საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-781(კ-23) 19 დეკემბერი, 2023 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ი. უ-ე
მესამე პირები - ლ. უ-ე, ხ. უ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. უ-ემ 2021 წლის 13 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 აპრილის №03-1037/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის, მოსარჩელისა და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ხ. უ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. უ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 აპრილის №03-1037/ო ბრძანება და მოპასუხეს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ი. და ხ. უ-ეებმა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინებით ი. უ-ისა და ხ. უ-ის, ასევე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ფაქტობრივი გარემოების შეფასების და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, 2021 წლის 2 აპრილს, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიაზე (ოქმი №19) განხილულ იქნა ქ. თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. მათ შორის იყო მოსარჩელის განაცხადი. მოსარჩელემ განაცხადი შეავსო თბილისში საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე, რის შემდეგაც დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების განყოფილებამ შეაფასა დევნილი ოჯახის მდგომარეობა. შეფასების შედეგად მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა 7.5 ქულა. მხარემ განაცხადი გააკეთა შვილთან ერთად. მოსარჩელე განაცხადში უთითებდა, რომ ცხოვრობდა ქ.თბილისში, ...ის I ჩიხში. 2020 წლის 25 დეკემბერს მხარის მიერ დაზუსტებულ მისამართზე - თბილისი, ...ის გზატკეცილი №48, განხორციელდა მონიტორინგი. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს მისამართზე დახვდა თავად მოსარჩელე და მისი შვილიშვილი - გაბრიელ უგრეხელიძე. შვილი - ხ. უ-ე იმყოფებოდა სამსახურში. იგი დაოჯახებული არ იყო და არ ჰყავდა შვილი. მხარემ განმარტა, რომ კომპაქტური განსახლების ობიექტში ცხოვრობდა 1996 წლიდან ქირის გარეშე. განაცხადში მითითებულ მისამართზე კი მისი შვილი - ლ. უ-ე ცხოვრობდა.
კასატორის მითითებით, რომ მონიტორინგის მასალები გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას განსახილველად. კომისიამ 2021 წლის 2 აპრილს (ოქმი №19) იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვიტა მოსარჩლე არ დაეკმაყოფილებინა არასაკმარისი ქულის გამო. განმცხადებელს სოციალურ კრიტერიუმში და მინიმალურ საცხოვრებელ პირობებში დააკლდა 2-2 ქულა. მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, სოციალურ პროგრამაში მონაწილეობის ქულა დევნილ ოჯახს ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებული საცხოვრებელი ადგილი ერთი და იგივეა. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოში დაფიქსირებულ განაცხადში მოსარჩელეს მისამართად მითითებული ჰქონდა - თბილისი, ...ის გზატკეცილი №48, ხოლო ადმინისტრაციული საქმის წარმოების ეტაპზე წარმოდგენილ სოციალური ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერში კი მითითებული იყო სხვა მისამართი - თბილისი, ...ის I ჩიხი. ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე მხარეს სოციალურ კრიტერიუმში დააკლდა 2 ქულა. რაც შეეხება მძიმე საცხოვრებელი პირობების ნაწილში ქულის დაკლების საკითხს, 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, მინიმალურ საცხოვრებელი პირობების ნაწილში იმ შემთხვევაში ენიჭება დევნილ ოჯახს 2 ქულა, თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი გარემოება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ეტაპობრივად აკმაყოფილებს საცხოვრებლით და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას ითვალისწინებს სასწრაფოდ განსახლების საჭიროებას. სწორედ ამ მიზნით გამოყოფს იმ ოჯახებს, ვისაც არა აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და პრიორიტეტულად მიიჩნევს მას. ამავე მიზნით განისაზღვრა საკითხის მომწესრიგებელი აქტებით რიგითობისა და ოჯახების საჭიროების პრიორიტეტულობა. ის, გარემოება, რომ დევნილი ოჯახი სახელმწიფოს არ ჰყავს საცხოვრებლით უზრუნველყოფილი, არ დგას ეჭვის ქვეშ, თუმცა ბენეფიციარებსაც აქვთ თმენის ვალდებულება დაელოდონ თავიანთ რიგს. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო მოსარჩელის ოჯახს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს იმ დევნილ ოჯახებთან მიმართებით, რომელთაც უფრო მეტად ესაჭიროებათ თავშესაფარი და არ შეუძლიათ არც მშობლების და არც ნათესავის საკუთრებით თავისუფლად სარგებლობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით მხარეს სრულად უსაფუძვლოდ გადაეცა ფაქტობრივად უკვე მეორე ქონება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 23 აპრილის №03-1611/ო ბრძანების კანონიერება წარმოადგენს. ხსენებული ბრძანებით ი. უ-ის ოჯახს, არასაკმარისი ქულის მოტივით, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით პირველი პუნქტით დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ მოსარჩელე ი. უ-ე არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, ი. უ-ე და ხ. უ-ე რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა - 42080. მათი ფაქტობრივი, ისევე როგორც დევნილის მოწმობაში მითითებული მისამართია ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №48, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტი, თუმცა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადში ი. უ-ემ ფაქტობრივ მისამართად მიუთითა - ქ. თბილისი, ...ის პირველი ჩიხი. განხორციელებული შეფასების შედეგად ი. უ-ეს მიენიჭა 7.5 ქულა.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 25 დეკემბერს მისამართზე - თბილისი, ...ის გზატკეცილი №48 განხორციელდა მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგად შეივსო შესაბამისი ფორმა, რომლის თანახმად, მისამართზე იმყოფებოდა ი. უ-ე და შვილიშვილი გაბრიელ უგრეხელიძე. შვილი ხ. უ-ე იმყოფებოდა სამსახურში. ი. უ-ის განცხადებით, იგი კომპაქტურად განსახლების ობიექტში ცხოვრობდა 1996 წლიდან ქირის გარეშე. აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს შპს „ა...ის“ საკუთრებას (ს/კ N...).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 საოქმო გადაწყვეტილებით, ი. უ-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე არასაკმარისი ქულის მოტივით, კერძოდ, ი. უ-ეს სიღარიბის მაჩვენებლისა და საცხოვრებელი პირობების კრიტერიუმებში დააკლდა 2-2 ქულა. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, ქულების დაკლება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ სააგენტოში დაფიქსირებულ განაცხადში მოსარჩელეს ფაქტობრივ მისამართად მითითებული ჰქონდა - თბილისი, ...ის გზატკეცილი N48, ხოლო ადმინისტრაციული საქმის წარმოების ეტაპზე წარმოდგენილ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერში კი მითითებული იყო სხვა მისამართი - თბილისი, ...ის I ჩიხი. ამასთან, არ არსებობდა მინიმალური საცხოვრებელი პირობების ნაწილში მოსარჩელისათვის ქულის მინიჭების კანონმდებლობით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა.
აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ი. უ-ე დაეთანხმება სოციალურ კრიტერიუმში მინიჭებული 2 ქულის დაკლების ფაქტს, თუმცა მიუთითა, რომ მისი საცხოვრებელი არ აკმაყოფილებს მინიმალურ პირობებს, რის გამოც არ არსებობს მისთვის ხსენებულ კრიტერიუმში მინიჭებული 2 ქულის შემცირების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერში მითითებული იყო სხვა მისამართი - თბილისი, ...ის I ჩიხი, თუმცა დევნილი ოჯახის საცხოვრებელ მისამართზე მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელის ფაქტობრივ მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №48. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისში, ...ის გზატკეცილი №48-ში მდებარე საცხოვრებელი შენობა რეგისტრირებულია შპს „ა...ის“ საკუთრებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს „ა...ის“ სარჩელი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა. ი. უ-ის და სხვათა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ...ის გზატკეცილი №48-ში მდებარე უძრავი ქონება და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე შპს „ა...ს“. ხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებად იქნა ცნობილი, რომ შპს „ა...ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე - ქ. თბილისში, ...ის გზატკეცილი №48-ში, დაზუსტებული ფართობი: 514.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2 (საკადასტრო კოდი: №...) და ქ. თბილისში, ...ის გზატკეცილი №48-ში, დაზუსტებული ფართობი: 302.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 (საკადასტრო კოდი: №...)) არის ავარიულ მდგომარეობაში და წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ ობიექტს.
საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პალატის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ი. უ-ის ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი არის ავარიულ მდგომარეობაში და წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ ობიექტს (აღნიშნულს ადასტურებს გადაწყვეტილებაში მითითებული №001852220 ექსპერტიზის დასკვნა), დაუსაბუთებელია ოჯახისათვის საცხოვრებელი პირობების კრიტერიუმში 2 ქულის ჩამოკლების მართლზომიერება. აღსანიშნავია, რომ ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება კასატორს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ შეფასებაში ჩაითვლებოდა აღნიშნული 2 ქულა, კომისიის მიერ შესაძლოა სხვაგვარი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. ამდენად, საკითხის ხელახალი განხილვისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ დამატებით უნდა იმსჯელოს ზემოხსენებულ საკითხზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა