საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განსჯადი სასამართლოსათვის საქმის გადაცემის შესახებ
საქმე №ბს-911(გ-23) 19 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობასთან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გორის რაიონულ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 27 ივლისს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და შპს „...ის“ ცრუმაგიერი პირის - ნ. ჩ-ის ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია მოითხოვა.
შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ შპს „..ის“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების მიზნით სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 იანვრის №081-43 ბრძანების საფუძველზე ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის - ნ. ჩ-ის ქონებას. შპს „...ის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის წინაშე შეადგენდა 50553181.71 ლარს. განმცხადებელმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 241-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი იყო მის მიერ წარდგენილი დეკლარაციებისა და საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე. აღნიშნული თანხების გადაუხდელობის გამო ცრუმაგიერი პირის მიმართ განხორციელდა საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებები, ქონება დაიტვირთა საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით, ხოლო შემდგომში შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გავრცელდა ყადაღა.
შუამდგომლობის ავტორის მითითებით, მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, გადასახადის გადამხდელს დავალიანება არ დაუფარავს, რამაც განაპირობა საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლით დადგენილი წესით, დაყადაღებული ქონების რეალიზაციისა და ამ გზით დავალიანების გადახდევინების აუცილებლობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 08 აგვისტოს განჩინებით სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121 მუხლის თანახმად, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის - ნ. ჩ-ის საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს ქალაქი გორი, ...ის გამზირი №3, ბინა №4. სასამართლომ მიუთითა „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაზე, რომლის შესაბამისად, განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გორის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - გორის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით, აგრეთვე „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (გარდა ახალგორისა და თიღვის მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიით. ამგვარად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის განხილვა უნდა მომხდარიყო გორის რაიონული სასამართლოს მიერ. სასამართლოს მოსაზრებით, განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობდა როგორც მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას, ასევე, მეორეს მხრივ, დაცული იქნებოდა სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი.
გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 აგვისტოს განჩინებით, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
გორის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „...ის“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების მიზნით სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 იანვრის №081-43 ბრძანების საფუძველზე ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის - ნ. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებას. ამდენად, გადასახადის გადამხდელს წარმოადგენდა შპს „...ი“. შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა მიმართული იყო სწორედ გადასახადის გადამხდელის - შპს „...ის“ მიმართ, რომლის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ...ი, მე-2 კვარტალი, კორპ. №1, ბინა №9. ამასთან, დაყადაღებული ქონების უმეტესი ნაწილი მდებარეობდა ქ. თბილისის ტერიტორიაზე და შუამდგომლობის ავტორის მითითებით, მოვალის ადგილსამყოფელიც იყო ქ.თბილისი.
სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121 მუხლის თანახმად, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში ცნობილი იყო გადასახადის გადამხდელის ვინაობაც და ადგილსამყოფელიც.
სასამართლო აგრეთვე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121 მუხლის თანახმად, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით, ამდენად, აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს სპეციალურ განსჯადობას და ადგენს, რომ შუამდგომლობა დაყადაღებული ქონების რეალიზაციის თაობაზე შეტანილი უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ნორმის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომლის საგადასახადო დავალიანების ამოღების უზრუნველყოფის მიზნითაც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, მიუხედავად იმისა, თუ ვისი ქონებითაა უზრუნველყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული მისი დავალიანება. მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ საგადასახადო დავალიანება გააჩნია შპს „...“, რომელიც უზრუნველყოფილია მ. ხ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე დადებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით, ამდენად, შუამდგომლობა ქონების რეალიზაციის თაობაზე შეტანილი უნდა ყოფილიყო შპს „...“ ადგილსამყოფლის მიხედვით. საქმის მასალები ადასტურებს, რომ შპს „...“ იურიდიული მისამართია თბილისი, ... №78, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის განსჯადია.“ ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, გორის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით, მოვალის - შპს „...ის“ ადგილსამყოფლის მიხედვით, განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და გორის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე, განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ [სამართლიანი სასამართლოს] უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-106).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერი სასამართლოს უფლება სახელმწიფოსაგან მოითხოვს სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას. აღნიშნულის შესაბამისად, საერთო სასამართლოების სისტემა, სასამართლოთა გვარეობითი (საგნობრივი), ტერიტორიული და ინსტანციური იურისდიქცია განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საპროცესო სამართლის ნორმებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ ცალკეულ დავებზე საპროცესო კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს უწყებრივ ქვემდებარეობას (Substantive Jurisdiction) და განსჯადობას (Court Jurisdiction). სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობა მოიაზრებს არსებითი იურისდიქციის დადგენას, ანუ იმის განსაზღვრას, განეკუთვნება თუ არა საქმე საერთო სასამართლოებს, შედის თუ არა ამ საქმის განხილვა საერთო სასამართლოების უფლებამოსილებაში (იურისდიქციაში), ხოლო განსჯადობა (მისი ვიწრო გაგებით) ნიშნავს იმის გარკვევას, თუ რომელი სასამართლოა უფლებამოსილი საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე.
განსჯადობის წესების დაცვა პირდაპირ დაკავშირებულია მხარეთა უფლებების სრულყოფილ რეალიზებასთან. „განსჯადობის წესების დარღვევით საქმის განხილვა თავისთავად, უკვე თვით განსჯადობის წესის დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტის გამო, ადასტურებს საქმის საპროცესო დარღვევით განხილვას და შედეგად იწვევს სამართალწარმოების წესების დარღვევით დავის გადაწყვეტას“ (სუსგ 06.06.2012 წ. საქმეზე №ბს-1394-1377(კ-11)). თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია და რაიმე სახის შეზღუდვა იმპერატიულად დადგენილი არ არის, მოსარჩელეს უფლება აქვს, აირჩიოს სასამართლო, რომელიც განიხილავს მის სარჩელსა თუ საჩივარს (სსკ-ის მე-20 მუხლი).
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) ადმინისტრაციულ სამართალში არ დაიშვება. მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს. ამასთანავე, სარჩელის წარმოებაში მიღება არ აბრკოლებს შემდგომში, სათანადო საფუძვლების გამოვლენისას, სასამართლოს მიერ ტერიტორიულ ან საგნობრივ განსჯადობაზე მსჯელობის, სარჩელის განსჯადი სასამართლოსათვის გადაგზავნის შესაძლებლობას (სუსგ 28.05.2020წ. №ბს-430 (გ-19)).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავ ქონებასთან ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების, რეალაქტის განხორციელების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის (სუსგ 21.11.2019წ. №ბს-753-753(გ-18)).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121 მუხლის თანახმად, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე შუამდგომლობის განხილვისათვის კანონმდებლობით დადგენილია განსჯადობის სპეციალური წესი, რა მიმართებით განმსაზღვრელია გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის დადგენის საკითხი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური შპს „...ის“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით ითხოვს შპს „...ის“ ცრუმაგიერი პირის - ნ. ჩ-ის ქონების რეალიზაციას. საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადასახდელის გადამხდელს წარმოადგენს შპს „...ი“. ნ. ჩ-ის, როგორც შპს „...ის“ ცრუმაგიერი პირის მიმართ, საგადასახადო ორგანო, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახორციელებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის სახით. ამდენად ცალსახაა, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოადგენს არა ნ. ჩ-ი, არამედ შპს „...ი“, შესაბამისად, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე შუამდგომლობის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შპს „...ის“ და არა მისი ცრუმაგიერი პირის ადგილსამყოფელი. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ შპს „...ის“ მისამართია ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ...ი, კვარტალი 2, კორპ. №1, ბინა №9. ამდენად, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა