Facebook Twitter

ას-499-811-05 30 სექტემბერი, 2005წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),

რ. ნადირიანი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 6 სექტემბერს დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ნ. და ვ. ს.-ებმა მოპასუხეების _ შ. ბ.-ისა და მ. ბ.-ის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეებისათვის დაკარგული პირუტყვის ღირებულების _ 1800 ლარის დაკისრება.მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ ზეპირი გარიგების საფუძველზე 2002წ. 15 აპრილს შ. ბ.-ს მოსავლელად მიაბარეს სამი ძროხა. ამ უკანასკნელს იჯარით ჰქონდა აღებული ფერმა, სადაც მის საქონელს მწყემსავდა დაქირავებული მწყემსი მ. ბ.-ი. მათსა და შ. ბ.-ს შორის საქონლის მოვლის თაობაზე შედგა გარიგება. აღნიშნული გარიგების საფუძველზე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მოევლო, გამოეკვება და ემწყემსა მათი საქონელი, რისთვისაც ისინი თითო ძროხის მოვლისათვის გადაუხდიდნენ თვეში 4 ლარს, სულ _ 12 ლარს. 2002წ. მაისში მათი ორი ძროხა ფერმიდან მოიპარეს დაუდგენელმა პირებმა, რის გამოც მოსარჩელეებმა მოითხოვეს შ. ბ.-ისაგან და მ. ბ.-ისაგან ამ ძროხების ცოცხალი წონის ანაზღაურება 1 კგ-ზე 2 ლარის ოდენობით, რამაც შეადგინა 1800 ლარი (ერთი ძროხის წონა, მათი განცხადებით, იყო 550 კგ, ხოლო მეორესი – 350 კგ).

მოპასუხე შ. ბ.-მა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ გარიგება პირუტყვის მოვლის თაობაზე მოსარჩელეებმა დადეს არა მასთან, არამედ მწყემს მ. ბ.-თან, რომელსაც მოსარჩელეებმა ჩააბარეს საქონელი, შესაბამისად, ამ საქონლის დაკარგვაზე პასუხი უნდა ეგო მ. ბ.-ს და არა მას.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 იანვრის განჩინებით მოსარჩელეთა შუამდგომლობის საფუძველზე მ. ბ.-ი ამორიცხულ იქნა მოპასუხეთა სიიდან.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. და ვ. ს.-ების სარჩელი დაკმაყოფილდა _ შ. ბ.-ს დაეკისრა 1800 ლარის გადახდა. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გარიგება საქონლის მოვლის თაობაზე დაიდო მოსარჩელეებსა და შ. ბ.-ს შორის, რის გამოც ამ უკანასკნელს პასუხი უნდა ეგო პირუტყვის დაკარგვაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შ. ბ.-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა მოითხოვა საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, იმ საფუძვლით, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. აპელანტის განცხადებით, მას არ უკისრია მოსარჩელეების საქონლის მოვლის ვალდებულება, თვითონ მწყემსავდა ცხვარს და ძროხების მწყემსვას ვერ იკისრებდა. ამასთან, ფერმა ეკუთვნოდა სხვას _ ი. ბ.-ს და მოსარჩელეების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მას ეს ფერმა იჯარით ჰქონდა აღებული, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. აპელანტის განცხადებით, მ. ბ.-ი უვლიდა ვინმე ნ. ჯ.-ის საქონელს, რომელმაც საქონელი გაყიდა და მ. ბ.-ს ნება დართო, ფერმაში მოსავლელად საქონელი აეყვანა, რისთვისაც მას საქონლის პატრონები, მათ შორის მოსარჩელეები, უხდიდნენ საზღაურს. ამდენად, მოსარჩელეების მოთხოვნა შ. ბ.-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლო იყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილებით შ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება _ ნ. და ვ. ს.-ების სარჩელი არ დაკმყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფ. ... ე.წ. “...-ის” ტერიტორიაზე მდებარე ფერმა ეკუთვნოდა ი. ბ.-ს, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. დადგენილი იყო, რომ ამ ფერმით სარგებლობდა ნ. ჯ.-ი, თავის საქონლის მოსავლელად დაქირავებულ მწყემსად ჰყავდა მ. ბ.-ი, რაც დადადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ნ. ჯ.-მა. მანვე აჩვენა, რომ მწყემსს არ ყოფნიდა ანაზღაურება, და ითხოვა ნებართვა, სხვა პირებისაგან დამატებით აეყვანა საქონელი მოსავლელად, რაზედაც იგი დათანხმდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. და ნ. ს.-ებმა თავიანთი კუთვნილი სამი სული მსხვილფეხა პირუტყვი მიაბარეს არა შ. ბ.-ს, არამედ _ მ. ბ.-ს და ამ უკანასკნელთან დადეს ნარდობის ხელშეკრულება სკ-ის 629-ე მუხლის საფუძველზე. ამავე კოდექსის 650-ე მუხლის თანახმად კი მენარდე პასუხს აგებდა შემკვეთის ქონების დაღუპვის ან დაზიანებისათვის გაუფრთხილებლობის დროსაც. აღნიშნული გარემოების დამადასტურებლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ფერმიდან პირუტყვის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით ვ. ს.-ის 2004წ. 4 მაისის განცხადების საფუძველზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც წარდგენილ განცხადებაში, რომელიც პირველი წერილობითი დოკუმენტი იყო რომელიც შეიქმნა ამ საქმესთან დაკავშირებით, ვ. ს.-ი განმარტავდა, რომ მსხვილფეხა საქონელი მან ჩააბარა აზერბაიჯანელ მწყემს მ.ს. იგივე დგინდებოდა დედოფლისწყაროს შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების უფროსის სახელზე ვ. ს.-ის მიერ მოგვიანებით _ 2000წ. 6 მაისს დაწერილი ახსნა-განმარტებითაც, რომელშიც იგი წერდა, რომ შ. ბ.-მა მხოლოდ დართო ნება აეყვანა საქონელი ფერმაში, ხოლო საქონლის მოვლის საზღაური უნდა აეღო მწყემსს _ მ. ბ.-ს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, 2002წ. 18 ივლისს დაზარალებულის სახით დაკითხულმა ვ. ს.-მა შეცვალა ჩვენება და განმარტა, რომ მოლაპარაკება საქონლის მოვლაზე მას ჰქონდა შ. ბ.-თან, მაგრამ იმის გამო, რომ პირველ ორ განცხადებაში გარიგების მხარედ მითითებული იყო მ. ბ.-ი, გაზიარებული უნდა ყოფილიყო პირველ განცხადებაში მითითებული გარემოებები, იმის გათვალისწინებით, რომ ბ.-ისათვის პირუტყვის მიბარების ფაქტი ასევე დასტურდებოდა საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებითაც. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პოლიციაში დაწერილ ახსნა-განმარტებაში მ. ბ.-მაც აღიარა, რომ ვ. ს.-თან მოლაპარაკება პირუტყვის მოვლაზე ჰქონდა მას და იკისრა ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ შ. ბ.-ი ვერ მიიღებდა მოსავლელად მოსარჩელეების ძროხებს, არაპირდაპირ დასტურდებოდა იმითაც, რომ თვით შ. ბ.-ის განმარტებით, იგი მწყემსავდა ცხვარს. აღნიშნული მტკიცდებოდა მოწმეების _ ლ. კ.-ის, ვ. ბ.-ის ჩვენებებით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. და ნ. ს.-ებმა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება. კასატორების განმარტებით, თუკი სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ. ბ.-ი არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა, აღნიშნული არ აბათილებდა მათი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას, რომლის დაკმაყოფილებასაც ისინი შეეცადნენ სასამართლოსათვის მიმართვის გზით. კასატორების მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საქმის გადაწყვეტისას არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 650-ე მუხლი, რომელიც გამოიყენა და არასწორად განმარტა. ამასთან, გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელი იყო. კასატორები ასევე უთითებდნენ, რომ სასაპელაციო სასამართლომ აპელანტის გამოუცხადებლობის გამო 2004წ. 15 ოქტომბერს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. 2004წ. 25 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო აპელანტ შ. ბ.-ის საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და საქმის განხილვა დანიშნა 2004წ. 15 დეკემბერს. 2005წ. 9 თებერვლის საოქმო განჩინებით სააპელაციო სასამართლომ გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განაახლა საქმის წარმოება, რაც უკანონოდ განხორციელდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე დადგენილია, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფ. ... ე.წ. “...-ის” ტერიტორიაზე მდებარე ფერმა ეკუთვნოდა ი. ბ.-ს; ასევე, დადგენილია, რომ ფერმით სარგებლობდა ნ. ჯ.-ი, რომელსაც თავისი საქონლის მოსავლელად დაქირავებული ჰყავდა მწყემსი მ. ბ.-ი, რომელსაც მან ნება დართო სხვა პირებისაგან დამატებით აეყვანა მოსავლელად საქონელი. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია მოპასუხე შ. ბ.-ის შესაგებელი, სადაც იგი მიუთითებდა, რომ სოფ. არბოშიკში, ე.წ. “...-ის” ტერიტორიაზე მისი თანასოფლელების ს. ბ.-ისა და ნ. ჯ.-ის კუთვნილი ფერმა მათი თანხმობით უკავია მას და დაქირავებული ჰყავს აზერბაიჯანელი მწყემსი მ. ბ.-ი, რომელსაც უხდის ხელფასს, ასევე ვ. ბ.-ის ახსნა-განმარტება, სადაც ასევე მითითებულია, რომ მწყემსი ბ.-ი დაქირავებული ჰყავდათ მასა და შ. ბ.-ს და თვითონ უხდიდნენ ხელფასს, მ. ბ.-ის ახსნა-განმარტება, სადაც იგი შ. ბ.-ს მოიხსენიებს როგორც “ფერმის უფროსს”.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება მოსარჩელეებსა და მწყემს ბ.-ს შორის სკ-ის 629-ე მუხლის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, შეესაბამებოდა თუ არა აღნიშნული ურთიერთობა ნარდობის სამართლებრივ ბუნებას. სასამართლოს ასევე არ უმსჯელია, თუ რა სახის ურთიერთობა არსებობდა მოსარჩელეებსა და მოპასუხე შ. ბ.-ს შორის. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია, თუ ვის ეკისრებოდა ფერმის დაცვის ვალდებულება, ფერმის მეპატრონეს თუ მწყემსს, მაშინ როდესაც მიბარებული საქონელი ფერმის ტერიტორიაზე დაიკარგა.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დაადგინოს, ფაქტობრივად ვის ეკავა ფერმა მოსარჩელეების მიერ საქონლის მიყვანის დროისათვის, ვის ჰყავდა დაქირავებული მწყემსი მ. ბ.-ი, ვის ეკისრებოდა ფერმის დაცვის ვალდებულება, რა ურთიერთობა წარმოიშვა, ერთის მხრივ, მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის და მეორეს მხრივ, მოსარჩელეებსა და მ. ბ.-ს შორის და ამ უკანასკნელთა შორის არსებობდა ნარდობა, მიბარება თუ სხვა სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევით გამოიტანა 2004წ. 25 ოქტომბრისა და 2005წ. 9 თებერვლის განჩინებები დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ საჩივრის მიღებისა და აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. მოცემული განჩინებები გამოტანილია შესაბამისად სსკ-ის 236-ე, 239-ე მუხლებისა და 241-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დასადგენად და შესაბამისი სამართლებრივი შეფასების მისაცემად, 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტისა და 412-ე მუხლების შესაბამისად, საქმეს ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.