Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-440(2კ-23) 19 დეკემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა (მოპასუხე)

2. სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (მესამე პირი)

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - დ.ჩ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 15 ოქტომბერს დ.ჩ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) სარეკრეაციო ზონის (რზ) საცხოვრებელი ზონით (სზ) ცვლილებაზე დ.ჩ-ისათვის უარის თქმის ნაწილში ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოწონებაზე უარის შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 26 აგვისტოს №21.1157.1316 განკარგულების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის - ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ...) სარეკრეაციო ზონის (რზ) საცხოვრებელი ზონით (სზ) ცვლილების თაობაზე დ.ჩ-ის 2021 წლის 28 ივლისის №01212091293-67 განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 26 აგვისტოს №21.1157.1316 განკარგულება ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოწონებაზე უარის შესახებ’’ იმ ნაწილში, რომლითაც დ.ჩ-ეს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) სარეკრეაციო ზონის (რზ) საცხოვრებელი ზონით (სზ) ცვლილებაზე; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, დ.ჩ-ის 2021 წლის 28 ივლისის №01212091293-67 განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხემ და მესამე პირმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რაც მოპასუხემ და მესამე პირმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

კასატორები მიუთითებენ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავენ, რომ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება სარეკრეაციო ზონა (რზ). „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, №... საკადასტრო ერთეულზე ვრცელდებოდა საცხოვრებელი ზონა (სზ).

კასატორების მითითებით, ვინაიდან №01212091293-67 განცხადებით მოთხოვნილ იქნა სარეკრეაციო ზონის (რზ) საცხოვრებელი ზონით (სზ) ცვლილება და გამწვანებული ტერიტორიების რუკით შემოთავაზებული საარეკრეაციო ზონის (რზ) მოხსნა, საკითხი კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გადაიგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში. აღნიშნული სამსახურის 2021 წლის 11 აგვისტოს №01212232767 წერილის შესაბამისად, წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე მოთხოვნილი ფუნქციური ზონის ცვლილება შეამცირებდა დედაქალაქში არსებულ სარეკრეაციო სივრცეებს. ვინაიდან, ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სარეკრეაციო სივრცეებისა და გამწვანებული ტერიტორიების შენარჩუნება და დაცვა, ასევე, ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შემცირება ქალაქის მდგრადი განვითარების აუცილებელ მინიმუმამდე, სამსახურმა წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე მოთხოვნილი ფუნქციური ზონის ცვლილება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. გარდა აღნიშნულისა, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს განაშენიანების კონტურს მიღმა და წარმოადგენს გაუნაშენიანებელი ტერიტორიის ნაწილს. „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების დანართი №2-ის პირველი მუხლის მე-18 პუნქტის თანახმად, გაუნაშენიანებელი ტერიტორია წარმოადგენს ქალაქის ნაწილს, რომელიც არ მიეკუთვნება განაშენიანებულ ტერიტორიას, უმეტესად მწვანე საფარითაა (ლანდშაფტი, ტყეები, სასოფლო-სამეურნეო მიწები და სხვა) დაფარული და მასზე შესაძლებელია განთავსებული იყოს დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და ხასიათდებოდეს მეჩხერი განაშენიანებით.

კასატორების განმარტებით, „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გაუნაშენიანებელი ტერიტორიების ათვისება დაიშვება მხოლოდ განაშენიანებული ტერიტორიების ქალაქგანვითარების პოტენციალის ამოწურვის ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობითა და განაშენიანების რეგულირების წესებით განსაზღვრული პროცედურებით მიღებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტებით. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თბილისის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების წესებით დაშვებული ნებისმიერი ფორმით გამოყენება და განაშენიანება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ტერიტორიები უზრუნველყოფილია სათანადო საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით.

კასატორების მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულია, რომ დაირღვა მოსარჩელის კონსტიტუციით გარანტირებული და დაცული უფლება - საკუთრების უფლება და სათანადოდ არ იქნა დაცული კერძო პირის ინტერესები საჯარო ინტერესთან მიმართებაში. სასამართლოს ზემოხსენებულ მსჯელობასთან დაკავშირებით კასატორები უთითებენ, რომ ერთ მხარეს დგას ფიზიკური პირის ინტერესები, რომელსაც სურს საკუთრების განვითარება, მეორე მხარეს კი დგას საჯარო ინტერესი - შენარჩუნდეს რეკრეაცია, რაც აღმატებულად დაცვის ღირსია. თუმცა, როგორც თავად სასამართლო უთითებს გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია არსებული ზონის სამშენებლოდ განვითარება, მაგ: ინდივიდუალური სახლის მშენებლობა შესაბამისი სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე, თუკი ურბანულად დასაბუთდება ხსენებული მშენებლობა. იმ პირობებში, როდესაც მხარეს არ მიუმართავს ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, დაუსაბუთებელია რა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მხარეს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ში მდებარე უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი: 597 კვ.მ (საკადასტრო კოდი: ...), 2019 წლის 13 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია დ.ჩ-ის სახელზე.

უდავო გარემოებაა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, №... საკადასტრო ერთეულზე ვრცელდებოდა საცხოვრებელი ზონა (სზ), ხოლო ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გავრცელდა სარეკრეაციო ზონა (რზ).

2021 წლის 28 ივლისს დ.ჩ-ემ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) სარეკრეაციო ზონის (რზ) საცხოვრებელი ზონით (სზ) ცვლილება, რაც არ დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 26 აგვისტოს №21.1157.1316 სადავო განკარგულებით. განკარგულებაში აღინიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო განაშენიანების კონტურს მიღმა და წარმოადგენდა გაუნაშენიანებელი ტერიტორიის ნაწილს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-2 მუხლის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმა დამუშავებულია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოსალოდნელი ტენდენციების გათვალისწინებით. შესაბამისად, დროთა განმავლობაში მასში ცვლილებების შეტანა და ფუნქციური ზონის ცვლილება სხვა ზონად, შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებს და მიზანს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ცვლილების განხორციელებამ არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს მესაკუთრეთა კანონიერი ინტერესები.

საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეული უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები. საკუთრების უფლებით სრულყოფილად სარგებლობა და მისი ეფექტური დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა. ამდენად, საკუთრების უფლების ნებისმიერი ფორმით შეზღუდვის შემთხვევაში, წინასწარ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს შეზღუდვის პროპორციულობა და დაცული სამართლებრივი სიკეთის მნიშვნელობა, ვინაიდან დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით იმდაგვარად შეიზღუდოს საკუთრების უფლება, რომ ფაქტობრივად სრულად დაუკარგოს მას არსი.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ დ.ჩ-ის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა საცხოვრებელი ზონა, თუმცა ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გავრცელდა სარეკრეაციო ზონა (რზ). ამდენად, მესაკუთრეს შეეზღუდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების უფლება.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მოქმედების პირობებში აშენებულია საცხოვრებელი სახლები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის ბრძანებით ქალაქ თბილისში, სოფ. ...ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთზე გაიცა ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა სარეკრეაციო ფუნქციური ზონის ცვლილების გარეშე, რაც მიუთითებს სოფელ ...ში არსებული მიწის ნაკვეთების საცხოვრებლად განვითარების შესაძლებლობაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები ადმინისტარციულ ორგანოებს არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, საკითხის ხელახალი განხილვისას, კასატორებმა უნდა შეაფასონ დ.ჩ-ის საკუთრების უფლებისა და საჯარო ინტერესების თანაზომერება და შემდეგ მიიღონ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 23.05.2023წ. №03320 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინება;

3. სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს (ს/კ 205393689) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.05.2023წ. №03320 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა