№ბს-771(კ-23) 9 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ.მ-ე, მოპასუხე - სსიპ ქალაქ თელავის №... საჯარო სკოლა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ ქალაქ თელავის №... საჯარო სკოლის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) დადგინდეს ქ. თელავის №... საჯარო სკოლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან ნ.მ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი; ბ) დაევალოს მოპასუხეებს - ქ. თელავის №... საჯარო სკოლასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნ.მ-ის სასარგებლოდ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 აგვისტოს განჩინებით ნ.მ-ის სარჩელი მოპასუხეების ქალაქ თელავის მე-... საჯარო სკოლისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს - თელავის რაიონულ სასამართლოს.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ.მ-ის მიერ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ.მ-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა მოცემულ საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ.მ-ის სარჩელი. დადგინდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან ნ.მ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი. დაევალა მოპასუხეს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნ.მ-ის სასარგებლოდ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებელმა ცალსახად დააფიქსირა თავისი პოზიცია და ხანდაზმულობის ვადა დაუკავშირა დისკრიმინაციის ფაქტად მიჩნეული გარემოების გაგების (გაიგო/უნდა გაეგო) მომენტს. სასამართლომ გადაწყვეტილების 8.5 პუნქტში არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ნ.მ-ის სარჩელი ხანდაზმული არ იყო. სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ.მ-ის დედამ 2017 წლის სექტემბერში განცხადებით მიმართა სსიპ ქ. თელავის №... საჯარო სკოლის დირექტორს და მოითხოვა, სკოლის ადგილსამყოფელის დროებით შეცვლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გათვალისწინებით, ვინაიდან ვერ მოახერხებდა ბავშვის სკოლაში ტრანსპორტირებას, ნ.მ-ის შინ სწავლების რეჟიმზე გადაყვანა. ნ.მ-ის დედამ 2017 წლის პირველ ნოემბერსაც მიმართა როგორც სკოლას, ასევე სამინისტროს და ითხოვდა ტრანსპორტის გამოყოფას. აღნიშნული განცხადება სამინისტრომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიას გადაუგზავნა. მშობელმა 2018 წლის 26 იანვარს მიმართა სამინისტროს, მაგრამ რადგან რეაგირება არ განხორციელდა მის განცხადებებზე, მიმართა სასამართლოს 2018 წლის 28 მაისს. სსიპ თელავის მე-... საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, 2017-2018 სასწავლო წელს, დაიწყო 2017 წლის 15 სექტემბერს, შესაბამისად, თუ მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მისი, როგორც შშმ პირის, უფლება დაირღვა, რადგან შეეზღუდა სკოლაში გადაადგილების უზრუნველყოფის უფლება, იგი ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებული იქნებოდა მას შემდეგ, რაც დაიწყო სასწავლო პროცესი, გამოიყო შესაბამისი ტრანსპორტი და ხორციელდებოდა მოსწავლეთა ტრანსპორტირება. მოსარჩელეს უნდა გაეგო აღნიშნულის შესახებ 2017 წლის 15 სექტემბერს და 3 თვის ვადაში წარედგინა სარჩელი სასამართლოში, რაც განახორციელა 2018 წლის 28 მაისს. მოსარჩელემ კი სამინისტროს განცხადებით 2017 წლის პირველ ნოემბერს მიმართა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს ხანდაზმულობის ვადის ათვლის თარიღად უნდა მიეჩნია 2017 წლის 15 სექტემბერი, თუმცა, თუ განცხადების წარდგენას დაუკავშირებდა ხანდაზმულობას, მაშინ ხანდაზმულობის ვადის ათვლაც უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის პირველი ნოემბერიდან. სასამართლო კი, ხანდაზმულობის ვადის ათვლას უკავშირებს მოსარჩელის მიერ წარდგენილ 2018 წლის 26 იანვარის განცხადებას, რაც არასწორია, რადგან კანონმდებელს არსად აქვს დათქმა იმის შესახებ, რომ დისკრიმინაციის ფაქტად მიჩნეული გარემოების გაგება შეიძლება იყოს განგრძობადი. სასამართლოს ამგვარი პრაქტიკის დანერგვა საერთოდ აზრს უკარგავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის ჩანაწერს, რომლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 3 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია (სადავო პერიოდში), ამჟამად მოქმედი რედაქციით კი სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია.
კასატორი მიუთითებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის დეფინიციებზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების 8.9 პუნქტში მიიჩნია, რომ სამინისტროს მხრიდან ნ.მ-ის მიმართ სახეზე იყო დისკრიმინაციული ქმედება შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, რაც ახსნა იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან, სამინისტრო ახორციელებს საჯარო სკოლების მოსწავლეთა სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფას და ტენდერში გათვალისწინებული არ იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე გათვლილი ადაპტირებული ტრანსპორტი, ხოლო საჯარო სკოლა დამოუკიდებლად მოკლებული იყო საკუთარი სახსრებით უზრუნველეყო ნ.მ-ის ტრანსპორტირება, მშობელი ამ ფონზე იძულებული იყო მოსწავლე შინ სწავლების რეჟიმზე გადაეყვანა იმ პირობებში, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა ამის აუცილებლობას. სასამართლოს ამგვარი მსჯელობა საფუძველს მოკლებულია - სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული ის მტკიცებულებები, რომელიც საქმეზე იქნა წარმოდგენილი, კერძოდ, სასამართლოს მიერ შეფასების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი 2017 წლის 22 აგვისტოს რიცხვით თარიღდება. ასევე, სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ საქართველოში არა თუ მოსწავლეთა უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით არ არსებობს შშმ პირებისათვის ადაპტირებული ტრანსპორტი, შესაბამისად, სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში აღნიშნული მოთხოვნა ვერ იქნებოდა წამოყენებული. სკოლის მიერ მშობლის მოთხოვნის საფუძველზე აღნიშნული ინფორმაციის სამინისტროსათვის მიწოდების შემთხვევაში, სამინისტრო გამოცხადებულ ტენდერში მიუთითებდა, რომ ტრანსპორტირება უნდა განხორციელებულიყო შშმ პირისთვისაც, რა დროსაც ტენდერში მონაწილე სუბიექტი ამას აუცილებლად ითვალისწინებს.
სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა სკოლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ნ.მ-ის აკადემიური მოსწრების შესახებ, რაც ადასტურებდა, რომ ნ.მ-ეს სხვადასხვა წლებში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უწევდა სკოლის ხშირად გაცდენა, რაც ქმნიდა იმის საფუძველს, რომ მოსწავლე საგანმანათლებლო პროგრამას ძლევდა ექსტერნატის ფორმით. აღნიშნული მტკიცებულების შეფასება სასამართლოს მიიყვანდა იმ დასკვნამდე, რომ ნ.მ-ის მიმართ დისკრიმინაცია კი არ განხორციელებულა, არამედ მისი განათლების მიღების უფლება რომ არ შეზღუდულიყო და არ ჰქონოდა სასწავლო პროცესში ჩამორჩენა, გამოსავალი სწორედ მისი შინ სწავლების რეჟიმზე გადაყვანა იყო. ამდენად, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ არ შეუფასებია საქმეში არსებული მტკიცებულებები (სატენდერო დოკუმენტაცია, მოსარჩელის განცხადება, შინ სწავლების მოთხოვნა, მულტიდისციპლინური კომისიის დასკვნა, აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია, ექსტერნატის შესახებ სკოლის ბრძანებები და სხვ.), რამაც გამოიწვია დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილების მიღება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ნ.მ-ე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (ტ.1, ს.ფ 21-22); ბ) მოსარჩელის დედამ (კანონიერმა წარმომადგენელმა) 2017 წლის ნოემბერში განცხადებით მიმართა როგორც სსიპ ქალაქ თელავის №... საჯარო სკოლას, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტრანსპორტის გამოყოფის შესახებ. სსიპ ქალაქ თელავის №... საჯარო სკოლამ განცხადება გაუგზავნა სამინისტროს, თავის მხრივ, ამ უკანასკნელმა - თელავის მუნიციპალიტეტის მერიას. მოსარჩელის დედამ 2018 წლის 26 იანვარს განმეორებითი წერილით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (ტ.1, ს.ფ 23-26, 28-30); გ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული სამგზავრო-სატრანსპორტო საშუალებების დაქირავებასთან დაკავშირებული ტენდერი არ მოიცავდა მოთხოვნას ადაპტირებული ტრანსპორტის შესახებ (ტ.1, ს.ფ 32-46); დ) 2017 წლის სექტემბერში ნ.მ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა - დედამ მიმართა სსიპ ქალაქ თელავის №... საჯარო სკოლას მოსწავლის შინ სწავლების რეჟიმზე გადაყვანის მოთხოვნით. სსიპ ქალაქ თელავის №... საჯარო სკოლის დირექტორის 2019 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებით ნ.მ-ე გადაყვანილ იქნა შინ სწავლების რეჟიმზე, დროებით, სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დამთავრებამდე (ტ.1, ს.ფ 111-112, 149).
მოცემულ შემთხვევაში ნ.მ-ის სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ის წარმოადგენს ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სსიპ ქალაქ თელავის №... საჯარო სკოლისთვის გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალება არ იყო ადაპტირებული ეტლით მოსარგებლე პირებისათვის, რის გამოც 2017-2018 სასწავლო წელს ნ.მ-ე თანატოლებთან ერთად არ იყო ჩართული სასწავლო პროცესში, რადგან ვერ ახერხებდა მისი სკოლისთვის დროებით გამოყოფილ შენობაში სიარულს.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამავე კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად. კონვენციის მე-12 ოქმის 1-ლი მუხლის თანახმად, კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა. დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია პირველ პუნქტში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დისკრიმინაციის ცნებას განსაზღვრავს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი და ადგენს „პირდაპირი“ და „ირიბი“ დისკრიმინაციის ლეგალურ დეფინიციას. მითითებულთაგან პირველს მიეკუთვნება იმგვარი მოპყრობა, რომელიც პირს მადისკრიმინირებელი ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან. რაც შეეხება ირიბ დისკრიმინაციას, იგი სახეზეა მაშინ, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით დისკრიმინაცია განმარტებულია იმავე სახით, თუმცა დამატებით აღნიშნულია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე პირდაპირი დისკრიმინაცია ხდება სწორედ პირის შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე ირიბი დისკრიმინაცია იწვევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, „თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით) პრეამბულის მიხედვით, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული გარემოს, ჯანდაცვის, განათლების, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის მისაწვდომობის მნიშვნელობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სრული რეალიზებისათვის. ამავე კონვენციის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას განათლებაზე. ამ უფლების დისკრიმინაციის გარეშე და თანაბარ პირობებში რეალიზებისათვის, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვასა და მთელი ცხოვრების მანძილზე განათლების მიღების მისაწვდომობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), (1) ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის, სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა; (2) სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 3 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომლის მიხედვით, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად არ იქნა მიჩნეული. საქმეში წარმოდგენილია ნ.მ-ის კანონიერი წარმომადგენლის - დედის 2017 წლის სექტემბრის განცხადება, რომლითაც მან მიმართა სსიპ ქალაქ თელავის №... საჯარო სკოლას და იმ საფუძვლით, რომ სკოლამ დროებით შეიცვალა ადგილსამყოფელი და გართულდა მშობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოითხოვა მოსწავლის შინ სწავლების რეჟიმზე გადაყვანა. 2017 წლის ნოემბერში მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართა როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე სსიპ ქალაქ თელავის №... საჯარო სკოლას და მოითხოვა შესაბამისი ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ამასთან, განმარტა, რომ სკოლის მითითებით დაწერა განცხადება შინ სწავლების რეჟიმზე გადაყვანის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მდგომარეობა არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნას შინ სწავლებაზე გადაყვანასთან დაკავშირებით - სკოლაში სიარულის ერთადერთი შემზღუდველი გარემოება ადაპტირებული ტრანსპორტის არარსებობა იყო. სსიპ ქალაქ თელავის №... საჯარო სკოლის მიერ ნ.მ-ის დედის განცხადება გადაგზავნილ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის, ხოლო სამინისტროს მიერ განცხადება გადაეგზავნა ქ. თელავის მუნიციპალიტეტის მერიას. ზემოაღნიშნულ განცხადებებზე სათანადო რეაგირების არმოხდენის პირობებში, 2018 წლის 26 იანვარს მოსარჩელის დედამ კვლავ მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტრანსპორტის დაუყოვნებლივ გამოყოფისა და მოსწავლის საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად დაუკავშირდა დისკრიმინაციის საფუძვლით აღძრული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2018 წლის 26 თებერვალს, რამდენადაც ადმინისტრაციულ ორგანოს ნ.მ-ის კანონიერი წარმომადგენლის, დედის 2018 წლის 26 იანვრის განცხადებაზე რეაგირება უნდა მოეხდინა არაუგვიანეს 2018 წლის 26 თებერვლისა. იმის გამო, რომ სამინისტროს მითითებულ განცხადებასთან დაკავშირებით არ განუხორციელებია ქმედითი ღონისძიებები, ნ.მ-ემ თელავის რაიონულ სასამართლოს სსიპ ქალაქ თელავის №... საჯარო სკოლისა და საქართველოს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ მიმართა 2018 წლის 28 მაისს (სარჩელი წარდგენილია საფოსტო გზავნილის მეშვეობით, იხ. №3/55-18 ადმინისტრაციული საქმე, ს.ფ 34).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, (1) წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს; (2) თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელის აღძვრისათვის კანონით დადგენილი 3-თვიანი ვადა სრულდებოდა 2018 წლის 26 მაისს. იმის გამო, რომ 2018 წლის 26 მაისი იყო შაბათი და ამავდროულად, კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღე, 27 მაისი კი - კვირა, ვადა გასულად უნდა ჩათვლილიყო მომდევნო სამუშაო დღეს - 2018 წლის 28 მაისს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ნ.მ-ის მიერ სარჩელი თავდაპირველად წარდგენილ იქნა 2018 წლის 28 მაისს, რის გამოც არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველი, ხანდაზმულობის ვადა კი შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს სწორედ 2018 წლის 28 მაისიდან.
საკასაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლზე, რომლის თანახმად, (1) სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული; (2) თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 28 მაისს წარდგენილი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ნ.მ-ეს უარი ეთქვა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით, თუმცა მოსარჩელემ კვლავ მიმართა სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ კასატორის მოსაზრების უსაფუძვლობაზე.
რაც შეეხება მოსარჩელის მოსაზრებას, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლზე, რომლის მიხედვით, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენისა და ამ საფუძვლით სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს მოსარჩელის ვალდებულებას შექმნას საფუძველი დასაბუთებული და გონივრული ვარაუდისათვის დისკრიმინაციის არსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სკოლის ადგილსამყოფელის დროებით შეცვლის გამო, სამინისტროს მხრიდან ადაპტირებული ტრანსპორტით უზრუნველყოფის გარეშე მშობელს არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით ნ.მ-ის ტარების შესაძლებლობა, რის გამოც მის მიერ წარდგენილ იქნა განცხადება შინ სწავლების რეჟიმზე გადაყვანასთან დაკავშირებით. როდესაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა სკოლისათვის სატრანსპორტო საშუალების გამოყოფის შესახებ, კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ იქნა განცხადება ნ.მ-ისთვის შესაბამისი ტრანსპორტის გამოყოფის შესახებ, რასაც მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია და აღნიშნულით მოსარჩელისათვის ვერ იქნა უზრუნველყოფილი კანონშესაბამისი საშუალო განათლების მიღება. ამდენად, მოსარჩელემ სასამართლოს წარმოუდგინა ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, ხოლო მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დადასტურება, რომ დისკრიმინაცია არ იქნა განხორციელებულა - საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ადაპტირებული ტრანსპორტის გამოყოფის შესახებ ნ.მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას გააჩნდა გონივრული და ობიექტური გამართლება, არსებობდა თუ არა ლეგიტიმური მიზანი და თანაბარზომიერება ლეგიტიმურ მიზანსა და მიზნის მისაღწევად გამოყენებულ საშუალებას შორის. შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან სახეზეა დისკრიმინაციული მოპყრობა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე