Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1352(კ-22) 25 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები - ლ. კ-ი, ბ. ხ-ე, მ. ხ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 03 აგვისტოს მოსარჩელეების წარმომადგენელმა ი. ა-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა 2000 წლის 25 თებერვლის N... განცხადების საფუძველზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა, მიწის ნაკვეთზე ს/კ ..., მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩის მე-2 შესახვევის N7-ის მიმდებარედ, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან გადაფარვის ნაწილში და ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე 2009 წლის 16 ივნისს რეგისტრაციის შესახებ მიღებული N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან გადაფარვის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს განჩინებით, ლ. კ-ის და დ. გ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ქ. თბილისი, ...ის ქუჩის მე-2 შესახვევის N7-ის მიმდებარედ არსებული ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციების განხორციელება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ლ. კ-ი, 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ მ. ხ-ე და ბ. ხ-ე.

მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, 2010 წლის 13 იანვარს ლ. კ-ის სახელზე ქალაქ თბილისში, ...ის I შესახვევი, I ჩიხი №7-ში არსებულ 245 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გაიცა №... საკუთრების მოწმობა, რომელიც თავის მხრივ ეფუძნებოდა ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემს იმის თაობაზე, რომ ამავე მისამართზე ლ. კ-ის სარგებლობაში/მფლობელობაში 1994 წლიდან ირიცხებოდა 343 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 245 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე 2010 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა ლ. კ-ის საკუთრების უფლება, მომზადდა შესაბამისი ამონაწერი და საკადასტრო გეგმა, ხოლო მიწის ნაკვეთს მიენიჭა №... საკადასტრო კოდი. მიწის ნაკვეთი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გასხვისდა დ. გ-ეზე, რომლის საკუთრების უფლებაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2012 წლის 30 ივლისს.

მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ ქალაქ თბილისში, ...ის I შესახვევი, I ჩიხი №7-ში არსებულ 245 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, როგორც ლ. კ-ის, ასევე დ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა დაუბრკოლებლად, ყოველგვარი გადაფარვის/ზედდების ფაქტის დაფიქსირების გარეშე. რეგისტრაციების განხორციელების შემდგომ, საჯარო რეესტრი უარს აცხადებს №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმის მომზადება/განახლებაზე დ. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემის №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან გადაფარვა/ზედდების მოტივით. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვნად ლახავს მის კანონიერად შეძენილ და რეგისტრირებულ საკუთრების უფლებას.

რაც შეეხება ქალაქ თბილისში ...ის ქუჩის II შესახვევის №7-ში მდებარე 506 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ს/კ ..., მოსარჩელე განმარტავს, რომ რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული უფლების დამდგენი დოკუმენტის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართობი დადასტურებულია მხოლოდ 300 კვ.მ. შესაბამისად, უჩნდება კითხვა, რა გახდა საჯარო რეესტრის მხრიდან №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის 506 კვ.მ. ფართით რეგისტრაციის წინაპირობა, ან საიდან არის დაცული საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემებში №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის დაზუსტებული კოორდინატები, მაშინ როდესაც მას საჯარო რეესტრმა ვერ წარუდგინა №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის დაზუსტებული სახით რეგისტრაციის საფუძვლები. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ჩამოთვლილი გარემოებები პირდაპირ მიუთითებს საჯარო რეესტრის მხრიდან არამართლზომიერ მოქმედებებზე და შესაბამისად №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე განხორციელებული, როგორც პირველადი, ასევე შემდგომი რეგისტრაციის აშკარა კანონსაწინააღმდეგო ხასიათზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, დ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. გ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 2.1. მუხლი, ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3, მე-4 მუხლები და განმარტა შემდეგი: როგორც 2000 წლის 25 თებერვლის საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ ამონაწერით ირკვევა, უძრავი ნივთის (მდებარე ქალაქი თბილისი, ..., ...ის ქუჩა II შესახვევის N7-ის მიმდებარედ, კვარტალი N10, ნაკვეთის ნომერი N..., ფართობი 506 კვ.მეტრი) მესაკუთრეა მ. ხ-ე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია: საქართველოს კანონი „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“; ქ.თბილისის ...ს რაიონის აღმასკომის 1990 წლის 21 მარტის N6.39.292 გადაწყვეტილება; ქ.თბილისის მთავარი არქიტექტურულ დაგეგმარებითი სამმართველოს მიერ 1990 წელს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა; ქ.თბილისის სახელმწიფო არქიტექტურულ - სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიერ, 1991 წლის 14 თებერვალს გაცემული №35 მშენებლობის დაწყების ნებართვა.

პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ ქ. თბილისის ...ს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 21 მარტის №6.39.292 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, კომისიამ შესაძლებლად მიიჩნია ...ში, ...ის ქუჩის მე-2 შესახვევის N7-ის მიმდებარედ თავისუფალი და მოქ. ლ.გ. კ-ის ნაკვეთის ხარჯზე ორი ნაკვეთის გამოყოფა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის. აღნიშნულის მიხედვით, კომისიამ გადაწყვიტა ...ის ქუჩის მე-2 შესახვევის N7-ში მცხოვრებ მოქ. ლ. კ-ს ჩამოეჭრას 1984 წლიდან მიტაცებული 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო მ. ხ-ის ოჯახს დაუმაგრდა მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. ამასთან, ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროს ეცნობა მომხდარი ცვლილება შეეტანა მოქ. ლ.გ.კ-ის საცხოვრებელი სახლის პირად ბარათში.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო რეგისტრაციისას მ. ხ-ის მიერ წარდგენილ იქნა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტურულ დაგეგმარებითი სამმართველოს მიერ, 1990 წელს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა, რომლითაც ირკვევა, რომ ,,წითელი ხაზი დარღვეულია ადგილობრივ მაცხოვრებლებთან კონფლიქტური სიტუაციის გამო და კორექტირებულია ფაქტობრივი მდგომარეობით წყალსადენის მაგისტრალური ქსელების დაზუსტებით’’. აღნიშნულ გეგმაზე ასახულია როგორც თავდაპირველად გამოყოფილი, ასევე კორექტირებული მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურის მიერ, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის კორექტირებული გეგმის გაორიენტირების შედეგად დადგინდა, რომ მ. ხ-ისთვის გამოყოფილი ორი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა ზუსტად 506 კვ.მ-ს. სააპელაციო სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის გეგმისა და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ურთიერთშედარებით დადგინდა მათი იდენტურობა.

ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ. ხ-ეს შესაბამისი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის საფუძველზე გადაეცა ორი უძრავი ქონება, რომლიდანაც ერთ - ერთი წარმოადგენდა ლ. კ-ის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთს. აქედან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ მითითებული უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული იყო მ. ხ-ისთვის ორი მიწის ნაკვეთის გადაცემა, ერთი თავისუფალი მიწის ნაკვეთის და მეორე ლ. კ-ისთვის ჩამორთმეული 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, რის საფუძველზეც მიწის ნაკვეთის გეგმაზე აისახა 506 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართი. შესაბამისად, ვინაიდან სარეგისტრაციო განცხადებაზე დართული მიწის ნაკვეთის გეგმა იძლეოდა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის მდებარეობის დადგენის შესაძლებლობას, სამსახურის მიერ მომზადდა უძრავი ნივთის საკადასტრო რუკა.

საკითხზე მსჯელობის დროს პალატამ მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის კანონიერ ძალაში არსებულ გადაწყვეტილებაზე და მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. კ-ის მიერ კომისიაში წარდგენილ იქნა არასწორი მონაცემები, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ხ-ეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ლ. კ-ის სახელზე არასწორად დარეგისტრირება. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ დ. გ-ე, რომელსაც ლ. კ-მა მიჰყიდა მის სახელზე აღიარებული და დარეგისტრირებული სადავო მიწის ნაკვეთი, ითხოვდა იმ სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, რომელიც უკვე არსებობდა და წინ უსწრებდა ლ. კ-ის საკუთრებაში სადავო მიწის ნაკვეთის აღიარებას, რეგისტრაციას და გასხვისებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გააბათილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 ივლისის რეგისტრაციის შესახებ N... გადაწყვეტილება, დ. გ-ის მხრიდან იმის მტკიცება, რომ 2000 წლის 25 თებერვლის N... განცხადების საფუძველზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე, ს/კ N... მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩის მე-2 შესახვევის №7-ის მიმდებარედ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან გადაფარვის ნაწილში უკანონოა, მოკლებულია ყოველგვარ საფუძვლიანობას.

რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე 2009 წლის 16 ივნისს განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ მიღებულ №... გადაწყვეტილებაზე №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან გადაფარვის ნაწილში, პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ როგორც სადავო 2009 წლის 16 ივნისის N... გადაწყვეტილებით ირკვევა, მ. ხ-ის მოთხოვნა (უძრავ ნივთზე, მდებარე ...ის 2 შესახვევი, N7-ის მიმდებარედ) დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე თარიღის საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქ.თბილისში, ...ის ქუჩის II შეს, N7-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება (დაზუსტებული ფართობი: 506.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: ...; შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი (მშენებარე); მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N...) საკუთრების უფლებით აღრიცხულია ბ. ხ-ის და მ. ხ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2009 წლის 10 ივნისს დამოწმებული №... ჩუქების ხელშეკრულება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზემოხსენებულ რეგისტრაციას საფუძვლად უდევს ჩუქების ხელშეკრულება, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე უფლების დამადასტურებელ და დღეისათვის ძალაში არსებულ იმ დოკუმენტს, რომლის კანონიერებაზე მსჯელობაც მოცემულ დავაში სცდება სასამართლო განხილვის ფარგლებს. ამდენად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ ვინაიდან სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ზემოაღნიშნული საფუძველი დღეის მდგომარეობით ძალაშია, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. გ-ის მიერ.

კასატორი მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ 2012 წლის 24 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით შეიძინა ქალაქ თბილისში, ...ის I შესახვევი, I ჩიხის, N7-ში არსებული 245 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ ... და საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2012 წლის 30 ივლისს. გასათვალისწინებლად მიიჩნევს, რომ მოცემული მიწის ნაკვეთის თავდაპირველ მესაკუთრეს, 2010 წლიდან წარმოადგენდა ლ. კ-ი, რომლის რეგისტრაციის საფუძველი იყო ქალაქ თბილისის საკრებულოს აღიარების კომისიის მიერ, 2010 წლის 13 იანვარს გაცემული N... საკუთრების მოწმობა. მიუხედავად აღნიშნულისა, N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმის განახლებაზე ეთქვა უარი მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების N ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან ზედდების მოტივით. კასატორის განმარტებით, ყოველივე აღნიშნული მოულოდნელობას წარმოადგენდა, ვინაიდან ზედდების/გადაფარვის ფაქტი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ დაფიქსირებულა პირველადი და შემდგომი (მოსარჩელის) საკუთრების უფლების რეგისტრაციის ეტაპზე და ასევე არც აღიარების კომისიისადმი მიწოდებული ინფორმაციით.

კასატორის განმარტებით, N.... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მითითებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული რეგისტრაციები შეუსაბამო იყო კანონმდებლობის მოთხოვნებთან. კერძოდ N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა მ. ხ-ის სახელზე, ისე რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით/ქალაქ თბილისის, ...ს რაიონის აღმასკომის 1990 წლის 21 მარტის N6.39.292 გადაწყვეტილებით დასტურდება, მხოლოდ 300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრში არ არის დაცული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მითითებული მიწის ნაკვეთის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შეთავაზებულ კოორდინატებში რეგისტრაციის ფაქტს. ასევე, გასათვალისწინებლად მიიჩნევს მ. ხ-ის და ბ. ხ-ის სახელზე, 2009 წელს ჩუქების საფუძველზე განხორციელებულ რეგისტრაციას, მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის მიერ შემდგომი რეგისტრაციის გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, რომ დაინტერესებულ პირს არ მოეთხოვა საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, მაშინ, როდესაც ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის იმ დროისათვის მოქმედი რედაქციით, აზომვითი ნახაზის წარუდგენლობა რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა.

კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომ ადმინისტრაციულ დავაში სადაც მ. ხ-ე და ბ. ხ-ე სადავოდ ხდიდნენ დ. გ-ის რეგისტრაციას, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს თბილისის საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ წინა მესაკუთრის - ლ. კ-ის სახელზე ერთსა და იმავე სააღრიცხვო ბარათით (ერთი ნომრის ქვეშ) შეუძლებელია სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა მიწის ნაკვეთი ყოფილიყო აღრიცხული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში და რომ უფლების დამდგენი დოკუმენტის (განსახილველ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულების) გაუქმების გარეშე, შეუძლებელია რეგისტრაციის ბათილად ცნობა. აღნიშნულზე კასატორი განმარტავს, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს საქმის წარმოების წესის მიხედვით, თითოეულ მისამართზე არსებობს ერთი სააღრიცხვო ბარათი, ერთი ნომრით და სააღრიცხვო ბარათის ფარგლებში შესაძლებელია სხვადასხვა დროს აღრიცხული იყოს ერთ მისამართზე არსებული რამდენიმე უძრავი ნივთი. რაც შეეხება უფლების დამდგენი დოკუმენტის გაუქმების გარეშე, რეგისტრაციის ბათილად ცნობის შეუძლებლობას, აღნიშნულზე განმარტავს, რომ რეგისტრაცია არ არის ავტომატური პროცესი, არამედ არის სარეგისტრაციო/ადმინისტრაციული წარმოების შედეგი. რეგისტრაციისათვის არ არის საკმარისი, მხოლოდ უფლების დამდგენი დოკუმენტის არსებობა, შესაძლებელია არსებობდეს გარიგება, მაგრამ რეგისტრაცია არ განხორციელდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. გ-ე საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში კასატორი მიუთითებს, რომ მესამე პირების მ. და ბ. ხ-ეების საკუთრებაში არსებული 506 კვ.მ. არ წარმოადგენს რეალურ ოდენობას, რამეთუ საქმის მასალებიდან ირკვევა მხოლოდ 300 კვ.მ. ფართზე მათი საკუთრების ფაქტი. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრმა არასწორად დაარეგისტრირა საკუთრების უფლება ზემოხსენებულ პირებზე, რითაც შეილახა მისი უფლება, ვინაიდან სადავო ფართი (ზედდების ნაწილში) წარმოადგენს მის საკუთრებას.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ. თბილისის ...ს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, 1990 წლის 21 მარტს მიღებული იქნა №6.39.292 გადაწყვეტილება მოქ. მ.ა. ხ-ის განცხადების განხილვის შესახებ. აღმასკომის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ...ის გამზირი №1-ში მცხოვრებ მ. ხ-ე ითხოვს ნაკვეთის დამაგრებას და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ...ში, ...ის ქუჩის მე-2 შესახვევი, №7-ის მიმდებარედ. აღმასკომის გადაწყვეტილებით, ...ის ქუჩის მე-2 შესახვევი, №7-ში მცხ. ლ. კ-ს ჩამოეჭრა 1984 წლიდან მიტაცებული 300 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი. ამასთან, აღმასკომის გადაწყვეტილებით, მ. ხ-ეს ოთხ სულიან ოჯახს ...ის ქუჩის მე-2 შესახვევი №7-ის მიმდებარედ დაუმაგრდა მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად და მოიხსნა ბინის მიღების აღრიცხვიდან.

2000 წლის 25 თებერვლის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ უძრავი ნივთის (მდებარე ქალაქი თბილისი, ..., ...ის ქუჩა II შესახვევის N7-ის მიმდებარედ, კვარტალი N10, ნაკვეთის ნომერი N..., ფართობი 506 კვ.მეტრი) მესაკუთრეა მ. ხ-ე. მ. ხ-ის საკუთრებაშია ასევე ნაკვეთზე მდებარე შენობა - ნაგებობა და მშენებარე შენობა - ნაგებობა. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია: საქართველოს კანონი „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“; ქ.თბილისის ...ს რაიონის აღმასკომის 1990 წლის 21 მარტის №6.39.292 გადაწყვეტილება; ქ.თბილისის მთავარი არქიტექტურულ დაგეგმარებითი სამმართველოს მიერ 1990 წელს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა; ქ.თბილისის სახელმწიფო არქიტექტურულ - სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიერ 1991 წლის 14 თებერვალს გაცემული №35 მშენებლობის დაწყების ნებართვა.

2009 წლის 29 მაისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩის II შესახვევის N7-ის მიმდებარედ მდებარე უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი 506.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი: მშენებარე; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ. ხ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: საქართველოს კანონი „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“; ქ.თბილისის სახელმწიფო არქიტექტურულ - სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიერ 1991 წლის 14 თებერვალს გაცემული №35 მშენებლობის დაწყების ნებართვა; ქ.თბილისის მთავარი არქიტექტურულ დაგეგმარებითი სამმართველოს მიერ 1990 წელს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა; ქ.თბილისის ...ს რაიონის აღმასკომის 1990 წლის 21 მარტის N6.39.292 გადაწყვეტილება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 2009 წლის 08 სექტემბერს მომზადებული ცნობა - დახასიათების თანახმად, მიწის ნაკვეთი მდებარე: ...ის 1 შესახვევი, 1 ჩიხი 7; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო - სამეურნეო; მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - 1705 კვ.მ; აქედან 330 კვ.მეტრი ფართობი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე აღრიცხულია 1994 წლამდე, აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი: სააღრიცხვო ბარათი N..., აღრიცხვის თარიღი 1985 წელი; მესაკუთრე - ლ. კ-ი. 343 კვ.მ ფართობი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე აღრიცხულია 1994 წლიდან, აღრიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სააღრიცხვო ბარათი N..., აღრიცხვის თარიღი - 2003 წელი. 1032 კვ.მ ფართობი ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით კანონიერ სარგებლობაში აღრიცხულია ფართობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე; აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი - სააღრიცხვო ბარათი N..., აღრიცხვის თარიღი - 1986 წელი.

დადგენილია, რომ 2009 წლის 10 ივნისს, ერთის მხრივ მ. ხ-ეს და მეორეს მხრივ, მ. ხ-ესა და ბ. ხ-ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება. მ. ხ-ემ, მ. ხ-ეს და ბ. ხ-ეს თანაბარწილად აჩუქა უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ...ის ქუჩის II შესახვევის N7-ის მიმდებარედ, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 506 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი - .., შენობა - ნაგებობების ჩამონათვალი (მშენებარე). 2009 წლის 10 ივნისს, მ. ხ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ...ის II შესახვევი N7-ის მიმდებარედ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 16 ივნისის №... გადაწყვეტილებით, მ. ხ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

2009 წლის 16 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩის II შეს, №7-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების - დაზუსტებული ფართობი 506.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი ...; შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი (მშენებარე); მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია ბ. ხ-ის და მ. ხ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება N....

დადგენილია, რომ 2009 წლის 19 ნოემბერს, ლ. კ-მა N12/81769-7 განცხადებით მიმართა ქ.თბილისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მიწის ნაკვეთის დაკანონება. საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 343 კვ.მეტრს; საინვენტარიზაციო გეგმით - 343 კვ.მეტრს, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე აღრიცხულია 2003 წელს. დადგენილია, რომ აღიარების კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის №169 საოქმო გადაწყვეტილებით, კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის შემდგომ, მიწის ნაკვეთს, კერძოდ 245 კვ.მეტრს მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია - სასყიდლიანი და მასზე საკუთრების უფლება უღიარდა ლ. კ-ს. დადგენილია, რომ ქ.თბილისის საკრებულოს მიერ 2010 წლის 13 იანვარს ლ. კ-ის სახელზე გაიცა №... საკუთრების უფლების მოწმობა სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, ფართობით: 245 კვ.მეტრი, მდებარე ქ.თბილისი, ...ის I შესახვევი, I ჩიხი N7.

2010 წლის 25 იანვარს ლ. კ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავი ქონების რეგისტრაცია საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ის I შესახვევი, I ჩიხი N7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 28 იანვრის №... გადაწყვეტილებით, ლ. კ-ის მოთხოვნა რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა. 2010 წლის 28 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ...ის ქუჩის I შეს, I ჩიხის №7- ში მდებარე უძრავი ქონების, დაზუსტებული ფართობი - 245.00 კვ.მეტრი, ს/კ №..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია ლ. კ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - საკუთრების მოწმობა №....

2012 წლის 24 ივლისს, ლ. კ-სა და დ. გ-ეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა უძრავი ნივთი მიწის ნაკვეთის ფართით - 245 კვ.მეტრი, მდებარე: ქ.თბილისი, ...ის I შეს. I ჩიხი №7. ნასყიდობის საგანი გაიყიდა 20 000 (ოცი ათასი) ლარად. დადგენილია, რომ 2012 წლის 24 ივლისს, დ. გ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავი ქონების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის გამზირი ...ის მიმდებარედ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 ივლისის №... გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის შესახებ დ. გ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

2012 წლის 30 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩის I შეს, I ჩიხის №7-ში მდებარე უძრავი ქონების, ნაკვეთის საკუთრების დაზუსტებული ფართობი - 245.00 კვ.მეტრი, ს/კ №..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია დ. გ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2012 წლის 22 ივლისს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება,

2016 წლის 26 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი იქნა ბ. ხ-ისა და მ. ხ-ის სარჩელი, მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, მესამე პირების - ლ. კ-ის, დ. გ-ის მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით: ბათილად იქნეს ცნობილი კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის №169 საოქმო გადაწყვეტილება (დღის წესრიგის მე-7 საკითხი) ლ. კ-ისთვის 245 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების აღიარების ნაწილში; ბათილად იქნეს ცნობილი 2010 წლის 13 იანვრის საკუთრების უფლების მოწმობა №...; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 28 იანვრის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 30 ივლისის №... გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის №3/4567-16 გადაწყვეტილებით ბ. ხ-ის, მ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის №3ბ/1106-17 გადაწყვეტილებით: ბ. ხ-ის და მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის N169 საოქმო გადაწყვეტილება (დღის წესრიგის მე-7 საკითხი) ლ. კ-ისთვის 245 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების აღიარების ნაწილში, 2010 წლის 13 იანვრის საკუთრების უფლების მოწმობა N... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 28 იანვრის რეგისტრაციის შესახებ N... გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით. სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 ივლისის რეგისტრაციის შესახებ N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის №ბს-591(3კ-19) განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ლ. კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.

დავის საგნისა და საკასაციო საჩივარში მითითებული იმ მთავარი არგუმენტის გათვალისწინებით, რომ მესამე პირების - მ. და ბ. ხ-ეების საკუთრებაში არსებული 506 კვ.მ. არ წარმოადგენს რეალურ ოდენობას და რომ სსიპ საჯარო რეესტრმა არასწორად დაარეგისტრირა საკუთრების უფლება ზემოხსენებულ პირებზე, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს შეაფასოს რა წინაპირობები არსებობდა რომლითაც ბ. და მ. ხ-ეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართი განისაზღვრა 506 კვ.მეტრით.

უპირველესად პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 2.4 მუხლს რომლის თანახმად, ამ კანონის მიღებამდე მიწის და მასთან დაკავშირებულ უძრავი ქონების მიმართ წარმოშობილი უფლებები ექვემდებარებოდა სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ამ კანონის მიღების შემდეგ წარმოშობილი უფლებები იურიდიულ ძალას იძენდა სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ. კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწისა და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა.

,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ’’ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო საკუთრების უფლება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს იმ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით აქვთ გამოყოფილი. ამ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის პირველადი რეგისტრაცია წარმოებს მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, რომელიც ოფიციალურად აღრიცხული ან გაცემულია რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის განმცხადებელი რეგისტრატორს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა) განცხადებას; ბ) მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ საბუთს; გ) კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელ საბუთს; დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიწის გადასახადისა და ამ კანონით დადგენილი ერთჯერადი საზღაურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს; ე) კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლს. მე-7 პუნქტის მიხედვით კი, მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეიძლება ეთქვას უარი, თუ: ა) ვერ წარადგინა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბუთები; ბ) არსებულ დოკუმენტში დაფიქსირებული სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი ან მასზე განლაგებული შენობა - ნაგებობანი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაა.

როგორც 2000 წლის 25 თებერვლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა უძრავი ნივთის (მდებარე ქალაქი თბილისი, ..., ...ის ქუჩა II შესახვევის N7-ის მიმდებარედ, კვარტალი N10, ნაკვეთის ნომერი N..., ფართობი 506 კვ.მ) მესაკუთრეა მ. ხ-ე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია: საქართველოს კანონი „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“; ქ.თბილისის ...ს რაიონის აღმასკომის 1990 წლის 21 მარტის N6.39.292 გადაწყვეტილება; ქ. თბილისის მთავარი არქიტექტურულ დაგეგმარებითი სამმართველოს მიერ 1990 წელს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა; ქ. თბილისის სახელმწიფო არქიტექტურულ - სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიერ 1991 წლის 14 თებერვალს გაცემული №35 მშენებლობის დაწყების ნებართვა.

ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დავის გადაწყვეტის დროს მართებულად გამახვილდა ყურადღება ქ. თბილისის ...ს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 21 მარტის №6.39.292 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, კომისიამ შესაძლებლად ჩათვალა ...ში ...ის ქუჩის მე-2 შესახვევის N7-ის მიმდებარედ თავისუფალი და მოქ. ლ.გ. კ-ის ნაკვეთის ხარჯზე ორი ნაკვეთის გამოყოფა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის. აღნიშნულის მიხედვით, კომისიამ გადაწყვიტა ...ის ქუჩის მე-2 შესახვევის N7-ში მცხოვრებ მოქ. ლ. კ-ს ჩამოეჭრას 1984 წლიდან მიტაცებული 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო მ. ხ-ის ოჯახს დაუმაგრდა მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. ამასთან, ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროს ეცნობა მომხდარი ცვლილება შეეტანა მოქ. ლ.გ.კ-ის საცხოვრებელი სახლის პირად ბარათში. გარდა ამისა, სადავო რეგისტრაციისას მ. ხ-ის მიერ წარდგენილ იქნა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტურულ დაგეგმარებითი სამმართველოს მიერ, 1990 წელს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა, რომლითაც ირკვევა, რომ ,,წითელი ხაზი დარღვეულია ადგილობრივ მაცხოვრებლებთან კონფლიქტური სიტუაციის გამო და კორექტირებულია ფაქტობრივი მდგომარეობით წყალსადენის მაგისტრალური ქსელების დაზუსტებით’’. აღნიშნულ გეგმაზე ასახულია როგორც თავდაპირველად გამოყოფილი, ასევე კორექტირებული მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურის მიერ, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის კორექტირებული გეგმის გაორიენტირების შედეგად დადგინდა, რომ მ. ხ-ისთვის გამოყოფილი ორი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა ზუსტად 506 კვ.მ-ს. საგულისხმოა ისიც, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის გეგმისა და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ურთიერთშედარებით დადგინდა მათი იდენტურობა.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით ცალსახაა, რომ მ. ხ-ეს შესაბამისი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის საფუძველზე გადაეცა ორი უძრავი ქონება, რომლიდანაც ერთ - ერთი წარმოადგენდა ლ. კ-ის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთს. მითითებული უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული იყო მ. ხ-ისთვის ორი მიწის ნაკვეთის გადაცემა, ერთი თავისუფალი მიწის ნაკვეთისა და მეორე ლ. კ-ისთვის ჩამორთმეული 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, რის საფუძველზეც მიწის ნაკვეთის გეგმაზე აისახა 506 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართი. შესაბამისად, ვინაიდან სარეგისტრაციო განცხადებაზე დართული მიწის ნაკვეთის გეგმა იძლეოდა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის მდებარეობის დადგენის შესაძლებლობას, სამსახურის მიერ მომზადდა უძრავი ნივთის საკადასტრო რუკა.

რაც შეეხება კასატორის მიერ ყურადღებაგამახვილებულ სასამართლო წარმოების საქმეს, საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (კანონიერ ძალაში შესული) ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ადმინისტრაციული წარმოების მასალებში წარდგენილი იყო 2009 წლის 3 ნოემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, ლ. კ-ის საკუთრების უფლება აღრიცხულია ქ. თბილისში, ...ის პირველ შესახვევში, პირველ ჩიხში, N7-ში მდებარე 1032 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ს/კ .... ამავე წარმოების მასალებში წარდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 4 ნოემბრის სიტუაციური ნახაზის თანახმად, მიწის ნაკვეთები ს/კ ... და ს/კ ... მდებარეობს ერთმანეთისგან მოშორებით. ამდენად, სიტუაციური ნახაზის მიხედვით, რომელსაც აღიარების კომისია გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო, ლ. კ-ისა და მ. ხ-ის და ბ. ხ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ერთმანეთს არ ემიჯნებოდა, მდებარეობდა აბსოლუტურად სხვადასხვა ტერიტორიაზე. აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით კი, ლ. კ-ის საკუთრების უფლების აღიარება განხორციელდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ს/კ N... მომიჯნავედ, რომლის საჯარო რეესტრში რეგისტრაციით ნაკვეთს მიენიჭა საკადასტრო კოდი - .... ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ ყურადღებას გაამახვილა საქმეში წარდგენილ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ 2016 წლის 25 მაისის საკადასტრო რუკაზე, რომელიც თანახმად, ლ. კ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ს/კ N... მომიჯნავედ რეგისტრირებულია ბ. და მ. ხ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ს/კ ..., ამასთან, ლ. კ-ზე აღიარების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე 2010 წლის 28 იანვარს რეგისტრირებული უფლება 245 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ს/კ ... ასევე ფიქსირდება მისივე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ს/კ N... მომიჯნავედ, თუმცა კვეთს ბ. ხ-ისა და მ. ხ-ის მიწის ნაკვეთს ს/კ ..., შესაბამისად, ლ. კ-ზე 2010 წლის 28 იანვარს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდების პირობებში’’...,,ადმინისტრაციულმა ორგანომ ერთსა და იმავე ობიექტზე ორჯერ დაარეგისტრირა სხვადასხვა პირის საკუთრების უფლება, რამაც რეალურად საკუთრების უფლების შელახვა გამოიწვია.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, 2009 წლის 16 ივნისს განხორციელებულ რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებაზე ს/კ ... მიწის ნაკვეთთან გადაფარვის ნაწილში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნებს და განმარტავს, რომ როგორც სადავო 2009 წლის 16 ივნისის N... გადაწყვეტილებით ირკვევა, მ. ხ-ის მოთხოვნა (ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ...ის 2 შესახვევი, N7-ის მიმდებარედ) დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე თარიღის საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩის II შეს, N7-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება დაზუსტებული ფართობი - 506.00 კვ.მეტრი, ს/კ N... საკუთრების უფლებით აღრიცხულია ბ. ხ-ის და მ. ხ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად მითითებულია 2009 წლის 10 ივნისს დამოწმებული უძრავი ქონების №... ჩუქების ხელშეკრულება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოხსენებულ რეგისტრაციას საფუძვლად უდევს ჩუქების ხელშეკრულება, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე უფლების დამადასტურებელ და დღეისათვის ძალაში არსებულ იმ დოკუმენტს, რომლის კანონიერებაზე მსჯელობაც მოცემული დავის ფარგლებს არ წარმოადგენს. შესაბამისად გასაზიარებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების ის განმარტება, რომ ვინაიდან სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ზემოაღნიშნული საფუძველი დღეის მდგომარეობით ძალაშია, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე.

საკასაციო პალატა შეჯამების მიზნით მიუთითებს, რომ სადაო რეგისტრაციები (გადაფარვის ნაწილში) განხორციელებულია შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე. საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს. საკუთრების უფლება იმ ბუნებითი უფლებების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოს ბაზისს ქმნიან. იგი წარმოადგენს ყოველი ინდივიდის ღირსეული ცხოვრების საფუძველს და ამავდროულად, საბაზრო ეკონომიკის, სამოქალაქო ბრუნვისა და სამეწარმეო ურთიერთობების წინაპირობას. საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითაც. სახელმწიფო ცნობს და იცავს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს და რომელთაც პირდაპირ მოქმედი სამართლის ძალა აქვთ. კონსტიტუციის მე-19 მუხლი ასახავს საკუთრების უფლების უშუალო კონსტიტუციურ გარანტიას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებები - უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება (პოზიტიური ვალდებულება) და, ამავდროულად, არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება). საკუთრების კონსტიტუციურ სამართლებრივი ცნების უმთავრესი მიზანი სწორედ სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვაში მდგომარეობს. კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს იგი პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, დ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, დ. გ-ეს (პირადი N...) უნდა დაუბრუნდეს ი. ა-ის (...) მიერ, დ. გ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, სს ...ში 2022 წლის 29 დეკემბერს N0 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი,

სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინება.

3. დ. გ-ეს (პირადი N...) დაუბრუნდეს ი. ა-ის (...) მიერ, დ. გ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, სს ...ში 2022 წლის 29 დეკემბერს N0 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე