Facebook Twitter

№ბს-810(კ-22) 9 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა - ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 20 ივნისის №1774 განკარგულება შპს „...ს“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით შპს „...ს“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეჩერდა შპს „...ს“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 20 ივნისის №1774 განკარგულების მოქმედება, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამავე განჩინებით შპს „...ს“ შუამდგომლობა დროებითი განჩინების მიღების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ, (მესამე პირი - ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა), ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 30 ივნისის №1774 განკარგულება შპს „...ს“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ „შავი სიის წარმოების წესსა და პირობების“, მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-4 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე, მე-7 მუხლის პირველ, მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტებზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების ერთ-ერთი საფუძველია გარემოება, როდესაც მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა, იკვლევს, აკმაყოფილებს თუ არა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესი და პირობების“ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი, სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების და/ან გაფრთხილების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის. განსახილველ შემთხვევაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებულ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები - შპს „...ს“ მიერ 2016 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულება არ დადასტურდა. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა შპს „...ს“ ქ. ცაგერში და სოფ. ...ში სასადილოების მოსაწყობად გადასცა ისეთი შენობები, სადაც შეუძლებელია სანიტარული ნორმების დაცვა (ხელსაბან ნიჟარას არ მიეწოდება წყალი, სამზარეულო და საწყობი არ არის აღჭურვილი ვენტილაციის საშუალებით, სამზარეულოში და საწყობში არსებული იატაკი, კედელი, ჭერი და კარები დაზიანებულია და არ ექვემდებარება რეცხვა/დეზინფექციის საშუალებას. სამზარეულოს ფანჯრები დაზიანებულია. სოფ. ...ში სასადილო შენობას ელექტროენერგია არ მიეწოდება). სასამართლომ მიიჩნია, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მითითებული დარღვევების დადასტურების შემთხვევაშიც კი, აღნიშნული არ იქნებოდა საკმარისი ხელშეკრულების შესაწყვეტად, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „...“ 2017 წლის 21 აპრილს გავიდა ხელშეკრულებიდან და აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის. მითითებული გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების 9.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს „...ს“ სასარგებლოდ 6747.70 ლარის გადახდა დაეკისრა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 მარტის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებით არ დადასტურდა შპს „...ს“ მიერ 2016 წლის 22 დეკემბრის №... „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, რაც თავის მხრივ, ასევე ადასტურებს „შავი სიის წარმოების წესის და პირობების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლის არ არსებობას, სახეზეა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 20 ივნისის №1774 განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-2 მუხლზე, მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არასათანადოდ შეაფასა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით განსაზღვრული შავი სიის მნიშვნელობა. ვინაიდან დადგინდა შპს „...ს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რომელიც, თავის მხრივ, ითვალისწინებდა მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციას, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააგენტომ მიიჩნია, რომ შპს „...“ უნდა დარეგისტრირებულიყო შავ სიაში. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში აქცენტი გაკეთებულია მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ აქტის გამოცემის დროს არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არსებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 21 აპრილის №138 მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ინსპექტირების ჯგუფის მიერ დადგენილი ხარვეზები კვლავ მეორდებოდა, კერძოდ, დღის მენიუ იცვლებოდა ინსპექტირების ჯგუფთან შეთანხმების გარეშე, მომსახურე პერსონალს არ ეცვა ერთნაირი უნიფორმა და არ ჰქონდა წარდგენილი ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტები, სასადილო დარბაზში ღუმელი არ იყო ჩართული. ამასთან, 2017 წლის 14 მარტის ინსპექტირებისას აღმოჩნდა, რომ საქონლის ხორცი იყო მუქი-მოლურჯო ფერის, რის შემდეგაც ინსპექტირების ჯგუფმა გამოიძახა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, თუმცა მიმწოდებელმა მათ კარები არ გაუღო. მეორე დღეს კი, სპეციალისტებს სასადილოში აღნიშნული ხორცი აღარ დახვდათ. საგულისხმოა ის გარემოება, რომ შპს „...მ“ 2017 წლის 13 აპრილს №1240 განცხადებით მიმართა შემსყიდველ ორგანიზაციას, სადაც ითხოვდა გარემონტებულ ფართს შესაბამისი ინვენტარით, რისთვისაც განუსაზღვრა 7 კალენდარული დღე. აღნიშნული მოთხოვნა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დაკმაყოფილდა და 2017 წლის 19 აპრილის წერილით შპს „...ს“ ეთხოვა ახალი შენობის (რომელიც აკმაყოფილებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს) გადაბარება თავისი ინვენტარით, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მიმწოდებელმა სასადილოსთვის გამოყოფილი ახალი ფართი დაათვალიერა, შემსყიდველი ორგანიზაციისთვის არ უცნობებია აპირებდა, თუ არა გადასვლას იგი აღნიშნულ ფართში. მეტიც, 2017 წლის 21 აპრილის ინსპექტირებისას აღმოჩნდა, რომ სასადილო დაკეტილი იყო. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, გაურკვეველია, თუ რატომ მიიჩნია სააპელაციო პალატამ, რომ შპს „...ს“ მიერ 2016 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულება არ დადასტურდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა, რომ მიმწოდებელმა არაჯეროვნად, კერძოდ, ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამოდ შეასრულა 2016 წლის 22 დეკემბრის №... სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი ფართი ვერ აკმაყოფილებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, იგი შეიცვალა ახალი შენობით, რომელშიც გამოსწორებული იყო ყველა ხარვეზი, თუმცა მიმწოდებელს არ გამოუთქვამს თანხმობა სამუშაოების აღნიშნულ შენობაში გაგრძელებაზე და ის არც ძველში გაუგრძელებია. შესაბამისად, გარდა ზემოხსენებული არა ერთი დარღვევის არსებობისა, მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა შეწყვეტის ფაქტიც კიდევ ერთხელ ადასტურებს შპს „...ს“ მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) 2016 წლის 22 დეკემბერს შემსყიდველ ორგანიზაციას - ცაგერის მუნიციპალიტეტსა და №... გამარტივებული ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს - შპს „...ს“ შორის გაფორმდა №... ხელშეკრულება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, რომლის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მზრუნველობა მოკლებულ და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) კვებით მომსახურება. ხელშეკრულების 3.2 მუხლის თანახმად, შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულება შეადგენდა 67 477 ლარს, ხოლო 5.1 მუხლის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 3 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (ს.ფ. 203-205); ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ 2016 წლის 22 დეკემბრის №... ხელშეკრულების დანართი №1-ის (ტექნიკური პირობა) თანახმად, შემსყიდველი - ცაგერის მუნიციპალიტეტი მიმწოდებელს უზრუნველყოფდა მომსახურების გაწევის ადგილით, ინვენტარით (ქ. ცაგერი, სოფ. ...) (ს.ფ. 206); გ) 2017 წლის 13 აპრილს შპს „...მ“ №1240 წერილით მიმართა შემსყიდველ ორგანიზაციას - ცაგერის მუნიციპალიტეტს და აცნობა, რომ ქ. ცაგერში, სასადილოსთვის გამოყოფილი ფართი (მდებარე - ქ. ცაგერი, ...ას ქუჩა №..., ს/კ...) არის ავარიულ მდგომარეობაში და არ შეესაბამება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სასადილოსთვის დადგენილ სტანდარტებს. ფართი ინვენტარით ნაწილობრივ არის აღჭურვილ, სასადილოს არ გააჩნია საკვების მომზადებისათვის საკმარისი გაზის ღუმელი (არსებული მხოლოდ 1 ქვაბს იტევს), არ არის თხევადი გაზის ბალონები (რეგიონში არ არის ბუნებრივი გაზი), არ არის საკვების შესანახი მაცივარი, არ არის ცხელი წყალი, იატაკი არის ავარიული და კედლებს აქვს ღრმა ნაპრალები, ჭურჭლის გასარეცხი ადგილი არ არის შესაბამისი ქვაბების ზომასთან და ფაქტიურად იატაკზე ხდება ქვაბების რეცხვა. რაც შეეხება სოფ. ...ში მდებარე ფართს, იგი მდებარეობს სოფლის ...ის შენობის ტერიტორიაზე, ფართში არ არის შეყვანილი ელექტროენერგია, ამიტომ ვერ ხერხდება ობიექტზე ხორცის პროდუქტების, კვერცხის და კარაქის შენახვა. სამზარეულო სივრცე არ არის იზოლირებული სასადილო სივრცისგან და აღნიშნული სასადილოც არ შეესაბამება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სასადილოსთვის დადგენილ სტანდარტებს. ამავე წერილით შემსყიდველ ორგანიზაციას ასევე ეცნობა, რომ ხელშეკრულების დადებისას, სიტყვიერი შეთანხმებით, სოციალური მომსახურების უფროსისგან მიიღეს მზაობა ალტერნატიული ფართების გამოყოფის თაობაზე, რაც ამ დრომდე არ შესრულებულა. შესაბამისად, შპს „...მ“ გამგეობას სთხოვა, გაეტარებინა გარკვეული ზომები, დაეცვათ ზემოხსენებული ხელშეკრულების დანართი №1-ით ნაკისრი ვალდებულება და მიეცა კომპანიისათვის შესაძლებლობა, ჯეროვნად შეესრულებინა №... ხელშეკრულების პირობები, ვინაიდან აღნიშნულ ფართებში არსებული დარღვევების ფონზე, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო მომსახურების გაწევა. ობიექტზე იმყოფებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან აღნიშნულ ფართში სასადილოების არსებობას, მათ განაცხადეს, რომ მორიგი ინსპექტირებისას ბიზნეს ოპერატორი შპს „...ს“ მიმართ გაატარებდნენ საჯარიმო სანქციებს, სოფელ ...სა და ცაგერის რეგიონში არსებული სასადილოების ტექნიკური მატერიალური ბაზის გაუმართაობის გამო. ასევე, ქ. ცაგერში მდებარე ფართში იმყოფებოდნენ სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და კომპანიას მისცეს ზეპირი გაფრთხილება, რომ აღნიშნული ობიექტი მომატებულ ცეცხლსაშიშ ზონას წარმოადგენს და მაქსიმალურად უნდა იქნეს აღჭურვილი ცეცხლმაქრებით. ამავე წერილით შპს „...მ“ შემსყიდველ ორგანიზაციას ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინება და შესაბამისი ზომების გატარება მოსთხოვა - გონივრულ ვადაში ალტერნატიული ფართების გამოყოფა ან არსებული ობიექტების შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა და გამართვა ისე, რომ შპს „...ს“ მისცემოდა ხელშეკრულების შესრულების საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში შპს „...“ გამოიყენებდა ხელშეკრულების მე-9 მუხლით (მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისას) მინიჭებულ უფლებამოსილებას (იხ. ს.ფ. 31-32); დ) ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 19 აპრილის №946 წერილით შპს „...ს“ 2017 წლის 13 აპრილის №1240 წერილის პასუხად ეცნობა, რომ ქ. ცაგერის უმწეოთა სასადილოსთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტმა იზრუნა და გამოყო შესაბამისი ფართი, რომელიც აღჭურვილია საჭირო ინვენტარით (დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები). ამავე წერილით მიმწოდებელს ეცნობა, რომ შეეძლო მომდევნო დღეს გადაებარებინა სასადილოს შენობა და ინვენტარი (ს.ფ. 169); ე) 2017 წლის 21 აპრილს შპს „...მ“ წერილით მიმართა შემსყიდველ ორგანიზაციას - ცაგერის მუნიციპალიტეტს და აცნობა, რომ კომპანიამ 19 აპრილს მიიღო ელექტრონული წერილი, რომელიც წარმოადგენდა პასუხს 2017 წლის 13 აპრილის წერილზე. ამავე დღეს შპს „...მ“ ცაგერის მუნიციპალიტეტს მიწერა, რომ ეცნობებინათ კომპანიისათვის ალტერნატიული ფართების კოორდინატები, რასაც მუნიციპალიტეტის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. 2017 წლის 20 აპრილს კომპანიის დირექტორი გამოცხადდა ქ. ცაგერში, თუმცა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ ვერ მოხდა ალტერნატიული ფართის შეთავაზება, სადაც იქნებოდა დაცული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სასადილოებისათვის დადგენილი სტანდარტების თუნდაც ელემენტარული პირობები. აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „...“ აწარმოებს კვებით მომსახურებას და ჯეროვანი საწარმოო პირობების არსებობა გარდაუვლად მნიშვნელოვანია საკვების მომზადებისთვის, ვინაიდან არ მოხდეს ბენეფიციარის მოწამვლა და სხვა სავალალო შედეგი, შპს „...“ იძულებულია გავიდეს 2016 წლის 22 დეკემბრის №... ხელშეკრულებიდან 2017 წლის 21 აპრილს და დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართოს სასამართლოს (ს.ფ. 105); ვ) ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 24 აპრილის №2-53 ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „...ს“ შორის გაფორმებული 2016 წლის 22 დეკემბრის №... ხელშეკრულება (ს.ფ. 220); ზ) ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 26 აპრილის №1066 წერილობითი შეტყობინებით და 4 მაისის №1136 დაზუსტებული წერილობითი შეტყობინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა შპს „...ს“ მიერ №... გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2016 წლის 22 დეკემბრის №... სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე (ს.ფ. 163-174); თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 20 ივნისის №1774 განკარგულებით შპს „...“ 2017 წლის 21 ივნისიდან დარეგისტრირდა შავ სიაში (ს.ფ. 106-109); ი) შპს „...მ“ სარჩელით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2016 წლის 22 დეკემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტსა და შპს „...ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით (მზრუნველობა მოკლებულ და უკიდურესად გაჭირვებულ მოსახლეობის ერთჯერადი კვების მომსახურება ქ. ცაგერში და სოფ. ...ში) მოპასუხე იღებდა ვალდებულებას შესყიდვის მიწოდების ადგილის და ინვენტარის უზრუნველყოფის შესახებ, მაგრამ გამგეობის მიერ გამოყოფილი ორივე ფართი არ აკმაყოფილებდა ხელშეკრულების და ტექნიკური პირობის (დანართი N1) მოთხოვნებს. ვინაიდან, კომპანიის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ გამოსწორდა სასადილოების ინფრასტრუქტურა, ხელშეკრულების 9.2 პუნქტის საფუძველზე 2017 წლის 21 აპრილს შპს „...“ გავიდა ხელშეკრულებიდან. მოსარჩელემ ხელშეკრულების 9.5 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოპასუხეზე ჯარიმის - 13 495.40 ლარის დაკისრება; კ) ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასამართლოს მიმართა შეგებებული სარჩელით მოპასუხე შპს „...ს“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 6747,70 ლარის დაკისრება. მოსარჩელემ (შეგებებული სარჩელით) განმარტა, რომ ხელშეკრულების მე-9 მუხლის საფუძველზე ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 24 აპრილის №2-53 ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება, რაც წერილობით ეცნობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. სააგენტოს გადაწყვეტილებით შპს „...“ 2017 წლის 21 ივნისს დარეგისტრირდა შავ სიაში. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.5 პუნქტის შესაბამისად შპს „...ს“ დაეკისრა საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 10% ოდენობით, რაც შეადგენს 6747,70 ლარს; ლ) ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე - ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს „...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 6747,70 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ცაგერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ხელშეკრულება არაჯეროვნად შეასრულა, ხოლო შპს „...ს“ მიერ 2016 წლის 22 დეკემბრის №... ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი არ დასტურდებოდა. სასამართლოს განმარტებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ შპს „...მ“ დროულად არ წარადგინა თანამშრომელთა ჯანმრთელობის ცნობები, ასევე არ დადასტურდა, რომ კომპანიას არ ჰქონდა დანთებული ღუმელი, არ დადასტურდა, რომ ხორცს შეცვლილი ჰქონდა ფერი, არ დადასტურდა, რომ თანამშრომლებს არ ეცვათ უნიფორმა და მუნიციპალიტეტის თანხმობის გარეშე შეცვლილი იყო მენიუს რიგითობა. ამავდროულად, სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შპს „...ს“ ქ. ცაგერში და სოფ. ...ში სასადილოების მოსაწყობად გადასცა ისეთი შენობები, სადაც შეუძლებელი იყო სანიტარული ნორმების დაცვა, კერძოდ, ხელსაბან ნიჟარას არ მიეწოდებოდა წყალი, სამზარეულოში და საწყობში არ იყო ვენტილაცია. იატაკი, კედელი, ჭერი და კარები იყო დაზიანებული. სამზარეულოში ფანჯრები იყო დაზიანებული. სოფ. ...ში სასადილო შენობას არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია (ს.ფ. 258-265); მ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში (ს.ფ. 266-282).

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 20 ივნისის №1774 განკარგულება, რომლითაც შპს „...“ დარეგისტრირდა შავ სიაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შავი სია განმარტებულია, როგორც შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი).

საკასაციო პალატა მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ „შავი სიის წარმოების წესსა და პირობებზე“, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს.

ზემოაღნიშნული წესისა და პირობების 3.4 მუხლის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება; ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.

მითითებული წესისა და პირობების 4.1 მუხლის მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი.

ამავე წესისა და პირობების 4.4 მუხლის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელებას; ბ) ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერს, კონკურსის შემთხვევაში – საკონკურსო განცხადების ნომერს, გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერს; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის კლასიფიკატორს – CPV კოდს; დ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტებს; ე) პრეტენდენტის შესაბამისი საფუძვლით დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ან მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ) კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენამდე პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ) კონსოლიდირებულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულებ(ებ)ის დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; თ) ხელშეკრულების დადებამდე პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ი) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ან მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ზემოთდასახელებული წესისა და პირობების მე-7 მუხლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (1); საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ (2); გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთხილების თუ შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტ(ებ)ს, მისი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აქტივობას (3); სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები (4); გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შეთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი. გაფრთხილება გამოიყენება ერთხელ და მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიას სააგენტო განათავსებს ვებგვერდზე (5); შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი (6); თუ დადგინდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, იგი ექვემდებარება შავ სიაში რეგისტრაციას და მის მიმართ გაფრთხილება არ გამოიყენება (7).

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა, იკვლევს, აკმაყოფილებს თუ არა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესი და პირობების“ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი, სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების, დარეგისტრირებაზე უარის და/ან გაფრთხილების თაობაზე. აღნიშნული ვალდებულების ზედმიწევნით შესრულება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 266-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ სადავოდ გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. ამასთანავე, ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, აღარ საჭიროებს მტკიცებას (სსკ-ის 106-ე მუხ. „გ“ ქვ.პ.), სასკ-ის 1.2 მუხლიდან გამომდინარე, აღნიშნული დანაწესი ვრცელდება აგრეთვე ადმინისტრაციულ წესით განსახილველ საქმეებზეც (სუსგ 25.11.2021წ. №ბს-170(3კ-19), 12.09.2019წ. №ბს-1201(კ-18)). განსახილველ შემთხვევაში იმავე მხარეების მონაწილეობით მიმდინარე დავაზე, იმავე ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს მიერ მიღებულია 12.10.2017წ. გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად არსებული დავის გადაწყვეტისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონიერ ძალაში მყოფი 12.10.2017წ. გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე - ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს „...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 6747,70 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ცაგერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ხელშეკრულება არაჯეროვნად შეასრულა, ხოლო შპს ,,...ს’’ მიერ 2016 წლის 22 დეკემბრის №... ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი არ დასტურდებოდა. სასამართლოს განმარტებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ შპს ,,...მ’’ დროულად არ წარადგინა თანამშრომელთა ჯანმრთელობის ცნობები, ასევე არ დადასტურდა, რომ კომპანიას არ ჰქონდა დანთებული ღუმელი, არ დადასტურდა, რომ ხორცს შეცვლილი ჰქონდა ფერი, არ დადასტურდა, რომ თანამშრომლებს არ ეცვათ უნიფორმა და მუნიციპალიტეტის თანხმობის გარეშე შეცვლილი იყო მენიუს რიგითობა. ამავდროულად, სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შპს ,,...ს’’ ქ. ცაგერში და სოფ. ...ში სასადილოების მოსაწყობად გადასცა ისეთი შენობები, სადაც შეუძლებელი იყო სანიტარული ნორმების დაცვა, კერძოდ, ხელსაბან ნიჟარას არ მიეწოდებოდა წყალი, სამზარეულოში და საწყობში არ იყო ვენტილაცია. იატაკი, კედელი, ჭერი და კარები იყო დაზიანებული. სამზარეულოში ფანჯრები იყო დაზიანებულია. სოფ. ...ში სასადილო შენობას არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია ასევე დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ იმ პირობებში, როდესაც ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დადასტურდა შპს „...ს“ მიერ 2016 წლის 22 დეკემბრის №... „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, აღნიშნული, თავის მხრივ, ასევე ადასტურებს „შავი სიის წარმოების წესის და პირობების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლის არ არსებობას. შესაბამისად, არსებობს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 20 ივნისის №1774 განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე