საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-441(კ-23) 21 დეკემბერი, 2023 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ნ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მესამე პირები - მ. ხ-ე, ე. უ-ი, თ. ჯ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ნ. მ-ემ 2018 წლის 11 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 8 მაისის №..., 2017 წლის 27 ოქტომბრის №..., 2018 წლის 25 იანვრის №... გადაწყვეტილებები რეგისტრაციის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი 1993 წლის 25 ნოემბრის ნასყიდობის №94 ხელშეკრულება და 1993 წლის 30 ნოემბრის საკუთრების №.... მოწმობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში და დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, სადავო ადმინისტრაციული ხელშეკრულების, აქტების კანონიერება იმგვარად იქნა შემოწმებული, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მოსარჩელის კონკრეტული პოზიცია ამ ხელშეკრულების თუ აქტების უკანონობასთან დაკავშირებით არ შეუფასებიათ. ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მსჯელობისას გამორჩათ ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიცაა უძრავი ქონების იდენტიფიცირების საკითხი. კასატორი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ იქნა სადავო ფართში მოსარჩელის რეგისტრაციის მტკიცებულება, კერძოდ ამხანაგობის ოქმი, ნ. მ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადებები და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოსარჩელის სახელზე არაერთგზის გაცემული წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია, რომ იმ მისამართსა და იმ ქონებაზე, სადაც ნ. მ-ე რეგისტრირებულია და ფაქტობრივი მფლობელია, საჯარო რეესტრში არ მოიპოვება მტკიცებულება სხვა პირების საკუთრების უფლების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხის მიერ მესამე პირებზე უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციების კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1993 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსა და შრომით კოლექტივს (წარმოდგენილი ა. ნ-ას, ლ. ფ-ას და ე. უ-ის სახით) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება მასზედ, რომ ქ. თბილისში, ...ი-...-ში, მე-... მ/რ-ში, №... კორპუსში მდებარე ...ის ... №... (პირველ სართულზე არსებული 210 კვ.მ. ფართი) კონკურსში (აუქციონში) გამარჯვების შედეგად შეიძინეს ...ის №... ...ის შრომითი კოლექტივის ამხანაგობამ (ამხანაგობის წევრები: ა. ნ-ა, ლ. ფ-ა და ე. უ-ი). უძრავი ქონება მყიდველმა ჩაიბარა 1993 წლის 24 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტის (№28) საფუძველზე. 1993 წლის 30 ნოემბერს, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ ...ის №... ...ის შრომითი კოლექტივის ამხანაგობის (ამხანაგობის წევრები: ა. ნ-ა, ლ. ფ-ა და ე. უ-ი) სახელზე გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №... (რეგ. №...).
2017 წლის 15 სექტემბერს, ე. უ-ის წარმომადგენელმა სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე (როგორც ლ. ფ-ას პირველი რიგის მემკვიდრემ), უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ი-...-ის დასახლება, მე-... მ/რ-ნი, №... კორპუსი, პირველი სართული, ე. უ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა მემკვიდრეობის საფუძველზე, ე. უ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
2017 წლის 28 დეკემბერს მ. ხ-ემ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე (როგორც ა. ნ-ას პირველი რიგის მემკვიდრემ) უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ი-...-ის დასახლება, მე-... მ/რ-ნი, №... კორპუსი, პირველი სართული, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა მემკვიდრეობის საფუძველზე, მ. ხ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. შესაბამისად სადავო უძრავი ქონება (ს/კ №...) თანასაკუთრების უფლებით აღრიცხული იქნა მ. ხ-ისა და ე. უ-ის სახელზე, კერძოდ 1/3 ნაწილის მესაკუთრედ აღირიცხა- მ. ხ-ე, ხოლო 2/3 ნაწილის მესაკუთრეს წარმოადგენდა ე. უ-ი. 2020 წლის 23 ივლისს სანოტარო წესით დამოწმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მითითებული უძრავი ქონება გასხვისდა და საკუთრების უფლებით აღირიცხა თ. ჯ-ის სახელზე.
2012 წლის 17 სექტემბერს, ნ. მ-ემ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ი-...-ის დასახლებაში, მე-... მ/რ-ნში, №... კორპუსში, პირველ სართულზე მდებარე 87,84 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
საკასაციო სასამართლო მოცემული დავის გადასაწყვეტად თავდაპირველად მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს არ გააჩნია წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის შემოწმების უფლებამოსილება, თუმცა მისი შეფასების საგანს უდავოდ წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი. ამასთან, კანონი არ განსაზღვრავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის კონკრეტულ ჩამონათვალს. შესაბამისად, რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი შინაარსის გათვალისწინებით უნდა უქმნიდეს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობის არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.
ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებში კონკრეტულად არის მითითებული ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ზღუდავს მესამე პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს, რათა ის შეესაბამებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, მართალია, ზოგადად ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრია ვალდებულება თავისი ქმედებით კონკრეტული პირის მიერ უფლების რეალიზებისას სხვა პირის უფლებები და ინტერესები არ შელახოს, თუმცა მოგვიანებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ადმინისტრაციულ ორგანოს იმპერატიულად დაეკისრა ვალდებულება მიღებული გადაწყვეტილებით არ დაუშვას მესამე პირის ინტერესის შეზღუდვა, ხოლო ასეთის არსებობის პირობებში, სათანადოდ დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელი ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია წარმოშობს თუ არა მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების შესაძლებლობას და არსებობს თუ არა დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის საფუძველი.
საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს სადავო პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების თარიღზე და მიუთითებს იმ დროს მოქმედ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 აგვისტოს კანონზე „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“. მითითებული კანონი განსაზღვრავდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ და სოციალურ საფუძვლებს, პრივატიზების განხორციელების ძირითად პირობებსა და წესს. კანონის მიზანი იყო სამართლებრივად მოწესრიგება და მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის პროცესის უზრუნველყოფა. ამავე კანონის პირველი მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, პრივატიზებას წარმოადგენდა მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რომლის შედეგად ისინი თავის თავზე იღებდნენ ამ უფლებიდან გამომდინარე ქონებრივ, საფინანსო და სხვა ვალდებულებებს. პრივატიზების შედეგად სახელმწიფო კარგავს პრივატიზებული ქონების (ობიექტის) ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებებს, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მათი მართვის უფლებას. ამასთან, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პრივატიზება ხორციელდებოდა საწარმოთა შესყიდვით კონკურსის ან აუქციონის წესით, ხოლო მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კონკურსში (აუქციონზე) სახელმწიფო საკუთრების ობიექტის მყიდველის როლში შეიძლება გამოსულიყვნენ საწარმოთა მუშაკები იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ ჩამოაყალიბებდნენ შესაბამის ამხანაგობას.
სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, პრივატიზების გარიგებათა ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრებოდა საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. დავა პრივატიზების გარიგებათა ბათილად ცნობის შესახებ, აგრეთვე მესაკუთრეთათვის ზარალის მიყენებისა და სხვა ანალოგიური ხასიათის საკითხებზე განიხილებოდა სასამართლო წესით, გამყიდველის, მყიდველის, შუამავლის, პროკურორის ან სხვა უფლებამოსილი პირის სარჩელის საფუძველზე.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 1993 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსა და შრომით კოლექტივს (წარმოდგენილი ა. ნ-ას, ლ. ფ-ას და ე. უ-ის სახით) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება (რეესტრის რეგისტრაციის №... (...)), რომლითაც ქ. თბილისში, ...ი-...-ში, მე-... მ/რ-ში, №... კორპუსში მდებარე ...ის ...ა №... (პირველ სართულზე არსებული 210 კვ.მ ფართი) კონკურსში (აუქციონში) გამარჯვების შედეგად შეიძინა ...ის №... ...ის შრომითი კოლექტივის ამხანაგობამ (ამხანაგობის წევრები: ა. ნ-ა, ლ. ფ-ა და ე. უ-ი). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 1993 წლის 30 ნოემბერს ...ის №... ...ის შრომითი კოლექტივის ამხანაგობის (ამხანაგობის წევრები: ა. ნ-ა, ლ. ფ-ა და ე. უ-ი) სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №... (რეგ. №...). ამდენად, ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ ქ. თბილისში, ...ი-...-ში, მე-... მ/რ-ში, №... კორპუსში მდებარე ...ის ...ა №... (პირველ სართულზე არსებული 210 კვ.მ ფართი) სახელმწიფოს მხრიდან გასხვისდა საკუთრების უფლების გადაცემის გზით, აუქციონის საფუძველზე.
საკასაციო პალატა ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოს მაშინ შეუძლია პირის საკუთრებაში აღრიცხოს ქონება, თუ ეს უკანასკნელი წარადგენს უფლების დამდგენ დოკუმენტს, რომელიც უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია უფლების დამდგენი დოკუმენტი, კერძოდ, 1993 წლის 25 ნოემბრის ხელშეკრულება და იმავე წლის 30 ნოემბრის საკუთრების დამადასტურებელ მოწმობა, რომლებიც ძალაში მყოფი დოკუმენტებია, რომელთა საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო უფლებამოსილი იყო მესამე პირთა სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განეხორციელებინა. გარდა აღნიშნულისა, დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით სადავო ქონების მესაკუთრე შეცვლილია, კერძოდ, ქ. თბილისში, ...ი ...-ის დასახლებაში, მე-... მ.რ-ში, N... კორპუსში, პირველ სართულზე მდებარე 210 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (ს.ფ. ...) 2020 წლის 23 ივლისს სანოტარო წესით დამოწმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გასხვისდა და საკუთრების უფლებით აღირიცხა თ. ჯ-ის სახელზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის პირობებში შესაძლებელი იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსა და შრომით კოლექტივს (ა. ნ-ა, ლ. ფ-ა და ე. უ-ი) შორის ხელშეკრულების დადება და სააგენტოს მიერ საკუთრების მოწმობის გაცემა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ ვერ მიუთითა აღნიშნული ხელშეკრულებისა და საკუთრების მოწმობის გაუქმების სამართლებრივ საფუძვლებზე. იმ პირობებში, რომ აღნიშნული დოკუმენტები იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებად რჩება და არ დარღვეულა მათი მიღებისას მოქმედი საკანონმდებლო დანაწესები, არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობის არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4
ნაწილით და
დაადგინა:
1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინება;
3. ნ. მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2023 წლის 18 მაისს №17136665997 საგადასახადო დავალებით მის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე