საქმე №ბს-1038(კს-23) 20 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
მოსარჩელე - ს. პ-
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
კერძო საჩივრის ავტორი - ს. პ-
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს. პ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 28 ოქტომბრის №1000828339 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს. პ-ის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინებით ს. პ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა ს. პ-ის წარმომადგენელს ჯ. მ-ს მისამართზე: თბილისი, ...ის გამზ. №39, ბინა №92. აღნიშნული გადაწყვეტილება 2023 წლის 1 მაისს ჩაბარდა ჯ. მ-ს პირადად, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ფოსტის გზავნილით და მასზე დატანილი ხელმოწერით. აპელანტისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 2 მაისს და ამოიწურა 2023 წლის 15 მაისს (ორშაბათს), ხოლო მის მიერ სააპელციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2023 წლის 16 მაისს, 14-დღიანი ვადის დარღვევით. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს. პ-მა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება მის წარმომადგენელს ჩაბარდა 2023 წლის 1 მაისს. 2023 წლის 15 მაისს, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დაცვით, აპელანტის მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარდგენილ იქნა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს უნდა დაევალოს სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ს. პ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. პ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება გაეგზავნა ს. პ-ის წარმომადგენელს ჯ. მ-ს მის მიერ მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის გამზ. №39, ბინა №92 და ჩაბარდა პირადად 2023 წლის 1 მაისს (ს.ფ 131). შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 2 მაისს და დასრულდა 2023 წლის 15 მაისს 24:00 საათზე.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ს. პ-ის სააპელაციო საჩივარი ელექტრონული ფოსტიდან ... ელექტრონულ ფოსტაზე tccinfo@court.ge გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისს (ს.ფ 165), ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში დარეგისტრირდა 2023 წლის 16 მაისს, რეგისტრაციის ნომრით: .... საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული რეგისტრაციის ნომერი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეცნობა მოსარჩელის წარმომადგენელს, ასევე იგივე რეგისტრაციის ნომერი ასახულია სააპელაციო საჩივარზე დატანილ შტამპზეც (ს.ფ 132). მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ელექტრონული ფოსტის მისამართი - ... მითითებულია მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სარჩელში (ს.ფ 2), ასევე ამავე მისამართზე ს. პ-ის წარმომადგენელს ჯ. მ-ს სასამართლოს მიერ გადაეგზავნა მოპასუხის შესაგებელი (ს.ფ 103). ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში გაგზავნილ იქნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2023 წლის 15 მაისს, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვეულად მიჩნევის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინებით დადგენილი გარემოება - მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შესახებ, არ დასტურდება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება ადასტურებს მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში - 2023 წლის 15 მაისს წარდგენას. შესაბამისად, არ არსებობდა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისთვის კანონით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის დარღვევის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა. აღნიშნული კი კერძო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის, რამეთუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემდეგ, გარდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დაცულობის შემოწმებისა, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საჩივარი და რამდენად აკმაყოფილებს იგი კანონით განსაზღვრულ სხვა ფორმალურ მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. პ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე