№ბს-951(კ-23) 20 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. ა-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 8 დეკემბრის №MOD 3 21 00001069 ბრძანება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 10 დეკემბრის №MOD 6 21 00005121 ბრძანება თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ; გ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 14 აპრილის №MOD 3 22 00001185 ბრძანება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ; დ) დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე შ. ა-ას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს ოპერატიული აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე; ე) დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე შ. ა-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს (თანამდებობრივი სარგო, დანამატი) ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით შ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 8 დეკემბრის №MOD 3 21 00001069 ბრძანება. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 10 დეკემბრის 24 №MOD 6 21 00005121 ბრძანება. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 14 აპრილის №MOD 3 22 00001185 ბრძანება. დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე შ. ა-ას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს ოპერატიული აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე შ. ა-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს (თანამდებობრივი სარგო, დანამატი) ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან, მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული შრომითი გასამრჯელოს ყოველთვიური ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2022 წლის 22 ივნისს №3/154-22 ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების (შ. ა-ას სარჩელის გამო, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ) მე-6 პუნქტი მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, 3 თვის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების ნაწილში (6616,17 ლარი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 ივლისის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია ის გარემოება, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არ არის სამართლებრივი ნორმები, რომლებზე დაყრდნობითაც სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელისათვის სამინისტროს მხრიდან სხვა ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზების საკითხი და ის ფაქტი, რომ მოსარჩელე შეგნებულად თავს არიდებდა სამინისტროდან შეთავაზების გზავნილის ჩაბარებას, სატელეფონო საუბრის შემდგომ, სამინისტროში გამოცხადებას. ასევე, სასამართლოს მიერ არამართებულადაა გამოყენებული სამართლებრივი ნორმები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მოსარჩელე წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს. სასამართლო ამ განმარტებით სრულ იგნორირებას უკეთებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდება სპეციალური კანონმდებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტსა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 8 დეკემბრის №1069 ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში უფლებამოსილმა პირმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განახორციელა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საშტატო ნუსხის დამტკიცება, რის შედეგადაც განხორციელდა იმ საშტატო ერთეულის გაუქმება, რომელზეც დანიშნული იყო მოსარჩელე და შესაბამისი ბრძანებით გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს მისი კადრების განკარგულებაში გაყვანა განხორციელდა „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილების XVII თავის მიხედვით, რაც არ გულისხმოს სამსახურიდან დათხოვნას, უფრო მეტიც, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება 2 თვის თანამდებობრივი სარგო. ამდენად, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 8 დეკემბრის №1069 ბრძანება, ასევე კადრების განკარგულებაში გაყვანის ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 8 დეკემბრის №MOD 3 21 00001069 ბრძანების (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 103 საშტატო ერთეულით განსაზღვრის შესახებ), საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 10 დეკემბრის №MOD 6 21 00005121 ბრძანების (მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ), საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 14 აპრილის №MOD 3 22 00001185 (მოსარჩელის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ) ბრძანებების კანონიერება, ასევე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე შ. ა-ას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს ოპერატიული აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე და იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს (თანამდებობრივი სარგო, დანამატი) ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის № MOD 4 17 00002208 ბრძანებით, მაიორი შ. ა-ა დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამხედრო მიმართულებით ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ოპერატიული სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად (საშტატო კატეგორია „მაიორი“; შტატი №...). გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებლის თანამდებობიდან (საშტატო კატეგორია „მაიორი“, შტატი №...) (ტ.1, ს.ფ. 80); ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 ივლისის №MOD 1 17 00002610 ბრძანებით, მაიორი შ. ა-ა დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამხედრო მიმართულებით ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ინსპექტირების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად (საშტატო კატეგორია ,,მაიორი“; შტატი №...), გათავისუფლდა რა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამხედრო მიმართულებით ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ოპერატიული სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის თანამდებობიდან (საშტატო კატეგორია „მაიორი“; შტატი №...) (ტ.1, ს.ფ. 81); გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 22 დეკემბრის №MOD 4 17 00004198 ბრძანებით, მაიორი შ. ა-ა დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტირების მთავარი სამმართველოს სამხედრო მიმართულებით ინსპექტირების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად (საშტატო კატეგორია „მაიორი“; შტატი №...), 2017 წლის 21 დეკემბრიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამხედრო მიმართულებით ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ინსპექტირების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის თანამდებობიდან (საშტატო კატეგორია „მაიორი“; შტატი №...) (ტ.1, ს.ფ. 82); დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 15 იანვარის №MOD 5 20 00000298 ბრძანებით, მაიორი შ. ა-ა დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს ოპერატიული აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორად (საშტატო კატეგორია „მაიორი“; შტატი №...), 2020 წლის 1 იანვრიდან და გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტირების მთავარი სამმართველოს სამხედრო მიმართულებით ინსპექტირების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის თანამდებობიდან (საშტატო კატეგორია „მაიორი“; შტატი №...) (ტ.1, ს.ფ. 83); ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა 2021 წლის 3 დეკემბერს MOD 9 21 01271489 წერილით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და მოითხოვა თანხმობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის თაობაზე, კერძოდ, გაუქმებულ იქნას ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს ოპერატიული აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორის ერთი სამხედრო საშტატო ერთეული (საშტატო კატეგორია მაიორი 0-4) (ტ.1, ს.ფ. 41); ვ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 8 დეკემბრის MOD 3 21 00001069 ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოსა და შრომის ანაზღაურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 9 ოქტომბრის MOD 1 20 00000744 ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციაში 104 საშტატო ერთეულის ნაცვლად განისაზღვრა 103 საშტატო ერთეული, კერძოდ, ცვლილება შეეხო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიულ მთავარ სამმართველოს პირველი სამმართველოს ოპერატიული აღრიცხვის განყოფილებას, სადაც გაუქმდა ინსპექტორის ერთი საშტატო ერთეული, კატეგორია - მაიორი (ტ.1, ს.ფ. 36-40, 67-72); ზ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 10 დეკემბრის MOD 6 21 00005121 ბრძანებით საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის დებულების“ მე-17 თავის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს ოპერატიული აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორი (საშტატო კატეგორია ,,მაიორი“; შტატი №...), მაიორი შ. ა-ა 2021 წლის 8 დეკემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში (ტ.1, ს.ფ. 13); თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2022 წლის 1 მარტის MOD 5 22 00242568 წერილით, შ. ა-ას ეცნობა, რომ ვინაიდან იგი გადაყვანილი იყო კადრების განკარგულებაში, სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრში მიმდინარეობდა მისთვის შესაბამისი თანამდებობის მოძიება და შეთავაზების პროცესი, რის გამოც მას ეთხოვა 2022 წლის 4 მარტს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრში გამოცხადება, შემდგომი პროცედურების გატარებასთან დაკავშირებით (ტ.1, ს.ფ. 143, 144); ი) საქმეში წარმოდგენილია გასაუბრების ფურცელი, სამხედრო მოსამსახურისათვის ვაკანტური თანამდებობის შეთავაზების თაობაზე, სადაც ჩამოთვლილია შ. ა-ასათვის შესათავაზებელი ვაკანტური თანამდებობები, კერძოდ, 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-... ქვეითი ბრიგადის ...-ე ქვეითი ბატალიონის ...ი (საშტატო კატეგორია „კაპიტანი“); 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრის ...ი (საშტატო კატეგორია „კაპიტანი“); 3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროსი სერჟანტი ...ის უფროსი ...ი (საშტატო კატეგორია „მაიორი“) (ტ.1, ს.ფ. 221); კ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 14 აპრილის MOD 3 22 00001185 ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს ოპერატიული აღრიცხვის განყოფილების ყოფილი ინსპექტორი (საშტატო კატეგორია „მაიორი“; შტატი №...), მაიორი შ. ა-ა 2022 წლის 8 აპრილიდან დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან (ტ.1, ს.ფ 138).
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ შ. ა-ა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებამდე იკავებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს ოპერატიული აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორის (საშტატო კატეგორია „მაიორი“; შტატი №...) თანამდებობას. შესაბამისად, მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს თავდაცვის ძალების თანამშრომელზე.
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს ოპერატიული აღრიცხვის განყოფილებაში რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა ინსპექტორის მხოლოდ ერთი საშტატო ერთეული, კატეგორია - მაიორი, რის შედეგადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 10 დეკემბრის MOD 6 21 00005121 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს ოპერატიული აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორი (საშტატო კატეგორია „მაიორი“; შტატი №...), მაიორი შ. ა-ა 2021 წლის 8 დეკემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 14 აპრილის MOD 3 22 00001185 ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი მაიორი შ. ა-ა 2022 წლის 8 აპრილიდან დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის დებულების“ XVII თავის (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურის (გარდა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურისა) გავლის ზოგიერთი თავისებურებანი) თანახმად, სამხედრო მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა ხორციელდება სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას). სამხედრო მოსამსახურე კადრების განკარგულებაში გადაიყვანება იმ თანამდებობის პირის მიერ, რომლის უფლებამოსილებასაც წარმოადგენს შესაბამისი საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობის დამტკიცება ან გაუქმება (პირველი პუნქტი); კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ იქნეს სამხედრო სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას სამხედრო მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს (მე-4 პუნქტი); რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა იყოს ორ თვეზე ნაკლები. სამხედრო მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამხედრო სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ (მე-5 პუნქტი).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 8 დეკემბრის MOD 3 21 00001069 ბრძანება წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელის გამოცემის დროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს უსაზღვრავს ამ უფლებამოსილების კანონით დადგენილ ფარგლებში განხორციელების ვალდებულებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მე-6 მუხლით დადგენილია, რომ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. მე-7 მუხლი ადგენს ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამგვარად, შტატის შემცირების შედეგად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, რათა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება, ასეთ დროს ის ვალდებულია გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შესაბამისი აქტის გამოცემისას. ამასთან, საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. ამასთან, საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. ამასთან, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, რომ ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ (სუს. №ბს-1367-1325(კ-07) 10.03.09წ. გადაწყვეტილება). იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 8 დეკემბრის MOD 3 21 00001069 ბრძანებით, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოსა და შრომის ანაზღაურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 9 ოქტომბრის MOD 1 20 00000744 ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციაში 104 საშტატო ერთეულის ნაცვლად განისაზღვრა 103 საშტატო ერთეული და ცვლილება შეეხო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიულ მთავარ სამმართველოს პირველი სამმართველოს ოპერატიული აღრიცხვის განყოფილებას, სადაც გაუქმდა ინსპექტორის ერთი საშტატო ერთეული, კატეგორია - მაიორი. ამასთან, როგორც საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2022 წლის 18 თებერვლის წერილშია აღნიშნული (ტ.1. ს.ფ. 212), შ. ა-ას მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმება განაპირობა, იმ გარემოებამ, რომ დეპარტამენტში ოპერატიული აღრიცხვის განყოფილების ფუნქციების საქმიანობის განხორციელება არ საჭიროებს სპეციფიკურ, კერძოდ, სამხედრო თემატიკის ცოდნას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მხოლოდ აღნიშნული არ ქმნიდა საშტატო ერთეულის გაუქმების საფუძველს, რამდენადაც, საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. ბრძანების ამ კუთხით დასაბუთებით ყოველგვარი ეჭვი უნდა გამოირიცხოს იმის თაობაზე, რომ ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პირის შრომითი უფლების დაუსაბუთებელ და გაუმართლებელ შეზღუდვას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევაში რეორგანიზაცია ფაქტობრივად არ განხორციელებულა და შემცირდა მხოლოდ მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე დამდგარ შედეგს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობასთან მიმართებით, რა პირობებშიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 (ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით) და მე-4 პუნქტების (ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიხედვით, ასევე მართებულია თანმდევი სასარჩელო მოთხოვნების - მოსარჩელის გათავისუფლებულ თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს (თანამდებობრივი სარგო, დანამატი) ანაზღაურების დაკმაყოფილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე