საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-937(კს-23) 20 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ა.მ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 24 აგვისტოს ა.მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 დეკემბრის №EL067252 და 2018 წლის 20 თებერვლის №EL070077 სამართალდარღვევის ოქმების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 იანვრის №129 და 2018 წლის 4 აპრილის №7854 ბრძანებებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 19 აპრილის №5248/2/2018 და 2018 წლის 13 ივლისის №5691/2/2018 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. ამასთან, მიყენებული ზიანის 179 711. 775 ლარის ოდენობით ანაზღაურება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აგვისტოს განჩინებით, ა.მ-ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, მოპასუხეების: სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინსტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 დეკემბრის №EL067252 და 2018 წლის 20 თებერვლის №EL070077 სამართალდარღვევის ოქმების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 იანვრის №129 და 2018 წლის 4 აპრილის №7854 ბრძანებებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 19 აპრილის №5248/2/2018 და 2018 წლის 13 ივლისის №5691/2/2018 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში.
2022 წლის 7 სექტემბერს ა.მ-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, ასევე, მიყენებული ზიანის 199 679. 75 ლარის ოდენობით ანაზღაურება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით, ა.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინებით, ა.მ-ის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი იქნა ხარვეზი და აპელანტს მიეცა ვადა, განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღე, განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, ა.მ-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებაზე და თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 1 აგვისტოს წარდგენილი განცხადება დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს - ქ.ჯ-ას (რწმუნებულება ძალაშია 2024 წლის 26 ივლისამდე) ჩაბარდა პირადად 2023 წლის 19 ივლისს. 2023 წლის 31 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარდგენილი იქნა აპელანტის წარმომადგენლის ქ.ჯ-ას განცხადება, რომლითაც მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელება 7 დღით. აღნიშნულ შუამდგომლობას ასევე ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის, 300 (სამასი) ლარის ოდენობით, გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხოლო 2023 წლის 1 აგვისტოს აპელანტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება ასევე 7 დღით.
პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინება, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ, აპელანტის წარმომადგენელს ქ.ჯ-ას (რწმუნებულება ძალაშია 2024 წლის 26 ივლისამდე) ჩაბარდა პირადად 2023 წლის 19 ივლისს, აპელანტ ა.მ-ს შეეძლო შეევსო ხარვეზი 2023 წლის 20 ივლისიდან 2023 წლის 26 ივლისის ოცდაოთხ საათამდე, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ა.მ-ის წარმომადგენლის ქ.ჯ-ას მიერ 2023 წლის 31 ივლისს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ განცხადებაზე დართული დოკუმენტი ვერ ადასტურებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შევსებას ან ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნას; მსგავსი შინაარსის შეტყობინების, 2023 წლის 26 ივლისის ოცდაოთხ საათამდე პერიოდში, ელექტრონული ფორმით სააპელაციო სასამართლოში შემოსვლის მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას გადაუცია მოსამართლისათვის (საქმეს ერთვის მხოლოდ ქ.ჯ-ას მიერ 2023 წლის 30 ივლისს, 23 საათსა და 06 წუთზე გადმოგზავნილი განცხადება, რომელიც სააპელაციო სასამართლოს კანცელარიის მიერ 2023 წლის 31 ივლისს გადაეცა მოსამართლეს). აღნიშნული დოკუმენტი კი პალატის მიერ ვერ ჩაითვლება 2023 წლის 13 ივლისის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შევსების ან ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნის საკმარის მტკიცებულებად.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-61-ე, 63-ე, 70-ე, 368-ე, 374-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დადგენილი ხარვეზი, აპელანტის მხრიდან, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა გამოსწორებული (არც ვადის გაგრძელება იქნა მოთხოვნილი), რაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამასთან, რაც შეეხება აპელანტის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 1 აგვისტოს წარდგენილ განცხადებას, პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ აღნიშნული განცხადება ასევე დატოვებული უნდა ყოფილიყო განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა.მ-მა. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ა.მ-ის წარმომადგენელმა ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრულ ვადაში, 2023 წლის 26 ივლისს, 21:11 საათზე, ელ. ფოსტის მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაგზავნა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 2023 წლის 26 ივლისს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ასევე განცხადება ხარვეზის ნაწილობრივ შევსებისა და სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადების შესახებ. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მისთვის უცნობი, დაუზუსტებელი მიზეზით, ელექტრონულად გაგზავნილი დოკუმენტაცია არ აისახა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ელ. ფოსტაზე, რაც მხარის ბრალით არ ყოფილა გამოწვეული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, ა.მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.მ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
მოცემულ შემთხვევაში, 2023 წლის 3 აგვისტოს სადავო განჩინების მიღებისას, თბილისის სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო მხოლოდ მოსარჩელის წარმომადგენლის ქ.ჯ-ას მიერ 2023 წლის 30 ივლისს, 23:06 საათზე, სააპელაციო სასამართლოს ელ. ფოსტაზე გადაგზავნილი განცხადება, რომელიც სასამართლოს კანცელარიის მიერ დარეგისტრირდა 2023 წლის 31 ივლისს. აღნიშნულ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტი კი პალატის მიერ არ ჩაითვალა 2023 წლის 13 ივლისის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შევსების ან ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნის საკმარის მტკიცებულებად.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ა.მ-ის წარმომადგენელმა ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრულ ვადაში, 2023 წლის 26 ივლისს, 21:11 საათზე, ელ. ფოსტის მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაგზავნა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 2023 წლის 26 ივლისს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ასევე განცხადება ხარვეზის ნაწილობრივ შევსებისა და სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადების შესახებ, თუმცა მისთვის უცნობი, დაუზუსტებელი მიზეზით, ელექტრონულად გაგზავნილი დოკუმენტაცია არ აისახა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ელ. ფოსტაზე, რაც მხარის ბრალით არ ყოფილა გამოწვეული.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2023 წლის 30 ივლისს ა.მ-ის წარმომადგენლის ქ.ჯ-ას მიერ ელ. ფოსტით ... თბილისის სააპელაციო სასამართლოს ელ. ფოსტაზე tbappeal@court.ge გაგზავნილი იქნა განცხადება, სამი თანდართული ფაილით. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ აღნიშნული ფაილები მან 2023 წლის 26 ივლისს მისი კუთვნილი ელ. ფოსტიდან ... გაგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ელ.ფოსტაზე tbappeal@court.ge, თუმცა რატომღაც არ მისვლია კოდი. 2023 წლის 27 ივლისს, მოსამართლის თანაშემწესთან განხორციელებული კომუნიკაციით კი აღმოჩნდა, რომ გაგზავნილი დოკუმენტაცია სასამართლოს ელ. ფოსტაზე არ იყო ასახული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ განცხადებაზე თანდართული ფაილები მოიცავდა ხარვეზის ნაწილობრივ შევსებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ ა.მ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობას/განცხადებას (ფოტოასლის სახით, დათარიღებულია 2023 წლის 26 ივლისით, მითითებულია დანართი 1: სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი 1 ფ., სულ 2 ფ.). ასევე, ერთ-ერთი თანდართული ფაილი წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ფოტოასლს (საგადასახადო დავალების წარდგენის თარიღი: 2023 წლის 26 ივლისი, გადამხდელი - ქ.ჯ-ა, დამატებითი ინფორმაცია - სახ. ბაჟი ა.მ-ის სააპელაციო საჩივარზე, საქმე N3ბ/1795-23 თბილისის სააპელაციო სასამართლოში). ამასთან, ერთ-ერთი დანართი ფაილია ქ.ჯ-ას მიერ ელ. ფოსტიდან გაგზავნილი წერილის ,,სქრინი“, წერილი დასათაურებულია შემდეგნაირად: ,,ხარვეზის შევსება და სხვა“, ადრესატი - tbappeal@court.ge, გაგზავნის თარიღი: 26 ივლისი, 21:11 საათი, წერილზე მიმაგრებულია ორი ფაილი, ფოტოასლების სახით.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო საკითხს წარმოადგენს აპელანტის მიერ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადების სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში სასამართლოსთვის წარდგენის საკითხი, საქმეში წარმოდგენილი მასალებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს მისთვის უცნობი, დაუზუსტებელი მიზეზის გამო, დადგენილ საპროცესო ვადაში ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტაციის სასამართლოს ელ. ფოსტაზე არასახვის თაობაზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ნამდვილად მოხდა თუ არა აპელანტის მიერ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დოკუმენტაციის გაგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე. ამგვარად, უზრუნველყოფილი იქნება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებული მხარის ისეთი მნიშვნელოვანი უფლების დაცულობა, როგორიცაა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ქმნის სამართლიანი სასამართლოს სამართლებრივ გარანტიას, რომელიც მოიაზრებს ყველა იმ სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით სრულყოფილი და ეფექტური დაცვის შესაძლებლობას. სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლება თავისი არსით ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ქმნის კონსტიტუციითა და კონვენციით რეგლამენტირებული სხვა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიას, ასევე, წარმოადგენს ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. (სუსგ, 16.03.2023, №ბს-1508(კს-22)).
სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებრივ ელემენტს წარმოადგენს სასამართლოს ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით უფლების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა. გასაჩივრების უფლება სამართლიანი სასამართლოს უფლების, უფრო ზუსტად კი, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია. სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შეუძლებლობის პირობებში, სასამართლოსათვის მიმართვა არ იქნებოდა სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება. სამართლიანი სასამართლოს უფლება პირს აღჭურავს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რევიზიის კონსტიტუციური შესაძლებლობით და ამ გზით იცავს მას დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად უფლების დარღვევისაგან.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მართალია „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, თუმცა ამ შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდონ მოსარჩელის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ დონემდე, რომ მან გავლენა იქონიოს სასამართლო უფლების არსზე. შეზღუდვები აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ მაშინ, თუ აქვს დასახული ლეგიტიმური მიზანი და თუ არის დაცული პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის (Liakopoulou v.Greece, No. 20627/04, §17, 23 ოქტომბერი 2006).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელაციის დასაშვებობის სტადიიდან უნდა გამოიკვლიოს მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ობიექტურად დაადგინოს დაცულია თუ არა აპელანტის მიერ კანონით დადგენილი საპროცესო ვადა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.მ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინება და საქმე ა.მ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინება და საქმე ა.მ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე