დაკისრებისა და ასევე, აღნიშნული შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი N1-ის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) მე-19 მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურებისთვის განმახორციელებლის მიერ პროგრამით ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით. ამავე დანართის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად კი, არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, რომლის შედეგად გართულდა შემთხვევა ან რომელმაც განაპირობა რეჰოსპიტალიზაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ რეცენზენტების მიერ გაცემულ რეცენზიაზე, სადაც 2017 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით მითითებულია, რომ პაციენტ ზ.თ-ის ნევროლოგიური სტატუსი ან ნევროლოგის კონსულტაცია ისტორიაში არ არის. არსებული მწირი (ნევროლოგიური) მონაცემებით ძნელი სათქმელია რამდენად აუცილებელი იყო ან რატომ არ ჩატარდა ნევროლოგის კონსულტაცია, ისევე, როგორც გაუგებარია 2017 წლის 26 სექტემბერს, 16:40 საათზე პაციენტის ბინაზე გაწერის მიზეზი. ამასთან, რაც შეეხება 2017 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდს, როდესაც პაციენტი კვლავ იქნა მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში მწვავე იშემიური ინსულტის დიაგნოზით, აღნიშნულთან დაკავშირებით რეცენზიაში მითითებულია, რომ ჩატარებული მკურნალობა და გაწერის შემდგომი რეკომენდაციები შეიძლება ჩაითვალოს სრულად და ჯეროვნად.

ამდენად, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში სარეცენზიო დასკვნის იმ ჩანაწერზე მითითება, რომ ,,...ჩატარებული მკურნალობა და გაწერის შემდგომი რეკომენდაცია შეიძლება ჩაითვალოს სრულად და ჯეროვნად“, ეხება პაციენტ ზ.თ-ის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების მხოლოდ მეორე ეპიზოდს, პირველ ეპიზოდთან მიმართებით კი, მწირი ინფორმაციის გათვალისწინებით ნევროლოგის კონსულტაციის ჩაუტარებლობა და პაციენტის ბინაზე გაწერის მიზეზი გაუგებრად არის მიჩნეული. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს პასუხისმგებლობა დაეკისრა სწორედ პაციენტ ზ.თ-ის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების პირველი და არა მეორე ეპიზოდის საფუძველზე. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული სარეცენზიო დასკვნის ჩანაწერი არ წარმოადგენს პაციენტ ზ.თ-ის პირველი ჰოსპიტალიზაციისას მის მიმართ ჩატარებული მკურნალობის სრულად, ჯეროვნად და აქედან გამომდინარე, კასატორისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის უკანონოდ მიჩნევის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

ამასთან, რაც შეეხება კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითებას, რომ პაციენტის პირველი და მეორე ჰოსპიტალიზაცია ერთი და იმავე დიაგნოზს არ უკავშირდებოდა, რაც გამორიცხავდა რეჰოსპიტალიზაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლისთვის საჯარიმო სანქციის დაკისრებისა და კონკრეტული სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა პირველი ჰოსპიტალიზაციისას ზ.თ-ისთვის სამედიცინო მომსახურების არასრულად ან არაჯეროვნად გაწევა, რამაც გამოიწვია პაციენტის კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება. აღნიშნული კი თავის მხრივ დასტურდება როგორც ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ რეცენზენტების სარეცენზიო დასკვნით, აგრეთვე საქმის მასალებით დადგენილი სხვა გარემოებებითაც. პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ჩანაწერები, სამედიცინო ისტორიები და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები წარმოადგენს იმგვარ დოკუმენტაციას, რაც ადეკვატურად ასახავს პაციენტის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს და იძლევა მისთვის გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების შესაძლებლობას. კერძოდ, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს აღენიშნებოდა დიზართრია (მეტყველების გაძნელება) და ერთი თვის წინ გადატანილი ჰქონდა იშემიური ინსულტი, პირველი ჰოსპიტალიზაციისას მას არ ჩატარებია ნევროლოგის კონსულტაცია. ამასთან, პალატა დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ პაციენტი ისეთ პირობებში იქნა გაწერილი ბინაზე, როდესაც უჩიოდა სისუსტესა და ტკივილს, გარდა ამისა, პაციენტს ჰქონდა შფოთვა, თუმცა ასევე ნევროლოგის კონსულტაციის გარეშე, დაენიშნა დამამშვიდებელი პრეპარატი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ნევროლოგიური პრობლემების მქონე პაციენტს, რომელსაც გადატანილი ჰქონდა იშემიური ინსულტი, ჯეროვანი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევის შემთხვევაში, არ გაწერდნენ ბინაზე იმგვარად, რაც განაპირობებდა მცირე დროის (1 საათი და 10 წუთი) ინტერვალში მისი მდგომარეობის გაუარესებას და კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების საჭიროებას. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენდა რეჰოსპიტალიზაციას, რაც არაჯეროვნად და არასრულად ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შედეგი იყო. დადგენილია, რომ პაციენტის მიმართ არ გატარდა ის ღონისძიებები, რაც საჭირო იყო ჯეროვანი და სრული სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის, კერძოდ, პაციენტს არ ჩაუტარდა ნევროლოგის კონსულტაცია და კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, მისი ანამნეზის გათვალისწინებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც საჭირო გახდა პაციენტის რეჰოსპიტალიზაცია ნევროლოგიური მიმართულებით შესაბამისი სამედიცინო დახმარების დროულად აღმოუჩენლობის გამო, მის მიმართ თუნდაც მართებულად ჩატარებული მხოლოდ კარდიოლოგიური მომსახურების გაწევა, ვერ გახდება საერთო ჯამში ჩატარებული მკურნალობის სათანადოდ მიჩნევის საფუძველი. პალატა არ იზიარებს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ იმ გარემოებებს, რომ პირველი ჰოსპიტალიზაციისას პაციენტს მწვავე ნევროლოგიური ჩივილები არ აღენიშნებოდა და ზ.თ-ის ჰოსპიტალიზაციის ორი სადავო შემთხვევა კავშირში არ არის ერთმანეთთან, რამეთუ 2017 წლის 26 სექტემბრის საერთო შემოვლის ფურცელში მითითებულია, რომ პაციენტს იშემიური ინსულტის გადატანის შემდგომ ჰქონდა მეტყველების დეფექტი - დიზართრია, პერიოდულად შფოთავდა და ეშინოდა სახლში წასვლის, რის გამოც დამატებით დაენიშნა დამამშვიდებელი პრეპარატი, თუმცა ნევროლოგის კონსულტაციისა და მისი ჩართულობის გარეშე, ამ პირობებში გაწერიდან მცირე დროში (1 საათი და 10 წუთი) კი პაციენტი კვლავ იქნა ჰოსპიტალიზებული. ამდენად, პალატის მოსაზრებით, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს პაციენტ ზ.თ-ის არასრული ან/და არაჯეროვანი მკურნალობისათვის მართებულად დაეკისრა პასუხისმგებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს (ს/კ 218064699) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 1 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინება;

3. სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს (ს/კ 218064699) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 1 მარტის N04160 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე